"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ფიცხი ხასიათია. ბრიყვ ადამიანს რომ უყვარდე, ის მაინც საფრთხეს წარმოადგენს"
"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ფიცხი ხასიათია", - ამბობს პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია. რა არის მისი აუხდენელი ოცნება, რა ვერ გაბედა დღემდე, რა აკვირვებს და რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1982 წლის 19 მაისი, დღეს იუბილარი ვარ.
- გილოცავთ! როგორ აღნიშნავთ?
- დიდი მადლობა! ოფისში თანამშრომლებთან ერთად, მათი მორთმეული ტორტით.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ფეხბურთელი და აუხდენელ ოცნებად დამრჩა. ფეხბურთს ყველა ბიჭი თამაშობს, მაგრამ ის ნიჭი, რაც ფეხბურთელობისთვის არის საჭირო, არ აღმომაჩნდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რას აღარ ამბობენ, ძალიან ბევრი რამ მესმის. მშობლები, ანუ ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად მიცნობენ, ამბობენ, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაციაო. დედა ხაზგასმას აკეთებს იმაზეც, რომ ხშირად მიმართლებს. დედას ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არ მოსწონს, არც არასდროს მოსწონდა, კონკრეტულად ჩემს გამოსვლებს ან პოლიტიკურ ხედვებს კი არ ეწინააღმდეგება, ის საფრთხე არ მოსწონს, რომელიც ამ პროფესიიდან გამომდინარეობს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...გავჩნდი XX საუკუნის ბოლოს და არა - შუა საუკუნეებში, ან - უფრო ადრე. იმ ტექნოლოგიურ პირობებში, რომელიც ფეოდალიზმის დროს არსებობდა, ცხოვრება ბევრად რთული იქნებოდა. საერთოდ რაც უფრო გვიან დაიბადები, უფრო კარგია.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- "გირჩი".
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ფეხბურთის თამაშის.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ადვილად არ ვნებდები.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ხშირად სწრაფად ვბრაზდები. გაბრაზებული ადამიანი საქმეს კარგად და ეფექტურად ვერ აკეთებს. ჩემში ამ თვისებას ვებრძვი და გამოსწორება ნაწილობრივ მაინც შევძელი.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ცხოვრება გრძელდება.
- სხვის შეცდომებზე თუ გისწავლიათ.
- მისწავლია, მაგრამ ადამიანებს საკუთარ შეცდომებზე სწავლა უფრო გამოგვდის, რაც უშუალოდ შეგვხებია, განგვიცდია, ის მეტად გვამახსოვრდება.
- პატიება შემიძლია თუ...
- ...ამას გულწრფელად ითხოვენ. მეც მითხოვია პატიება, ეს სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა გააცნობიერებ, რომ შეგეშალა, სჯობს, ბოდიში მოიხადო.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.
- ვიბნევი როცა...
- ...მაქებენ, გულის სიღრმეში ამ დროს სიხარულიც არის, მაგრამ უხერხულობის განცდა მასზე გაცილებით ძლიერია.
- ვნანობ...
- ...დაშვებულ შეცდომებს.
- შეცდომები პირად ცხოვრებაში მეტი გაქვთ დაშვებული თუ პოლიტიკაში?
- სინანული ყოველთვის უკავშირდება ადამიანების დაკარგვას, ეს შესაძლოა პოლიტიკური მიზეზით იყოს, შეიძლება პირადი ამბის გამო.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...ამ ჭკუით უფრო ახალგაზრდა ვიყო.
- და რას შეცვლიდით?
- ზოგიერთ გადაწყვეტილებას, რაღაც თემებს სხვაგვარად მოვაგვარებდი, საბოლოო ჯამში, ეს ჩემს რეალობას შეცვლიდა.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ადამიანების უტიფრობას, თავხედობას, რომლის საფუძველიც არის ტყუილი.
- ამ დროს როგორია იაგო?
- გაბრაზებული იაგოს ნახვა არ მიყვარს. იმ ეთერებს, სადაც გაბრაზებული ვჩანვარ, არც კი ვუყურებ.
