„მის ბრძოლას მე და ჩემი სამი ვაჟიშვილი ვაგრძელებთ...“ - გზაპრესი

„მის ბრძოლას მე და ჩემი სამი ვაჟიშვილი ვაგრძელებთ...“

მე და ჩემი სამი ვაჟიშვილი მუდმივ ბრძოლაში ვართ“, - ამბობს უკრაინაში გმირულად დაცემული ნიკოლოზ შანავას დედა, ეკა შანავა, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. „ჩემი შვილის მიზანი იყო რუსეთის დამარცხება, ის უკრაინის მიწაზე გმირულად დაეცა, მის ბრძოლას მე და ჩემი სამი ვაჟიშვილი ვაგრძელებთ“, - ამბობს ქალბატონი ეკა. ცნობისთვის, ნიკოლოზ შანავა 2022 წლის 9 აპრილს ხარკოვის გასათავისუფლებელი ბრძოლის დროს დაიღუპა, მისი ძმა ლუკა შანავა კი დაიჭრა. ის ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრი იყო და განსაკუთრებული მამაცობით გამოირჩეოდა.

- როგორც კი 26 ოქტომბრის არჩევანების შედეგები გამოცხადდა, მივხვდით, რომ არჩევნები გაყალბდა და მე ჩემი სამი შვილით ქუჩაში გამოვედი. აღარ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ისევ რუსეთს ჩააბაროს ის, რაც ჩვენმა მამა-პაპებმა სისხლით მოიპოვეს. დასავლური კურსის შეცვლას არავის ვაპატიებთ. რაც უნდა ბევრი ილაპარაკონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომ ვითომ ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ, ვერავის მოატყუებენ. ძალიან კარგად ვიცით, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე რომ დარჩნენ, საქართველოს რუსეთი ერთ დღეში ჩაყლაპავს. მშვიდობა ვერ გვექნება დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, რადგან რუსეთი მუდმივად ომებს აწარმოებს. ჩვენ მონებივითაც რომ ჩავბარდეთ, სხვა ქვეყნების დასაპყრობად დაწყებულ ომში ჩაგვითრევს. რუსეთთან თანაცხოვრების შემთხვევაში მშვიდობა გამორიცხულია. ჩემი შვილი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე დაეცა იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა ყოფილიყო. დღეს არსებულ სიტუაციაში ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და მშვიდობის ერთადერთი გარანტია. პრემიერი კობახიძე კი გამოვიდა და „საზეიმოდ“ გამოგვიცხადა, რომ ამ ერთადერთ გამოსავალზე უარს ამბობს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დააშანტაჟონ. ამან ძალიან გაგვაბრაზა. მიხარია ქუჩაში ჩემი სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ გოგო-ბიჭებს რომ ვხედავ. მათ რომ ვუყურებ, ჩემი შვილი მახსენდება.

sh-1734263916.jpg

- თქვენთვის არ იყო დამაჯერებელი პრემიერ კობახიძის განმარტება იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრების საკითხი მათი მხრიდან არ დადგება დღის წესრიგში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ თუ მათ უნდათ მოლაპარაკების გახსნა, დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს?

- რა თქმა უნდა, არ არის დამაჯერებელი. „ქართულმა ოცნებამ“ იმდენჯერ მოატყუა ხალხი, იმდენი ტრიუკი ჩაგვიტარა, სულელები უნდა ვიყოთ, რაიმე რომ დავუჯეროთ. არ გვინდა ჩვენ რუსეთი, ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად არ უნდათ. მე ნიკას დამკარგავი დედა რუსეთს როგორ შევეგუები ან მის 23, 19 და 18 წლის ძმებს ახლა სახლში რა გააჩერებთ?

- ომის არ გეშინიათ?

