12-წლიანი ბრძოლა ფილმისთვის "ბრძოლა - ბერი გაბრიელი" - გზაპრესი

12-წლიანი ბრძოლა ფილმისთვის "ბრძოლა - ბერი გაბრიელი"

- ამბობს ლიკა კაჭარავა (ფილმის რეჟისორის ასისტენტი) და მოგვითხრობს ამბებს გადასაღები მოედნიდან. ფილმში ნაჩვენები იქნება მამა გაბრიელის გზა ერისკაცობიდან სალოსობამდე, ფსიქიატრიულ კლინიკაში და ციხეში გატარებული დღეები, ის წინააღმდეგობები და დასაბრკოლებლად შეთხზული ამბები, რასაც ადგილი ჰქონდა გოდერძი ურგებაძის ცხოვრებაში.

- ლიკა, როდის და როგორ გაჩნდა იდეა გადაგეღოთ ფილმი ბერი გაბრიელის ცხოვრების შესახებ?

- 12 წელია, რაც რეჟისორ გიორგი კაჭარავას ამ ფილმის გადაღების სურვილი და მცდელობა აქვს. პატრიარქისგან კურთხევაც მიიღო. სცენარი 12 წლის წინ დაიწერა და ამდენივე წელია მიმდინარეობს ბრძოლა ამ ფილმისთვის. სათაურიც ალბათ აქედან შეიქმნა "ბრძოლა - ბერი გაბრიელი". წლების განმავლობაში ამ ფილმს ბევრი დაბრკოლება შეხვდა. გარდა იმისა, რომ ყოველ წელს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე შედიოდა, დაფინანსებაზე ყოველ წელს უარს ვიღებდით. იყო მცდელობები, რომ ფილმი სხვას გადაეღო, ხელი შეეშალათ. ეს უამრავი წინააღმდეგობა ალბათ იმიტომ იყო, რომ იმ ეტაპზე თავად მამა გაბრიელს არ უნდოდა, გადაგვეღო. 2024 წელს, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში, გიორგი კაჭარავამ კიდევ ერთხელ შეიტანა სცენარი კინოცენტრში დაფინანსების მოსაპოვებლად და ქალბატონმა თეამ პროექტი მოიწონა, კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა და მითითებული თანხის 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა. რადგან გამარჯვებულად 2 ფილმი დასახელდა, თანხა შუაზე გაიყო. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატება იყო. 12 წელი ვცდილობდით, ამ შედეგისთვის მიგვეღწია. მხარში დაგვიდგა კულტურის სამინისტრო. პირადად მე, ემიგრაციაში ვიყავი, საბერძნეთში ვცხოვრობდი და სპეციალურად ამ ფილმისთვის დავბრუნდი. შეიკრა ჯგუფი, დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი, შეირჩნენ მსახიობები.

2-1734261210.jpg

- მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობის დამტკიცება როგორ მოხდა?

- მამა გაბრიელის როლზე რამდენიმე მსახიობი მოიაზრებოდა, ზოგიერთისგან იყო უარი, ზოგიერთი ჩვენ გადავიფიქრეთ. ზურა ავსაჯანიშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, ამავე დროს სანდრო მრევლიშვილის თეატრის დირექტორი გახლავთ. რამდენჯერმე გვითხრეს, გვირჩიეს, ზურა ხომ არ მოვიყვანოთ, ხომ არ დავტესტოთ? კარგი ბიჭიაო. ვერაფრით ამ როლზე მსახიობი ვერ შევარჩიეთ, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. ბოლოს ზურა მოვიდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ის მსახიობი იყო, რომელსაც მამა გაბრიელის როლი უნდა შეესრულებინა.

- შთამბეჭდავია მისი კადრები, რომლებიც გაავრცელეთ.

- გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ჯერ ბევრ საინტერესო დეტალს ვერ ვასაჯაროებთ. გადაღებების დროს გვაქვს საოცარი მოწიწება და უხერხულობის გრძნობაც მისდამი. ეს ადამიანი ისეა როლში შესული, გამთენიამდე ზის და რეპეტიციობს, ლოცვებს კითხულობს, მამა გაბრიელის ხმას უსმენს.

- ახლა აქტიური გადაღებების პერიოდი გაქვთ, არა?

