"საზოგადოებამ მორალური განაჩენი გამოუტანა „ოცნების“ ხელისუფლებას"
და უდანაშაულოდ დასახიჩრებული ადამიანები. სახალხო პროტესტი არ წყდება. მიმდინარე პროცესებზე პარლამენტის ყოფილ წევრს „ევრო-ოპტიმისტებიდან“, რომან გოცირიძეს ვესაუბრეთ.
- დღეს სხვა საქართველო იბადება. ეს პროტესტი სრულიად განსხვავებულია და არ ჰგავს იმას, რაც აქამდე გვინახავს.
საზოგადოებამ მორალური განაჩენი გამოუტანა „ოცნების“ მოღალატე ხელისუფლებას. აუხდათ "ქოცებს" - „სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ“. ესენი თავს ვერსად გამოყოფენ და სახლებში არავინ შეუვარდებათ, რაც უნდათ, ის აკეთონ, ვინც უნდა მოიპატიჟონ და ვისთანაც უნდათ, იქეიფონ. საზოგადოებიდან გარიყულები იქნებიან. პოლიტქოცები სოციალურად მიუღებელ კასტად იქცნენ. დღეს საზოგადოების მასობრივი განქოცების მომსწრენი ვართ, საზოგადოება იკურნება რუსული სენისგან.
თვითმარქვია პრეზიდენტის არჩევის დღე და პრეზიდენტის სასახლე პროტესტის ახალი კერა უნდა გახდეს. არ უნდა მივცეთ მარიონეტ „ხმოსნებს“ პრეზიდენტის მშვიდად არჩევის შესაძლებლობა. ამ პროტესტს ვერაფერი შეაჩერებს. შეიძლება ზოგჯერ აღმავალი იყოს, ზოგჯერ დაღმავალი, მაგრამ ხალხის ბრაზი იქნება ყოველდღე და ყველგან: სახლებში, აუდიტორიებში, სამუშაო ადგილებზე.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით „გაფიცვის უფლება აღიარებულია“! პერსონალური სანქციების გაფართოებას სულ მალე ვიხილავთ. სამწუხაროდ, ძნელია სანქციები ისე დააწესო, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს. უკვე ასეულ მილიონობით დოლარის დახმარებას ვკარგავთ. ზურგს უცხოელი ინვესტორებიც გვაქცევენ. ფინანსური იზოლაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ლარს. მოიმატებს ფასები, ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების გადინების პროცესი უფრო ინტენსიური გახდება. ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია.
- მოსალოდნელ სანქციებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ...
- უკრაინის შემდეგ მალე დასავლეთიც დააწესებს სანქციებს. სიაში უნდა მოხვდნენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც აქციაზე დაკავებულ ადამიანებს პატიმრობაში ტოვებენ. ასევე, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენები, რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს. ისინი საქართველოს ბიზნესასოციაციაში არიან წარმოდგენილი. ამ სამარცხვინო ორგანიზაციას დღემდე არ დაუგმია ის სისასტიკე, რაც თბილისის ქუჩებში ხდება... ყველა, ვინც რუსულ რეჟიმს ამყარებს საქართველოში, სხვადასხვა სახის სანქციის (სავიზო თუ საფინანსო) ობიექტი უნდა გახდეს.
დღეს სხვა საქართველო იბადება და ეს ახალგაზრდები სხვა ღირებულებით სტანდარტებს დაუწესებენ პოლიტიკოსებს. ვინც არ გაითვალისწინებს, ჩამოიწერება.
- ეროვნულ ბანკზე რას იტყვით?
