"ჯართს ვიბარებ, ჯართს!" - გზაპრესი

"ჯართს ვიბარებ, ჯართს!"

თვლა ამერია, წინადღეს პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერ გაიმეორა ეს ტერმინი. Dეეპ შტატე არის დასავლური შეთქმულების თეორია იმის შესახებ, რომ რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად, აშშ იმართება არა ოფიციალური, არამედ ფარული ხელისუფლების მიერ, რომელიც ჩაბუდებულია სხვადასხვა უწყებაში, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებში და ა.შ. ვითომ სწორედ ისინი იღებენ მთავარ გადაწყვეტილებებს ან გავლენას ახდენენ ოფიციალურ მთავრობაზე.

ეს ახალი ტერმინი იმიტომ შემოაგდეს, რომ ტრამპის იმედიც აღარ აქვთ. ადრე ხომ გვეუბნებოდნენ 20 იანვრის მერე ყველაფერი დალაგდებაო? ახლა გვითხრეს, დიდ იმედებსაც ნუ დავამყარებთ ტრამპზე. თუ ტრამპი Deep State-ს დაამარცხებს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, თუ ვერა, მაშინ იგივე გაგრძელდება და ამისთვისაც მზად ვართო.

და რისთვის არიან მზად? იმისთვის, რომ კიდევ დიდხანს იყოს ქვეყანა დასავლეთთან დაპირისპირებული და ნელ-ნელა ცივილიზებულ სამყაროს ჩამოშორდეს? და რის გამო ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ბიძინამ სამუდამოდ შეინარჩუნოს ხელისუფლება? უკვე დასანქცირებული შს მინისტრი გვყავს. მალე ეს სია შეიძლება გაფართოვდეს და სრულ იზოლაციაში მოექცეს ქვეყნის ხელისუფლება. მერე ვინღა იქნება ჩვენი მეგობარი? რუსეთი და ჩინეთი? ანუ ამისკენ მივდიოდით 30 წელი? ამისთვის ვიბრძოდით?

გომელაურის დასანქცირების შესახებ რომ გავიგე, ვიფიქრე, კომპენსაციის მიზნით მას ივანიშვილი ალბათ, ბევრ ფულს აჩუქებს-მეთქი. კობახიძემ კი გვითხრა, თქვენს ფულს მივცემთ, ანუ ბიუჯეტიდან ავუნაზღაურებთ ზარალსო.

აი, ასე, თან ჩვენს ახალგაზრდებს სცემენ ქუჩაში და თან ამისთვის ფული ჩვენ უნდა ვუხადოთ. ქართულმა პოლიციამ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმმა სახელი გაუტეხა (უამრავი პატიმარი ჰყვება, რომ ნივთები მოჰპარეს), მის მიმართ ამ დღეებში საზოგადოებაში გაჩენილ ზიზღს რა უნდა უყოს? ეს ზიზღი ხომ კარგა ხანს აღარ გაქრება.

მოგეხსენებათ, სერბეთშიც აქციებია მთავრობის წინააღმდეგ და აი, რას ამბობს ვუჩიჩი: "საპროტესტო მოძრაობა უცხოური ძალების მიერაა დაფინანსებული". ვუჩიჩის თქმით, არ დაემორჩილება ოპოზიციის მოთხოვნებს გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ოპონენტები სტუდენტების გამოყენებაში დაადანაშაულა. "ჩვენ ისევ დავამარცხებთ მათ. ოპოზიციამ არ იცის, რა გააკეთოს, გარდა იმისა, რომ გამოიყენოს ვიღაცის შვილები", - განაცხადა ვუჩიჩმა.

ხომ არ გეცნობათ არგუმენტები? ყველა პრორუსული ხელისუფლება ერთსა და იმავეს იმეორებს, ეს არგუმენტებიც ალბათ ერთ ადგილზე იწერება.

