"თინათინს ბევრი წელი ველოდი" - გზაპრესი

"თინათინს ბევრი წელი ველოდი"

თუ როგორ ჩაიარა ღონისძიებამ ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ამის შესახებ Gეორგია ჩოუტურე Fასჰიონ ჭეეკ-ის დაფუძნებელი, დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი გვესაუბრა...

- მოდის კვირეული ეს არ არის „მოდების ჩვენება“, ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელშიც ბევრი ქვეყანაა ჩართული ევროპიდან, აზიიდან... ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან. ვცდილობთ, ქართველ დიზაინერებს, ქართულ ბრენდებს საშუალება მივცეთ გზა გაიკვალონ სხვადასხვა პლატფორმაზე ევროპისა და აზიის ქვეყნებში. საზღვარგარეთ საერთაშორისო ჩვენებაზე გასულ ქართულ ბრენდებს სოციალურ ქსელში აუცილებლად ქართული დროშა მიაქვთ. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, საქართველო, როგორც მოდის ერთ-ერთი ქვეყანა, იყოს წარმოდგენილი რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ღონისძიებაზე. ამით ხელს ვუწყობთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასაც...

პროექტი დაარსების დღიდან ძალიან ბევრ სირთულეს შეეჯახა. 2020 წელს ჩამოვაყალიბეთ საქარათველოს მოდის კვირეული, მაგრამ პანდემია დაიწყო და შესაბამისად, 14 ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტი გავაუქმეთ. ეს პირველი დარტყმა იყო... პანდემიის დასრულებისთანავე, პირველები ვიყავით, ვინც მაღალი მოდის კვირეული გამართა. მონაწილეობა მიიღო სერბიამ, მაკედონიამ, მოლდოვამ, უკრაინამ, ყაზახეთმა, სომხეთმა... ეს იყო ჩვენი ძალიან ხმამაღალი განაცხადი, რომ მიუხედავად სერიოზული დარტყმისა, მზად ვიყავით დიზაინერებისათვის საერთაშორისო პლატფორმა შეგვეთავაზებინა...

შემდეგი კვირეული 2022 წელს ჩავატარეთ, მომდევნო კი 2023-ში. მესამე ღონისძიება ძალიან რთულ პერიოდში გაიმართა. ქალაქის ცენტრში აქციები იმართებოდა ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ... ასეთ ღონისძიებებს სამი-ოთხი თვით ადრე ვგეგმავთ, უცხოეთიდან ყოველთვის მრავლად გვყავს სტუმრები, ისინი ადრე იღებენ ბილეთებს და ჩვენ, როგორც გარანტს, გვიგზავნიან. ამიტომაც ღონისძიებას ვერ გადადებ, მაგრამ გამოსავალი ვიპოვეთ და ორი დღის განმავლობაში ჩვენებას დღის ოთხ საათზე ვიწყებდით, შესაბამისად, ადრე ვამთავრებდით. ფოტოგრაფებს, დიზაინერებს ან მოდელებს აქციაში მონაწილეობის მიღება თუ სურდათ, მათ ამის საშუალება ეძლეოდათ.

დარბაზი ორივე დღეს გადაიჭედა, ძალიან ბევრი ფოტოგრაფი იყო. სწორი გათვლით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კრიზისულ სიტუაციაშიც პროექტს თავისი იმიჯი აქვს, ინარჩუნებს თავის სტატუსს, პასუხისმგებლობას, ამავე დროს გრძნობს ვალდებულებას საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

რაც შეეხება წელს გამართულ საქართველოს მოდის კვირეულს, ასევე სამი თვით ადრე დავიწყეთ მზადება და მონაწილეების სია უკვე გვქონდა უცხოეთიდან: უკრაინა, შვედეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი... დაახლოებით 200-მდე სტუმარი იყო საქართველოში ჩამოსული: დიზაინერები, მოდელები, ფოტოგრაფები, ბლოგერები, ინფლუენსერები... არეალს ვაფართოებთ შემდეგი პროექტებისთვის. გვაქვს მოლაპარაკებები ჩინეთთან. თებერვალში გვაქვს მილანის მოდის კვირეულზე პარტნიორული მოწვევა.

