ვის ეძახდა კონსტანტინე გამსახურდია მდივანბეგს - გზაპრესი

ვის ეძახდა კონსტანტინე გამსახურდია მდივანბეგს

მასთან მწერალს ჰყავდა ერთი ქალიშვილი - ნათელა (1918-2003). წყვილმა ცოტა ხანს იცხოვრა ერთად ჯერ გერმანიაში, მერე საქართველოში, სადაც დაიბადა მათი შვილი და როცა კონსტანტინემ მეუღლეს ისევ გერმანიაში წასვლა შესთავაზა, რებეკამ და მისმა მშობლებმა უარი უთხრეს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, გერმანიაში რებეკა ისაიას ასული ვაშაძე მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს იმ საბაბით, რომ ებრაელი ეგონათ. გარკვეული საბუთების წარდგენის შემდეგ (რებეკას მამა მღვდელი გახლდათ და შვილებს ბიბლიური სახელები დაარქვა), ორივე გაათავისუფლეს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მით უმეტეს, რომ ახალდაბადებულ ბავშვთან ერთად უნდა წასულიყო, რებეკა მშობლებმა გერმანიაში აღარ გაუშვეს. საყვარელ მეუღლეს კონსტანტინე გამსახურდია წერილებს სწერდა კენიგსბერგიდან, ლაიფციგიდან‚ ბერლინიდან‚ ჟენევიდან... სწორედ ამ ბარათების შესახებ დაიწყო ჩემთან საუბარი შორენა ახობაძემ, რომელიც მწერლის უფროსი შვილიშვილია და ბევრი რამ აქვს გასახსენებელი.

- დედა კონსტანტინეს წერილებს ინახავდა ცალკე დიდ ყუთში, ჩვენ - შვილებსაც (მე და ჩემს ძმას - დათოს) კი არ გვაჩვენებდა. ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელმა ეთერ ქავთარაძემ დედას სთხოვა, რომ წერილები მათთვის გადაეცა, რადგან ასეთი ხელნაწერების შესანახად სპეციალური პირობებია საჭირო. ოჯახს ქსეროასლებს მისცემდნენ. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ დედას არ უნდოდა ამ წერილების გამოქვეყნება მირანდას (კონსტანტინეს მეორე მეუღლე) სიცოცხლეში, მას გული რომ არ სტკენოდა. როცა კონსტანტინემ მირანდა შეირთო, რებეკა კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. დედაჩემს და მის დედინაცვალს, ასაკით თითქმის თანატოლებს, იმდენად არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ბაბუაჩემი ამბობდა, თქვენს მეგობრობაზე ერთი კარგი ნოველა უნდა დავწეროო, მაგრამ რატომღაც ეს პირობა არ შეასრულა. როცა ცოლ-ქმარს უსიამოვნება ჰქონდათ, ნათელა ყოველთვის მირანდას მხარეს იჭერდა. მხოლოდ მირანდას გარდაცვალების შემდეგ გადავეცით არქივს წერილები და გამოვიდა წიგნი - "კონსტანტინე გამსახურდია, პირადი წერილები“, რომელიც შეადგინა ჟურნალისტმა თიურა ვაშაძემ, რომლის მამიდაც გახლდათ რებეკა ვაშაძე. თიურა იყო ეთერ ქავთარაძის მეგობარი.

- ნათელა ჭიათურაში იზრდებოდა და სკოლის დამთავრების შემდეგ გადმოვიდა მამის ოჯახში საცხოვრებლად. როგორ აეწყო ახალ ოჯახში ურთიერთობა?

