გია ხუხაშვილის პროგნოზი: რა მოხდება უახლოეს დღეებში?!
- ამგვარად ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს. მისი თქმით, უკვე გაუგებარია, სად არის ხელისუფლება და სად - კრიმინალი. "ხელისუფლებას ნიღაბი აქვს აფარებული და სასტიკად უსწორდება იმ ხალხს, რომლის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას თავად უნდა უზრუნველყოფდეს", - ამბობს ანალიტიკოსი და პროცესების შესაძლო განვითარების სცენარების შესახებ საუბრობს.
- პირდაპირ ვიტყვი, ხელისუფლებაში მოკალათებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ეზიზღება ყველა, საკუთარი მცირერიცხოვანი მომხრეების გარდა. როდესაც პოლიცია გულგრილად უყურებს შავნიღბიანების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიცია ხდება დანაშაულის თანამონაწილე. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ მთელი სამართალდამცავი სტრუქტურები კრიმინალურ სინდიკატად აქცია და ქვეყანაში მაფიოზური მმართველობა დაამკვიდრა. დღეს სისტემის ამოცანა კანონის აღსრულება კი არა, პირადი ერთგულებით, ნებისმიერი ბინძური ამოცანის შესრულებაა. ბიძინა ივანიშვილმა სამართალდამცავები პირად გვარდიად აქცია...
20 იანვარს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია სრულად გადაიბარებს ქვეყნის მართვას, "ქართული ოცნებისთვის" სასიკეთო არაფერი მოხდება. უფრო მეტიც, ბაიდენი მოენატრებათ. ტრამპის ადმინისტრაცია გაცილებით ხისტად გააკეთებს იმ ყველაფერს, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებდა. კობახიძემ მშვენივრად იცის, რომ მათი შანსი ნულის ტოლია, მას სინამდვილეში ტრამპის ადმინისტრაციის კი არა, რუსეთის იმედი აქვს. მანამდე კი ცდილობს, პროცესი როგორმე გადააგოროს. ჯერ 20 იანვარს დაასახელებენ, შემდეგ 20 თებერვალს და ამასობაში საპროტესტო მუხტის სამზარეულოებში შერეკვას, სადისტური რეჟიმის დამკვიდრებას შეეცდებიან.
დღეს "ქართული ოცნების" მხრიდან 7 ნოემბერზე საუბარი არის ცინიზმი. რასაკვირველია, "ნაციონალური მოძრაობა" სასტიკად გაუსწორდა ხალხს, დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ასზე გამრავლებული შვიდი ნოემბერი. "ქართული ოცნება" ყოველდღიურად უფრო და უფრო სასტიკი, მზაკვარი ხდება.
- მმართველი გუნდის ლიდერებმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ, განაცხადეს, რომ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმა, რადიკალური ოპოზიციის მიერ, ხალხის გაღიზიანების მიზნით მოწყობილი პროვოკაცია იყო.
- თაღლითები არიან ამ განცხადებების ავტორები, მათ შორის, მამუკა მდინარაძეც. ის განსაკუთრებულად უტიფარია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩეველს ყველაფრის სჯერა. არადა, სრული აბსურდია, რასაც ხელისუფლება ამბობს. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ოპოზიციის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყოს, როდესაც ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე და ზოგადად, აქციის მონაწილეებზე თავდასხმები საპატრულო ეკიპაჟების თანდასწრებით ხდება?! ვისაც თვალები აქვს, ყველამ დაინახა, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტებზე თავდამსხმელები იყვნენ სპეციალურად მომზადებული ჯგუფის წევრები. თუ ეს არ არის, რატომ არ დაიჭირა ეს ბანდიტები ამ დრომდე პოლიციამ, რთული იყო მათი იდენტიფიცირება?! აქციის მონაწილე ადამიანებს რომ სახლში უვარდებიან, ესეც რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციაა?! ისიც ტყუილია, რომ ამბობენ, საპროტესტო აქციაზე ასი პოლიციელი დაშავდაო. ერთი მათგანი მაინც გვაჩვენონ!
- გაგრძელდება თუ არა პროტესტი?
- სულაც არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს შეეშინდეს და აღარ გამოვიდეს საპროტესტო აქციაზე. ვისაც არ შეგვეშინდება, ის ხალხი გავაგრძელებთ ბრძოლას. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" უკან დასახევი გზა აღარ დატოვა. რომ ნახოთ, სოციალურ ქსელში რა სიბიძნურეებს და სისულელეებს წერენ "ოცნების" "გამპრავებლები", თვალები შუბლზე აგივათ. ფსკერი გახვრიტეს! ადამიანის სახედაკარგული არსებები ხატებს ამოფარებულები საოცარ საზიზღრობებს წერენ.
- ასეთ მოცემულობაში, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სტრატეგია?
- სად არის ოპოზიცია? მე საერთოდ ვერ ვხედავ ამ პროცესში ოპოზიციას. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ქვეყანაში ამხელა პროტესტია, ხალხი ათ დღეზე მეტია ქუჩაშია და ოპოზიცია წინა ხაზზე გამოსვლას ვერ ახერხებს. ისიც კი არ იციან, საიდან უნდა მიუდგნენ პროცესს. წესით, ასეთი საპროტესტო აქცია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უნდა მიჰყავდეთ, მაგრამ ხალხი მათზეც გაბრაზებულია. ამ ოპოზიციამ ვერც არჩევნებში მიღებული ხმების დაცვა მოახერხა და ვერც ევროპული მომავლის გამაგრება.
ხათუნა ბახტურიძე