რა არის გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან?
ავადმყოფობა სიცხის საზომი თერმომეტრის დამალვით არ იკურნება", - ეს სიტყვები ზედმიწევნით ასახავს დღევანდელ საქართველოში შექმნილ სიტუაციას: ქუჩაში გამოსული ხალხი დაკავებული ახალგაზრდების გამოშვებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, ხელისუფლება კი პროტესტს დუმილით პასუხობს. როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე? - ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერთან - სერგო ჩიხლაძესთან:
- სამწუხაროდ, ეს სიტუაცია თანდათან მწიფდებოდა და ბოლოს, ლოგიკურ განვითარებამდე მივიდა. რაც საქართველოში ამ 12 წლის განმავლობაში ხდებოდა, ეს იყო დასავლური სამყაროსგან სრული იზოლაცია და რუსული სტილის მმართველობისკენ სვლა. ჩვენ ამას ადრეც ვამბობდით, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს პროცესი ბოლო წლებში გახდა შესამჩნევი, როცა პროცესები გეომეტრიული პროგრესიით განვითარდა... 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა - "ქართული ოცნების" რეჟიმმა ევროპისგან სრული იზოლაცია და ერთპარტიული დიქტატურის დამყარება დაიწყო. შესაბამისად, დღეს იმაზე კი არ ვსაუბრობთ, ევროკავშირში ინტეგრაცია როგორ გავაგრძელოთ, არამედ იმაზე, საქართველო დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა იქნება თუ რუსეთის ორღობე, სადაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები და კარის მუშაკები იცხოვრებენ კარგად. ამიტომ ვამბობ, რომ ცუდ მდგომარეობაში ვართ - უკვე იმაზე გვიწევს მსჯელობა, სახელმწიფო გვექნება თუ არა. სწორედ ეს შეიგნო ქართველმა საზოგადოებამ და ამიტომ გამოვიდა დიდი თუ პატარა ქუჩაში. პროტესტში ჩაერთო ყველა პროფესიული ჯგუფი, ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ეს პროტესტი ემსახურება იმას, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ და ქართული სახელმწიფოს მართვის სადავეები იმ ხალხს ჩავაბაროთ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე იზრუნებს.
- "ქართული ოცნებაც" ხომ ამას გვპირდებოდა, როცა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა და ერთგვარი კოალიცია იყო?
- ვერ დაგეთანხმებით, "ოცნება" არასდროს ყოფილა კოალიცია, ეს იყო ერთი ადამიანის მმართველობა, რომელიც უბრალოდ, კოალიციას ჰგავდა. პირველ წლებში ეს ხელისუფლება შედარებით დემოკრატიული იერით იყო შეფუთული, მაგრამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სრულიად ერთპარტიულ მმართველობად გადაიქცა. საწყის ეტაპზე, ანუ 2012-2014 წლებში, "ოცნების" რიგებში იყო "რესპუბლიკური პარტია", ასევე, ირაკლი ალასანიას გუნდიც, მაგრამ ეს იყო შეფუთული როგორც კოალიცია. ყველამ კარგად ვიცით, რა ბინძური მეთოდებით მოიშორა "ოცნებამ" ალასანია, მისი გუნდი და სხვა დამოუკიდებელი პოლიტიკოსები. ბოლოს ის ჩამოყალიბდა მონოლითურ, ერთპარტიულ ძალად, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის კულტის განდიდებას ემსახურებოდა. ამ ქვეყანაში კოალიციური მმართველობა არ ყოფილა არც წინა მთავრობის, არც ამ მთავრობის და საერთოდ, არც ერთი მთავრობის დროს.
- არსებობს მოსაზრება, რომ ქართველები კოალიციურ მთავრობას ვერ შექმნიან და თუ შექმნიან, ვერ შეინარჩუნებენ. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?
- რატომ ვერ შექმნიან და შეინარჩუნებენ? - თუ ყველაფერს ასე მივუდგებით, თუ წინასწარ ვიფიქრებთ, რომ არ გამოვა, ის არ გამოვა, მაშინ მართლა ვერაფერს მივაღწევთ! ეს ხომ სტერეოტიპებია? ვინც ამას ამტკიცებს, რეალობის შეცვლაც არ უნდა. ამ ხალხის ლოგიკა მარტივია: მაინც არაფერი გამოვა და დავტოვოთ ის, რაც არის... ასეთი ხალხი სტერეოტიპების ტყვეობაშია და ფიქრობს, რომ ქართველებს საქმის ერთად კეთება არ შეუძლიათ. მე კი ვამბობ, ყველაფერი შეგვიძლია: კოალიციურ მმართველობასაც შევქმნით, ამ კრიზისსაც გადავლახავთ და ევროკავშირის წევრებიც გავხდებით. ჩვენ ამ სტერეოტიპებს და კლიშეებს არ უნდა დავექვემდებაროთ.