- ნათელამ უნივერსიტეტში ჩააბარა და კონსტანტინესთან ცხოვრობდა. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან (რომელსაც ძალიან ჰგავდა გარეგნობით) და ოჯახის სხვა წევრებთან. დედას თავისი ოჯახი ფაქტობრივად, მიტოვებული ჰქონდა, სულ კოლხურ კოშკში იყო. თამრიკო და ზვიადი ნათელას ხელში გაიზარდნენ. როცა მირანდა მძიმედ დაავადდა, დედა თავის და-ძმას ედგა მხარში. მერე თამრიკო ავად გახდა, დედაჩემი ჯერ სამკურნალო კომბინატში და მერე კოლხურ კოშკში უთევდა ღამეებს. თამრიკო სიცილით მეუბნებოდა ხოლმე: როგორც კი საწოლში გადავბრუნდები, დედაშენი მაშინვე ფეხზე წამოხტება და ვეღარ ვბრუნდებიო. თამრიკოს მეგობრები მოდიოდნენ რიგრიგობით და მორიგეობდნენ, დედაჩემი მხოლოდ იმ დროს ისვენებდა. ზვიადთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა დედას. ზვიადი მამამისს ეუბნებოდა: ნათელიკო უფალმა გამოგვიგზავნა. ეგ რომ არ გვყოლოდა, რა გვეშველებოდაო?! უკვე აღარ იყო მირანდა, აღარ იყო თამრიკო... კონსტანტინესაც დედა უვლიდა ბოლომდე, სანამ მანანა არჩვაძემ არ დაითხოვა კოლხური კოშკიდან.

- მშობლების პროფესიაზე გვიამბეთ, სად მუშაობდნენ?

- დედამ ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ძალიან ცოტა ხანს იმუშავა. მამა ამილო ახობაძე ექიმი-ნევროლოგი, მუშაობდა წყალტუბოში, მერე თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და საექსპერტო კომისიის წევრიც გახლდათ. სხვათა შორის, ძალიან უყვარდათ ფსიქიატრიულის პაციენტებს. ეგენი ჩემი მეგობრები არიანო, - ასე ამბობდა მამა. ის თავად იყო მშვიდი და რბილი კაცი, ნამდვილი ნევროლოგი. სიძე-სიმამრი თავიდანვე დამეგობრდნენ. კონსტანტინე ამბობდა: ქალის ჭკუა ქმრის არჩევაში გამოჩნდება და ნათელიკო აღმოჩნდა ჭკვიანი ჩემს შვილებს შორისო. ბაბუას ძალიან მოსწონდა ამილო და იმასაც უპირობოდ უყვარდა. მამა, როცა სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და წყალტუბოში გაანაწილეს, უკვე გამსახურდიას სიძე იყო და ბაბუას შეეძლო გაეთავისუფლებინა, მაგრამ წასვლა ურჩია, რადგან წყალტუბო მაშინ საკავშირო კურორტი იყო და კარგ გამოცდილებას შეიძენდა. იქ როცა წავედით, სამი წლისა ვიყავი და 10 წელი შემოვრჩით. მამა დიდი დატვირთვით მუშაობდა და მართლაც კარგი პრაქტიკა გაიარა. თბილისში რომ ჩამოვედით, ბაბუამ გრიბოედოვის ქუჩაზე ის ბინა გვაჩუქა, სადაც ცხოვრობდა მანამ, სანამ კოლხურ კოშკს ააშენებდა. მამა, როგორც ექიმი, უვლიდა სიმამრს, როცა სჭირდებოდა. გარდა ამისა, სამსახურის მერე მიდიოდა საჯარო ბიბლიოთეკაში და კონსტანტინეს პირველი რვატომეულის მერვე ტომი მთლიანად მისი დამუშავებულია. გამომცემლობასთანაც მამა აგვარებდა საქმეებს, ბაბუას სად ჰქონდა ამის დრო? ამილოს მდივანბეგს ეძახდა, ჩემი მდივანბეგიაო და მერვე ტომის ბოლოს წერს კიდეც, ძალიან დიდი მადლობა ჩემს სიძესო.

tamar-konstantinezviad-gamsaxurdiebi-da-shorena-axobaze-cqaltuboshi-copy-1734264289.jpg

- და-ძმამ რა პროფესიული გზა აირჩიეთ?