- ეროვნული ბანკის არაპროფესიონალი და პოლიტიკურად მორჩილი ხელმძღვანელობა დაღუპავს ქვეყანას. მას შემდეგ, რაც მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, წინასაარჩევნოდ ლარის კურსის ფიქსაციისათვის 700 მილიონი დოლარი მიახარჯეს და რეზერვები კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ გადაწყვიტა, სწრაფად შეევსო რეზერვები და თავი მოეწონებინა საზოგადოებისათვის, რომ მისი კლება დროებითი მოვლენა იყო. მართლაც, ნოემბრის თვეში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა ფარულად. აჩქარდა, ვერ გათვალა, რომ ამით ლარის მყიფე წონასწორობას ბოლოს მოუღებდა. მთავრობის მოღალატური პოლიტიკის გახმოვანების და ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვის ნაადრევი დაწყების (ანუ მიმოქცევაში ლარის მასის ზრდის) შედეგად, ლარის მკვეთრი გაუფასურების პროცესი დაიწყო. ეროვნული ბანკი იძულებული გახდება, ნოემბერში შეძენილი უცხოური ვალუტა ისევ გაყიდოს, რათა უფრო რბილი ფორმით მოახდინოს ლარის დევალვაცია. ვითარება იმითაცაა საგანგაშო, რომ ქვეყანა დახმარებას არსაიდან ელოდება. ასეთი შემთხვევა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არ ყოფილა. რთულ მდგომარეობაში ყოველთვის მხარში გვედგა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციები. დღეს ყველამ ზურგი აქცია ხელისუფლებას. მარტონი და დაუცველები დავრჩით.
ვიმეორებ - ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესი ხმას არ იღებს, საქართველოს ბიზნესასოციაციის მმართველობა რუსული დესანტია საქართველოში! საქართველოს ბიზნესასოციაცია არ შეუერთდა ათზე მეტი ბიზნესასოციაციის მიმართვას, რომლებმაც გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. ეს ადამიანები საკუთარ გამორჩენაზე ზრუნავენ და არა ქვეყანაზე.
საქართველოს ბიზნესასოციაციავ, ამოიღეთ ხმა, პროფკავშირებმაც კი გაჯობეს. არ გეთმობათ, არა, პრივილეგიები და საბიუჯეტო ტენდერებიდან მითვისებული ქონება და ფულები? მედროვეები ხართ!
- ბოლო დროს ქვეყნის რეზერვები დადგა საფრთხის წინაშე...
- ამოწურვის გზაზე მდგარი ქვეყნის რეზერვები ამ დარტყმას ვერ გაუძლებს. ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, 386 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს თურქული კომპანიისათვის, ნამოხვანის მშენებლობის შეწყვეტის გამო. ქვეყნის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს კარგავს. როცა დღეს საპროტესტო აქციების მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა არბევენ, ვიღაცებს ადრე რესპუბლიკის მოედანზე კარვების ქალაქის განთავსების უფლება მისცეს. გმირთა მოედანი გადაკეტეს და მცდელობაც კი არ ჰქონია ხელისუფლებას, რაიმე ეღონა.
სულაც არაა გამორიცხული, რომ ვიღაცებმა ხელისუფლებაში ამ ფულიდან „ატკატიც“ კი მიიღონ, რადგან ხელი შეუწყვეს თურქულ კომპანიას, გაცილებით მეტი ფული ეშოვა, ვიდრე ხარჯების სახით ჰქონდა გაწეული. მოვა დრო და ნამოხვანის, ნენსკრასა და ხუდონის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით გამოძიება დაინტერესდება. ხუდონის ინდოელ ინვესტორს ათეულ მილიონობით ლარი გაატანეს ბიუჯეტიდან და გაუშვეს (აქაც „ატკატის“ სუნი დგას), ხოლო ნენსკრას საკითხი წინ შეიძლება დაგვხვდეს (კორეელი ინვესტორი გააგდეს). წინ უამრავი, მრავალმილიარდიანი სასამართლო დავებია, რაც ამ ხელისუფლების მიერ ინვესტორებისადმი დანაშაულებრივი დამოკიდებულებითაა განპირობებული. ამ ფონზე, ქვეყანა გაკოტრების გზაზე დგას.
- პრეზიდენტობის კანდიდატზე რას ფიქრობთ?
- ერთ რადიოჩართვაში გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური, არარეალური კანდიდატები დავასახელე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში კი არიან, მაგრამ იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს არ გააკეთოს-მეთქი. დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, ნინო წილოსანი, ის ქალი, ოთხი წელი პარლამენტის ფოიეში როიალს რომ ითხოვდა და არ დაუდგეს (გვარი დამავიწყდა მაშინ ჩართვაში). დაახლოებით ამ კატეგორიაში უნდა ვეძებოთ პრეზიდენტი-მეთქი. ვიხუმრე და რა თქმა უნდა, მოვლენების ასე განვითარებას ვერც წარმოვიდგენდი. ისე, ეს კარგიც არის რაღაც გაგებით. თუკი ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა შინ თუ გარეთ, ახლა მიხვდა, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.
გიორგი მეფარიძე