- საკუთარ თავზე კონტროლი ხშირად დაგიკარგავთ?
- ძალიან ხშირად - არა, მაგრამ დამიკარგავს, ჩემი გაბრაზება და კონტროლის დაკარგვა ფეხბურთში წაგებული თამაშივით არის, მეორე დღეს არავის ნახვა რომ აღარ სურს, მაგრამ ზოგჯერ მიწევს, იგივე რომ არ გავიმეორო.
- ფეხბურთს ხშირად ახსენებთ, ბოლოს როდის ითამაშეთ?
- 1 წლის წინ და ლამის ფეხი მოვიტეხე, ასაკი მნიშვნელოვანია, ფეხბურთს 35 წლამდე თამაშობენ, მერე რთულდება.
- მეზარება...
- ...ადამიანი ზარმაცი არსებაა, ბევრი რამ ეზარება, მეც არ ვარ გამონაკლისი და პასუხისმგებლობის გრძნობა რომ არ მქონდეს, ბევრად ნაკლებს ვიმოქმედებდი. ნებისმიერი ზედმეტი მოძრაობა მეზარება.
- სიყვარული ეს...
- ...ახალგაზრდა ადამიანების თავებში არსებული ქიმიური პროცესია. სიყვარული ტვინიდან მოდის და რაღაც ასაკში, ადამიანის ცხოვრების მთავარი სტიმულატორია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...მაშინ დღევანდელთან შედარებით ძალიან მორიდებული ვიყავი.
- სიყვარული არ აუხსენით?
- ბევრად გვიან, ვიდრე ეს ვიგრძენი. მორიდებულობა კანონზომიერია. ზოგიერთ შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად იკარგება, ან შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის გამხნევებას სწავლობ.
- პირველმა სიყვარულმა რა ემოცია დაგიტოვათ?
- დადებითი.
- დასრულება მტკივნეული იყო?
- მტკივნეულიც ყოფილა და დაშორებას სიკეთეც მოუტანია.
- გამოდის, რომ ბევრჯერ გყვარებიათ.
- არც ისე პატარა ვარ.
- მაკვირვებს...
- ...და აღმაფრთოვანებს ადამიანების ნიჭიერება.
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...როდესაც ადამიანები რაღაცას მაღალი ხარისხით აკეთებენ.
- ვრისკავ...
- ...თამამად, აზარტულიც ვარ, იმდენად რომ წამიერად შემიძლია, სიფრთხილის გრძნობაც დავივიწყო.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ფიცხი ხასიათია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ უხეში ვარ.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...სიმღერა და ლექსის დაწერა. ყველანი ვღიღინებთ, მაგრამ კარაოკეზე სიმღერაც კი ვერასდროს გავბედე. ძალიან მინდა, სიმღერის ნიჭი მქონდეს, მაგრამ ღმერთმა არ მომცა.
- ლექსის დაწერა არ გამოგივიდათ თუ გასაჯაროება ვერ გაბედეთ?
- არაფერი იყო გასასაჯაროებელი, ჩავთვალოთ, რომ არ დამიწერია.
- ვამაყობ...
- ...იმით რომ სულელი არ ვარ და ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ადამიანთან ადეკვატურობა შემიძლია.
- მეშინია...
- ...სიბრიყვის. ბრიყვ ადამიანს რომ უყვარდე, ის მაინც საფრთხეს წარმოადგენს. სულ ვცდილობ, ჩემს ირგვლივ ნაკლები სულელი იყოს. ხან თავად ვეცლები, ხან მოვუწოდებ, ჩემი ტერიტორია დატოვონ!
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...გიტარაზე დაკვრა, მოვინდომე და ვერ ვისწავლე. ცეკვაზეც დავდიოდი და კარგად ეს საქმეც არ გამომივიდა. ნაკლებად მუსიკალური ვარ. არადა მუსიკას ვუსმენ, ერთ დროს მელომანიც კი ვიყავი. ბოლო დროს ელექტრონულ მუსიკას უფრო ხშირად ვუსმენ.
