ექიმის რჩევები: როგორ მოვიქცეთ ალერგიის დროს
ქავილი და სიწითლე, შეშუპება და ცემინება, თვალების სიწითლე, გამონაყარი სახესა და სხეულზე - ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ალერგიას თან ახლავს... როგორ უნდა მოვიქცეთ ალერგიის დროს? - ამის თაობაზე გვესაუბრება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნათია ჭანტურიძე:
- ალერგია მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა რეაგირებს გარემოში არსებულ ნივთიერებებზე, რომლებიც სინამდვილეში, უვნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს ნივთიერებები ცნობილია, როგორც ალერგენები. ალერგენებს მიეკუთვნება: ოთახის მტვრის ტკიპები, მცენარეთა მტვრის მარცვლები, ნესტის სოკოების სპორები, შინაური ცხოველები, საკვები, მედიკამენტები და ა.შ. როდესაც ადამიანს აქვს კონტაქტი ალერგენთან, იმუნური სისტემა მას შეცდომით აღიქვამს, როგორც საფრთხის შემცველს და ანტისხეულების, მათ შორის, იმუნოგლობულინის წარმოქმნას იწყებს. იმუნურმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ცემინება, ქავილი, ჭინჭრის ციება, მძიმე შემთხვევებში ანაფილაქსია და სხვა.
- საინტერესოა, რატომ გახშირდა ალერგიის შემთხვევები 21-ე საუკუნეში?
- დღესდღეობით, ალერგიული დაავადებების რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი იწვევს: დაბინძურების დონის მატებამ და კლიმატის ცვლილებამ, შეიძლება გავლენა მოახდინოს ალერგენების ზემოქმედებაზე და სიმძიმეზე. მაგალითად: თბილი ამინდების და გარემოში ტემპერატურის მომატების გამო, მცენარეთა ყვავილობის სეზონის ხანგრძლივობა გაიზარდა, რამაც მათი ზემოქმედების გახანგრძლივება გამოიწვია. ასევე, ადრეულ ბავშვობაში ინფექციური აგენტების მინიმალურმა ზემოქმედებამ, შეიძლება, გამოიწვიოს იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქცია მისთვის უვნებელ ნივთიერებებზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკური წინასწარგანწყობა და კვებითი ცვლილებები: სხვადასხვა სახის საკვების ზემოქმედებამ შეიძლება გავლენა იქონიოს კვებითი ალერგიის განვითარებაზე. სერიოზული მიზეზია ურბანიზაცია და არასწორი ცხოვრების წესი: სტრესმა, უმოძრაო ცხოვრების სტილმა და აქტივობის დაქვეითებამ, შეიძლება წამყვანი როლი ითამაშოს ალერგიის წარმოქმნასა და განვითარებაში.
- რას ნიშნავს ტერმინი "ცრუ ალერგია"?
- ფსევდოალერგიას, ანუ ცრუ ალერგიას იგივე სიმპტომები ახასიათებს, როგორიც ჩვეულებრივ ალერგიას. უბრალოდ, მათი მოქმედების მექანიზმი განსხვავებულია. ნიშანდობლივია, რომ ფსევდოალერგიის წარმოქმნაში იმუნოგლობულინი არ მონაწილეობს. ამ ტიპის ალერგიული რეაქცია ხშირად გვხვდება მედიკამენტებზე და შეიძლება ლეტალური შედეგითაც დასრულდეს. "ცრუ" ალერგიად შეიძლება მივიჩნიოთ არაალერგიული რინიტის არსებობა. ზოგჯერ, პაციენტს ჰგონია, რომ ალერგიული რინიტი აქვს, რომლის სიმპტომებია: ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ქავილი, თუმცა, ჩატარებული კვლევებით მას ალერგენი არ უვლინდება ანუ ეს სიმტომები ალერგენის ზემოქმედების გარეშე წარმოიქმნება. არაალერგიული რინიტის მიზეზი შეიძლება იყოს: კვამლი, სხვადასხვა მძაფრი სუნი, ან ამინდის ცვლილებები და არა - ალერგენები. ორივე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს ალერგიის სიმპტომებს, ძირითადი მექანიზმი განსხვავებულია. არ უნდა გამოვრიცხოთ ემოციური ფონიც: შესაძლოა, ალერგია ძლიერი ემოციის ფონზეც გამოვლინდეს. ზუსტი დიაგნოზისა და ამ სიმპტომების მართვისთვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომელსაც შეუძლია ჩაატაროს შესაბამისი კვლევები და ნამდვილი ალერგია სხვა ტიპის რეაქციებისგან განასხვავოს.
