რა ლექსი წაიკითხა თიანელმა მოლექსემ ფილარმონიაში გამართულ ხალხური პოეზიის საღამოზე
"ჰე, ჩემო ლექსო, გაფრინდი,/ დათესე სიბრძნის ვარდები,/ ვისმე თუ რასმე ასწავლი,/ უშნოდ არ დაიკარგები,/ ხალხს და სამშობლოს თუ არგებ,/ ორივეს შეუყვარდები", - ლექსის ავტორი გახლავთ ცნობილი მოლექსე და მოკაფიავე იოსებ გარაშვილი. მისი ლექსები დღესაც ხალხშია გაბნეული და ზეპირად იციან. ის იყო ვახუშტი კოტეტიშვილის მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოს მონაწილე. ბატონ იოსებზე საუბრობს მისი ქალიშვილი მზია გარაშვილი-ფიფია.
- მამაჩემი ფშავის ერთ-ერთ ლამაზ და მშვენიერ კუთხეში, თიანეთის რაიონის სოფელ ბაფხისხევში დაიბადა 1924 წლის 16 იანვარს, მეტსახელი ჰქონდა "ბოკოლიკი". ექვს წლამდე იქ იზრდებოდა, შემდეგ ჩამოსახლდნენ სოფელ არტანში, იყიდეს ელიბო მინდოდაურისგან სახლი, რომელშიც მისცეს 6 ძროხა. ეს სახლი დღესაც დგას. მამამ არტანში ისწავლა 4 კლასი, სწავლა გააგრძელა სოფელ ახალსოფლის შვიდწლიან სკოლაში, მერე გადაიყვანეს ბარისახოს სკოლა-ინტერნატში და ერთი წლის შემდეგ, მეცხრე კლასიდან სწავლა გააგრძელა თიანეთში.
სამამულო ომი დაიწყო და ფერმის გამგემ ომში არ გაუშვა საუკეთესო მცნობარი (მცნობელი) - სამასი სული ძროხიდან ყველა ხბოს ცნობდა, თუ რომელი ძროხისა იყო. 4-5 წელი შირაქში მუშაობდა. 1948 წელს დაოჯახდა. ისევ გამოიძახეს ჯარში, მაგრამ კვლავ არ წავიდა, რადგან ყიზლარში ბატკნების საუკეთესო მცნობარად ითვლებოდა. 1950 წელს სოფელ არტნიდან გადმოსახლდა ცოლ-შვილით თიანეთის რაიონში და დაიწყო მუშაობა რაიონის საავადმყოფოში ბონიფიკატორად. ხშირად უწევდა სოფლებში სიარული, სწამლავდა ჭაობებსა და გუბურებს. ველოსიპედით დადიოდა და ბევრს მუშაობდა. უმაღლესში სწავლის გაგრძელება უნდოდა და 1951 წელს თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიტანა საბუთები, მაგრამ ვერ ჩაირიცხა. ამის შემდეგ სულ თიანეთში ცხოვრობდა და ლექსებს წერდა. თავის ყოფაზე ასეთი ლექსი დაწერა (შემოკლებული ვარიანტია): "სულ სხვა სად უნდა ვალექსო,/ ვთქვა ერთხელ ჩემი თავისა,/ მეოცდაშვიდე წელია,/ მუხლი არ მამიხრავისა,/ ჭაობებს ვაშრობ, ბუზებს ვხოც,/ სხვას ედარდება რა ვისა..."
ერთ ზაფხულს მამის სახლში ვიყავი თიანეთში, როცა საპატიო სტუმრები გვეწვივნენ - ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული. მათ ბევრი ილექსეს, კაფიები ჩაიწერეს და წავიდნენ. მამა მიიწვიეს ფილარმონიაში, ის სიხარულით ჩამოვიდა და მონაწილეობა მიიღო იმ შესანიშნავ საღამოზე, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში. ეს იყო 1982 წლის 23 ივლისი. მამის ნათქვამი ლექსი, რომელიც მიუძღვნა პოეზიის საღამოს: "ოცდათორმეტი წელია,/ რაც ვებრძვი მალარიასა,/ ვუცქერი მირზას ცხრაკარას,/ ივრის ჩანჩქერს და ნიავსა./ მინდა, რომ გითხრათ მადლობა,/ უცხოს და თავისიანსა,/ ვინც დასდო დიდი ამაგი,/ სახალხო პოეზიასა./ ვახუშტი კოტეტიშვილსა/ დიდ მშრომელ ადამიანსა,/ ალექსი შატილიონსა/ არწივსა მხარ-კვერიანსა,/ მეცნიერების მემკვიდრეს,/ ძვირფას შანიძე მზიასა,/ ყველას - სტუმარს და მასპინძელს,/ მოლექსეს, ენა წყლიანსა", - იოსებ ივრისპირელი. ზოგჯერ ამ ფსევდონიმით წერდა მამა ლექსებს.
ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა თიანეთის ყველა სოფელში და იცნობდნენ, როგორც კარგ მოლექსეს და მოკაფიავეს. ყველა ნაცნობსა თუ მეგობარს ლექსად მოიკითხავდა ხოლმე. ქორწილებში თამადად ეპატიჟებოდნენ და მთელი სუფრა სულ ლექსობით მიჰყავდა. ფშავლებში მაშინ ასეთი წესი იყო. მიცვალებულის დაკრძალვის წინ ლექსად მოუთხრობდნენ გარდაცვლილის თავგადასავალს, სადაც აღწერილი იქნებოდა იმ პიროვნების ცხოვრება. მსგავს ლექსებს მამაჩემს ხშირად აწერინებდნენ. არის მაგალითად, ლექსი - მარიამ კუდიანაშვილის ხსოვნას, ვ. აბრამიშვილის ხსოვნას და სხვა. ჰყავდა ერთი კარგი მეგობარი და მოლექსე შუღარა ფოლადიშვილი. ამოიყვანდა მამაჩემი შუღარას ჩვენთან სახლში და ერთ ბოთლ არაყზე ლექსობდნენ მთელი ღამე. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კაფიაობაში და თან ფშაურად შეამღერებდნენ. უყვარდა, როცა ფორტეპიანოზე ვუკრავდი და "მოდი, ჩემო ქალავ, თუშური დამიკარო", - მეტყოდა ხოლმე. მეც მიხაროდა და ვუკრავდი, სანამ არ მომწყინდებოდა. "გაუმარჯოს სახლ-ბინას,/ ამ შკაფსა და განჯინას,/ არ ვის არ მოვწყინდებით,/ აქ რომ ვიჯდეთ სამ კვირას,/ და თუ ვინმე გაბრაზდება,/ დაე, დადგეს თავყირა".
მამაჩემს ხშირად ეუბნებოდნენ - ნუ სვამ იოსებ, ცოდვა ხარო. ის კი ამისთანა პასუხს აძლევდა: "ამას იტყოდა ივრელი,/ ბევრი ტანჯვისა მხილველი,/ სულ ასე ლოთობს ქვეყანა,/ მე ხომ არა ვარ პირველი./ ჩემსას ვსვამ, თქვენსას ხომ არა,/ რა ნახეთ გასაკვირველი". მამა ძალიან კარგად უკრავდა და მღეროდა ჩონგურზე. მშვენიერი, წკრიალა ხმა ჰქონდა. რაიონში ყოველ წელიწადს იმართებოდა ვაჟაობა. მამაჩემი მონაწილეობდა ჭიდაობასა და დოღში და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. მკვირცხლი და მოქნილი კაცი იყო. ერთხელ ახლობელმა გამოუგზავნა ტელეგრამა, სადაც ნათესავის გარდაცვალებას ატყობინებდნენ. იოსებმა გადააბრუნა ტელეგრამა და უკან მიაწერა: "ვაი, მაგიკვდა სიდედრი,/ მე ვერ დავიწყებ სირბილსა./ ღმერთმა მალევე შეგასწროს,/ ჩემი სიდედრის სიკვდილსა".
განსაკუთრებით აწუხებდა, როცა რაიონში რამე ფუჭდებოდა და რაც გასაკეთებელი იყო, ის საქმე ჭიანურდებოდა. გაზეთში "ახალი თიანეთი" მამას რამდენჯერმე დაუბეჭდეს "საახალწლო წკიპურტები". ერთი ლექსი მინდა გაგაცნოთ, რომელიც რედაქციაში გაგზავნა და აწერია: პატივცემული რედაქციის წევრებს: "ერთი ფშაველი კაცი ვარ,/ შეჭაღარავდა თმა-წვერი./ ვიცი, რომ გაგიკვირდებათ,/ ჩემი უაზრო ნაწერი./ ორ კურდღელს მივდევ ხანდახან,/ არა ვარ ერთის დამჭერი./ ფშაველს რა გამოასწორებს,/ ხის ტოტზე მოკლე საბელი,/ კაცს თავი უნდა ზედ ებას,/ მამა რად უნდა დოცენტი./ ვიცი, რომ თეორიაში,/ მაკლია 20 პროცენტი,/ რომ ვინმე მყავდეს ნაცნობი,/ თემას ადრევე მივწერდი./ ნუ მიწყენთ, გეხმაურებით,/ არა ვარ კორესპონდენტი".
ბოლო დროს ავადმყოფობდა და 1984 წლის 4 იანვარს, 58 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალვას ბევრი ხალხი დაესწრო. მოლექსე ალექსი დულუზაურმა ლამაზი ლექსით გააცილა მამაჩემი იმ ქვეყნად. ფილარმონიაში გამართული საღამოს ჩანაწერს დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე, რომელსაც ხშირად იმეორებენ. ვისურვებდი, დიდხანს ისმოდეს ჩვენი პატარა გვარის ნიჭიერი წარმომადგენლის, იოსებ გარაშვილის ლექსები.
ნანული ზოტიკიშვილი