უპრეცედენტო ვითარება, არაადეკვატური ხელისუფლება და სუსტი ოპოზიცია
ის ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც ანტიქართული ნაბიჯი", - ამ განცხადებით გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გადაწყვეტილებას - დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.
"ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე, ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ასევე განიხილავენ სანქციების დაწესების საკითხს იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის უკან დგანან; "მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია".
სიმბოლურია თუ არა სინამდვილეში ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, კონკრეტულად ვის შეეხება სანქციები და რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს? - ამის შესახებ "ჯიპას" ასოცირებული პროფესორი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და დიპლომატი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება.
- მართლა უპრეცედენტო რეალობის წინაშე ვდგავართ. ევროკავშირის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ წევრობის კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის სანქციები დაეწესებინოთ. ეს ყველაფერი მით უფრო უცნაურია, რომ ხალხისთვის უვიზო რეჟიმს ინარჩუნებენ. ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალი და ნიშანი იმისა, რომ უფრო სერიოზული სანქციებია. გადაადგილების შეზღუდვის გარდა, ეს რეპუტაციული ზიანიცაა. ქვეყნისთვის, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დასავლეთის რიგ ქვეყნებში არ ჩაესვლება, ძალიან ბევრი რამ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ საკითხთან დაკავშირებით კაია კალასმა ძალიან კარგად და გასაგებად ისაუბრა. მან თქვა, რომ ეს არის პროცესების დასაწყისი და არა დასასრული.
- რატომ ამბობს პრემიერი კობახიძე, რომ ეს არის სიმბოლური შეზღუდვები. დიპლომატები მაინც შეძლებენ იმ ქვეყნებში ჩასვლას, რომლებმაც შეზღუდვები დაუწესეს?
- გადაადგილება შესაძლებელია, შემოვლითი გზები არსებობს, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა და რეპუტაციული ზიანია, როდესაც პრემიერს და ქვეყნის სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს ასეთი მეთოდებით მოუწევთ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩასვლა. თუ ხელისუფლება ასეთი ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ევროკავშირიც შემდგომ ნაბიჯს გადადგამს, რომელზეც ჯერ არაფერს ამბობენ. ეს არის პერსონალური მონაცემების გადაცემა. "ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ევროკავშირი სანქციებს ვერ დაუწესებთ, რადგან არ არის კონსენსუსი, მაგრამ შენგენის შეთანხმება იმასაც გულისხმობს, რომ შეთანხმების მხარეებმა ერთმანეთის ინტერესებს პატივი უნდა სცენ. შესაბამისად, თუ რომელიმე სახელმწიფო ამბობს, რომ ესა თუ ის პერსონა მისთვის პრობლემას წარმოადგენს, დანარჩენი სახელმწიფოებიც ვალდებულები არიან, ეს გაითვალისწინონ. ასე რომ, შესაძლებელია, საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივიდეს, რომ ამ ადამიანებმა მართლა ვეღარ შეძლონ გადაადგილება.
- მმართველი გუნდი ხშირად აფიქსირებს ვერსიას იმის შესახებ, რომ მათთვის ყველაფერი 20 იანვრიდან დალაგდება, ანუ იმ დღიდან, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ გადაიბარებს ძალაუფლებას.
- მმართველი გუნდის ლიდერებისგან პირველად არ გვესმის საუბარი იმის შესახებ, რომ ესენი წავლენ და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ევროკავშირის არჩევნებს შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ ამ ორგანიზაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მთლიანად გამოიცვლებოდა და "ქართული ოცნება" ახალ ადმინისტრაციასთან ყველაფერს დაალაგებდა. მათთვის რომ გეკითხათ, ანდრიუს კუბილიუსი არათუ ანგარიშგასაწევი ფიგურა აღარ იქნებოდა, საერთოდ გაქრებოდა პოლიტიკური ავანსცენიდან. ჩატარდა არჩევნები და კუბილიუსი გახდა ევროკომისარი, თავდაცვის პორტფელი ჩააბარეს. რასა იუკნევიჩიენე ისევ ევროპარლამენტარია და მთავარი მომხსენებელია საქართველოზე. ახლა იმავე შინაარსის ვერსიებს ავრცელებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. არადა, ამ ადმინისტრაციაში არიან პოლიტიკოსები, მაგალითად, ბატონი ვოლთსი, რომელიც პირდაპირ ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. ტრამპმა თქვა, რომ ადმინისტრაცია იმ ხალხით დააკომპლექტა, რომლებიც პირველ რიგში, ამერიკის ინტერესებს დაიცავენ. შესაბამისად, შეუძლებელია ამ პოლიტიკურმა ძალამ თვალი დახუჭოს იმ უზარმაზარ საინვესტიციო თანხების დაკარგვაზე, რაც ამერიკას საქართველოს განვითარების საქმეში აქვს ჩადებული. ერთადერთი შეღავათი, რაც შეიძლება "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს, არის ის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ გვიან მოიცალოს საქართველოსთვის, ძალაუფლების გადაბარების პროცედურებიდან გამომდინარე. სხვა არანაირ შეღავათს არ უნდა ელოდონ, პირიქით, ესენი ბაიდენის ადმინისტრაციაზე გაცილებით ხისტები იქნებიან.
- თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატურად იყენებს ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე არსებულ პრობლემებს?
- ოპოზიცია ცალკე პრობლემაა. რომ არა ოპოზიციონერი ლიდერების სისუსტე, ვითარება აქამდე არ მოვიდოდა. ხელისუფლება დღეს სწორედ იმიტომ ფიქრობს, რომ ყველაფრის უფლება აქვს და იმიტომ იღებს ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს, რომ ოპოზიციის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური წინაღობა არ შეხვდა.
- ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ ამ რთულ პროცესში ოპოზიცია ტრანსფორმირდეს?
- წესით, რთული პოლიტიკური პროცესის შედეგად, უნდა მოხდეს ოპოზიციის ტრანსფორმაცია და მისი გაძლიერება ან ახალი პოლიტიკური ძალა უნდა ჩამოყალიბდეს. პოლიტიკური კრიზისი ყოველთვის შობს ძლიერ ლიდერებს, ვნახოთ, რა მოხდება.
- რამდენად დამაჯერებლები არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ამბობენ, რომ აქტივისტებისა და ჟურნალისტების ცემის ფაქტები ოპოზიციის მიზანმიმართული პროვოკაციააო?
- ძნელია ამის დაჯერება. ნიღბიანი პირების თარეში ისეთი მასობრივია, რომ წარმოუდგენელია ამის ორგანიზება ოპოზიციას მოეხერხებინა. თუ ოპოზიცია პოლიციელებით სავსე პერიმეტრზე, ასეთი ტიპის დანაშაულებს ახორციელებს, მაშინ მთლად უარესი ხელისუფლებისთვის, აბსოლუტურად ქმედითუუნარო გამხდარა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ საპროტესტო მასაშიც იყვნენ პროვოკატორები, მაგრამ მათი განეიტრალებაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. "ქართული ოცნება" ძალიან საშიშად თამაშობს, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება ამ დრომდე არავის შერჩენია. აჯობებს დაასრულონ "გლობალურ ომის პარტიაზე" საუბარი და ქვეყნის წინაშე რეალურად არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იფიქრონ. ალბათ იცით, საპროტესტო აქციები ახალი დაწყებული იყო, როდესაც პრემიერმა გამარჯვებულის იერით მოგვახსენა, რომ აქციაზე რუსეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. კი მაგრამ, როდესაც საზოგადოება აპროტესტებდა რუსეთის მოქალაქეების უკონტროლოდ შემოსვლას, მაშინ კობახიძე არ იყო, ამ ხალხს ქსენოფობებს რომ ეძახდა?
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- ძნელი სათქმელია... ხელისუფლება ადეკვატური რომ იყოს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობასთან მივიდოდა და დაელაპარაკებოდა. ისინი ამ დროს რას აკეთებენ?! რეპრესიებს მიმართავენ და კიდევ უფრო ამძიმებენ ვითარებას. ამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც და ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც მორალურ ვალდებულებას იგრძნობდა და მათ მოსანახულებლად მაინც მივიდოდა კლინიკაში. საბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც კი არ მოქცეულა ასე, ის 9 აპრილის მერე საავადმყოფოებში დადიოდა, თითოეული დაშავებულის ამბავს კითხულობდა. სამწუხაროა ამის დანახვა, მაგრამ ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი არ მაფიქრებინებს, რომ ვითარების დეესკალაცია სურს. შესაბამისად, ძალიან რთულია განსაზღვრო, რა მოხდება.
ხათუნა ბახტურიძე