ლევან სამუშია: "ხელისუფლებამ ყვარყვარეს ციხეს დაამსგავსა საქართველო!"
ყველა დაძაბული ადევნებს თვალს საპროტესტო აქციებს, რომელზეც ასეულობით ადამიანი დააპატიმრეს. სამწუხაროდ, თითქმის ყველა დაკავებული ახალგაზრდა ნაცემია. რა ხდება საქართველოში და რა ხდება ჩვენს თავს? - ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრთან - ლევან სამუშიასთან:
- რა ხდება ჩვენს თავს? - საუბედუროდ, ქვეყანას მართავს რუსეთის ხელდასხმული ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ჩრდილოეთისკენ მიჰყავს - ამაზე მგონი, არც ერთი ჭკუათმყოფელი აღარ კამათობს. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა ევროპას დააშორონ, სწორედ ამას ემსახურება პრემიერად წოდებულის განცხადება, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან - ეს სიტყვები ყველას კარგად გვახსოვს. ადვილი მისახვედრი იყო, რომ ამ განცხადებას ქართველი ხალხის პროტესტი მოჰყვებოდა. დარწმუნებული ვარ, ამ მშვიდობიან პროტესტში საქართველოს მოქალაქეები გაიმარჯვებენ და ამ ქვეყანას ივანიშვილის მთავრობას არ დაუთმობენ.
- რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდების ცემა და დაპატიმრება მთელმა საქართველომ გულთან მიიტანა! დღეს ბევრი კითხულობს - შეიძლება ხელისუფლება საკუთარ ხალხს ასე ექცეოდეს?
- ეს არის სადისტური რეჟიმი, რომელიც ახალგაზრდებს, მომავალ თაობას მიზანმიმართულად უსწორდება. ხომ თქვეს, ძვლებში დავამტვრევთო და კიდეც შეასრულეს. რაც მოხდა, ეს არის ორგანიზებული ჯგუფის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც. ჩვენ ყველამ ვნახეთ საშინლად ნაცემი გურამ როგავა, თავგატეხილი მარიამ გაფრინდაშვილი, ანა მდივანი და სხვადასხვა არხის ჟურნალისტები. ვნახეთ, როგორ ნადირობდნენ ძალოვანები ახალგაზრდებზე, როგორ ხვდებოდნენ მათ მეტროს ამოსასვლელებში და როგორ იტაცებდნენ. იზოლატორები ხალხითაა გადავსებული. ამ ხელისუფლებამ ყვარყვარეს ციხეს დაამსგავსა საქართველო! შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების მიმტაცებელი "ოცნება" საქართველოს მოქალაქეებს დაუპირისპირდა და ახლაც თავისი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.
- ამ სიტუაციაშიც არის ხალხი, რომელიც "ოცნების" მომხრეა. რით აიხსნება მათი ერთგულება?
- დამერწმუნეთ, ეს უმცირესობაა. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის ევროპულ, ნათელ მომავალს ემხრობა და არა იმას, რასაც ეს რუსული ხელისუფლება ცდილობს, რასაც ის სჩადის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
- არჩევნების გაყალბებაც საკამათო თემად იქცა. როგორც თვითონ ამტკიცებენ, "გაიმარჯვეს სახელოვნად".
- შემიძლია გითხრათ, რომ კი არ გაიმარჯვეს, არჩევნები "სახელოვნად" გააყალბეს. თუ ეს სიმართლეა, თუ მართლა გაიმარჯვეს, ამოიღონ ვერიფიკაციის აპარატიდან ამოწერილი ქვითრები, მეტი არაფერია საჭირო, რომ სიმართლე დადგინდეს - რატომ არ ხსნიან, რა აქვთ დასამალი? სწორედ ეს იყო ჩვენი კოალიციის მოთხოვნა. სწორედ ეს არის მათი "გამარჯვების" საიდუმლო - არჩევნებზე არმისული ადამიანების ნაცვლად, მათი მომხრეები მივიდნენ და ე.წ. კარუსელი დაატრიალეს. თუ ასე არ არის, გახსნან, რას მალავენ?
- ბევრი ამტკიცებს, რომ ამ არჩევნებზე ფარულობის პრინციპი დაირღვა, რადგან მელანმა ქაღალდზე გაჟონა, ეს ზოგიერთ უბანზე მოხდა თუ ყველგან?
- ყველგან ერთი ხარისხის ქაღალდი იყო და ეს მიზანმიმართულად გააკეთეს. ეს იყო ამომრჩევლის ნების კონტროლი, რაც უკვე დადასტურებული ფაქტია. ყველას ახსოვს, არჩევნების შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტი რომ ჩატარდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც მოსამართლემ სწორი, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - დაამტკიცა, რომ არჩევნების ფარულობის პრინციპი დარღვეული გახლდათ. შემდეგმა მოსამართლემ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და ეს დასკვნა გააუქმა. დიახ, ამ არჩევნებზე ჩვენი არჩევანი არ იყო ფარული. ახლა "ოცნებიდან" ვინ რას იტყვის, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან კობახიძის და მისი თანამოაზრეების ენას ძვალი არა აქვს. მათ შეუძლიათ, თეთრზე თქვან, შავიაო ან შავზე თქვან, რომ ის თეთრია.
- ნუთუ, ოპოზიციამ ვერ გათვალა, რომ ასე მოხდებოდა?