- ვიტყუები, როცა...
- ...როცა ვიღაცას ვეხუმრები. სხვა დროს ვცდილობ, არ მოვიტყუო.
- ცნობილ გამოთქმას, რომ პოლიტიკოსები ყველაზე მეტს არჩევნების წინ იტყუებიან, ეთანხმებით?
- ჩემი კოლეგები, რაც უფრო ახლოს გავიცანი, ვერ ვიტყვი, რომ არასაარჩევნო დროს ნაკლებად იტყუებიან. რაც შეეხება ჩემს პარტიას, ჩვენ ყოველთვის (მათ შორის - არჩევნების წინ) სიმართლეს ვლაპარაკობთ და ამიტომ გვაქვს დაბალი შედეგი.
- თავისუფლება არის...
- ...ექსკლუზიური ღირებულება ადამიანებისთვის. ძალიან ვაფასებ იმ პიროვნებებს, რომლებსაც თავისუფლად აზროვნება და ქცევა შეუძლიათ. მარტო იმ ადამიანებს გააჩნიათ ღირებულება, რომლებიც თავისუფალი ნებით მოქმედებენ. ადამიანი თავისუფალი ნების გარეშე იგივეა, რაც ძაღლი ყეფის გარეშე.
- როცა მარტო ვარ...
- ...ვფიქრობ, ან რამეს ვწერ. მარტოობა "ასწორებს" საკუთარ თავთან ჩაღრმავებისთვის საჭიროც კი არის.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...არჩევნებს მოვიგებდი.
- არჩევნებს მხოლოდ ფული იგებს?
- მხოლოდ ფული ვერ იგებს, მაგრამ მოგებას აადვილებს. მე რის გაკეთებაც მინდა, ის მხოლოდ ფულით არ კეთდება, პოლიტიკური გავლენა უნდა და ფულს პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად გამოვიყენებდი. მაგალითად, მინდა ამ ქვეყანაში ადამიანებს ჰქონდეთ ყველაფრის უფლება, გარდა სხვა ადამიანებზე ძალადობისა.
- რამდენიც არ უნდა გადამიხადონ...
- ...ადამიანს ვერ მოვკლავ.
- მენატრება...
- ...ბავშვობა.
- თქვენი ბავშვობა როგორი იყო?
- არც თუ ისე დალხენილი, 90-იანი წლებს დაემთხვა. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ საინტერესო იყო. თუ 90-იან წლებში სამეგრელოში ბავშვობა არ გაგიტარებია, იმ დასკვნებს ვერ გამოიტან, რის გამოტანაც იმ ხალხს შეუძლია, ვისაც ეს გამოვლილი აქვს. ერთ დღეს ჩემი სკოლის წინ მხედრიონელები იდგნენ, მეორე დღეს - ზვიად გამსახურდიას მომხრეები, მესამე დღეს - სრულიად სხვა ხალხი და ესენი ყველანი რომ გავიდნენ, მერე ადგილობრივი მძარცველები. ბავშვებს გვქონდა საშუალება ყველასთან სხვადასხვაგვარი ურთიერთობები დაგვემყარებინა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...გააჩნია დაძაბულობა რის გამოა, შეიძლება მიშველოს მეგობრებთან საუბარმა, მარტო დარჩენამ, გამოძინებამ.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ბებია და ბაბუა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ და პოლიციელები არ უყვარდათ. მათ არ უნდოდათ, პოლიციელი გამოვსულიყავი. იურიდიულზე ჩავაბარე, მაგრამ არასდროს მინდოდა პოლიციელობა იმიტომ, რომ ეს დარიგება არასდროს დამვიწყებია.
- დაბოლოს გეტყვით...
- ...საინტერესო ცხოვრებით იცხოვრეთ! ალბათ სიცოცხლის ბოლოს ადამიანი ერთადერთ რამეს ნანობს, უფრო საინტერესოდ რატომ არ იცხოვრა და ამ სინანულს ყველანაირი სინანული ჯობია.
თამუნა კვინიკაძე