ორპრეზიდენტიანობა საქართველოში და ორი გზა, რომელიც ერთ მიზნამდე მიდის
ყველა დიდი ინტერესით ელოდება დღეს, როდესაც მმართველი პარტია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას იზეიმებს, ამ დრომდე მოქმედი პრეზიდენტი კი უარს იტყვის პოსტის დატოვებაზე. ცნობისათვის: პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის 29 დეკემბრის შემდეგაც პრეზიდენტი იქნება და გააგრძელებს ხალხის მსახურებას.
"29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქით, ხან აქეთ. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან, და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ ან ეს არის მცდელობა, რომ მე ვთქვა "აბა, რა". მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი ჯგუფიდან, რომ "აბა, რა, დავიცავთ პრეზიდენტს", მაგრამ დასაცავიც არა ვარ, არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები 29-ის მერე, როგორ ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით, და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს. ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება და "ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად".
რა შეიძლება მოხდეს 29 დეკემბერს ან მანამდე? პროცესების შემდგომ განვითარებასა და უჩვეულო ახალ წელზე უფრო მეტს ეკა ბესელია გვეტყვის.
- ჩვენ დღეს რთული მოცემულობის წინაშე ვდგავართ. ხელისუფლება რომ აგონიაშია, ეს იმ დღეს გამოჩნდა, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე მყოფ ხალხთან გასვლა და მისთვის სიტყვით მიმართვა გადაწყვიტა. კობახიძის შიში უკვე კომიკურ სანახაობად გადაიქცა. არასდროს დამავიწყდება, როდესაც მისი ბრძანებით ის მიკროფონი დააპატიმრეს, რომლითაც პრეზიდენტს ხალხისთვის უნდა მიემართა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში ძალიან ღრმა კრიზისია. კომიკურ ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან სწორი სვლა გააკეთა, მან "ქართული ოცნება" პრაქტიკულად, ყველანაირი დემაგოგიისა და პროპაგანდისგან განაიარაღა და ბიძინა ივანიშვილი ფაქტის წინაშე დააყენა. პრეზიდენტის შეთავაზება ასეთია, - მოდი, დავილაპარაკოთ ახალი არჩევნების თარიღსა და პირობებზე. ეს არის ღია ხაზგასმა იმისა, თუ ვის უნდა მშვიდობა ამ ქვეყანაში და დემოკრატიული ცვლილებებით ხელისუფლების ფორმირება. ეს ასევე არის ხაზგასმა იმისა, თუ ვინ არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი. ახლა ვეღარანაირი პროპაგანდა - ათი "ტელეიმედი" და ოცდაათი "პოსტივიც" კი ვეღარ უშველის ივანიშვილს, იმიტომ, რომ საკითხი ძალიან ღიად დგას. ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ბიზნესმენებიც კი (ყველა არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი) ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია. მათ, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ცხადად დაინახეს, რომ არის საშიშროება, ქვეყანაც თავზე დაემხოთ და ბიზნესიც.
- როგორ წარმოგიდგენიათ - ბიძინა ივანიშვილი მიიღებს სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას და ორბელიანების სასახლეში ესტუმრება ახალი არჩევნების შესახებ სასაუბროდ?
- შეიძლება ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი არ გადადგას, იმასაც ვვარაუდობ, რომ ალბათ 29 დეკემბერს ძალის დემონსტრირებასაც შეეცდებიან, თუმცა, იძულებული გახდებიან, უკან დაიხიონ. ვფიქრობ, ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაც გარდაუვალია, ამის გარეშე შემდგომი ნაბიჯების გადადგმა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ გარდამავალი ეტაპისთვის და უნდა მოვემზადოთ ახალი არჩევნებისთვის.
- რას გულისხმობთ, როდესაც ახალი არჩევნებისთვის მზადებაზე საუბრობთ და რა ფუნქცია ექნება საბჭოს, რომლის შექმნის შესახებაც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა?
- ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამ საბჭოს მანდატი იქნება ახალი არჩევნების მომზადება. პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად ვმუშაობთ დოკუმენტზე, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობას, რომელიც მინიმალურია იმისათვის, რომ ძალიან მალე ჩატარდეს არჩევნები. შემდეგ იქნება მუშაობა იმისათვის, რომ ყველა კუთხით და შესაძლო მიმართულებით მოვემზადოთ. აქ იქნება ძალიან კონკრეტული საკითხები. პირველ რიგში, ეს შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას: უნდა შეირჩეს სანდო ჯგუფი, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩაიბარებს ადმინისტრირების პროცესს. ასევე არის საკითხები, რომლებიც უკვე მუშავდება, ეს ეხება ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზებას. ძალოვანი უწყებები სრულიად უნდა გაემიჯნონ პოლიტიკას და აღარ მოახდინონ გავლენა არჩევნებზე. რაც მთავარია, სასამართლო უნდა გახდეს აპოლიტიკური. ეს არის ის კომპლექსური საკითხები, რომლებზე ფიქრი არჩევნების დანიშვნისას არ უნდა დავიწყოთ, იმ პერიოდისთვის ეს ყველაფერი უკვე მოწესრიგებული უნდა იყოს. და რაც ყველაზე მთავარია, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობებში. სხვათა შორის, ამ კვირაში ჩვენ სამართლებრივი დახმარების მექანიზმებსაც გავაძლიერებთ, იურისტების მონაწილეობით.
