საკერავი ძაფით ვქსოვდით მაქმანებს - გზაპრესი

საკერავი ძაფით ვქსოვდით მაქმანებს

იშვიათია ადამიანი, რომელიც ასეა შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე და რომელიც უშურველად გიზიარებს ცოდნას. მინდა გაგაცნოთ ქალბატონი, რომელიც უამრავ ხელსაქმეს ფლობს და მიუხედავად ცოდნისა, დღესაც ეცნობა და იზიარებს სიახლეებს:

- ქალბატონო ანა, რამდენი ხელსაქმე იცით?

- ბევრი (იცინის). კოლეჯში საგანს ჰქვია მოდული და გეტყვით, რამდენ მოდულს ვასწავლი: ფარდაგის ქსოვა, ხალიჩის ქსოვა, გობელენის ქსოვა, ყაისნაღითა და ჩხირებით ქსოვა; ქსოვილის მხატვრული მოხატვა, რომელშიც შედის ბატიკი, შიბორი, ქსოვილზე ბეჭვა. გარდა ამისა, ვიცი ქარგვა, კერვა, თექა. ადრე ჩვენს განხრას "დეკორატიული ქსოვილები" ერქვა და აბრეშუმის ქაღალდს და ქვილთს ვქმნიდით. აბრეშუმის ქაღალდის შესაქმნელად ჯერ ვღებავდით აბრეშუმს ჭუპრს, შემდეგ ვწეწავდით და კომპოზიციას ვქმნიდით. საკმაოდ შრომატევადი იყო, მაგრამ საინტერესო და დღეს რატომღაც არაპოპულარულია

ორი პროფესია მაქვს: ტექნიკურ უნივერსიტეტში დავამთავრე არქიტექტურა და "ჯავახიშვილში" - დეკორატიული ქსოვილები. ვმუშაობ მეორე პროფესიით, თუმცა პირველი პროფესიაც ძალიან მადგება. რადგან ხალიჩის, გობელენებისა და ფარდაგებისთვის მჭირდება შაბლონების და ესკიზების გაკეთება, ეტიუდების ხატვა ძალიან მადგება სრულყოფილი ესკიზების გასაკეთებლად და სტუდენტების დასახმარებლად.

- ქსოვა ბავშვობაში ისწავლეთ?

- ბებია ძალიან კარგად ქსოვდა, დიდი ბებია - საუკეთესოდ. დედა კარგად კერავდა. დეიდები საოცრად ქსოვენ და კერავენ. ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა. მიხაროდა, როცა დედა ფარდებს ცვლიდა, რადგან ძველს მე მაძლევდა და თოჯინებს კაბებს ვუკერავდი. 8 წლის ვიყავი, როცა მამიდამ ქსოვა მასწავლა, მაგრამ არ გამომდიოდა და ვტიროდი. მიკვირს, როგორ არ შემძულდა, მაინც ვისწავლე. არაფერია ძნელი, რასაც კარგად ისწავლი. დეკორატიული ქსოვილების ფაკულტეტზე ქარგვას იუგოსლავიელი ქალბატონი გვასწავლიდა. ძალიან საინტერესო და ლამაზ რაღაცებს ვქმნიდით. მახსოვს, საკერავი ძაფით, მაშინ 40 ნომერი ძაფი იყო, მაქმანებს ვქსოვდით. 90-იანი წლები იყო და ასეთი ნაქსოვისთვის წვრილი ყაისნაღის შოვნა წარმოუდგენელი გახლდათ, ამიტომ გვასწავლა საკერავი ნემსისგან ყაისნაღის გამოქლიბვა. ძალიან ნაზი და ლამაზი მაქმანები გამომივიდა, ერთი დედას ვაჩუქე და მეორე - გამზრდელ მამიდას.

- 90-იან წლებში არაფერი იშოვებოდა...

- დიახ და იმ პერიოდში, როცა არაფერი იშოვებოდა, ჩემი ოჯახის წევრები მორთულ-მოკაზმულები დადიოდნენ. თითოეულს სამ-სამი და ოთხ-ოთხი ჯემპრი, ჟაკეტი ჰქონდა. ჩემთვის გრძელი კაბა მოვიქსოვე, სულ ქართული ორნამენტებით, სხვადასხვა ფონზე სხვადასხვა ორნამენტით. მახსოვს, ხალხის გამოხედვა და მერე თვალის გაშტერება, ყველას ძალიან მოსწონდა. ახლა ვნანობ, ის კაბა რომ დავარღვიე, ნიმუშივით უნდა შემენახა. ესკიზები მე თვითონ გავაკეთე და მოგვიანებით ერთ-ერთი ჩემმა სტუდენტებმა ფარდაგებსა და ხალიჩებში გამოიყენეს. ამ კაბისთვის რამდენიმე ძაფი ჩემით მქონდა შეღებილი, ერთი მაყვალშიც კი შევღებე.