- რატომ ხდება, რომ ადამიანს საერთო იმუნოგლობულინი მაღალი არ აქვს, მაგრამ მაინც ალერგიულია?
- საერთო იმუნოგლობულინის დონე შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში, მაშინაც კი, თუ ადამიანს ალერგია აქვს და ეს ხდება რამდენიმე მიზეზის გამო: ხშირად, ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება სპეციფიკური ანტისხეულები კონკრეტული ალერგენების საპასუხოდ და სწორედ ისინი იწვევენ ალერგიულ რეაქციას. შეიძლება პაციენტს საერთო იმუნოგლობულინის დონე ნორმაში ჰქონდეს, მაგრამ მომატებული იყოს სპეციფიკური იმუნოგლობულინის დონე სხვადასხვა ალერგენზე. ყველა ალერგიული რეაქცია არ არის გამოწვეული იმუნოგლობულინის მაღალი მაჩვენებლით.
- მოსახლეობაში ძალიან გავრცელებულია ალერგია კატისა და ძაღლის ბეწვზე. რა იწვევს ამ ტიპის ალერგიულ რეაქციას?
- შინაური ცხოველები, განსაკუთრებით კატა და ძაღლი, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კატებისა და ძაღლების მიმართ ალერგია უვლინდება მსოფლიოს მოსახლეობის 10-20%-ს, ალერგიის სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს კურდღელმა, ზღვის გოჭმა, ზაზუნამ, ცხენმა და სხვა ცხოველებმაც. ალერგიული რეაქცია ძაღლზე ან კატაზე, გამოწვეულია იმუნური სისტემის რეაქციით ცხოველის კანის უჯრედებში, ნერწყვში, შარდში არსებულ ცილებზე. აღნიშნულ ალერგენებზე რეაქცია შეიძლება განსხვავებული იყოს, როგორიცაა შედარებით მსუბუქი სიმპტომები - ცემინება და თვალების ქავილი - უფრო მძიმე რეაქციებამდე, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან ასთმის შეტევები.
- შეიძლება ადამიანს ალერგია ჰქონდეს ძაღლზეც და კატაზეც?
- რა თქმა უნდა, ასეთი რამ ხშირია. შესაძლებელია ადამიანს ორივე ცხოველზე ჰქონდეს ალერგიული რეაქცია.
- კვებითი ალერგიის დროს, ძალიან რთულია გარკვევა, თუ რომელი საკვები იწვევს ალერგიულ რეაქციას, ეს როგორ დგინდება?
- კვებითი ალერგია არის არასწორი იმუნური რეაქცია საკვებზე. ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიც და მძიმეც. შეიძლება მოიცავდეს კანის ქავილს, გამონაყარს სხეულზე, სხეულის სხვადასხვა უბნის შეშუპებას, დიარეას, პირღებინებას, სუნთქვის, ყლაპვის გაძნელებას, წნევის ვარდნას და ა.შ... ეს ყველაფერი ხდება ორგანიზმში ალერგენის მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში. კვებითი ალერგიის დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ, რამდენიმე საფეხურს მოიცავს, ამისათვის საჭიროა დეტალური სამედიცინო ისტორია, ფიზიკური გამოკვლევა და სპეციფიკური ტესტები. პირველ რიგში, უნდა შევკრიბოთ დეტალური ანამნეზი თუ კონკრეტულად რომელ საკვებს შეიძლება უკავშირდებოდეს პაციენტის კლინიკური ჩივილები. ამის შემდეგ ხდება გამოკვლევა: რა კლინიკური ნიშნები აქვს პაციენტს და რა თქმა უნდა, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევებიც - მაგ: სისხლის ტესტები, რომელიც იძლევა საშუალებას, დავადგინოთ სპეციფიკური ანტისხეულების არსებობა საეჭვო კვებითი ალერგენების მიმართ. მათი მომატებული დონე შეიძლება მიუთითებდეს ალერგიის არსებობაზე. ასევე, საჭიროების მიხედვით, სპეციალური ტესტებიც ტარდება ჩვენთან - ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში.