- დიახ, დღესაც გვქონდა გადაღება, ახლა გურიაში ვიმყოფებით, სოფელ შრომაში. ძალიან საინტერესოდ მიდის ეს პროცესი. ფილმში მოქმედება 1960-იან წლებში ხდება. ნაჩვენებია, თუ რა ცხოვრება გაიარა მამა გაბრიელმა ახალგაზრდობიდან, როგორ მივიდა იქამდე, სანამ მამა გაბრიელი გახდებოდა. ზოგს გიჟი რომ ეგონა, 7 თვე ფსიქიატრიულში იყო, შემდეგ - ციხეში, მას ძალიან ბევრ ცუდ ამბავს რომ უვრცელებდნენ. ფილმში მამა გაბრიელის განვლილ გზას თანმიმდევრულად გავდივართ მცხეთაში დასახლებამდე, დედა პარასკევასთან შეხვედრამდე. ფილმში ნაჩვენებია მამა გაბრიელის ბავშვობაც 12 წლის ასაკში.

- ამ როლს ვინ ასრულებს?

- ნიკა ლომიძე, ეს ბავშვი კასტინგის გზით შევარჩიეთ.

1-1734261228.jpg

- გურია ახსენეთ. გადასაღები ადგილების შერჩევა რა პრინციპით მოხდა?

- 1960-იანი წლები უნდა გაგვეცოცხლებინა. უდიდესი ნაწილი გადაღებულია ფოთში, გურიაშიც. ჩვენთვის სასურველი გარემო აქ ვიპოვეთ. თბილისშიც გვაქვს გადაღებები, მაგრამ ძირითადად შიდა სივრცეების სცენებს ვიღებთ. შენობები, ნანგრევები, უკანა ხედები ფონისთვის ყველა კადრი ძალიან კარგი გამოდის.

- ფილმში კიდევ რომელი მსახიობები თამაშობენ? მაგალითად, ვინ ასრულებს დედა პარასკევას როლს?

- დედა პარასკევას როლზე მსახიობი ჯერ არ შეგვირჩევია. ეს ეპიზოდური როლია, მამა გაბრილთან შეხვედრის სცენაა და ის გზა აღარ არის ნაჩვენები, რომელიც მამა გაბრიელმა მასთან ერთად გააგრძელა. ფილმში მონაწილეობენ: ვახო ნოზაძე, გიორგი ცაავა, გიორგი რატიშვილი, ბესო ზანგური, ნოდარ ხუციშვილი, დავით დვალიშვილი, ნინო ლეჟავა, ბადრი გვაზავა, ქეთი სვანიძე, ხატია მელქაძე, გია რატიშვილი, გივი სიხარულიძე, ზაალ სიხარულიძე, ტატო ჩახუნაშვილი, ლევან ლეჟავა...

- სცენარის ავტორი თავად გიორგი კაჭარავაა?

- დიახ. 12 წელი მუშაობდა ამ სცენარზე და მინიმუმ 12-ჯერ მაინც შეიცვალა, იდეები იბადებოდა, იხვეწებოდა.

- მამა გაბრიელის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. ამ ფილმში მაყურებელი რას ნახავს ახალს წმინდანის შესახებ?

- ყველაფერ ახალს ნახავს. ეს ფილმი არ არის მის ეკლესიურ ცხოვრებაზე. ის გზაა, რომელიც ერისკაცობაში გაიარა. დეტალები, რაც ფილმშია შეტანილი, ნაკლებად ცნობილია. მაგალითად, როგორი იყო მისთვის ის დღეები, რომელიც ფსიქიატრიულში გაატარა. ციხეში როგორ იცხოვრა, რომ მისკენ ადამიანები უნდა მოებრუნებინა. იყო მცდელობა, ლოთობა დაებრალებინათ, ღვინოს "პროფესორას" ეძახისო; მოინდომეს, მრუშობაც დაებრალებინათ. საკანში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები შეუყვანეს, მამა გაბრიელმა ისინი დაიტოვა, ოთახში დაიმარტოხელა და შემდეგ ეს ქალები მონაზვნებად ეკურთხნენ, მორწმუნეები გახდნენ. ციხეში მყოფი ადამიანები, მამა გაბრიელთან ურთიერთობის შემდეგ, ბიბლიის კითხვას იწყებენ, აღსარებას აბარებენ. ფსიქიატრიულის პაციენტების როლებს ფოთისა და ოზურგეთის თეატრის მსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რაც აქამდე არც ერთი ფილმის ნახვისას არ გექნებოდათ. მამა გაბრიელის როლის შემსრულებელი ამბობს, ეს არის სხვა კინო. ჩვენს საკვანძო ფრაზად იქცა "სხვა კინო", გადამღები ჯგუფის წევრები იმდენად ხშირად ვამბობთ.