- მაინც, როგორ დამკვიდრდა მსგავსი სტერეოტიპები ჩვენს ცნობიერებაში?
- ესეც "ქართული ოცნების" 12-წლიანი პროპაგანდის შედეგია - "ჩვენ ეს არ შეგვიძლია, დიდ პოლიტიკაში არ უნდა გავერიოთ, დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს..." - ამას ხომ 12 წელი გვიმეორებდნენ?! რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც პროპაგანდის ტყვეობაში მოექცნენ. ეს მახინჯი კლიშეები საბჭოთა პერიოდიდანაც მოდის: რომ ქართველები ზარმაცი ხალხია, რომ ჩვენ სახელმწიფოს მართვა არ შეგვიძლია, სამაგიეროდ, კარგი ცეკვა-თამაში, სმა-ჭამა და გართობა ვიცით, რომ კარგი ღვინო გვაქვს და საქართველო ამითაა გამორჩეული... ეს ხომ სუფთა რუსული პროპაგანდაა? თუმცა, მიუხედავად ამ 200-წლიანი პერიოდისა, დამოუკიდებლობა მაინც მოვიპოვეთ და ავად თუ კარგად, ამ 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ვაშენებთ. დიახ, 200-წლიანმა პროპაგანდამაც ვერ ჩაკლა ქართველ ხალხში დამოუკიდებლობის მოპოვების და საკუთარი სახელმწიფოს შენების ჟინი. როცა მათი პროპაგანდა აღარ იქნება, ეს სტერეოტიპებიც ჩაიფერფლება და ჩვენც გავაგრძელებთ არსებობას, როგორც ნორმალური, ევროპული სახელმწიფო. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ჩვენი ურყევი ნება ამ გამოსვლებმაც დაადასტურა. ისიც აშკარაა, რომ ჩვენს ხალხში აღარ არის ერთი კაცის მმართველობის სურვილი. ჩვენ ამ აქციებზე ვხედავთ შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც ადვილად ვერავინ მოატყუებს. ქუჩაში გამოდიან სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები, სულ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებზეც კი არ არიან დამოკიდებული. ანუ ჩვენ შევდექით, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც აღარ მოსწონს და არ უნდა ერთპარტიული მმართველობა - ეს ბოლო კვირებში მომხდარმა მოვლენებმაც გვაჩვენა.
- რატომ უთხრეს პროევროპულად განწყობილ ქართველ საზოგადოებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე ვაჩერებთო? რა იყო ამის მიზანი?
- "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად მიდიოდა ამისკენ. წლების წინ, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს რუსული რეჟიმია და მას საქართველოს რუსეთისკენ მიჰყავს, უმეტესობას უკვირდა. დღეს უკვე აშკარაა გეგმა, რომელსაც ასრულებენ: საქართველო მთლიანად ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და რუსეთისკენ წავიდეს. რატომ? - ისეთ "ნოყიერ" ნიადაგში, როგორიც რუსეთია, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები უკეთესად იქნება დაცული. დემოკრატიულ სამყაროში პიროვნების კულტი და კორუფცია მიუღებელია, ის სიმხეცე და სადიზმი, რომელიც ბოლო კვირებში გამართულ საპროტესტო აქციებზე ვიხილეთ, დაუშვებელია. ამ ტიპის რეჟიმისთვის ყველაზე სასურველი რუსულ ორბიტაზე ყოფნაა. ჯერ არჩევნები გააყალბეს და იფიქრეს, რომ შერჩათ. უფრო ადრე, "რუსული კანონის" შემობრუნებაც შერჩათ და გადაწყვიტეს, თავიანთი განზრახვა ბოლომდე მიეყვანათ: ევროკავშირზე უარის თქმის შემდეგ, არც სასამართლო რეფორმის ჩატარება მოუწევდათ, არც პოლიციის და არც საარჩევნო სისტემის რეფორმის... ალბათ ფიქრობენ, რატომ უნდა ვიყოთ სულ კრიტიკის ქარცეცხლში? - უარს რომ ვიტყვით ევროკავშირზე, არანაირი ვალდებულება აღარ გვექნებაო - აშკარაა, ამ გეგმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. მათ არ გაითვალისწინეს ქართველი ხალხის მებრძოლი სული; არ გაითვალისწინეს, რომ ქართველმა შეიძლება ბევრი რამ გაპატიოს, მაგრამ სახელმწიფოს წართმევის, გარუსების მცდელობას და დამცირებას არ გაპატიებს. შესაბამისად, ისეთი პასუხი მიიღეს, როგორსაც არ ელოდნენ.