- რა გაძლევთ იმის იმედს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დაეთანხმება ახალ არჩევნებს?
- ბიძინა ივანიშვილს ამ რთული სიტუაციიდან გამოსავლის ორი გზა აქვს, ორივე გზა ახალ არჩევნებამდე მიდის. როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, კრიზისიდან გამოსვლის მოკლე და მშვიდობიანი გზა მოლაპარაკებაა, მაგრამ, თუ ის ამას არ გააკეთებს, მუდმივი და დაუღალავი პროტესტით საბოლოოდ მაინც ამ გადაწყვეტილებამდე მივალთ. არავინ დაუშვებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი სახიფათო გეგმა შეასრულოს, უბრალოდ, ვრცელ და დაუღალავ პროტესტს საბოლოოდ აუცილებლად მოჰყვება რეჟიმის ჩამოშლა და ის შეიძლება ძალზე მტკივნეული იყოს ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი - "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის. სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლება არ ესმოდეს ივანიშვილს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ მეორე გზამ. ჩვენ კი მზად უნდა ვiყოთ ნებისმიერი შემთხვევისთვის - სწრაფად დაგვიდგება შედეგი თუ ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მივაღწევთ მიზანს.
- მმართველი გუნდის ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არ მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ან თუნდაც მისი წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილთან დიალოგისა და ხელახალი არჩევნებისთვის იყოს მზად.
- როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, ორი სხვადასხვა ივანიშვილი წარმომიდგება თვალწინ: ერთი, რომელსაც ვიცნობდი; მეგონა, რომ კრიზისულ ვითარებაში უკან დახევის რესურსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა სულ სხვა რეალობის წინაშე დამაყენა: დიახ, დღეს არსებული მოცემულობა მაფიქრებინებს, რომ ივანიშვილმა მეორე - ქვეყნისა და მისთვის დამაზიანებელი გზა აირჩია. სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ სცენარი ყველაზე ცუდი ვერსიით გაგრძელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ იქნება აქციის მონაწილეების დარბევა, ხალხის აწიოკება და უსამართლობა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ცუდი სცენარი, მით უფრო ცუდი დასასრული ექნება "ქართული ოცნებისთვის". როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილს არ სცოდნია, რომ ქართველი ხალხი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური მექანიზმებით მოქმედებს, განსხვავებული კულტურის მქონე ხალხია და რუსეთში შემუშავებული მეთოდები აქ არ ამართლებს.
- მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ სად ან როგორ ხედავთ სალომე ზურაბიშვილს?
- ყველაფერი ცხადი და მარტივია. პრეზიდენტის მიმართ სანდოობას და მის ლეგიტიმაციას ორი ფაქტორი განაპირობებს: ერთი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებაა, რომელიც ივანიშვილის მიერ დანიშნულ ყაველაშვილს არ ექნება, და მეორე ფაქტორი - ხალხის ნდობა, საერთაშორისო აღიარებაა; არც ესენი აქვს ყაველაშვილს. ეს ნიშნავს, რომ სადაც უნდა იყოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში თუ რუსთაველზე იდგება, მხოლოდ მას ექნება ლეგიტიმაცია, ხალხის სიყვარული და საერთაშორისო აღიარება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, როგორც ევროკავშირიდან, ასევე ამერიკიდან, ამბობენ, რომ ამ ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია და ისინი მხოლოდ მას დაელაპარაკებიან. ეს არის ის მოცემულობა, რომლის ფარგლებშიც სალომე ზურაბიშვილი გააგრძელებს თავის საკონსტიტუციო სტატუსის ქვეშ მოქმედებას, და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქვეყანა კონსტიტუციურ ფარგლებში არ დაბრუნდება.
- როგორი იყო სალომე ზურაბიშვილის რეაქცია, როდესაც პრემიერი კობახიძე მას დაპატიმრებით დაემუქრა, და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით?
- ირაკლი კობახიძეს შეუძლია, ამაზე მხოლოდ იოცნებოს, ჩვენ სასაცილოდაც არ გვყოფნის მისი საუბარი - ჩვენ ამას მუქარასაც ვერ დავარქმევთ. ვინ სად აღმოჩნდება, მომავალი გვიჩვენებს...
ხათუნა ბახტურიძე