- ძაფების შეღებვის ტექნოლოგიაზეც გვითხარით...

- ფარდაგების, ხალიჩების კოლორიტი ყველა ქვეყანას თავისი აქვს; ყველა ქსოვს, მაგრამ კოლორიტი, ფერი სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირია. შენ უნდა გამოიყენო ის ფერი, რა მცენარეც შენს მიწაზე მოდის, ეს ეროვნულია. მაგალითად, შუა აზიაში ფირუზისფერია გავრცელებული. ქართულ ფარდაგში ეს ფერი თითქმის არ გვხვდება. რატომ? იმ ქვეყანაში უხვად მოიპოვება ეს მინერალი და მასში ძაფს ღებავენ. ჩვენს ფარდაგში არ არის მიღებული ლურჯი და სტაფილოსფერი გვერდიგვერდ, მაგრამ სომხურ დროშაში გვხვდება. ფიგურებიც ასეა. მთის ფიგურებში მეტადაა გამოყენებული გეომეტრიული ჭრილი. ბარში მიღებულია როგორც გეომეტრიული, ასევე მცენარეული და ზოომორფული ჭრილი. შეიძლება გამოსახული იყოს აქლემი, ადამიანიც კი - მწყემსი და ცხვრები.

ძაფის შეღებვაზე უამრავი ლიტერატურა არსებობს. მაგრამ არც ერთი წიგნი არ გვაძლევს სრულყოფილ ცოდნას, რადგან ყველაფერი მიწაზე, ჰავაზეა დამოკიდებული. ერთი და იგივე მცენარე სხვადასხვა ფერს გაძლევს. მაგალითად, ენდრო ბარშიც მოდის და მთაშიც, მაგრამ მთის ხალხი ბარში ყიდულობდა, ენდრო იქ უფრო კარგი იყო. მთის თავშავა უკეთეს ფერს იძლეოდა. მთაში აქვთ დეკა, რომლის ფოთლებიც და ნაყოფიც გამოიყენება ძაფის შესაღებად, მას სამკურნალო თვისებებიც აქვს. საინტერესოა ისიც, რომ მატყლის შეღებვა სხვანაირად ხდება, ძაფის - სხვანაირად, მატერიის კიდევ უფრო განსხვავებულად.

- უამრავი მოსწავლე გამოზარდეთ და თქვენი შვილი თუ გაჰყვა თქვენს საქმეს?

- არა, თვითონ არ ქსოვს. ძალიან მინდოდა გაეგრძელებინა ჩემი საქმიანობა, მაგრამ სხვა პროფესია აირჩია... ჩემი დიდი ბებია საოცრად ქსოვდა. ომის დროს სამი შვილით მარტო დარჩა, მაშინ 26 წლის იყო. 1943-44 წელს ამერიკელები გვიგზავნიდნენ დახმარებას და ერთხელაც ამ დახმარებიდან ნაქსოვი ჯემპრი შეხვდა ერთ ქალბატონს, რომელსაც მაინცდამაინც არ უჭირდა. მოუტანა თურმე ბებიაჩემს მსგავსის მოსაქსოვად. ბებია მიყვებოდა, ულამაზესი ჯემპრი იყო შავი შაბიამნისფერში, მაქმანებითო. ბებიას ერთ ღამეში მოუქსოვია, "ფეჩის" შუქზე, სანამ ბავშვებს ეძინათ. მეორე დღეს, როცა იმ ქალმა ნამუშევარი ნახა, გაგიჟებულა, ფაბრიკული წესით მოქსოვილს აჯობაო. მართლა ძალიან ლამაზი გამოსულა. მერე კიდევ ჰქონდა შეკვეთები და აი, ასე არჩენდა ოჯახს. ბებიაც ქსოვდა, დედაჩემიც, დეიდებიც, მაგრამ ჩემი შვილი არ ქსოვს. არც დეიდაშვილების შვილები. ალბათ ისეთი დროა, ნაყიდს მეტი ფასი აქვს. თუ ცხოვრებაა სწრაფი, ჩქარი და ქსოვის დრო არაა?!. არ ვიცი...

