„ვხარჯავ დიდ რესურსს – დროს, ენერგიას, ძვირად ღირებულ მასალას და ჯამრთელობასაც კი...“ - გზაპრესი

„ვხარჯავ დიდ რესურსს – დროს, ენერგიას, ძვირად ღირებულ მასალას და ჯამრთელობასაც კი...“

სულ სხვა სამყაროში ვარ. როცა ადამიანები ჩემს ნამუშევრებს ხედავენ, მათი ემოციები მარწმუნებს, რომ ეს ჯადოსნობა მხოლოდ ჩემთვის კი არა, მათთვისაც არსებობს..." - ამბობს მერი ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი, რომელიც ოცი წელია ესპანეთში ცხოვრობს. მის შემოქმედებას ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს. სულ ახლახან კი კომპოზიციამ „საქართველოს შემოდგომა“ განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია...

- მერი, წლების წინ ინტერვიუში ამბობდით, მინიატიურების სამყარო ჯადოსნურიაო. ისევ ასე ფიქრობთ?

- მახსოვს ის ინტერვიუ და ჩემი სიტყვები: „მინიატიურები ჯადოსნური, სულ სხვა სამყარო" და დღესაც, ამდენი წლის შემდეგაც ეს სიტყვები ჩემთვის აბსოლუტურად სწორია. მინიატიურებზე მუშაობა ჩემთვის მხოლოდ ტექნიკა ან სიზუსტე არ არის. ეს არის პროცესი, როდესაც მთლიანად ვიკარგები ჩემს ფანტაზიაში.

cc280f69-fc13-4734-85c9-5ab5c3e70dee-1734261703.jpg

- ნამუშევრების შესაქმნელად ბევრნაირ მასალას იყენებდით: სინთეტიკურ თიხას, ხეს, მეტალს, სხვადასხვა სამშენებლო მასალასაც კი. ასევე, საკვებ პროდუქტებს. შემოდგომის თემის შესაქმნელად ამ მასალებიდან რომელი გამოიყენეთ და როგორ შექმენით ეს ყველაფერი?

- ნამუშევრის შექმნისას მართლაც მრავალფეროვან მასალას ვიყენებ. მაგალითად, შემოდგომის კომპოზიციის შესაქმნელად მთავარი მასალები იყო პოლიმერული თიხა, ხე, დამუშავებული მიწა, ყავა, ნატურალური კენჭები და სხვა სინთეტიკური თუ ბუნებრივი მასალა.

- განსაკუთრებით შოკისმომგვრელია ყურძნები გოდრებში...

- ყურძნის მარცვლებისა და გოდრების შექმნა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი პროცესი იყო. მარცვლების დამზადება დაიწყო წვრილ-წვრილი, მილიმეტრებში გაზომილი თიხის პატარა ნაწილებისგან. თითოეული მარცვალი დავამუშავე ფერადი პიგმენტებით ისე, რომ სხვადასხვა მარცვალი სხვადასხვა ტონალობის ყოფილიყო. მარცვლებს ბუნებრივი გამჭვირვალობა შევუნარჩუნე, რომელიც სინათლესთან "თამაშისას" ქმნის რეალისტურ ეფექტს. მარცვლების შექმნის შემდეგ, ამ მრავალფეროვანი ტონალობებით შესაფერისი კომბინაციები ავაწყვე. ეს პროცესი დეტალებისადმი დიდ ყურადღებას მოითხოვდა, რადგან თითოეულმა მარცვალმა თავისი ადგილი და როლი უნდა შეითავსოს მტევანში, რათა საბოლოოდ ბუნებრივი გამოვიდეს... რაც შეეხება გოდრების შექმნას, აქ ბევრი ცდა დამჭირდა. მინდოდა, გოდრებს ჰქონოდა ნამდვილი ხის წნულის ეფექტი. ამისთვის რამდენიმე ტექნიკა დავტესტე და საბოლოოდ, ოპტიმალურ ვარიანტს მივაგენი. პირველ რიგში, დავამუშავე ის ძაფი, რომლისგანაც გოდრებს ვწნიდი... ამ ყველაფერზე ფიქრი ჯერ კიდევ შარშან დავიწყე. ყოველთვის მინდოდა შემოდგომის ეს ჯადოსნური ატმოსფერო მინიატიურულ კომპოზიციაში გადამეტანა. ახლა, როგორც იქნა, ამის შანსი მომეცა... "საქართველოს შემოდგომამ“, რომელიც ჩემთვის არა მხოლოდ მინიატიურა, არამედ ნოსტალგიის ნაყოფია, დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩემი თანამშრომლები ყოველ ახალ ნამუშევარს გულწრფელად იწონებენ და მერე ხშირად უყვებიან თავიანთ ახლობლებს ჩემზე; აღწერენ, როგორი კრეატიული და შემოქმედებითი ვარ და რამდენად განსხვავებულია ის, რასაც ვქმნი. აქ, სამსახურშიც, თუ რაიმე დიზაინის, გაფორმების ან კრეატიულობის საკითხი დგება, ჩემზე მიუთითებენ და სჯერათ, რომ საუკეთესო შედეგს მივიღებ. როცა გენდობიან, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემს საქმეს სიყვარულით ვაკეთებ და ამას სხვებიც ხედავენ.

