ცემა და დაჭერები... ახალ "ჩელიაბინსკში"... - გზაპრესი

ცემა და დაჭერები... ახალ "ჩელიაბინსკში"...

- ჰა, გავიღვიძეთ უკვე ჩელიაბინსკშიო? უკაცრავად, მაგრამ კი, გავიღვიძეთ. ესაა სწორედ რუსეთი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. როცა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც მას არ ეთანხმებიან, მის ქმედებებს აპროტესტებენ, ტერორს უწყობს, ესაა სწორედ რუსეთი!

როდესაც ხალხი საუბრობდა იმის შესახებ, - მალე რუსეთში აღმოვჩნდებითო, არავინ გულისხმობდა იმას, რომ ახლავე რუსეთის გუბერნია გავხდებით, საუბარი სწორედ რუსული სტილის მმართველობის დამყარებაზე იყო. სწორედ რუსეთსა და ბელარუსში ატერორებენ ასე საკუთარ მოქალაქეებს და ცდილობენ ხალხის ცემით, მათი მასობრივად დაჭერით, დაშინებით შეინარჩუნონ ხელისუფლება. სწორედ ამიტომ, კი, ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ!

ჩვეულებრივი "წითელი ტერორი" დაიწყო (უფრო სწორად, ცისფერი, რადგან ამათი პარტიული ფერი ეგაა). იჭერენ ყველას, ვინც ხელში მოხვდებათ და ვისზეც იციან, რომ აქციებზე აქტიურობს. დაიჭირეს მსახიობები, ჟურნალისტები, ექიმებიც კი. ვიღაცამ სოციალურ ქსელში იხუმრა, ამდენი ექიმი ბერიას მერე არავის დაუჭერიაო. ალბათ, არც ამდენი თეატრალი.

დაჭერა ერთია და პლუს ამას, სცემენ ხალხს ქუჩაში. პოლიცია ხომ სცემს უკვე დაკავებულებს და ხელბორკილდადებულებს, რასაც სახალხო დამცველმაც წამება უწოდა, დამატებით ზონდერების მიქსევაზე გადავიდნენ. სწორედ ასეთმა ნიღბიანმა ზონდერებმა სცემეს ტვ "პირველის" ჟურნალისტი და ოპერატორი. ყველამ ნახეთ ალბათ ეს კადრები, იქვე იდგა პატრული და არაფერი გააკეთა; სწორედ ასეთმა ზონდერებმა სცემეს მსახიობი გიორგი მახარაძე და ისიც იმავეს ჰყვება, პატრული უყურებდა და არაფერს აკეთებდაო. ამის შემდეგ კიდევ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ტერორს უწყობს?

ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, გამოდიან კობახიძე, მდინარაძე და სხვები ცინიკური კომენტარებით, ვითომ გამარჯვებულებად გრძნობენ თავს, რადგან ჯერ ხელისუფლებას ინარჩუნებენ. ტიპებმა კობახიძის ერთი განცხადებით დაწყნარებული ქვეყანა არიეს (შეგახსენებთ, არჩევნების მერე ოპოზიციას ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავდა), მერე სპეცრაზმს სასიკვდილოდ აცემინეს ჟურნალისტები, ახალგაზრდები და ერთი პოლიციელიც არ დაუჭერიათ ამის გამო, სამაგიეროდ, 300-ზე მეტი ახალგაზრდა ციხეში ჰყავთ, ახლობლები, კოლეგები, მეგობრები და ნათესავები გადაჰკიდეს და დაუპირისპირეს ერთმანეთს, საზოგადოება გახლიჩეს. ასეთი დაპირისპირება საზოგადოებაში ზვიადის დამხობის მერე არც ყოფილა და თავი გამარჯვებულები ჰგონიათ. ასე ესმის ბიძინას გამარჯვება.