- კარგად ვიცოდით, რომ ხმები უნდა დაგვეთვალა და დაგვეცვა, მაგრამ მსგავს ოპერაციას თუ ჩაატარებდნენ, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით. ასეთი რამ მე არსად მინახავს; მგონი, მსოფლიოში არსად მომხდარა, რომ საარჩევნო ბიულეტენები და მარკერები სანდო არ ყოფილიყო. ხომ გახსოვთ, ივანიშვილი რომ ამბობდა, ევროპას ჩვენი დემოკრატითთ გავაოცებთო და მართლაც გააოცა - ამ ქვეყანაში დემოკრატიის ნიშანწყალიც კი არ დატოვა. ხალხს ქუჩაში იჭერენ და აკავებენ, ახალგაზრდებს წარმოუდგენელი ბრალდებით უშვებენ საპატიმროებში და 8-9 წელიწადს უსჯიან... აგონიაში მყოფი ხელისუფლება 20-21 წლის ახალგაზრდებს ციხისთვის სწირავს - ახალგაზრდებს, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებას იცავენ მშვიდობიან აქციებზე და რუსული რეჟიმის დამყარებას აპროტესტებენ.
- როგორ ფიქრობთ, ამ ახალგაზრდების ციხიდან დახსნა შესაძლებელია?!
- მე ერთი რამის იმედი მაქვს: ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია და დარწმუნებული ვარ, ისინიც ვერ მოიგებენ. სამწუხაროდ, რუსული რეჟიმები ხალხს ასე ექცევიან და ეს ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ. კიდევ ერთი რამ ვიცი: ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან და ძვლებში ამტვრევენ, პოლიციასთან საერთო არაფერი აქვთ. შეიძლება ზოგიერთი მათგანი პოლიციის რიგებში ირიცხება ან არ ირიცხება, მაგრამ ნამდვილ პოლიციელებთან ამ ხალხს საერთო არაფერი აქვს. ეს გაურკვეველი დაჯგუფებები, რომლებიც ასე სადისტურად, მანიაკალურად იქცევიან, წესიერ, პატიოსან პოლიციელებს ჩირქს სცხებენ. მათი წყალობით, დაკავებულებს ცხვირ-პირი აქვთ დალეწილი! ზოგიერთ მათგანს ოჯახის წევრებიც კი ვერ ცნობენ. როდესაც დაკავებული ასეთ მდგომარეობაშია, ესე იგი, მასზე იძალადეს და აწამეს - აქ სხვა შანსი არ არსებობს.
- რატომ იყენებს "ოცნება" ასეთ მეთოდებს, რატომ დავიდა ხელისუფლება ამ დონემდე?
- იმით აიხსნება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა "ოცნებას" უარი უთხრეს, მაგრამ ეს ძალა ყველანაირად ცდილობს, ხელისუფლება შეინარჩუნოს. სწორედ ასე იქცევა ხელისუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური ძალა: ის რუსული და ბელორუსული სტილით "მუშაობაზე" გადადის. ასეთია თვითმარქვია და ხელისუფლების მიმტაცებელი ძალის ბუნება. რაც მათ თბილისის ქუჩებში ჩაიდინეს, მანიაკალური ფსიქიკის მქონე ადამიანების დაგეგმილი სპეცოპერაციაა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! ნორმალური ფსიქიკის ადამიანი არ იკადრებს ქალების და არასრულწლოვნების ქუჩა-ქუჩა დევნას! მე ხანგრძლივი საადვოკატო პრაქტიკა მქონდა და რომ ვაკვირდები, წინა ხელისუფლების დროსაც, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანებს ასე არ ექცეოდნენ. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არის დაგეშილი. ღრმად ვარ დარწმუნებული: მოვა დრო, როცა პასუხისგებას ვერავინ გაექცევა! რაც ამ ხალხმა გააკეთა, ამას უმსგავსო საქციელიც აღარ ჰქვია - ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც მათ ტელეკამერების წინ ჩაიდინეს.
- ვხედავთ, როგორ "აშავებს" ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებს. რას ემსახურება მათი აგრესია ოპონენტების მიმართ?
- იგივე ხდებოდა თავის დროზე რუსეთშიც: ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯერ ლანძღავდნენ, "აშავებდნენ" და ბოლოს რა დღეში ჩააგდეს, ვიცით. ჩვენ თვალწინ მიმდინარე პროცესიც რუსეთიდან იმართება - დიახ, ეს ჩვეულებრივი, რუსეთიდან მართული სიტუაციაა, რომელსაც მისი წარმომადგენლობა საქართველოში აკეთებს. ეს არის რუსული, ბელორუსული მართვის სტილი, როცა ოპონენტებს მიწასთან ასწორებენ, მაგრამ ამ დროს, თავად ხელისუფლება შავბნელი საქმეებითაა დაკავებული.
- ბევრს მიაჩნია, რომ დასავლეთი ძალიან იგვიანებს და სათანადოდ არ გვიჭერს მხარს, თქვენც ასე ფიქრობთ?
- ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ევროპელი დიპლომატების გამოსვლებს და მათ უმკაცრეს განცხადებებს. დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდითაა, რაც მათი განცხადებებიდან და ქმედებებიდანაც კარგად ჩანს.
- დაბოლოს, თუ ხედავთ გამოსავალს შექმნილი კრიზისიდან?
- ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, რომელიც დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს. ყველამ ვიცით, რომ ახლანდელი საარჩევნო კომისია ამგვარ არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ამიტომ, ის უნდა შეიცვალოს. მოსახლეობის ნამდვილი ნება სწორედ ახალ არჩევნებზე იქნება გამოხატული, რომელიც თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს - გარემოში, სადაც ადამიანებს თავიანთი ნების გამოხატვის უფლება ექნებათ. სწორედ ეს არის გამოსავალი მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა ვართ - სხვა გზას ვერ ვხედავ.
ხათუნა ჩიგოგიძე