გახსოვთ, "ქოცები" რუსთაველზე გეი-აღლუმებს რომ აანონსებდნენ? ჰოდა, "შავლეგო" და "ხორუმი" მიიღეს. ასევე მიიღეს 100 000 ადამიანი ქუჩაში. კობახიძე და მდინარაძე კი გაიძახიან, 800 კაცი იყო, 1000 კაცი ძლივს შეკრიბესო, მაგრამ....

როდესაც კობახიძე და მდინარაძე აქციების მონაწილეთა რაოდენობაზე სასაცილო ციფრებს ასახელებენ, მათი სამიზნე მათივე ამომრჩეველია. იტყუებიან, რომ აქციებზე ცოტა ხალხი დადის, რადგან ეშინიათ, მათ ამომრჩეველში შიში არ გაჩნდეს, მათი დამხობის შიში და ეს აქვთ ქცეული მთავარ სტრატეგიად.

"ქოცები" ამისთვის ძალას არ იშურებენ. ამ საქმეში პრემიერიც კი ჰყავთ ჩართული. სქემა ასე მუშაობს: ამ ტყუილს ვიზუალურად ამაგრებს "იმედის" დრონი, რომლითაც აქციების დაწყებამდე იღებენ კადრებს, როცა რამდენიმე ადამიანია ჯერ მოსული და იმას ატრიალებენ მთელი დღე, ვითომ "ლაივია" ან აქციის კუდს იღებენ, სადაც ცოტა ხალხი დგას. მოკლედ, ჩვეულებრივად აყალბებენ რეალობას. მეორე დილით გამოდის პრემიერი ან მდინარაძე და ამ ვიზუალურ ტყუილს ვერბალურად ამაგრებს. ალბათ იკითხავთ, კი, მაგრამ, ამ ხალხს ხომ შეუძლია ოპოზიციურ არხებზე გადართოსო? უმეტესობა არც რთავს, რადგან ოპოარხები ეზიზღებათ. ვინც შემთხვევით გადართავს, მაგათთვისაც აქვთ მოფიქრებული პასუხი: სინამდვილეს ოპომედიები აყალბებენო. წინადღეს პრემიერმა თქვა: ისე გაუჭირდათ, ძველ კადრებს ატრიალებენო. მდინარაძემ დღეს თქვა, ვიღაც ფოტოგრაფი რომ ჰყავთ, ის ფოტოშოპით ამატებს ხალხსო და ა.შ.

მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ამომრჩეველს თვალები აუხვიონ, ილუზიაში ამყოფონ. არ ვიცი, რამდენად გამოსდით ეს, მაგრამ აქ ზოგიერთ "ქოცს" რომ ვუყურებ, არაფერი გამიკვირდება.

ან სიტყვა "ბულინგი" რომ არ არსებულიყო, თქვენი აზრით, "ქოცებს" რა ეშველებოდათ? ალბათ, თავად მოიგონებდნენ. კიდევ ერთი ტერმინი უყვართ: "ლიბერალური ფაშიზმი". განსხვავებულ აზრს ვერ იტანთო. რა არის განსხვავებული აზრი, ავტორიტარიზმის დამყარება ქვეყანაში, დემოკრატიის შეზღუდვა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერებაა განსხვავებული აზრი? განსხვავებული აზრი მაშინ იქნებოდა, ძალაუფლებაში რომ არ იყოთ, ამ ყველაფერს პრაქტიკაში არ ახორციელებდეთ და უბრალოდ, იდეები გქონდეთ სულელური, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს აკეთებთ და ქვეყანას ღუპავთ - ეს განსხვავებული აზრი როგორაა?

ახლა იქამდე მივიდნენ, რომ პრეზიდენტს პრემიერი დაჭერით ემუქრება და ეს ყოფილა განსხვავებული აზრი. ამ დღეებში თბილისის ქუჩებში აქციის მონაწილეებმა ბევრი მარში ჩაატარეს და ერთ დღეს აუცილებლად უნდა მოეწყოს იმათი მარში, უბნებში რომ დადიან ძახილით: "ჯართს ვიბარებ, ჯართს!"

რუსთაველზე მათი ჩამოვლა ყველაზე სიმბოლური იქნება.