თინა სისაური და მისი გზა თიანეთიდან დიდ სცენამდე
თეოლოგმა ვატო ურუშაძემ, თავისი კუთხის წარმომადგენელ თიანელ მსახიობზე - თინა სისაურზე შვილების: თინათინ, ლევან, გიორგი და მაია მიქელაძეების ხელშეწყობითა და მსახიობის ბავშვობის მეგობრის - ზაირა ბერიკიშვილის დახმარებით საინტერესო დეტალები შეაგროვა და გაგვიზიარა. ამავდროულად, ამ მასალის წაკითხვის შემდეგ, ალბათ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, თუ ვინაა ასახული ცნობილ ფოტოზე, ბელა მირიანაშვილსა და გურანდა გაბუნიას შორის, სამ ქალბატონთაგან ერთ-ერთი სწორედ თინათინ სისაურია.
ვატო ურუშაძე:
- თინა სისაური თიანეთში, 1939 წლის 16 აპრილს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს 6 შვილი ჰყავდათ: 5 გოგონა და 1 ბიჭი. 6 დედმამიშვილიდან ყველა მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული. თიანეთის კლუბში ხშირად ისმოდა სისაურების დიდი ოჯახის სიმღერა. თინას განსაკუთრებული მუსიკალური მეხსიერება ჰქონდა, რაც სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს. უკვე ხანში შესულს იმაზე ეცინებოდა, რომ ბავშვობაში ნასწავლი, ძველი კომუნისტური სიმღერები დეტალურად ახსოვდა.
- ვინ იყვნენ მისი მშობლები?
- მამა - შალვა სისაური მწყემსი იყო, რომელიც ამ საქმეს 13 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მისდევდა. ცხვარში მწყემსებს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ და აქ განსაკუთრებული პრივილეგიით "მცნობარი" სარგებლობს. ეს მწყემსის იშვიათი ნიჭია, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ამ კონკრეტულ პიროვნებას შეუძლია ერთი შეხედვით იცნოს, თუ რომელი ცხვრის შვილია ნებისმიერი ბატკანი. შალვა სისაური სწორედ ამ უნარით იყო დაჯილდოებული. გარდა ამისა, ჰქონდა მუსიკალური ნიჭი და ფანდურზეც კარგად უკრავდა. ის ღრმად მოხუცებული, 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა.
დედა - სოფიო (სონა) ქაშიაშვილი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ზრუნავდა თავის დიდ ოჯახზე. ძალიან ტრადიციული და განათებული ქალი გახლდათ. რძის დამუშავების დროს, როცა ხელები სადღვებლით ჰქონდა დაკავებული, პარალელურად გვერდით წიგნი ედო და კითხულობდა.
- რა არის ცნობილი თინას ბავშვობაზე?
- თინა ბავშვობიდან ხევსურისთვის დამახასიათებელი მტკიცე და უდრეკი ხასიათით გამოირჩეოდა, რის გამოც მეტსახელად "შავ მგელს" ეძახდნენ.
სკოლაში 5 წლისა შეიყვანეს, რისი მიზეზიც მისი განუყრელი მეგობარი ზაირა ბერიკიშვილი გახდა. თინა მასზე ერთი წლით უმცროსი იყო და როცა ზაირა პირველ კლასში შევიდა, თინამ კატეგორიულად მოითხოვა, მეგობართან ერთად ისიც წაეყვანათ სკოლაში. მშობლები იძულებული გახდნენ, შვილის მოთხოვნა შეესრულებინათ და ბავშვს სწავლა ერთი წლით ადრე დაეწყო. თინა და ზაირა მთელი ცხოვრება განუყრელ მეგობრებად დარჩნენ. რაც შეეხება სკოლას, თინა სისაურს ისეთ მასწავლებლებთან მოუწია ურთიერთობამ, როგორებიც იყვნენ: რუსუდან გელოვანი (მირზა გელოვანის და), ვარა ხარანაული (ბესიკ ხარანაულის დედა)...
თინას უდრეკი ხასიათის დასტურია შემდეგი ამბავი: როგორც მეცხვარეს ოჯახს, სახლში ყოველთვის ბევრი ბატკანი ჰყავდათ და მინდორში მათი საბალახოდ წაყვანა ხშირად თინას ევალებოდა. ცხვრების სამწყემსად წასულს, თან სხვადასხვა ლიტერატურა მიჰქონდა და ასევე, მუსიკის თეორიას მეცადინეობდა. ერთ დღეს სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინეს, რომ ფარას ერთი ბატკანი აკლდა. თინას გაუჯავრდნენ: როგორც ჩანს, თამაშობდი, ყურადღება არ მიაქციე და ამიტომაც დაგეკარგაო. ეს ამბავი თინამ ძალიან განიცადა და რადგანაც ბატკნის დაკარგვით ოჯახი აზარალა, თავი დაისაჯა, გადაწყვიტა რამდენიმე დღე საჭმელი არ ეჭამა და დანაკლისი ამ გზით "აენაზღაურებინა".
- პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთა?
- სკოლის დამთავრების შემდეგ, მსახიობობა გადაწყვიტა. მის ოჯახს ერთი ნათესავი პროფესიონალი მსახიობი ჰყავდა და ალბათ, ამანაც განაპირობა მისი არჩევანი.
16 წლის ასაკში სკოლა რომ დაამთავრა, სამსახიობოზე ჩააბარა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მსახიობის პროფესიას საზოგადოების დიდი ნაწილი კარგი თვალით არ უყურებდა, განსაკუთრებით, როცა ქალი მიდიოდა ამ მიმართულებით, მაგრამ თინა სისაურის გადაწყვეტილებას წინ ვერავინ დაუდგებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ხალხის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრა ძალიან რთული იყო. იმხანად იქ ძირითადად გავლენიანი ოჯახის შვილები სწავლობდნენ, მაგრამ თინას იმდენად მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა, სასურველ სასწავლებელში მოხვედრა მაინც შეძლო და სტუდენტობის წლებში, სტიპენდიატი გახლდათ. მას რუსთაველის თეატრში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, სადიპლომო სპექტაკლის დროს მცირე გაუგებრობა მოხდა. განხილვისას თქვეს, რომ თინამ რეპლიკა არასწორად წარმოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე იმ სტუდენტთა შორის იყო შერჩეული, ვინც რუსთაველის თეატრში მსახიობი უნდა გამხდარიყო, ეს ფაქტი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მას თავის მართლება არ დაუწყია და ამ მიზეზით ჯგუფიდან ამოვარდა.
- სად გადადგა პირველი ნაბიჯები დიდ სცენაზე?
- 1958-1968 წლებში აკაკი ვასაძე ქუთაისში მოღვაწეობდა, სადაც მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. ის მსახიობებს ქუთაისის თეატრისთვის აგროვებდა. თინა სისაური იმ ჯგუფშიც ჩაეწერა და თბილისიდან იმერეთის დედაქალაქში გადავიდა, სადაც მალევე პრიმა მსახიობი და წამყვანი როლების შემსრულებელი გახდა. მსახიობობის პარალელურად, იქვე ქუთაისის მუსიკალურ ტექნიკუმში ჩააბარა.
მიხეილ თუმანიშვილმა სპექტაკლის "მედეა" დადგმა რომ გადაწყვიტა, ამ პერსონაჟის შესასრულებლად მსახიობს ეძებდა და ლამის მთელი საქართველოს თეატრები შემოიარა. შეარჩია კიდეც თინა სისაური. რეჟისორმა ის დაარწმუნა ქუთაისის თეატრისთვის თავი დაენებებინა და თბილისში, რუსთაველის თეატრში წაიყვანა. იმ დროს სპექტაკლებს თუ ცალკეულ როლებს ცენტრალური კომიტეტი ამტკიცებდა. კომიტეტში "მედეას" დადგმაზე უარი განაცხადეს, რადგან ჩათვალეს, რომ ძალიან ნაციონალური სულისკვეთების ნაწარმოები იყო. ასე რომ, ის სპექტაკლი, რის გამოც თინა ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა, არ შედგა და მას კიდევ ერთხელ შეეშალა ხელი, რომ რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გამხდარიყო.
- როგორ აგრძელებს მსახიობი თბილისში ცხოვრებას?
- თინა სისაურმა სწავლა კონსერვატორიაში დაიწყო. დედაქალაქში პატარა ბინა იქირავა. ბუნებრივია, რომ პროფესიულ ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო შემთხვევის გამო, დათრგუნვილიც იყო. ისე გავიდა რამდენიმე დღე, განუყრელ მეგობარს, ზაირა ბერიკიშვილს არ შეეხმიანა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა. ზაირა მიხვდა, თინას რაღაც უჭირდა და მეგობრის სანახავად თავად წავიდა. იქ მისულს მეგობარი შეუძლოდ დახვდა, გარდა ამისა, ნაქირავებ ბინაში ძალიან ცუდი პირობები, ნესტი და სიცივე იყო. ამის გამო, ზაირამ თინა დაუყოვნებლივ, თავისთან გადაიყვანა.
