ამბები გიგინეიშვილებზე, მიქელაძეებზე, ოჯახურ ტრადიციაზე...
და ისეთი არაჩვეულებრივი სპეციალისტების ხელში დახელოვნდა, როგორებიც იყვნენ: მიხეილ გიგინეიშვილი, რეზო ღოღობერიძე, ვლადიმერ ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ლევან ჩარკვიანი. ის დაიბადა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის მიხეილ გიგინეიშვილისა და ცნობილი მომღერლის, რომანსების უბადლო შემსრულებლის ქეთევან მიქელაძის ოჯახში, სადაც სამი შვილი აღიზარდა. უფროსი იყო მიხეილი, შუათანა ირინა და უმცროსი - მერაბი. ოჯახური ტრადიცია გააგრძელა ორმა უფროსმა შვილმა, ისინი მამის გზას გაჰყვნენ. უმცროსიც სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში, თუმცა აღარ დაამთავრა და შემდეგ წარმატებული ფეხბურთელი გახდა. ქალბატონი ირინა იხსენებს ოჯახის ამბებს, ახალგაზრდობის წლებს და თავისი ცხოვრების სხვა ეპიზოდებზეც საუბრობს.
მამა და ძმები
- მამაჩემი მიხეილი სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე იყო წლების მანძილზე, ასევე, თბილისის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე. მან მეან-გინეკოლოგების არაერთი თაობა აღზარდა. მამა იხსენებდა, ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე კომისიის თავმჯდომარემ, ცნობილმა მათემატიკოსმა ანდრია რაზმაძემ ხუთიანი დამიწერა და არ მეკუთვნოდაო. მამაჩემს უკითხავს, რატომ დამიწერეთ ხუთი, როცა ოთხიანზე ჩაგაბარეთო? რაზმაძეს მოსწონებია რაიონიდან ჩამოსული (სამტრედიიდან იყო) წესიერი, ლამაზი ბიჭი და უთხრა: მე რომ ხუთს დაგიწერ, სხვა გამომცდელებიც მაღალ ნიშანს დაგიწერენ და შენისთანა ახალგაზრდები უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნის სამსახურშიო. მამამ დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი და კათედრის გამგემ, გაბრიელ ღამბარაშვილმა თავისთან მიიწვია ასისტენტად, 21 წლისა იყო. ღამბარაშვილმა მალევე დართო ნება, რომ ლექციებიც წაეკითხა. ასე დაიწყო მისი კარიერა.
საბჭოთა კავშირში არსებული წესებით არ შეიძლებოდა, რომ მამა-შვილს ან ცოლ-ქმარს ერთ კლინიკაში ემუშავათ, ამიტომ ჩემი უფროსი ძმა მიშიკო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში დარჩა. როცა მამა წავიდა კათედრის გამგის თანამდებობიდან, მიშიკო მერე დაინიშნა კათედრის გამგედ. ჩემი უმცროსი ძმა მერაბი იყო ულამაზესი და პოპულარული ბიჭი, სამართლიანად მოჩხუბარი და ფიზიკურად ძლიერი. მერაბი და კახი ასათიანი ერთ პერიოდში თამაშობდნენ თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში. მაშინ ამბობდნენ, თბილისში ორი ვარსკვლავი დაიბადა ფეხბურთში - კახი და მერაბიო. ის ჩვენი საფიცარი ძმა იყო. მე და მიშიკო თუ ვკამათობდით და მერაბს დავიფიცებდით, ეს უტყუარი რამ იყო. ის ცოტა ხანს თამაშობდა ფეხბურთს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კარიერა ვეღარ გააგრძელა. მე ყველაზე განებივრებული ვიყავი ოჯახში, თუმცა ძმები სულ თვალს მადევნებდნენ, აბა, ვინ მომაცილებდა სახლამდე და მათი ხათრით ვერავინ ვერაფერს მიბედავდა.