- ჩემი ძმა ინგლისური ენის სპეციალისტი იყო, ჩემზე 8 წლით უმცროსი დათო 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე ქიმიკოსი ვარ. ბაბუა სიცოცხლის ბოლომდე, სულ ამ კითხვას სვამდა: ჩემს შვილიშვილს ქიმიურზე რა უნდოდაო? მისი შვილები და შვილიშვილები ყველა ჰუმანიტარია. ძალიან ვნანობ, რომ ბაბუას სიცოცხლეში არ მქონდა წაკითხული მისი წერილები რებეკასადმი, ჩემთვის მაინც მოეცა დედაჩემს... მერე ხომ წავიკითხე და ერთ-ერთში კონსტანტინე სწერს ბებიაჩემს: მე გადავწყვიტე ქიმიის ფაკულტეტზე შევიდეო... ეს წავიკითხე და გამეცინა ჩემს თავზე. თავის დროზე ბაბუას ვეტყოდი: შენ რომ არ გახდი ქიმიკოსი, მე ამიტომ გავხდი-მეთქი, ანდა, ხუმრობით შეიძლება სხვა რამე მეთქვა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბაბუა ხუმრობდა: შვილებიდან და შვილიშვილებიდან ყველაზე მეტად, შორენა გამომადგაო. რატომ ამბობდა ამას? ის სადილობდა ძალიან დიდხანს, შეეძლო ორი საათის განმავლობაში ეჭამა ერთი ფრთა და ცოტა ღვინო დაეყოლებინა. მთელი ის დრო დავუჯდებოდი ხოლმე, მიყვარდა მასთან ყოფნა და საინტერესო ამბების მოსმენა. ხშირად იმეორებდა: სხვებს არა სცალიათ, ყველა აქეთ-იქით გარბისო. პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ღვინის ქარხნის დირექტორი (მისი გვარი აღარ მახსოვს) თავს კონსტანტინეს მეგობრად თვლიდა და ხშირად უგზავნიდა სპეცჩამოსხმის მანავის მწვანეს, საფერავს. როცა ბაბუას სადილის დროს მივუჯდებოდი, ცოტა ღვინოს მეც ვწრუპავდი ხოლმე. კონსტანტინე სიცილით მეუბნებოდა: ბაბუა კი არა, ბიძია-ბაბუა დამიძახე, მე ქალებს ვეპრანჭები და ამხელა შვილიშვილი რა ამბავიაო. ძალიან გაბრაზებული ბაბუა არ მახსენდება, ყველაზე საშინელი სიტყვა, რასაც ვინმეზე ამბობდა, იყო, - ის გაოხრებულიო.

konstantine-da-rebeka-copy-1734264315.jpg

- კიდევ ვინ იყო ბატონი კონსტანტინეს მეგობარი?

- მასზე ამბობდნენ, ცოტა უხეშიაო, მაგრამ ასეთი იყო მხოლოდ მწერლებთან, ისე ძალიან ჩვეულებრივი, ადამიანური კაცი გახლდათ. სახლში ხომ ჰყავდა მებაღეები და დამხმარე ხალხი, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. თავის მძღოლთანაც მეგობრობდა. ირაკლი აბაშიძესთან ახლობლობდა. ზვიადი პირველად რომ დაიჭირეს, მის გამოშვებაში დაეხმარა ირაკლი, რომელიც მაშინ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. ამ ამბავზე კონსტანტინემ ისე ინერვიულა, რომ მახსოვს, ლოგინად ჩავარდა. ბაბუას მეგობრები იყვნენ: გერონტი ქიქოძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი ნატროშვილი, გიორგი ლეონიძე. ნატროშვილს გევორქას ეძახდა და მეტყოდა ხოლმე, დაურეკე ერთი გევორქასო, როცა დაპატიჟება უნდოდა. ზეპირად ვიცოდი მისი ტელეფონი.

