ახალი წელი, რომელიც გრინჩმა მოიპარა - გზაპრესი

ახალი წელი, რომელიც გრინჩმა მოიპარა

- როგორც დგას საზოგადოება და ანთია გული მისი", - ამის შესახებ საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა. ცნობისთვის, წელს რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. წელს პირველად, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების დავის საგნად იქცა. შეგახსენებთ, ქალაქის მერი კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას 14 იანვარს, ახალი პრეზიდენტის არჩევის დღეს გეგმავდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგობის გამო თბილისის მერიამ ნაძვის ხე მოგვიანებით, ყველასათვის მოულოდნელად და ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე აანთო. ამ ფაქტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჟურნალი "გზა" შეეცადა მკითხველისთვის საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია გადმოეცა, რომლებიც ჟურნალისტებთან საუბარს არ გაურბიან, საკუთარი მოსაზრებების მშვიდად გადმოცემა შეუძლიათ.

1ficmsga-1734938296.jpg

კახა გოგიძე, მსახიობი:

- "ქართულმა ოცნებამ" დაგვიწყევლა ახალი წელი, ახლა უნდათ, მომავალი დაგვიწყევლონ, მაგრამ ეგ აღარ გამოუვათ. ესენი ცხვრის ტყავში გახვეული მგლები არიან, უფრო სწორად, ტურები, მგლებს ღირსება აქვთ. "ქართულ ოცნებაში" არიან ღირსებადაკარგული არსებები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასრულებას ცდილობენ. მათ სურთ, საქართველო გახდეს რუსების სურვილების დასაკმაყოფილებელი "გრუზია". "ქართული ოცნება" ცდილობს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ერთი კაცის - პუტინის სამსახურში ჩააყენოს და ამ მიზნის მისაღწევად დაარბენინებენ ზონდერებს, ტიტუშკებს.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ცემა მათ არაფერში სჭირდებათ და რაც ხდება, ოპოზიციის პროვოკაციაა.

- როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანმა დაუჯეროს იმ ხელისუფლებას, რომელიც 12 წლის განმავლობაში გამუდმებით იტყუება. რასაც ამბობს, ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ყველაფერს ცუდს - ადამიანების დარბევა იქნება ეს, ბნელ კუთხეში მომწყვდევა და ცემა თუ კიდევ მრავალი უბედურება. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მომიტინგეები, ვდგავართ აქციაზე მშვიდად, ვმღერით, ვსაუბრობთ და ვაპროტესტებთ საქართველოს გარუსების მცდელობას. რისთვის უშენს ხელისუფლება საკუთარ ხალხს მომწამვლელ ნივთიერებას? გაზს კი არა, მომწამვლელ ნივთიერებას იყენებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. არავინ იცის, რა პრობლემებს შეუქმნის ეს საწამლავი ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობას. მხოლოდ იმ ახალგაზრდებს კი არ წამლავენ, ვინც მათ წინააღმდეგ გამოდის, სპეცრაზმს და პოლიციასაც კი იმეტებენ.

- როგორ გგონიათ, რა სიტუაცია იქნება ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე?

- პირადად მე, 31 დეკემბერს აქ ვიდგები, სხვების არ ვიცი. არც დღეს მაქვს საქმე საზეიმოდ და არც ის მგონია, რომ ხვალ და ზეგ ვიყო ამის განწყობაზე. შობას აუცილებლად აღვნიშნავ.

qrkv5j9h-1734938316.jpg

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:

