ნაჩალიჩარი პასპორტები და... ხომ კარგად ხართ? - გზაპრესი

ნაჩალიჩარი პასპორტები და... ხომ კარგად ხართ?

- აქ რომ მოვდიოდი, შვილმა ფეხით წამოსვლა ამიკრძალა, ქუჩაში არავინ დაგხვდესო. სანამ სახლში მივედი, ჩემი ცოლი ყოველ ხუთ წუთში შეშინებული მირეკავდა და მამოწმებდა, ხომ მშვიდობით მოვდიოდი. გაზაფხულზე, მარტის აქციების დროს, როდესაც მასობრივად სცემდნენ ხალხს, სამსახურში ცელოფანში გახვეული ჩაქუჩით დავდიოდი, ერთ თავდამსხმელს მაინც მოვტეხ ფეხს, სანამ მცემენ-მეთქი. აი, ასეთ დღეში ჩაყარა "ოცნებამ" ხალხი, ასეთი ქვეყანა მივიღეთ დღეს მათ ხელში და ამ მოძალადე რეჟიმის მხარდამჭერები "ნაცების" დაბრუნებით გვაშინებენ ისევ.

როცა "ქოცები" გეტყვიან, არ მივდივართ ჩვენ რუსეთისკენ, ჩვენც ევროპისკენ მივდივართო, მარტივი კითხვა დაუსვით: მაშინ რატომ გაქებთ რუსეთი? რატომ გაქებთ პირადად პუტინი? ანუ იმას ამტკიცებთ, რომ რუსეთი ევროპისკენ სვლის გამო გაქებთ და ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას გულშემატკივრობს? ხშირად ამაზე მათი პასუხია: სპეციალურად აკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალიო. ანუ რა გამოდის, პუტინიც "ნაცია"? მიშასთანაა შეკრული? ხვდებით, ხომ, საკუთარ ტყუილებში როგორ იხლართებიან?

მაგალითად, ამ სიცივეში საკუთარი მომხრეები ბავშვებთან ერთად მოიყვანეს ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე და მერე უთხრეს: ახლა წაით სახლში, აღარ იქნება ღონისძიებაო, რადგან რუსთაველზე იმ დღესაც ბევრი ხალხი იყო საპროტესტოდ შეკრებილი.

მას მერე ვფიქრობ და ვერაფრით მოვიფიქრე, რაზე ჰქონდათ გათვლა? აი, ხომ დასხდნენ "ოცნების" ტვინები და ხომ დაგეგმეს, რომ ყაველაშვილის არჩევის დღეს საღამოს ნაძვის ხის ანთების კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ პარლამენტის წინ, იქ, სადაც ამდენი დღეა ათასობით ადამიანი იკრიბება? ჰოდა, რისი იმედი ჰქონდათ, რომ პროტესტის მონაწილეები იმ დღეს არ მოვიდოდნენ? რა გეგმა დასახეს? თუ იმედი ჰქონდათ, ჩვენი მომხრე უფრო მეტი შეიკრიბება და პროტესტანტები გაიქცევიანო? რომც მოსულიყვნენ მეტნი, იქ შეკრებილი ხალხი როგორ უნდა გაერეკათ? ჯოხებით? რატომ არ იფიქრეს, რომ ორი სხვადასხვა ბანაკის ერთმანეთის პირისპირ დაყენებით შეტაკების საფრთხეს ზრდიდნენ ან იქნებ, სწორედ ეს უნდოდათ? მაშინ რატომ დაიხიეს უკან? ნუთუ ვიღაცა "ქოცმა" ბოლო წუთს იკითხა, რას აკეთებთო?