- დაბოლოს, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ამ დაავადებებისგან თავი დაიცვას?
- ალერგიის პრევენციის რამდენიმე გზა არსებობს: პირველადი პრევენცია, რომელიც ხელს შეუშლის ალერგენისთვის სპეციფიკური იმუნოგლობულინის განვითარებას. მეორადი პრევენცია, რომელიც დაავადების განვითარებას შეაფერხებს და მესამეული პრევენცია, რომელიც ამცირებს სიმპტომებს დაავადების გამოხატვის შემდეგ. ძირითადი პირობა ის არის, რომ ალერგენები თავიდან ავიცილოთ. მაგალითად: თუ კვებითი ალერგია გაქვთ, აუცილებლად უნდა მოერიდოთ ალერგენულ საკვებს. ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტები და დააკვირდით, რას შეიცავს ესა თუ ის საკვები. გარემოს ალერგენების შემთხვევაში, მოერიდეთ ისეთ ალერგენებს, როგორიცაა მტვერი, სოკოების სპორები, შინაური ცხოველების ქერტლი და ა.შ. ამავე დროს, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებაც. ცხადია, უნდა დაიცვათ სისუფთავე და რეგულარულად დაასუფთაოთ სახლი მტვერსასრუტით. საჭიროა ტენიანობის კონტროლი და სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება, რათა თქვენი სიმპტომები შემსუბუქდეს და არ მოხდეს დაავადების გამწვავება. კარგი შედეგი აქვს ალერგენ-სპეციფიკურ იმუნოთერაპიას (ჰიპოსენსიბილიზაცია), რომელიც სხვადასხვა ალერგიული დაავადების ეფექტური მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს. ეს მეთოდი უსაფრთხოა, ხელს უწყობს კონკრეტულ ალერგენთან შეგუების შესაძლებლობას, ხანგრძლივ რემისიას, მედიკამენტების მოხმარების შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. ის გამოიყენება ისეთი ალერგიული დაავადებების დროს, როგორიცაა: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ალერგია მწერებსა და ცხოველებზე... დასასრულს გეტყვით, რომ ეს ძალიან ვრცელი, ამოუწურავი თემაა და ერთ ინტერვიუში ყველაფერს ვერ ვიტყვით.
P.S. ალერგოლოგის რჩევები:
თუ ცხოველებზე ალერგია გაქვთ, სასურველია, თქვენი შინაური ცხოველები ცალკე გყავდეთ - ისეთ ზონაში, რომელიც საძინებლებს მოშორებულია.
გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები: მაღალი ეფექტურობის ნაწილაკების ჰაერის ფილტრები დაგეხმარებათ ჰაერში არსებული ალერგენების შემცირებაში. ცხადია, აუცილებელია სახლის რეგულარული დალაგება-დასუფთავებაც: გამოიყენეთ მტვერსასრუტი, რომელიც ფილტრითაა აღჭურვილი: ასე შეძლებთ, უფრო კარგად დაიჭიროთ ქერტლი და სხვა ალერგენები სხვადასხვა ზედაპირიდან.
ხშირად გარეცხეთ თეთრეული, ტანსაცმელი, ბალიშის პირები და ნებისმიერი ნივთი, რომელთანაც კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებს.
ასევე აუცილებელია შინაური ცხოველების სათანადო მოვლა და დაბანა: ხშირად დაბანეთ თქვენი კატა, ან ძაღლი მათი ჯიშისთვის შესაფერისი საშუალებებით. დაწვრილებითი რეკომენდაციისთვის ვეტერინარს უნდა მიმართოთ.
დავარცხნის დროს გაიყვანეთ შინაური ცხოველი გარეთ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ თმის ცვენა. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ ქერტლისა და თმის რაოდენობა თქვენს ბინაში. თუმცა, სასურველია მათი მოვლა სხვამ იკისროს...
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვაც: ხშირად დაიბანეთ ხელები ცხოველებთან შეხების შემდეგ, ალერგენების მოსაშორებლად. აუცილებლად გამოიცვალეთ ტანსაცმელი შინაურ ცხოველებთან თამაშის ან მათი გასეირნების შემდეგ, მით უმეტეს, როცა ალერგიისკენ ხართ მიდრეკილი.
ხათუნა ჩიგოგიძე