წელს მეოთხე სეზონი ჩავატარეთ. 30 ნოემბერს, 1-ელ დეკემბერს გვქონდა ჩვენებები, როდესაც ქვეყანაში აქციები მიმდინარეობდა... არნახული მხარდაჭერა მივიღეთ, დარბაზი ორივე დღეს სავსე იყო. 18 დიზაინერი მონაწილეობდა, დელეგაციები ექვსი ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ქვეყანაში სტუმრის ჩამოყვანა, არეულობის მიუხედავად ვიზიტის არგაუქმება პროექტის მიმართ დიდ ნდობას ნიშნავს. ამიტომ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენც არანაირი უფლება არ გვაქვს, გადავდოთ... ჩვენ ყოველთვის სწორ, ნათელ მხარეს ვიდექით; ეროვნული ღირებულებების, ევროპული საქართველოს მომხრე ვართ და ასე გაგრძელდება! იმ საკითხს, რომ ყველა გასართობი პროგრამა, სადღესასწაულო ვახშმები გავაუქმეთ, ყველა სტუმარი გაგებით ეკიდებოდა.

ჩვენებაზე იყვნენ წარმომადგენლები იტალიის, შვედეთის, საფრანგეთის, ამერიკის, უკრაინის, ყაზახეთის საელჩოებიდან... იყო შეთანხმებები პროექტის შემდგომ განვითარებაზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ტაქტიკა მოვიფიქრეთ: საერთაშორისო მოდის კვირეულებზე ერთ დიზაინერს ვგზავნით და შესაბამისად, შემდეგ მონაწილეს მათგანაც ვიღებთ. მოგეხსენებათ, მოდის კვირეულებში მონაწილეობა სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს სახელით ვგზავნით და გადასახადისგან თავისუფლდება. ასე იყო წელს ქართველი დიზაინერი - ივა პაპიძე სკანდინავიის მოდის კვირეულზე, რომელიც საუკეთესო დიზაინერის ჯილდოთი დაბრუნდა. წელსვე უკვე ჩვენ მივიღეთ სონია ანდერსონი, რომელიც სკანდინავიის მოდის კვირეულის დამფუძნებელია. ტაჯიკეთის მოდის კვირეულზე ჩვენს გაგზავნილ დიზაინერებს არნახული წარმატება ხვდათ წილად, რაც ბევრ რამეზე აისახება.

აქვე მადლობა მინდა გადაგიხადოთ პარტნიორობისთვის, თქვენი მედია ყოველთვის იყო ჩვენი მატიანე და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მომავალი პროექტებისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისევ გიხილავთ ჩვენი პროექტის გულშემატკივრად.

k1a6710-copy-copy-1734260542.jpg

სოფია ხარჩილავა, ბრენდ "kHARCHI"-ის დამფუძნებელი:

- ყველაფერი ძალიან ბევრი წლის წინ, 2000 წელს დაიწყო... რაც თავი მახსოვს, მე არ ვგავდი სხვებს, თანატოლებს და არ ვიცავდი იმ ჩარჩოს, ნორმებს, რაც იმ პერიოდში საზოგადოებისთვის იყო დაშვებული. მახსოვს, როგორ მქონდა პროტესტი ერთფეროვანი, მუქი ტანსაცმლის მიმართ. ფერადს რთულად თუ იშოვიდი რამეს, მით უმეტეს, ჯინსს. დედის ძმა გერმანიაში მსახურობდა და იქიდან ჩამოტანილი ჯინსის შარვლები, ახლანდელი ოვერსაიზი დედულეთის სახლში აღმოვაჩინე. პატარა, ალბათ მეშვიდე კლასში ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო ხუთი ზომით დიდი შარვლის ტარება... იცით, რომ ხელოვანი ადამიანები ხელოვანებად იბადებიან! ამას არ სწავლობენ. საბავშვო ბაღში სულ იმას ვაპროტესტები, რატომ უნდა ჩამეცვა ფუშფუშა კაბა. ბოლოს ჯინსის კომბინეზონი და ფანელის კუბოკრული პერანგი ჩამომიტანეს და მგონი, სხვა რამეს აღარც ვიცვამდი. სულ მქონდა ოცნება, რწმენა, მიზანი და ჟინი...