სამწუხაროდ, ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 1994 წლის იანვარში მიშიკო გარდაიცვალა 55 წლის ასაკში და მეორე წელს, თებერვალში 49 წლის მერაბი. დედაც და მამაც შვილების სიკვდილს მოესწრნენ. მამას ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, მისთვის მიშიკო დიდი იმედი იყო, მერაბი - დიდი ძალა. მამაჩემი მათი გარდაცვალების შემდეგ გახდა აკადემიკოსი, მაგრამ ფასი აღარაფერს ჰქონდა. ჯერ მამა გარდაიცვალა. დედაჩემს აღარ უმღერია და სახლიდანაც არ გადიოდა. დედა 92 წლისა გარდაიცვალა.
დედასა და ოჯახურ ტრადიციაზე
- 1937 წელს მოსკოვში გაიმართა ქართული ხელოვნების დეკადა, სადაც ჩვენი ქვეყნის კულტურის ყველა სფეროს არაერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. დედა მღეროდა სანდრო კავსაძის ფოლკლორულ ანსამბლში (აღმოსავლეთ საქართველოს გუნდი იყო). დეკადამ წარმატებით ჩაიარა და სხვებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა ქეთევან მიქელაძე. დირიჟორი ევგენი მიქელაძე დედას ენათესავებოდა, ოღონდ უფრო ახლო ნათესავი იყო ევგენის მეუღლე ქეთუსია ორახელაშვილი, რომელსაც დედა ჰყავდა მიქელაძე. დედაჩემი იმ შტოს მიქელაძე გახლდათ.
ჩვენს ოჯახს ასეთი ტრადიცია ჰქონდა. აუცილებლად ყოველ შაბათს, სამივე შვილი ჩვენი ოჯახებით ვიკრიბებოდით მშობლებთან სადილად. ამ დროს ვყვებოდით მე და ჩემი ძმა, ვინ რა ოპერაცია გააკეთა, როგორი მშობიარობა მიიღო, იყო თუ არა გართულება და ა.შ. მამაჩემი ყველაფერს ისმენდა და რჩევას გვაძლევდა, რა დროს მოვიქეცით სწორად და რა დროს - არა. სხვა დროს რომ მეკითხა მამასთვის რამე, წიგნს გადმომიღებდა, - წაიკითხეო. მამაჩემს ძალიან უყვარდა დედაჩემის სიმღერა და მით უმეტეს, როცა სტუმრები გვყავდა, ყოველთვის სიამოვნებით უსმენდა და სთხოვდა ხოლმე ქეთოს, კიდევ იმღერეო.
სამი პორტრეტი
- ჩემს ახალგაზრდობაში ყოველ გაზაფხულზე აპრილის თვეში იმართებოდა ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ავთო ვარაზი ჩემი მეზობელი იყო, მინდოდა მისი ნამუშევარი სახლში მქონოდა და წავედი გამოფენაზე. ვერ ვიყიდე, აღარაფერი დამხვდა, საერთოდ ავთო ძალიან ცოტას ხატავდა. დავბრუნდი უკან და ზუსტად სადარბაზოსთან შემხვდა. მივესალმეთ ერთმანეთს და ვუთხარი, თქვენი ნამუშევარი ვერ შევიძინე, აღარ იყო-მეთქი. მოდი, დაგხატავო... მითხრა. ცოტა შევცბი და მომერიდა. სახლში დედაჩემს ვუთხარი, რაც მოხდა. დედამ თქვა, - დაგხატოს, კარგი იქნებაო. ვარაზმა სამ სეანსში დამხატა. ასეთი არაჩვეულებრივი და ინტელიგენტი პიროვნება იშვიათად მინახავს, იცით, როგორ მხვდებოდა? ველვეტის შარვალი და თეთრი "საროჩკა" ეცვა ხოლმე, მის ყურებას არაფერი სჯობდა.