აი, თუ არ მოაქვს შედეგი ხალხის ქუჩაში დგომას. ამასთან, უწყვეტი პროტესტი და ბევრი ხალხი თბილისის ქუჩებში არის ზეწოლა არა იმდენად საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ ეს არის პირველ რიგში ზეწოლა დასავლეთზე, რომ საქართველოს პრობლემის გვერდზე გადადება ვერ გაბედონ. რაც უფრო დიდხანს და მედგრად იდგება ხალხი ქუჩაში, მით უფრო გაიზრდება დასავლეთიდან ზეწოლა "ოცნებაზე" და ამას ვერც ტრამპი შეცვლის, რომც მოუნდეს. ეს პასუხი მათთვის, ვინც კითხულობს, რა აზრი აქვს ამ ყველაფერსო? აზრი აქვს და თან როგორი!

მართალია, ჯერ საერთო სანქციებზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდა, რადგან ორ ქვეყანაში პუტინს საკუთარი მოკავშირეები ჰყავს, უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერები ბლოკავენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე შეთანხმება მაინც არსებობს. ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეები უვიზოდ ვივლით და ბობოლებს, ვისაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ, ვიზა დასჭირდებათ. თავის დროზე ვინც დიპლომატიური პასპორტები იჩალიჩა (მაგალითად, პარლამენტარებმა) და ეგონათ, პრივილეგია იყო, ახლა ალბათ თავში ირტყამენ ამ პასპორტებს.

სამაგიეროდ, ტუზი დაეცა ყაველაშვილს. მისი ოცნების მწვერვალი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა იყო და ტიპი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. თქვენ კიდევ იტყვით, ოცნებები არ ხდებაო.

დაბოლოს, შიგადაშიგ "ნაცები" მათი პერიოდის ოპოზიციის ან მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ბოსტანში კენჭს გადმოაგდებენ ხოლმე, 2012 წელს როგორ ვერ ხვდებოდით, რომ ივანიშვილი რუსული პროექტი იყოო? ანუ ვინც მიშას აკრიტიკებდით, თქვენი ბრალია, რა დღეშიც ვართო. თან არ დაასრულეს. ჰოდა, მეც მაინტერესებს, 2003-2008 წლებში თქვენ რატომ ვერ ხვდებოდით, რომ ივანიშვილი რუსული პროექტი იყო და რატომ იღებდით მისგან ფულს? "ვარდების რევოლუციიდან" პირველ წელს ჩვენ რომ გვატყუებდით, სოროსი აფინანსებს მთავრობის ხელფასებსო და თურმე, ივანიშვილის ფული ყოფილა? ჯარი და პატრული ჩვენ აღვჭურვეთო და თურმე, ივანიშვილის ფული ყოფილა? 2008 წლამდე რატომ დადიოდა მასთან შუშის სასახლეში ვანო მერაბიშვილი და ანგარიშებს რატომ აბარებდა, ყველა კაპრიზს უსრულებდა (მაგალითად, მისი მოთხოვნით დაიჭირეს მისივე ქვისლი და ა.შ.).

ერთხელ გვარამიამ თქვა, პროკურორის მოადგილე როდესაც ვიყავი, ბადრიზე აღძრული საქმის მასალებს ვუგზავნიდი ივანიშვილსო. არადა, კანონით ამ ინფორმაციის მიღების უფლება მარტო მხარეებს აქვთ... და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ იყო ასეთი. ჰოდა, რატომ ვერ ხვდებოდით მაშინ, რომ რუსული პროექტი იყო? და არ გვინდა ეგ ზღაპრები, ახლოს გვყავდა და ამით ვაკონტროლებდითო. მაგრად კი გააკონტროლეთ!

და კიდევ, მართლა გჯერათ, მიშა რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, როგორც აპირებდა (ანუ პუტინივით პრემიერად რომ უნდოდა გადასვლა, რისთვისაც შეცვალა კონსტიტუცია), ევროკავშირში ვინმე მიგვასუნინებდა? წარმოიდგინეთ, დღეს იქნებოდა მიშას მმართველობის 21-ე წელი. რაის ევროკავშირი! ხომ კარგად ხართ?!