20230303-155251-01-1734261719.jpg

- მინიატიურები ხელოვნების ნიმუშებია და თუ აქვს შესაფერისი ფასი?

- ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, როგორი შრომა სჭირდება თითოეული მინიატიურის შექმნას. თითქოს პატარა, უბრალო დეტალია, მაგრამ ამ მინიატიურის მიღმა უდიდესი დრო და ძალისხმევაა. თითოეულ ნამუშევარში, ყველაზე პატარა მარცვალშიც კი ჩადებულია დიდი სიყვარული, სიფაქიზე და შრომა, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ეს არის ხელოვნება, რომელიც მართლაც მოითხოვს დიდ მოთმინებასა და სიზუსტეს. სამწუხაროდ, ბევრისთვის ეს მხოლოდ დეკორაციაა და ვერ ხედავენ მის ნამდვილ ღირებულებას. თუმცა, ჩემ გარშემო ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან ამ შრომის ფასი. სწორედ მათგან მოდის შეკვეთებიც. ვიცი, ბევრს სურს, ჩემი ნამუშევრები ჰქონდეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ყიდულობენ. ვწუხვარ, რადგან მეც მინდა, მეტ ადამიანს შეეძლოს ჩემი ნამუშევრების შეძენა, მაგრამ... თავადაც ვხარჯავ დიდ რესურსს და დროს, ენერგიას, ძვირად ღირებულ მასალასა და ჯამრთელობასაც კი...

მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს, ზოგჯერ ისეთი დეტალები მხვდება, რომელთა შესრულება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ნამუშევარში ყველაზე დიდი სირთულე ურემთან იყო დაკავშირებული. მე არ მაქვს შესაბამისი პროფესიონალური ხელსაწყოები, რაც ნივთების სწრაფად და მარტივად დამზადებაში დამეხმარებოდა, ამიტომ ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთე, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. მინდოდა, რომ ურემი რეალურს დამსგავსებოდა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ფუნქციურადაც. მუშაობის პროცესი, როგორც ადრე აღვნიშნე, ჩემთვის ერთგვარი მედიტაციაა. როცა პროცესში ვარ ჩართული, თავისით მოდის იდეები, რა და როგორ უნდა გავაკეთო, მივყვები შინაგან ხმას და შედეგს ვიღებ...

20220910-131423-01-1734261689.jpg

- გამოფენის მოწყობას ხომ არ გეგმავთ?

- პერსონალური გამოფენის მოწყობა ჩემი ოცნებაა. მთხოვენ კიდეც, რომ ჩემი ნამუშევრები ერთ სივრცეში შევკრიბო, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს მათი ნახვის შესაძლებლობა. თუმცა, არის ერთი მთავარი დაბრკოლება, სახლში თითქმის აღარ მაქვს ნამუშევრები. აქამდე რაც კი გამიკეთებია, თითქმის ყველა გაიყიდა.

ხშირად მწერენ, ვასწავლი თუ არა მინიატიურების შექმნას? ეს შეკითხვა მახარებს, რადგან ვხედავ, ჩემი ნამუშევრები სხვასაც შთააგონებს. თუმცა, ვერ ავიყვან მოსწავლეებს, რადგან საზღვარგარეთ ვიმყოფები და ფიზიკურად ვერ შევძლებ სწავლების პროცესის ორგანიზებას. ონლაინგაკვეთილები კი არ გამოვა. მინიატიურებზე მუშაობა ისეთი საქმეა, სადაც სითბო, ენერგია და რეალური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დეტალი იმხელა სიზუსტეს მოითხოვს, რომ მხოლოდ კამერის საშუალებით ამის სწორად გადმოცემა რთული იქნება. ნამუშევარი მხოლოდ მაშინ არის ცოცხალი და შთამაგონებელი, როცა მასში მთელი გულია ჩადებული. ეს პროცესი ვერასდროს იქნება მექანიკური. როცა შინაგანი ჰარმონია გაქვს, მაშინ პატარა თიხის ფიგურაც კი სხვა სიცოცხლეს იძენს. მინდა, ჩემს ნამუშევრებს ჰქონდეთ სიღრმე და დატვირთვა. თუ დღეს შთაგონება არ მაქვს, არ ვქმნი, არ ვჩქარობ. ველოდები მომენტს, როცა შთაგონება და შინაგანი განწყობა თვითონ მომთხოვს მუშაობას. მჯერა, სწორედ ასეთი დამოკიდებულება აძლევს ჩემს ნამუშევრებს იმ სითბოს, რაც ადამიანებს ასე ხიბლავს. ასე რომ, როცა მომავალზე ვფიქრობ, ჩემი ოცნებაა, გავაგრძელო ეს გზა, სიყვარულით და სულიერი სიმშვიდით გავაცოცხლო ახალი იდეები; მინდა, მინიატიურები არ იყოს უბრალოდ ნივთები, არამედ სიცოცხლით სავსე პატარა ისტორიები, რომლებიც ადამიანების გულებამდე მიაღწევს.

მანანა გაბრიჭიძე