- ფარდაგების მიმართ აქვს ხალხს ინტერესი?

- ერთი პერიოდი თითქოს მიივიწყა ხალხმა, მაგრამ ახლა ისევ გაჩნდა ინტერესი, რაც მახარებს. ეთნოგრაფიულ მუზეუმში ეწყობა ხოლმე გამოფენები და ბევრი მონაწილეობს. თუ დაინტერესებული ხარ, მქსოველების ნამუშევრები აუცილებლად უნდა დაათვალიერო. კარგზე კარგი არ დაილევა. შეიძლება ერთი მარცვალი აიღო იქიდან და ისე გააღვივო, რომ საუკეთესო შექმნა. არაფერი ცუდი არაა იმაში, რომ სხვისი ნახო, გადაიღო. დიდი მხატვრებიც ასე იქცეოდნენ, ფრესკების ასლებს აკეთებდნენ და ისე სწავლობდნენ ხატვას. ასეა ქსოვაშიც. შეიძლება სხვადასხვა ფერი ჩასვა, სხვადასხვა ორნამენტი და სრულიად განსხვავებული მიიღო.

პედაგოგიური მოღვაწეობა 2001 წელს დავიწყე და დღემდე უამრავი მოსწავლე მყავდა. ჩემი მოსწავლეები ქსოვენ, აქვთ სალონები, საიტები, უცხოეთშიც ყიდიან ნამუშევრებს. ჩემმა მოსწავლემ ნატალია ჟუკოვამ, ქართველების რძალმა, ექსპოჯორჯიაში მოწყობილ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი იყო, ვინც პოპულარიზაცია გაუწია ქართულ ფარდაგებს, ხალიჩებს. სწავლის დროსაც ულამაზეს ნამუშევრებს ქმნიდა.

- თავად თუ მონაწილეობთ გამოფენებში?

- ახლა პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და მირჩევნია მოსწავლეებს გადავცე ჩემი ცოდნა. პარალელურად, მეც სულ ვსწავლობ და ვიზრდები. ახლა გამოფენებისთვის ვეღარ ვიცლი, ადრე კი უცხოეთშიც მქონდა პერსონალური გამოფენებიც. ესტონეთში, 18 მაისს მუზეუმის დღეს აღნიშნავენ და ჩვენ ძალზე საინტერესო გამოფენა მოვაწყვეთ. დიდი მოწონება დაიმსახურა. ტელევიზიებმა გააშუქეს, პრესაში ჩვენზე დაიწერა.

- ესტონელებს აქვთ ფარდაგები, თუ ჩვენებურები ისწავლეს?

- აქვთ, მაგრამ ფარდაგ-ხალიჩებს კი არ ქმნიან, უფრო მატერიას. პოპულარულია ეროვნულ სამოსზე ნაქარგობები. ესტონელებს მე და ჩემი ქართველი კოლეგა ვასწავლიდით თექაზე მუშაობას. და მერე გამოფენაც გავუკეთეთ ესტონელ სტუდენტებს.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ გივი ყანდარელზე, მისი ნამუშევრების ალბომი დაგვათვალიერებინეთ და ვიცი, რომ თქვენი პედაგოგი იყო.

- უსაყვარლესი ადამიანი იყო. დიდი სითბოთი ვიხსენებ. ერთი ბეწო სნობიზმი არ ჰქონდა. ყველას ღიმილით ესალმებოდა, ყველა სტუდენტს მოიკითხავდა. არქიტექტურის ფაკულტეტზე მასწავლიდა აკვარელს. არის ფარდაგი, ხალიჩა და გობელენი. ქართული გობელენის ფუძემდებელი იყო გივი ყანდარელი. ისე, პროფესიით კერამიკოსი იყო, მაგრამ მერე დაინტერესდა ტექსტილით. როცა გობელენის მუზეუმი დაარსდა, მივიყვანე ჩემი სტუდენტები მასთან სტუმრად, დაგვათვალიერებინა თავისი ნამუშევრები და მაშინ მაჩუქა თავისი ალბომი. მოგვიანებით, როცა ბატონი გივი გარდაიცვალა, მის პატივსაცემად, ძალიან კარგი გამოფენა მოვაწყვეთ, მუზეუმში გამოვფინეთ ჩემი სტუდენტების ნამუშევრები.

რუსუდან გელაშვილი