- არ მეშინია. გიჟი უნდა იყო, ომი რომ გინდოდეს, მაგრამ ომის შიშით მონობას არ შევეგუებით. ჩემი ოჯახის პოზიცია ყოველთვის ცნობილი გახლდათ. მე და ჩემი შვილები დარბევაშიც მოვყევით, წიწაკის სპრეიც ვიგემეთ და უარესისთვისაც მზად ვართ. ნამდვილად ვერ ვეტყვი ჩემს შვილებს, რომ ომის მეშინია და სახლში დაჯექით-მეთქი. მათი მოვალეობა სამშობლოს სამსახურში ყოფნაა. რაც უნდა გვეშინოდეს ომის, მოსახდენი მაინც მოხდება. ორი შვილი გავუშვი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. 21 წლის იყო ნიკა, საკუთარი პოზიცია რომ გამოხატა. 25 თებერვალს ომი დაიწყო (რუსეთ-უკრაინის ომს ვგულისხმობ), მარტში ჩემი შვილები უკვე იქ იყვნენ. ზოგი საკუთარ სამშობლოში არ ებრძვის მტერს, ისინი სხვა ქვეყანაში წავიდნენ. რომ ვეხვეწებოდი, - დედა, ნუ წახვალ, უკრაინელები ბევრნი არიან, გაუმკლავდებიან რუსებს-მეთქი, რა მიპასუხეს, იცით? - ჯერ ერთი, უკრაინელები ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ, მერე კიდევ, სჯობს რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს, რომ საქართველო კიდევ არ ააწიოკოსო. 9 აპრილს დაიღუპა ჩემი ნიკა. ღმერთს მადლობა, რომ ლუკა მაინც დამიბრუნდა ცოცხალი. თავისი ძმა რომ ჩამოიყვანა, მე აღარ გავუშვი. შეიძლება, ვერც დამეკავებინა, მაგრამ კანტუზია ჰქონდა მიღებული და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მკურნალობა დასჭირდა. ფსიქოლოგიურად ძალიან დათრგუნვილი იყო, ტყუპივით თანაშეზრდილი ძმის დაკარგვა ძალიან გაუჭირდა. ეგ ორნი განსაკუთრებულად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ნიკა ცელქი და მოუსვენარი იყო, ყოველთვის ახერხებდა დინჯი ლუკას აყოლიებას. მე ცალკე ნიკას დავტიროდი, ცალკე ლუკას გამო მეგლიჯებოდა გული. ჯოჯოხეთის ცეცხლი მაქვს გამოვლილი. ამხელა მსხვერპლს ამაოდ არავის ჩავატარებინებ, შევაკვდები. პატარები რომ მყავდნენ, ხშირად ვუკითხავდი სიმონ ჩიქოვანის ლექსს „ქართველი დედა“. ვპირდებოდი, რომ საქართველოსთვის ომში თუ დაეცემოდნენ, მათ დროშას მე აღვმართავდი. ნიკამ თავისი დროშა მე დამიტოვა და ამ დროშას ახლა ცოცხალი თავით არ დავთმობ.

ori-shanava-1734263905.jpg

- ნიკას შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ, რით განსხვავდებოდა სხვებისგან?

- ჩემი შვილები პატრიოტები არიან, მე გავზარდე ისინი ასეთებად. ნიკას ისტორია უყვარდა, გმირების ცხოვრებით ინტერესდებოდა, ბოლოს მის სასთუმალთან გიორგი ანწუხელიძის შესახებ დაწერილი წიგნი ვნახე. ძილის წინ უყვარდა კითხვა. უკრაინაში რომ წავიდა, სულ მატყუებდა, - წინა ხაზზე არ ვართ, ჰუმანიტარულ საკითხებში ვეხმარებითო. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ლუკაც ძლიერია. ორკვირიანი გადამზადების შემდეგ გასულა ფრონტის ხაზზე. ორივე წინა ხაზზე იყო, ნიკა მეტყვიამფრქვევე გახლდათ, ლუკა ყუმბარმტყორცნია. როგორც ჩანს, ნიკა შინაგანად იყო მზად თავგანწირვისთვის, თითქოს, წინასწარ ემზადებოდა ამისთვის. წასვლამდე შეყვარებულისთვის უცნაური ნახატი დაუტოვებია, უკრაინის დროშის ფერებში. უკრაინაში ყოფნის დროს კი, ჩემი დისშვილისთვის ხმოვანი შეტყობინება გამოუგზავნია, სადაც ამბობს, რომ ყველას უნდა გააგებინოს, როგორი კაცები გამოდიან მისი ოჯახიდან.

ხათუნა ბახტურიძე