- ქალაქის მერმა ნაძვის ხე კი აანთო, მაგრამ იმას არ კითხულობს, ეზეიმება თუ არა ხალხს. ახალი წლის კი არა, მომავლის წართმევას ცდილობს "ქართული ოცნება". თუმცა იმედი მაქვს, ამის გაკეთებას ვერ მოახერხებს ეს ბნელი ძალა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს ნამდვილ ახალ წელს. როგორ შეიძლება დღეს მე ვიზეიმო, როდესაც ხელისუფლება ჩვენს შვილებს ტერორს უწყობს? მე არ მეზეიმება და ვისაც ეზეიმება, იზეიმოს. ამ ქვეყანაში ბავშვები ცხოვრობენ და ბავშვებს ნაძვის ხეც უნდათ და ყველაფერიც. სხვათა შორის, მე არ ვიყავი მთავარი ნაძვის ხის ანთების წინააღმდეგი, ენთოს და იყოს... ჩვენ დაგვიკარგეს ზეიმის ხალისი და თავად მოინდომეს ეზეიმათ, მაგრამ ხალხმა შესაბამისი პასუხი გასცა.

- როგორ წარმოგიდგენიათ 2025 წლის შემობრძანება?

- ხალხი იქნება ქუჩაში, რადგან ხელისუფლებამ ისინი ქუჩაში გამოყარა.

a11mximo-1734938333.jpg

გია ბუღაძე, მხატვარი:

- ხელისუფლებამ ახალი წელი იმით "მოგვილოცა", რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა არასავალდებულო გახადეს.

- პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ამის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

- ძალიან კარგადაც შეესაბამება. შალვა პაპუაშვილი, ისევე როგორც "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები, უაღრესად მატყუარაა. მარტო მატყუარები კი არა, ცინიკოსებიც არიან. ქვეყანა თავზე დაგვამხვეს და ნაძვის ხე აგვინთეს. კარგია, ნაძვის ხის ანთებაც, ილუმინაციებიც, ხალხი აქამდე ჩაბნელებულ ქუჩაში იდგა, ახლა სინათლე მაინც ექნებათ, მაგრამ ვის ეზეიმება? თუ "ქართულ ოცნებად" წოდებულ რუსულ საოკუპაციო ადმინისტრაციას ქვეყნიდან არ გავუშვებთ, ძალიან დიდი უბედურება მოხდება და სხვათა შორის, თქვენც მალე დაიხურებით. იმედია, ჩვენ ყველა ერთად ყველაფერს იმისთვის გავაკეთებთ, რომ ქვეყანა გარუსებისგან გადავარჩინოთ. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდები გვყავს, ხელისუფლებაში საგონებელში არიან ჩავარდნილები, ნეტავ ვინ მართავს ამათო. არავინაც არ მართავს, ეგ "ქართულ ოცნებაში" მყოფ მონებს სჭირდებათ ბელადები. ეს ახალგაზრდები თავად აორგანიზებენ აქციებს. ქართველმა ხალხმა გაიღვიძა, გაღვიძებულ ქართულ გენს კი რუსები და რუსების მონები ვერ მოერევიან.

- სად ხვდებით თქვენ ახალ წელს?

- მე ვფიქრობ, ხალხთან ერთად, რუსთაველის მოედანზე შევხვდები. საკმაოდ ხშირად ვდგავარ საპროტესტო აქციაზე და ვერსიებიც მესმის იმის შესახებ, რომ ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ. იზამენ კიდეც. ხომ გახსოვთ, აღდგომის დღესასწაულზე რა ამბავი იყო რუსთაველის გამზირზე? ამ საპროტესტო აქციების პერიოდში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს საკუთარი განუმეორებლობა. უცხოელები ხშირად მეკითხებიან, როგორ ახერხებთ ამხელა აქციების ჩატარებას ისე, რომ ერთი მაღაზიის ვიტრინა არ ჩამსხვრეულაო? მე ისედაც დიდი წარმოდგენა მქონდა ჩემს ხალხზე, მაგრამ ახალგაზრდებისგან ამდენს აღარ ველოდი. როგორ შეიძლება ეს საოცარი ერი რუსეთის მონებმა გააქრონ?..