იმ დროისთვის ზაირა ბერიკიშვილი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა და შესაბამისად, მის ძირითად სამეგობრო წრეს ფიზიკოსები წარმოადგენდნენ. მათ შორის გამორჩეული იყო ლევან მიქელაძე, რომელიც თავის კოლეგას ხშირად სტუმრობდა. სწორედ მეგობრის ბინაში გაიცნო თინამ თავის მომავალი მეუღლე ლევან მიქელაძე. დაოჯახებისას თინა 32 წლის იყო და თბილისის კონსერვატორიაში ვოკალის მიმართულებით სწავლობდა. მისი დიდი სურვილი იყო ლა-სკალაში ემღერა და ამიტომ, სწავლას დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა, მეტიც, გამოცდა რომ არ ჩაეგდო, მშობიარობიდან რამდენიმე დღეში სამშობიაროდან გაიპარა. მაშინ ახალნამშობიარევ ქალს, იქ თითქმის კვირა ტოვებდნენ, ამიტომ ღობეზე გადაიპარა და ამ გზით კონსერვატორიაში მაინც მივიდა.
- კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად, სისაური 1964 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობად ითვლებოდა. 2019 წელს გარდაცვლილა და ამ ცნობას რუსთაველის ეროვნული თეატრის გვერდზე წავაწყდი...
- დიახ და იქ არაერთი როლი აქვს შესრულებული. მოგვიანებით, როცა რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი "ანტიგონე" იდგმებოდა, ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი როლი თინა სისაურს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვინაიდან ზინა კვერენჩხილაძე დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა, ამიტომ მას მიაკუთვნეს, ხოლო თინას იმავე სპექტაკლში მხევალი ქალის როლი ერგო. ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო, კარიერაზე ორიენტირებულს გარკვეული ზღვარისთვის რომ გადაებიჯებინა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე პრინციპულად პატიოსანი დარჩა, იმდენად, რომ ერთხელ, სუფრაზე რობერტ სტურუას უთქვამს, წესიერება და პატიოსნება ფული რომ ღირდეს, თინა სისაური მილიონერი იქნებოდაო.
- როგორც ჩანს, თიანეთშიც ხშირად ჩადიოდა...
- რასაკვირველია. თინა ცხოვრების ბოლომდე ძალიან ძლიერ პიროვნებად დარჩა. ხშირად ამბობდა, რომ შეუძლებელი არაფერია. საინტერესოა, რომ ის სახლში კაცის საქმესაც ხშირად ასრულებდა. თიანეთის სახლის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, ფაქტობრივად, ყველა ქვა და აგური მისი ხელით არის დადებული. წყლის შემოსაყვანი თხრილებიც თავადვე გათხარა და ზოგადად, ნებისმიერ საქმეს, სირთულის მიუხედავად, დაუბრკოლებლად ასრულებდა.
ამ ყველაფრის გარდა, თინა სისაურს კიდევ ერთი საინტერესო "პროფესია" ჰქონდა. დედამისის მსგავსად, ძალიან უყვარდა კითხვა და საინტერესო მოსაუბრეც იყო, რის გამოც "ფსიქოლოგის" ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული. მის "კაბინეტს" სამზარეულო წარმოადგენდა, სადაც დიდ დროს ატარებდა, ბევრ ადამიანს მასპინძლობდა, ძირითადად სამეზობლოდან, რომლებიც თავიანთ ამბებს უყვებოდნენ, საუბრის შემდეგ, თინას "სამზარეულო-კაბინეტს", "ფსიქოლოგიური სეანსით" აღფრთოვანებულები ტოვებდნენ.
მტკიცე ხასიათთან ერთად, განსაკუთრებით ერთგული და თავდადებული ყოფილა მეგობრებისთვისაც. მისი უახლოესი მეგობარი და ცნობილი მსახიობი ბელა მირიანაშვილი მძიმე სენით რომ დაავადდა, თინა ბელასთან მის მოსავლელად გადავიდა. მთელ დროს თავდაუზოგავ, უანგარო დახმარებაში ატარებდა და ასე გაგრძელდა მეგობრის გარდაცვალებამდე. ზაფხულობით ბელა, მისი მეუღლე კახი კავსაძე და შვილი, თავისთან თიანეთში მიჰყავდა და ასე ზრუნავდა ბელა მირიანაშვილზე მის უკანასკნელ დღემდე...
ანა კალანდაძე