ახლა ჩემს კარიკატურაზე გეტყვით. მოსკოვში დამხატა საბჭოთა კავშირის პირველმა კარიკატურისტმა ევგენი შუკაევმა, რომელიც მერე ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. კიდევ აღსანიშნავია მხატვარ რადიშ თორდიას მიერ შესრულებული ჩემი პორტრეტი, მაშინ 18 წლის ვიყავი, ისიც ახალგაზრდა იყო. წლების მერე გახდა საქართველოს სახალხო და ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარი.
მიქელაძეები - 6 და და 1 ძმა
- დედას ჰყავდა 5 და და 1 ძმა. ყველაზე უფროსი იყო ელენე, ჩიქოვანის მეუღლე. მეორე და - ულამაზესი გოგოლა, მისი მეუღლე იყო გვარად კანდელაკი; შემდეგი გახლდათ ქალბატონი მარიამი, რომელსაც ჰყავდა ორი არაჩვეულებრივი ბიჭი, კალანდაძეები. მსახიობი გოგოლა კალანდაძე მარიამის შვილიშვილია, ბებიის დის სახელი დაარქვეს. მარიამის ქმარი დაიჭირეს და გადაასახლეს, ამიტომ მას შვილების გაზრდაში ეხმარებოდა და - გოგოლა, რომელიც უშვილო იყო. როცა მარიამის შვილიშვილი დაიბადა, მის პატივსაცემად დაარქვეს ეს სახელი. მერე იყო ქალბატონი თამარი, საყვარელიძის მეუღლე და ჰყავდა სამი შესანიშნავი შვილი: ცისანა, მარიკა და ივიკო. სამივე არაჩვეულებრივად მღეროდა და პოპულარულები იყვნენ. საერთოდ ყველა დეიდაშვილი მღეროდა, მაგრამ ესენი - განსაკუთრებულად. მეხუთე და გახლდათ ქალბატონი ცაბუ (პასპორტში ოლღა) - ნანი ბრეგვაძის დედა; დებს შორის ყველაზე უმცროსი იყო დედაჩემი ქეთევანი, უნიჭიერესი და პროფესიონალი მომღერალი.
მიქელაძეებს ძმაც ჰყავდათ - გოგი. მას მეუღლე ჰყავდა, მაგრამ შვილი - არა. დებს ისეთი არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, ყოველდღე რომ არ სცოდნოდათ ერთმანეთის ამბავი, ეს დაუშვებელი იყო. დეიდაშვილები ერთად ვიზრდებოდით, 11 ვიყავით, 7 ბიჭი და 4 გოგო, მე ყველაზე უმცროსი ვარ. როცა ჩვენთან მოდიოდნენ, დედა მათ ნასწავლ ახალ სიმღერებს უსმენდა და რჩევებს აძლევდა. დედაჩემი ენამოსწრებული და მხიარული ქალი იყო, ამიტომ ყველას ჩვენთან ყოფნა უნდოდა.
მე და ნანი
- დებს შორის უმცროსები ცაბუ და ქეთო იყვნენ და ტყუპივით, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. ამიტომ მე და ნანი ხშირად ვიყავით ერთად. დასასვენებლად როცა მივდიოდით, ცაბუ ცდილობდა, ნანი დედაჩემთან ერთად ყოფილიყო, რომ ქეთოს სიმღერა ხშირად ესმინა. დეიდაშვილებიდან ჩვენ ორიღა დავრჩით. განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, ის არის ჩემთვის როგორც დედა, და, მეგობარი - ყველაფერია. გარდა იმისა, რომ დასასვენებლად სულ ერთად დავდივართ, ნანი თუ სადმე მიდის, მეც უნდა წამიყვანოს - ეს იქნება თეატრი, კონცერტი თუ სხვა ადგილი. ბოლოს ვიყავით ოპერაში, ნატალიკოს მოვუსმინეთ ჟიულ მასნეს „ვერთერის“ წარმოდგენაში.
ნანული ზოტიკიშვილი