ბაბუას სახლში ყოველთვის ჰყავდა დიდი და საშინელი ძაღლები. გოგლას ძაღლის ეშინოდა და წინასწარ რეკავდა ხოლმე მამაჩემთან, რომელსაც სთხოვდა: ამილონია (მოფერებით ასე ეძახდა), ის მხეცი, გეხვეწები, დააბიო. აკაკი შანიძესთანაც მეგობრობდა. სხვათა შორის, როცა კონსტანტინემ ჩემს მშობლებს ქორწილი გადაუხადა, თამადა აკაკი შანიძე იყო. მეგობრები ახალგაზრდობიდან, სიმონ ყაუხჩიშვილი და კონსტანტინე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ვერის ბაზარში, სადაც ბაბუა ყიდულობდა იხვის ჭუკს და კიდევ, საქონლის ბეჭი უყვარდა. ყოველთვის თხელი და გამხდარი ბაბუა დიდი გურმანი იყო. ამტკიცებდა, ქალებმა ხორცის ყიდვა არ იციანო და ამიტომ თავად დადიოდა ბაზარში. სახლში ბეჭს რომ მოხარშავდნენ, ბაბუა ისე თხლად ჭრიდა, სინათლე გასდიოდა. მირანდა არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო, მსგავსი გემრიელი კერძები არავისთან გამისინჯავს. როგორც წესი, სადილად ერთ ძირითად კერძს აკეთებდა, მაგალითად, იყო შემწვარი იხვის ჭუკი ან ხორციანი კერძი კომშით გაწყობილი, ანდა შემწვარი გოჭი... სუფრა გადატვირთული არასოდეს ყოფილა.

- დაბადების დღეზე ბაბუა რას გჩუქნიდათ, პირველ შვილიშვილს არ განებივრებდათ?

- კონსტანტინე სიცილით ამბობდა, დაბადების დღეები და საჩუქრები რუსების მოგონილიაო. რა თქმა უნდა, ჩემთან დაბადების დღეზე მოდიოდა და თანაც, ძალიან პუნქტუალურად. ჩემს მეგობრებს მოსვლას მოასწრებდა ხოლმე, უკმაყოფილო იყო მათი დაგვიანებით და ამბობდა: რა არის, კაცო, ეს ხალხი სათოხარში ხომ არ არის დაპატიჟებული, რატომ არ მოდიანო? მირანდა მთელ ოჯახს დააწყობდა და მოდიოდნენ სიმაღლის მიხედვით. ხან რას მჩუქნიდნენ და ხან რას, უამრავი წიგნი მაქვს, ყველა მათგანზე ბაბუას წარწერებია.

მირანდას უკვე საშინელი ტკივილები ჰქონდა. დედაჩემი, მე, ზვიადის სიდედრი ქეთო სულ იქ ვიყავით. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მირანდამ მითხრა: ხედავ, რა ცუდი ბებია ვარო? - რატომ-მეთქი? - გაკვირვებულმა ვკითხე. - ახლა შენი დაბადების დღე მოდის და უნდა ჩაგამწაროო... ცუდად გავხდი. მე დაბადებული ვარ 18 თებერვალს, მირანდა 8 თებერვალს გარდაიცვალა... რას ამბობ, რა დროს გარდაცვალებაა-მეთქი, კი ვუთხარი, მაგრამ ვხედავ, ამქვეყნად უკვე აღარ არის და კიდევ ამაზე ფიქრობდა... მირანდა საოცარი ქალი იყო, ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება.

shorena-da-dato-axobazeebi-da-marcxniv-koko-copy-1734264303.jpg

- რას გაიხსენებთ თამრიკოსთან და ზვიადთან (თქვენთვის დეიდა და ბიძა იყვნენ) ურთიერთობიდან?