ვთქვათ, გადასაღებად გრიგოლეთიდან ფოთში მივდივართ და მზე გვინდა, არადა ნოემბერია, იქ ჩასულებს აუცილებლად მზე გვხვდებოდა. სამყარო თითქოს ყველაფერში ხელს გვიწყობდა.

- მამა გაბრიელის უხილავ ძალას გრძნობდით?

- ამას მინიმუმ 30 კაცი ხედავდა და გრძნობდა ყოველდღე. ყველა აღნიშნავდა, ბუნებისგან ის გვქონდა, რაც გვჭირდებოდა. ამ სასწაულს დანახვა უნდა.

- მამა გაბრიელის ოჯახის წევრებთან გქონდათ შეხვედრა?

- ბატონ გიორგის ჰქონდა რამდენჯერმე შეხვედრა და არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან. რეჟისორთან მოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ და მოგონებები აკავშირებდათ მამა გაბრიელთან, საოცარ ამბებს უამბობდნენ. ძალიან გვეხმარება მცხეთის ეპარქია.

psikiatriulshi-gabrieli-da-zonderebi-1734261242.jpg

- პრემიერას როდისთვის გეგმავთ?

- ჯერ არ ვიცით, თუმცა ჩვენი სურვილია, 2025 წლის ნოემბერში გვქონდეს. 2 ნოემბერს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ჯერ ფილმის ნახევარი არ გვაქვს გადაღებული, ქრონომეტრაჟი 2 საათამდეა. იმ ზღვა მასალას, მცირე დროში ფიზიკურად ვერ ჩაატევ. მაქსიმალურად ვცდილობთ შევკვეცოთ, მაგრამ არ გვინდა, მნიშვნელოვანი ამბები დაიკარგოს.

- ამბები, რომლებიც კადრს მიღმა ხდება, ყოველთვის საინტერესოა. რას გაიხსენებთ?

- ერთი კადრია, მამა გაბრიელს უნდა სცემონ, მეორე კადრია, მანქანიდან უნდა გადმოაგდონ. ამ დროს მოგვყავდნენ კასკადიორები, ამ სცენების შესასრულებლად, მაგრამ ზურა ავსაჯანიშვილმა მოითხოვა, - მინდა, მე მცემონ, მე გადამაგდონ მანქანიდანო... კასკადიორით ჩანაცვლებაზე უარი განაცხადა, რადგან უფრო კარგად შევიდოდა როლში, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ის კადრები. ბევრი დეტალი ადგილზე იცვლება, ეს ძალიან ცოცხალი პროცესია.

- ეს კადრები უკვე გადაიღეთ?

- დიახ, ძალიან კარგი გამოვიდა, ეფექტური.

- როგორია რიგითი ადამიანების რეაქცია, როდესაც იგებენ, წმინდანის ცხოვრების შესახებ ფილმს იღებთ? მაგალითად, სოფელ შრომაში ადგილობრივები რას გეუბნებიან?

- ყველა თანადგომას გვიცხადებს. კადრისთვის ძველი წიგნები დაგვჭირდა, ერთმა ოჯახმა 100 წიგნი გვაჩუქა, ფოთის და ოზურგეთის თეატრები, ოზურგეთის რკინიგზა დაგვეხმარა.

სხვათა შორის, ფონდი გვაქვს გახსნილი, ჩვენ ხომ გადასაღები თანხით ბოლომდე არ ვართ დაფინანსებული და ვინმეს სურვილი თუ ექნებოდა, შემოწირულობას მივიღებდით. პირველი თანხა, რომელიც ამ ფონდში ჩაირიცხა, 2 ლარი იყო, ისიც ბავშვისგან. ყველანი მთელი გულით და მონდომებით ვმუშაობთ. კოსტიუმების მხატვარი ძალიან დიდ შრომას დებს იმაში, რომ კადრები იმ ეპოქას დაამსგავსოს. ეს იქნება ფილმი, რომელიც ყველა ქრისტიანულმა ქვეყანამ უნდა ნახოს. ეს ფილმი ბევრ კინოფესტივალზე წარდგება. ხალხსაც და ჩვენც ყველას განსაკუთრებული, განსხვავებული მიდგომა გვაქვს.

- მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ!

- მადლობა თქვენ, მედიის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

P.S. ცნობისათვის, გახსნილია საქველმოქმედო ანგარიში ფილმისთვის "ბრძოლა - ბერი გაბრიელი":

GE19BG0000000601271943

თამუნა კვინიკაძე