თავდაპირველად ქსოვით დავიწყე. ჩვენებებზე მხოლოდ ნაქსოვი ლუქები გამქონდა. ეს ის პერიოდია, როცა შუქიც კი სანატრელი გვქონდა. რომელ შემოქმედებაზე იყო საუბარი, როდესაც ხალხი მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობდა, მე კი სხვაგვარად, ფერადად ვხედავდი ყველაფერს და მჯეროდა, რომ იმ დროს ყველაზე მეტად ხელოვნება იყო საჭირო, მეტი ესთეტიკა და ვიზუალური სილამაზე. სიტყვა "მოდა" არ არის მხოლოდ ტანსაცმელი. მოდა თვითმყოფადობა და ინდივიდუალიზმია. ინდივიდები ქმნიან და ამკვიდრებენ წესებს ძლიერი ფორმულით, რომელიც გენეტიკურ კოდამდეც კი აღწევს. 24-წლიანი გზა არ იყო ადვილი გასავლელად და არც ახლა გაიოლებულა რამე, მაგრამ იყო, არის და იქნება საინტერესო, მიმზიდველი. ამ 24 წლის მანძილზე 8 წელი ევროპაში ვიცხოვრე. ევროპულმა განათლებამ, კულტურამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ჩემს შეგრძნებებზე. მელოდია და ემოცია, ეს ორი რამ მჭირდება, შემოქმედებითი რომ გავხდე. ჯერ ვეძებ მელოდიას. დღეები, კვირაობითაც კი და როგორც კი გონება დაიჭერს - აი, ეს არის ის შენიო, მერე იწყება კოლექციაზე ფიქრი. იცით, მე ემოციას ვყიდი! ყოველი ჩემი ლუქი კონკრეტულ ემოციას ატარებს. ჩემი სამოსელი თავდაჯერება და სითამამეა. ინდივიდუალობის გამომხატველი ტილოა, ხარისხის მაღალი მაჩვენებლით.

- რას იტყოდით საქართველოს მაღალი მოდის კვირეულის შესახებ?

- „Georgia Fashion Week “ეს არის პლატფორმა შორს მიმავალი, უკვე გაკვალული და გასუფთავებული გზებით. თინათინს ბევრი წელი ველოდი. ხშირად მეკითხებიან, აქამდე რატომ არაო? პასუხი ერთი მაქვს: არ იყო თინათინი და ციცკა... საქართველოს მოდის კვირეულმა ჩემს ბრენდს ხარისხის ეტიკეტი დაადო, მაღალი მაჩვენებლით და ორივე „ვმარიაჟობთ“ ამით. ვფიქრობ, შევძელი ლამაზად მეთქვა, ვინ არის GFW. მინდა აქ გავჩერდე და მეტი არაფერი ვთქვა. დავტოვო ცოტა გაურკვევლობა და სურვილი მეტის ცოდნის. მალე მილანის კვირეული იქნება და... ბევრი საინტერესო მელოდიური ცხოვრებით ტკბობა.

505a1878-copy-1734260515.jpg

სოფია ბატისტა:

- თოჯინებისთვის ტანსაცმლის კერვით ბავშვობიდან ვერთობოდი. შემდეგ მოდის ჟურნალებიდან ვაცოხლებდი მოდელებს. ჩემი გართობით საკმაოდ დავხელოვნდი და ტანსაცმლის კერვა ჩემს პროფესიად ვაქციე. ვიმუშავე ქართველ დიზაინერებთან, ვიმუშავე სამკერვალო საამქროებში კონსტრუქტორის და გამომჭრელის თანამდებობაზე. 22 წლის წინ პირველად გავხსენი დამოუკიდებლად სამკერვალო სალონი. ვმუშაობდი ინდივიდუალურ შეკვეთებზე, ვქმნიდი სადღესასწაულო და გამოსასვლელ სამოსს, აქსესუარებს, ვრთავდი საზეიმო დარბაზებს, ინვენტარს და სხვა. ძალიან ხშირად დამკვეთები ცნობილი დიზაინერების მოდელების ანალოგის, ან ასლის შექმნას მთხოვდნენ. ბევრი ცდით, დავაგროვე დიდი გამოცდილება სამოსის შექმნაში – ვისწავლე კონსტრუირება, თარგების შექმნა, ზედმიწევნით ხარისხიანი შესრულება. ბევრი ჩემი ნამუშევარი საქვეყნოდ ცნობილი ბრენდებისგან ვერ გაურჩევიათ და ვიცი შემთხვევები, როდესაც ბრენდის მარკით მისულა მომხმარებელთან.