მდინარაძე გამოდის და არც მე მომეწონა, სპეცრაზმელებმა ჟურნალისტი რომ სცემეს ან წაქცეულ ახალგაზრდას სახეში წიხლები ურტყეს და თქვენთან ერთად, პირველსავე დღეს დავგმეო. მგონი, ამასაც თავი მსახიობი ან ენჯეოს წარმომადგენელი ჰგონია. ხელისუფლება იმისთვის კი არ არსებობს, რომ დანაშაული დაგმოს, დამნაშავე უნდა დაიჭიროს. 400-მდე ახალგაზრდა რომ დაიჭირეთ ორ დღეში, ერთი პოლიციელის დანაშაული როგორ ვერ გამოიძიეთ ამდენ ხანში? აქეთ 400 კაცის თუ გამოიძიეთ, იქით ერთიც ვერა ჯერ? საჩვენებლად ერთი მოძალადე პოლიციელი მაინც დაგესაჯათ! მაგრამ ამას ვერ აკეთებთ, რადგან თქვენი ხელისუფლება და სისტემა უკვე ძალადობაზე დგას და როგორც კი ერთ პოლიციელს დაიჭერთ, თავზე დაგემხობათ ყველაფერი. ეგაა სიმართლე და კიდევ ის, რომ ასეთ დროს შენც მოძალადე გამოდიხარ, რაც უნდა დაგმო, რადგან ხელისუფლება ხარ და დანაშაულს ახალისებ უმოქმედობით.

სამაგიეროდ, ახალი მესიჯი აქვთ დარიგებული თავიანთი ტროლ-ბოტებისთვის: ოპოზიციას ბავშვები ჰყავს წინ აფარებულიო. ოპოზიციას არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად რომ უნდოდა აქციების მოწყობა, ორი კაცი ვერ შეკრიბა ქუჩაში. ყველას ეგონა, გაზაფხულამდე არანაირი აქცია აღარ იქნებოდა. ეს ბავშვები ქუჩაში თქვენმა ბელადმა გამოიყვანა, როცა თავის ხელის ბიჭს დაავალა იმ სისულელის თქმა. თან, ამას არც უარყოფენ, სპეციალურად ვქენითო, - კობახიძე გაიძახის. ეს "ქოცები" ასე ყველაფერს როგორ ყლაპავთ, რასაც თქვენი ბელადი გადმოგიგდებთ?!

აი, მაგალითად, წინა დღეს რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე: "2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილი მომიტინგეების ცხედრების სახურავზე შემოდება შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, შოთა უტიაშვილის იდეა იყოო.

წარმოიდგინეთ, რას გვეუბნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ მან იცის, ვინ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული (საქმის გაყალბება, გვამების გადამალვა), 12 წელია ხელისუფლებაშია, მაგრამ არაფერს აკეთებს. აი, ვისაც ამ ხელისუფლების ნათქვამი ერთი სიტყვა მაინც გჯერათ, თქვენს ტვინში ჩამახედა...

თან, იმავე პრესკონფერენციაზე იდგა და ჟურნალისტს ებრიქებოდა, მაღიარე პრემიერ-მინისტრად, თორემ შენს კითხვას პასუხს არ გავცემ, გაგაძევებო. ბოლოს ჟურნალისტმა უთხრა, გაღიარებო და მხოლოდ ამის მერე დაასმევინა კითხვა. ანუ დღეიდან გვყავს პრემიერი, რომლის ლეგიტიმურობა აღიარეს: ორბანმა, მადურომ და ოპოზიციური არხის ერთმა ჟურნალისტმა.

პრემიერ-მინისტრობის ჟამს ირაკლი ღარიბაშვილს ის მაინც ჰქონდა შეფერებული, რომ მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა და თავაწეული, გაჯგიმული მაინც დადიოდა, ირაკლი კობახიძეს კი მგონი, საერთოდ ვერ გაუგია, რა თანამდებობა უკავია.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მასზე რა უნდა თქვას კაცმა? მოვიდა, როგორც დიდი ქველმოქმედი და ასრულებს, როგორც საკუთარ ხალხზე ძალადობის შემოქმედი. კაცი ნიცშეს ეკამათებოდა და ბოლოს ლალი მოროშკინას დასაცავი გახდა.