ივლიანე მაისურაძე, იურისტი:

- უცნაურია, როგორი მონდომებით ცდილობდა ქალაქის მერი ახალგაზრდების სისხლით მორწყულ მოედანზე ნაძვის ხის ანთებას. ვითომ ძალიან წუხდა ბავშვების გამო. "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელი ქართველ ხალხზე ან ბავშვებზე მაინც რომ ფიქრობდნენ, ქვეყანას ასე არ გააღატაკებდნენ. პარლამენტი მილიონერებით არის სავსე, ქვეყანაში კი ბავშვები შიმშილობენ. რა უსინდისოდაც იმას გვატყუებდნენ, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლაა, საქართველო აყვავდაო, ახლა ისეთივე უტიფრობით ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ბავშვებისთვის უნდოდათ ნაძვის ხის ანთება. ბავშვები მაგათ სულ არ ადარდებთ, სინამდვილეში თავიანთი უდიპლომო ყაველაშვილის გაპრეზიდენტების აღნიშვნა უნდოდათ. ხომ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში? იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება ხალხის დაცინვა, ჯერ პარლამენტი გააშარჟა, სპორტის დარბაზს დაამსგავსა, ახლა პრეზიდენტის ინსტიტუციასაც გადასწვდა. ამ საუკუნეში უდიპლომო კაცი პრეზიდენტად როგორ უნდა გვაკადროს? რაც უფრო მეტს ვლაპარაკობ, უფრო მეტად მეშლება ნერვები ამ ხელისუფლებაზეც და იმ ხალხზეც, ვინც ამათ უჭერს მხარს. როგორ შეიძლება ადამიანს თავში ტვინი გქონდეს და ეს ხელისუფლება მოგწონდეს?

მაია მეფარიშვილი, მხატვარი:

- ყოველთვის მომწონდა წინასაახალწლოდ განათებული თბილისი, ბავშვებს ჩავისვამდი მანქანაში და რუსთაველის გამზირზე მომყავდა, თავისუფლებას ფეხით ჩავივლიდით ხოლმე, ახლა ამის განწყობა აღარ მაქვს, შვილებს ვერ წავიყვან იქ, სადაც ვიცი, სულ რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს სასტიკად უსწორდებოდნენ, ჩვენი ბავშვების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, მათ ზურგზე ხტუნაობდნენ. ან კი რა სინდისით უნდა გამოვიდნენ და ხალხს ახალი წელი როგორ მიულოცონ? "ქართული ოცნება" პოლიტიკური ძალა კი არა, გრინჩი ყოფილა. ახალი წელი მოგვპარა. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, არათუ არ მიხარია ახალი წლის მოსვლა, სევდიანი განწყობაც მაქვს. პირველ რიგში ახალგაზრდების დაუნდობელი ცემა არ ამომდის თვალებიდან და მერე კიდევ, გაურკვევლობა მაშინებს. მართლა აღარ ვიცი, რა გველის. ძალიან არ მინდა რუსეთში დაბრუნება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი გვეუბნებიან, რომ სინამდვილეში სულაც არ აპირებენ რუსეთში დაბრუნებას, მაგრამ მე მათი აღარ მჯერა, რადგან უკვე ძალიან ბევრი ტყუილი თქვეს. ეგენი არ გვარწმუნებდნენ, ევროპაში ღირსებით შევალთო? ახლა გვეუბნებიან, რომ ისეთი ცუდი გამხდარა ევროპა, აღარ გვინდა იქო. მაგათ თუ არ უნდათ, წავიდნენ რუსეთში, ვისაც გვინდა, ისინი გაგვატარონ. ან კი რა დავუჯერო ადამიანს, რომელიც მეუბნება, რომ ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, ეკონომიკა დუღს და გადმოდუღს? მე ხომ ვხედავ, რა ხდება ჩემ გარშემო? ასე როგორ ცდილობ ჩემს დაბრმავებას? საპროტესტო აქციებზე ვერ დავდივარ მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა შვილები მყავს და ოჯახი არ მაძლევს საშუალებას, თუმცა სულითა და გულით თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე დგანან და რუსულ რეჟიმს აპროტესტებენ. შემთხვევით ვისარგებლებ და ყველას მოგილოცავთ ახალ წელს, საქართველოს "ქართული ოცნებისა" და რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას გისურვებთ.

ხათუნა ბახტურიძე