ყოველთვის მქონდა ჩემი ბრენდის დაფუძნების სურვილი. სახელიც შევარჩიე – პირველად ბებიამ ბატისტის ქსოვილის ნაჭრები რომ მომცა თოჯინების კაბებისთვის, გონებაში ჩემი ამ საქმიანობაში ნათლობის სახელად ჩამყვა – სოფია ბატისტა. პერიოდულად, როდესაც ჩემი შემოქმედების ენერგიის გამოვლენის და საავტორო ნამუშევრების შექმნის საშუალება მქონდა, მოდელებს „სოფია ბატისტას“ იარლიყით ვუშვებდი. ამ ხნის განმავლობაში მივიღე მონაწილეობა რამდენიმე მოდის ფესტივალსა და საკონკურსო ჩვენებაში. თუმცა ჩემი საკუთარი მოდელების წარმოებას ბიზნესის მიმართულება ვერ მივეცი. ჩემი ამჟამინდელი ბიზნესი არის სამკერვალო საწარმო – ბრენდული სამოსის, უნიფორმისა და სპეციალური სამოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააქმრო თბილისში, სადაც ვთავაზობთ ამ სფეროში სრულ სერვისს – მოდელების დიზაინი და თარგების შექმნა, სერიული წარმოება, ბრენდირება და ა.შ. ეს ჩემი ოჯახის ბიზნესია, მიწევს წარმოების ყველა ეტაპზე უშუალო მონაწილეობის მიღება, რასაც ბევრი დრო და ენერგია სჭირდება.

- რას იტყოდით საქართველოს მოდის კვირეულის შესახებ?

- მივიღე ქალბატონ თინათინ მაღალაშვილის შემოთავაზება, მონაწილეობა მიმეღო „საქართველოს მოდის კვირეულის“ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების წარმოდგენაში. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა საშუალება, რომ მიმეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელსაც მთელი მისი არსებობის განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვგულშემატკივრობდი. მიხაროდა ნიჭიერი და მშრომელი ქართველი დიზაინერების წარმატება. მოდელების მომზადებისთვის სულ რამდენიმე კვირა მქონდა, ამიტომ მომიწია შემოქმედებითი „ცეცხლის დანთება“ და ჩემს გონებასა და ჩანახატებში არსებულ ზოგიერთ მოდელს ხორცი შევასხი.

„საქართველოს მოდის კვირეული“ საგულისხმო და საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. პირველ რიგში, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობა იყო საინტერესო, ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებთან საქმიან გარემოში ფუსფუსი, გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის დახმარების და ლაღი გულშემატკივრობის პროცესი. საგულისხმო იყო უცხოელი მონაწილეების მუშაობის სტილის დაკვირვება, და ზოგადად საერთაშორისო წარმოდგენაში მონაწილეობა. წარმოდგენამაც ძალიან კეთილგანწყობილ, საქმიან და ხალისიან გარემოში ჩაიარა. ბევრი საინტერესო დიზაინერი აღმოვაჩინე და ბევრის ნამუშევარი, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და იყო თინათინ მაღალაშვილის და დოდოკას ნამუშევრები.

მოხარული ვარ, რომ მომეცა „ჯორჯია ფეშენ უიქში“ მონაწილეობის საშუალება, ბედნიერი ვარ ახალი მეგობრების და გამოცდილების შეძენით. მადლობა ყველას, ვინც ეს ლამაზი შოუ წარმოადგინა.

მანანა გაბრიჭიძე