4 შვილის დედა აფხაზეთიდან და მისი დეკორატიული ნივთები
საახალწლოდ კი უმთავრესად სადღესასწაულო კოლექციაზე ინაცლებს და ამ შემთხვევაშიც არჩევანი დიდია: ნაძვის ხეები, თოჯინები, დეკორატიული სანთლები და ა.შ.
- აფხაზეთიდან ვარ, ჩემი ოჯახი გაგრაში ცხოვრობდა. "გემრიელი" ბავშვობა მქონდა. ჩვენი კუთხის დატოვებამ როცა მოგვიწია, 15 წლის ვიყავი. ჯერ წყალტუბოში, შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. 47 წლის ვარ და მყავს 4 შვილი, 2 გოგონა და 2 ბიჭი: 28-ის, 26-ის, 20-ის და 14 წლის.
ხელსაქმე ყოველთვის მიყვარდა. ტანსაცმლის გადაკეთება, ხატვა, ხატებსაც ვწერდი. ბიძაჩემი მკერავი იყო, სამკერვალო ჰქონდა და კერვისას ხშირად მის მასალას ვიყენებდი. 2019 წელს, ოჯახში საახალწლო სამზადისში რომ ვიყავით, დეკორაციებს ვამზადებდი ჩვენთვის და ახლობლებისთვის. ჩემი შვილის მეგობრები გვესტუმრნენ. ერთ-ერთმა ჩემი ნამუშევრები რომ ნახა, მითხრა, შემეძლო ჩემი ხელნაკეთი ნივთები გამოფენებზე გამეტანა. მათი გაჩუქება არასდროს მენანებოდა და ახლაც ასე ვარ, მაგრამ ამ სიტყვებმა, რჩევამ დამაფიქრა და გადავწყვიტე, გამოფენა-გაყიდვაში მიმეღო მონაწილეობა. არ ველოდი, თუ ჩემი ნივთები დიდ მოწონებას დაიმსახურებდა და ბუმი მოჰყვებოდა. დეკორატიულ ნივთებში თანამედროვე, ევროპული, პასტელური ფერები მქონდა გამოყენებული და მოეწონათ როგორც მყიდველებს, ისე მონაწილეებს, რაც ჩემთვის დიდი სტიმული გახდა. ამის შემდეგ, გამოფენებში აქტიურად ვმონაწილეობ, სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდიც და ჩემი საქმიანობა განვავითარე. პანდემიის დროს ძალიან ბევრი ნივთი გაიყიდა და ასე ვაქციე ჰობი შემოსავლის წყაროდ. ჩემი ოჯახი მორალურად და ფიზიკურად მიდგას გვერდით, მეუღლე მგულშემატკივრობს და ჩემი შვილებიც მეხმარებიან. ასე რომ, 5 წელია მცირე მეწარმე ვარ, ვმონაწილეობ გამოფენებში, ჩემს ნივთებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ტურისტული ზონების მაღაზიებშიც ვაბარებ, საზღვარგარეთაც ვგზავნი და რეალიზაციას სოციალური გვერდის საშუალებითაც ვახდენ. აფხაზეთის სავაჭრო პალატის დახმარებით, ბევრ გამოფენაში ვმონაწილეობ, მოვიპოვე გრანტიც და საკერავი მანქანაც გადმომეცა, რამაც ბევრად შემიწყო ხელი მუშაობაში. კონკრეტული ხაზი არ მაქვს, ვაკეთებ ნებისმიერი სახის დეკორს, საახალწლო თოჯინებს, სადღესასწაულო აქსესუარებს; ახლახან ტყავზე მუშაობა მოვსინჯე და ჯერჯერობით მხოლოდ გულსაბნევები შევქმენი. ასევე ვაკეთებ ძველი ავეჯის განახლებას. სამომავლოდ მინდა საბავშვო ხაზიც დავამატო. ამ ეტაპზე სხვადასხვა ხელნაკეთ დაფას ვქმნი და მინდა ისეთი ბოქსები შევკრა, სადაც დაფა, ხელსახოცები და მაგიდის გადასაფარებელი იქნება თავმოყრილი.
- წინასაახალწლოდ რომელი ტექნიკით შესრულებულ ნივთზეა ყველაზე დიდი დაინტერესება?
- საახალწლო პერიოდში ბუმი მაქვს და საერთოდ, სხვადასხვა დღესასწაულზეც სუვენირებად მიაქვთ ჩემი დაფები, რომელზეც ნებისმიერი სახის თემას დეკუპაჟის მეთოდით ვამუშავებ. საახალწლოდ აქტუალურია: თოვლის პაპები, ჯუჯები, გრინჩი, მაკნატუნა, ნაძვის ხის სათამაშოები. ვცდილობ, სადღესასწაულო ნივთებზე შეკვეთა მხოლოდ დეკემბრის პირველ რიცხვებამდე ავიღო, მაგრამ იმდენი მთხოვს სხვადასხვა ნივთის დამზადებას, ასე არ გამოდის. იმდენად ვიღლები, საკუთარი ახალი ნივთების შესაქმნელად დრო აღარ მრჩება, მაგრამ წელს ვაპირებ ნაძვის ხე სადად მოვრთო, მხოლოდ ბურთებით, განათებით და ასევე ახალი, მინიმალისტური გირლანდა გავაკეთო.
ანა კალანდაძე