მედეა ოქიტაშვილის უნიკალური არქივი
მაგრამ მთელი არსებით უყვარდა თეატრი და ამ სიყვარულმა გახადა ფოტოხელოვანი. ჰობი მოწოდებად გადაიქცა და მისთვის მეორე სამსახური გახდა. ის თითქმის 50 წლის მანძილზე იღებდა სხვადასხვა თეატრის არაერთ სპექტაკლს და დააგროვა უნიკალური არქივი (30 ათასზე მეტი ფოტონეგატივი), რომელმაც წლების წინ ბინა დაიდო რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის თეატრების მუზეუმებში. 20 ნოემბერს ქალბატონ მედეას ასი წელი შეუსრულდებოდა და მისმა ქალიშვილმა, არქიტექტორმა ქეთი ოქიტაშვილმა რუსთაველის თეატრის ფონდში დაცული მედეა ოქიტაშვილის ფოტოებიდან მცირე ნაწილის გამოფენა მოაწყო, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა.
- მედიკო ფოტოებს იღებდა, თავად ამჟღავნებდა და ბეჭდავდა. პატარა ბინაში დარაბებს ვხურავდით ხოლმე, როცა ის ფირებს ამჟღავნებდა. გამოფენისთვის რომ ვემზადებოდი, იმ სახლში მინდოდა გამეკეთებინა პატარა კუთხე, სადაც ადგილს მივუჩენდი ნივთებს, რასაც დღემდე ვინახავ: პატარა „ვანებს“, გამადიდებელს... ის კუთხე ვერ გავაკეთე, მაგრამ სამაგიეროდ, სარდაფში ვიპოვე დედას დაბეჭდილი 7 ფოტო, რომლებიც წარმოდგენილი ჰქონდა თავის ბოლო გამოფენაზე. აღმოჩნდა, რომ ამ სურათებს ზუსტად იგივე ზომა ჰქონდა, რაც ნოემბრის ექსპოზიციის ფოტოებს. შვიდივეს ჩარჩო გავუკეთე და გამოვფინე. სხვათა შორის, ყველა აღნიშნავდა, რომ ის ძველი ფოტოები ბევრად უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე თანამედროვე ციფრული აპარატით გადაღებული.
- რომელი ფოტოაპარატით მუშაობდა და როდის გაუჩნდა სურათების გადაღების სურვილი?
- მისთვის პირველი იყო პატარა ოთხკუთხა კამერა „ლუბიწელი“, რომლითაც 1948 წელს გადაიღო ბაგრატის ტაძარი. შემდეგი იყო ჯვარი... უზომოდ უყვარდა თეატრი. ამბობდა, - თეატრში არ დავიბადე, თორემ აქ გავიზარდეო, ამიტომ სცადა სპექტაკლის გადაღებაც. რახან გამოუვიდა, ეს საქმე აღარც მიუტოვებია. პირველი სპექტაკლი იყო „დონ სეზარ დე ბაზანი“, 1956 წელს გადაიღო რუსთაველის თეატრში. მაშინ ჰქონდა გერმანული აპარატი „პრაქტიფლექსი“, რომელიც ზარბაზანივით ისროდაო. გოგი გეგეჭკორი ერთ ეპიზოდში მღეროდა და იმის გადაღება დააპირა. მსახიობმა დაიწყო სიმღერა: „ასეთი არის ღვინის ბუნება“, დედამ დააჩხაკუნა აპარატი და საშინელი ხმა გაისმა. ეგონათ, იარაღმა გაისროლა და გოგიმ უეცრად შეწყვიტა სიმღერა... კურიოზები ხშირად ხდებოდა. მერე გამოცვალა აპარატი. მახსოვს ჰქონდა ჩვეულებრივი ფოტოაპარატი „კიევი“, ყოველგვარი ავტოზუმისა და "ავტოსპიშკის" გარეშე. სპექტაკლზე „სამანიშვილის დედინაცვალი“ ხელმოტეხილი წავედი, თაბაშირში მქონდა. დედამ გამაფრთხილა, - ავანსცენაზე არ ახვიდე, ორმო თავისუფალიაო, მაგრამ მოუსვენარი ვიყავი და მაინც გავიქეცი. დედა იხსენებდა, სიტყვის დამთავრებაც კი არ დამაცადეო. ავედი კიბეზე და ორმოში ჩავვარდი. დედაჩემის კივილმა თეატრი შეძრა. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი წამომხტარა და ამომიყვანა. სპექტაკლის მერე ეროსის უკითხავს მედიკოსთვის: გოგო, რა იყო, რა მოხდა, ვიღაცამ წივილ-კივილი რომ ატეხაო? დედამ უპასუხა: ჩემი ქეთევანი ჩავარდა ორმოშიო. - ჩვენ კი გვეგონა, პროკლამაციები ჩამოყარესო. 1978 წლის 15 აპრილი იყო და მოგეხსენებათ, ენასთან დაკავშირებით რა დაძაბული ამბები ხდებოდა. ერთხელ „ჭინჭრაქას“ წარმოდგენაზე დავიკარგე, ალბათ, 4 წლისა ვიყავი. დავადე თავი და სადღაც შევედი. იქ თქვეს, ეს მედიკოს შვილი იქნებაო და დედას დაუძახეს.
- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ დედა მხოლოდ სპექტაკლს უყურებდა და ფოტოებს არ იღებდა?
- არასოდეს! მეასე სპექტაკლს ესწრებოდა, პრაგონს, რეპეტიციას თუ პრემიერას - ყველაფერს იღებდა. კარგად მახსოვს ბავშვობიდან, რუსთაველის თეატრის პარტერში გასასვლელი რიგის 13-14, შუა ადგილები გვქონდა ყოველთვის. სცენა კარგად ჩანდა და თან თავისუფლად მოძრაობა შეეძლო დედას. ის იღებდა ფოტოებს საგრიმიოროში, მსახიობების საღამოებს, შეხვედრებს თეატრალურ საზოგადოებაში, თეატრის საიუბილეო გამოფენებს, მსახიობებს თავის სახლებში და მათი თავშეყრისას სხვადასხვა გარემოში.
მისი გადაღებულია ვახტანგ ჭაბუკიანის უკანასკნელი ფოტოები სცენაზე 1968 წლის 28 თებერვალს (27 თებერვალს იყო დაბადებული და იმ წელს შეუსრულდა 58 წელი) გადიოდა „დონ კიხოტი“. სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა ბოლო სპექტაკლი, რადგან 8 აპრილს დაიღუპა ეთერ ჭაბუკიანი და მას მერე ბატონი ვახტანგი სცენაზე აღარ გამოსულა. მედიკოს გადაღებულია ოპერის თეატრის ფარდა, რომელიც მერე დაიწვა. საინტერესო საღამოები იმართებოდა როდამ ქუმსიაშვილის (ნიკო ქუმსიaშვილის ქალიშვილი) სახლში, სადაც დედასთან ერთად მეც ყოველთვის მივდიოდი. მედიკოს კადრებმა აღბეჭდა ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, მიხეილ მამულაშვილი... ვინ აღარ. ასევე, საქართველოში სტუმრად ჩამოსული ხელოვანები. დედაჩემის წყალობით, პატარა ასაკიდან მეც ვარ ფოტოებზე არაერთ მსახიობსა თუ გამოჩენილ პიროვნებასთან ერთად.
- სპექტაკლები, რომელთა ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, მისი ფოტოების საშუალებით „ცოცხლდება“, ეს დიდი საქმეა...
- რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგემ, ქალბატონმა ბელა ჭუმბურიძემ მითხრა: რამდენჯერ დამჭირვებია რაღაც, რისი ჩანაწერიც არ გვაქვს და მითქვამს, მედიკოს არქივში იქნება-მეთქი და იქ მიპოვიაო. თითოეული ჰქონდა დანომრილი და მოქმედებების მიხედვით დაწყობილი, ზოგან პროგრამაც იდო, ამით მსახიობებსაც აღიდგენდი. ერთი სპექტაკლის ყველა ფოტო თანამიმდევრობით რომ დაალაგო, მთელი სპექტაკლი თვალწინ გადაიშლება. ის არ ეძებდა კონკრეტულ კადრს, პროცესს იღებდა, მაშინ „იჭერდა“ მსახიობის გამომეტყველებას და მიზანსცენას, რაც საკმაოდ რთული მისაღწევია.
- ვისთან მეგობრობდა გამორჩეულად?
- ვინც კი ჰყავდა გადაღებული, თითქმის ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ასე გრძელდებოდა ბოლომდე. მის დაბადების დღეზე ყოველთვის მოდიოდნენ ეროსი, გურამ საღარაძე... მაშინ ძველი "ვოლგა" იყო მოდაში და ერთხელაც, მანქანის უკანა სალონიდან გადმოვიდა ერთი, მეორე, მესამე... გეგონებოდა ერთი კარიდან შედიან და მეორიდან გამოდიანო, 6 კაცი გადმოლაგდა. მსახიობები დედასთან ხშირად იკრიბებოდნენ. მედიკოთი არავინ მიმართავდა, ყველა სიყვარულით მედის ეძახდა.
- ქალბატონ მედიკოს რამდენიმე გამოფენა ჰქონდა, რაც მისი ღვაწლის დაფასება იყო. ალბათ, შენახული გაქვთ იმდროინდელი გამოხმაურებები.
- დედას რუსთაველის თეატრში ჰქონდა რამდენჯერმე გამოფენა და მსახიობის სახლში. ბოლო გამოფენა 1975 წელს გაიმართა, მსახიობებმა მისალოცი ალბომი თავად გააკეთეს და გადასცეს. რამდენიმე ტექსტს გაგაცნობთ:
„ძვირფასო მედიკო, გაოცებული და გაოგნებული ვარ შენი კეთილშობილური საქმიანობით. ჩვენი თეატრი არსებობის ბოლომდე მადლიერი იქნება შენი ჯადოქრობით. გმადლობ შენ!“ - ეროსი მანჯგალაძე.
„სულ ასეთი სიყვარულით და ასეთი მონდომებით გაკეთებულიყოს ყველა საქმე“, - გურამ საღარაძე.
„დიდი მადლობა ამ განუსაზღვრელი სიამოვნებისათვის, რომელსაც თქვენ გვანიჭებთ“, - თქვენი მოყვარული და თაყვანისმცემელი მარინა ჯანაშია.
„სასიხარულოა, რომ ქართულ თეატრს თქვენი სახით ჰყავს ასეთი დაუღალავი და ერთგული ადამიანი. უღრმესი მადლობა ამ დიდი შრომისათვის“, - რამაზ ჩხიკვაძე.
„ვაშა, დიდება“, - თემურ ჩხეიძე.
„ლუბლუ, ცელუიუ“ (მიყვარხარ, გკოცნი), - რობერტ სტურუა.
- როგორი იყო მისი ბოლო წლები და როდის გარდაიცვალა?
- ბოლო 12 წელი აღარ მუშაობდა არც ძირითად სამსახურში და ვეღარც მოწოდებით სამსახურს - თეატრს აკითხავდა, ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას. ამას განიცდიდა და ამბობდა, თეატრი მშიაო. ათვალიერებდა თავის გადაღებულ ფოტოებს. 2005 წელს გარდაიცვალა... მთავარი სიყვარულიაო, - ხშირად იმეორებდა და იხსენებდა იმ დროს, როცა ძეგლების სანახავად სატვირთო მანქანებით დადიოდნენ, სადაც ზოგჯერ გრძელი ფიცრებიც კი არ იყო გადებული, რომ დამსხდარიყვნენ და პირდაპირ ძარაზე ვეყარეთო. მაგრამ მაინც მიდიოდნენ, რადგან საკუთარი ქვეყანა და საქმე უყვარდათ.
ნანული ზოტიკიშვილი