- ბევრი აღნიშნავს, რომ ხალხმა პოლიციისადმი ნდობა დაკარგა.
- ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. ჩვენს ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ეს ნიღბიანი, შავებში გადაცმული ხალხი, მაგრამ პოლიციაც მასთან ერთად რომ დგას, ე.ი. ერთ ნავში სხედან. ეს არ არის ქართველი ხალხის მხარე - ეს ამ რეჟიმის მხარეა. ჩვენ ვნახეთ სრული კატასტროფა, როცა გაურკვეველი ბანდფორმირებები ადამიანებს სცემენ, ხალხს ასახიჩრებენ და პოლიცია იქვე, მშვიდად დგას. ადამიანების თხოვნას, გვიშველეთო, სიჩუმით პასუხობენ და ვერაფერს შველიან! ამ რეჟიმმა იმდენი მოახერხა, რომ პოლიცია ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე გახადა. ასე დაიკარგა ნდობა საპატრულო პოლიციის მიმართ, რომელიც ადრე ხალხის პატივისცემით სარგებლობდა. ახლა ეს დანაყოფიც ოლიგარქის სამსახურშია და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებს - აი, ეს არის შედეგი ხელისუფლების "მოღვაწეობისა", რომელიც სახელმწიფოს ნგრევას და ინსტიტუციების მოშლას გულისხმობს. ასე იყო 1990-იან წლებში, როცა პოლიციის იმედი არავის ჰქონდა და ახლაც იგივე რეალობა გვაქვს. ეს კატასტროფული მდგომარეობა როგორმე უნდა შევაჩეროთ.
- თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტიანია დასავლეთის ჩარევა ამ მოვლენებში?
- დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, თუმცა, ეს ჩარევა უფრო ქმედითი უნდა იყოს. აუცილებელია სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ რეჟიმის შემოქმედია. ამერიკამ უკვე დაადო სანქციები "ქართული ოცნების" ლიდერებს და სავიზო შეზღუდვებიც დაუწესა, მაგრამ მათთვის ყველაზე მტკივნეული ფინანსური სანქციებია. ვიდრე არ შეეხებიან მათ ჯიბეს, მათ უკანონოდ მოპოვებულ ბიზნესებს, მანამდე სავიზო შეზღუდვები საკმარისი არ არის. ცნობილია, რომ ახლო მომავალშიც იგეგმება სანქციები "ქართული ოცნების" მიმართ, რომელსაც ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით აქვს და არც მის გარეთ. არც ერთი მოწინავე ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმს არ აღიარებს, გარდა რამდენიმე ავტორიტარული სახელმწიფოსი. ერთობლივი ქმედებები აუცილებლად ჩამოშლის ამ დიქტატორულ რეჟიმს. მთავარი გამოსავალი ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის დროს, ვადამდელი არჩევნებია - ეს არის გზა, რომელიც ახლანდელ სიტუაციას განმუხტავს. ოღონდ, ეს არჩევნები საერთაშორისო ზედამხედველობით უნდა ჩატარდეს. მას ახლანდელი "სუსი" და "ცესკო" ვეღარ ჩაატარებენ. ამ ეტაპზე, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა დაკავებული და ყველა ჯარიმა, რომელიც აქციის მონაწილეებს გამოუწერეს, ჩამოწერონ - ეს დაძაბულ სიტუაციას ნაწილობრივ მაინც განმუხტავს. ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ორი მოთხოვნა აქვთ: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ახალი ადმინისტრაციის პირობებში. რამდენიმე თვეში კოალიციურ მთავრობასაც ავირჩევთ და ამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა აღარ იქნება - ამისკენ დიდი წვალებით, მაგრამ მაინც მივდივართ და მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ხათუნა ჩიგოგიძე