- თამრიკო ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, ზვიადი - 7-ით. ყოველდღე მათთან ვიყავი. სკოლიდან რომ მოვდიოდი, კოლხურ კოშკში ავდიოდი. ლიძავაში წავყევი თამრიკოს და ერთად ვიყავით კარგა ხანს. უკვე ავად იყო, მაგრამ ზღვა ძალიან უყვარდა და ამიტომ წავედით. მერე ამბობდა: რა სულელი ვიყავი, რა მეგონა, ლიძავაში თუ ჩავიდოდი, მოვრჩებოდიო? მანამდე, ერთხელ მე და თამრიკო სოხუმში წავედით, ცენტრში ვცხოვრობდით სასტუმრო „აფხაზეთში“. ერთ დღესაც რესტორანში ვსხედვართ, შემოვიდა ვიღაც აფხაზი კაცი, მე ვიტყოდი - აფსუა, შეხედა თამრიკოს და რუსულად გამოაცხადა: ყველაზე ლამაზი ქალი მთელ აფხაზეთშიო! ამას გაეცინა. - რა გაცინებს, არ გაგვლახოს ამ კაცმა, ვერ ხედავ, ვიღაცა გიჟია; თან, ასე რამ გაგახარა, ამის მეტს არავის მოსწონებიხარ-მეთქი? ამაზე მერე დავცინოდი და სიცილით კვდებოდა.

თამრიკო მეძახდა რუზიკას და რატომ: ვარ გაწონასწორებული, მშვიდი. მიყვარდა სავარძელში ჯდომა, მამაჩემს ვგავდი სიდინჯით... რუზველტის გამო დამარქვა. თამრიკო კარგი იუმორით გამოირჩეოდა. დედაჩემს ზემოიმერული იუმორი ჰქონდა, უცნაურ სიტყვებს ამბობდა ხოლმე, მარტო დასავლეთში რომ გამოიყენება. ვიღაცაზე იტყოდა „ჩავარდნილ პასკასა“ ჰგავსო, მსგავსი საყვარელი შედარებები იცოდა. ზვიადმა ერთხელ თავისი იუმორესკა წამაკითხა, ეტყობა, მკითხველის აზრი აინტერესებდა. არ მომეწონა და ვუთხარი... გაეცინა, არ სწყენია. მეგობრულად ვიყავით, ისიც რუზიკას მეძახდა.

- ბატონი კონსტანტინეს ნაწარმოებებიდან გამორჩეულად რომელი გიყვართ?

- „მთვარის მოტაცება“ განსაკუთრებულად მიყვარს, რომლის გამო კინაღამ ჯვარზე გააკრეს. ვთვლი, რომ ეს არის მისი შემოქმედების მწვერვალი. ნაწარმოები გამოვიდა 1936 წელს და პირველ გამოცემაში არზაყანი კლავს მამამისს. ყველა გაზეთი და ყველა ჟურნალი, მთელი მწერალთა კავშირი აღდგა - გამსახურდია რატომ არ დაიჭირესო? სტალინმა გადაარჩინა... მიუხედავად იმისა, რომ არ მოეწონა მისი რომანი „ბელადი“ და შემოუთვალა, ნუღარ გააგრძელებსო. არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა, მაგრამ როგორც ამბობენ, მიხეილ ჭიაურელის თანდასწრებით უთქვამს სტალინს ბერიასთვის: „აბუზდაც (ალაგმეთ) გამსახურდია“. კართან მისული ბერია მოუბრუნებია შემდეგი სიტყვებით: „ოღონდ ისე არა, როგორც შენ შეგიძლია“, ე.ი. არ დახვრიტოო. დაპატიმრებას შემთხვევით გადაურჩა. ლევან ბერძენიშვილი წერს, რომ კონსტანტინე გამსახურდია ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი პიროვნებაა ქართველ მწერლებს შორისო. მართალია, ძალიან განათლებული კაცი იყო. ბაბუას სიცოცხლის ბოლო დღეებში ხშირად ვნახულობდი, უკვე ძალიან სუსტად იყო, 84 წლისა გარდაიცვალა.

ნანული ზოტიკიშვილი