ძვირი ნაგავი - გზაპრესი

ძვირი ნაგავი

საქართველოს მოქალაქეებს ძვირი დაუჯდებათ 15 იანვრიდან გარემოს დაბინძურება იმ კანონის მიღების გამო, რომელიც ორი წლის განმავლობაში იწერებოდა უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ და ,,ნარჩენების მართვის კოდექსად" იწოდება. 2 კილოგრამამდე ნაგვის დაყრა 80 ლარი ,,ეღირება", თუ მანქანიდან ან სახლიდან ,,გაამშვენიერებთ" გარემოს ამავე წონის ნარჩენით, უკვე 100 და 120 ლარის გადახდა მოგიწევთ. ზოგადად, გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმის ოდენობა 50-5.000 ლარის ფარგლებში იმერყევებს ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის.

ალბათ იშვიათია ისეთი ქვეყანა, რომელიც ნაგვის სიუხვით ,,აჯობებს" საქართველოს. ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური ნარჩენი ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს და თითქმის ყველა კრიტერიუმის მიხედვით, ჩვენს სახელმწიფოშიც საშიში და კრიტიკული მდგომარეობაა.

GzaPressსაქართველოს რომელ ნაწილშიც უნდა მოხვდეთ, აუცილებლად წააწყდებით მყარი ნარჩენების ,,საბადოებს". შედარებით სუფთა რეგიონებში - სვანეთსა და რაჭაში ისევ ქართველები თუ დაყრიან კონსერვის ქილებს, პლასტმასის ბოთლებსა და ათასგვარ ნარჩენს, თორემ ევროპელი ტურისტები ამას ნაკლებად ჰკადრებენ საკუთარ თავსა და ბუნებას. სამწუხაროდ, ნაგვით სავსეა საქართველოს საკურორტო ზონები და ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილები.

მნიშვნელოვანი პრობლემაა სამრეწველო რაიონები, რომლებიც ქიმიური დაბინძურების ძლიერ კერებად მიიჩნევა (სამაგალითოდ კმარა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ტერიტორია, მდინარე ყვირილას ხეობა, რომლის დაბინძურების ხარისხი უმაღლესია და დასავლეთ საქართველოს ,,სანარეცხეს" წარმოადგენს).

ჩვენს ქვეყანას აქამდე არ ჰქონდა შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ნარჩენების მართვის საკითხს დაარეგულირებდა. ოფიციალურად არ არსებობს მონაცემები, თუ რამდენი ნაგავსაყრელია საქართველოში. სტატისტიკური მონაცემები, ბუნებრივია, ზუსტი ვერ იქნება, რადგან სოფლის მოსახლეობას თითქმის იმდენივე ნაგავსაყრელი აქვს, რამდენი ოჯახიცაა, რომელსაც ემატება ტურისტულ მარშრუტებზე სასადილოდ და საპიკნიკოდ მოსახერხებელი ადგილები. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მონაცემები, მკითხველს თუ დააინტერესებს, ასეთია: საქართველოში არსებობს 1 200 სტიქიური და 66 ოფიციალური ნაგავსაყრელი. დიდი ლოგიკა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ეს ციფრები არაზუსტია.

სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ხშირად არის პოლემიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ,,გვაქვს" ამდენი ნარჩენი. ბევრ ქვეყანაში ნარჩენი ღირებულ რესურსს წარმოადგენს და მას ფასიც ადევს. აზია-აფრიკის ბევრ განვითარებად ქვეყანაშიც კი დიფერენცირებული ურნები დგას იმის მიხედვით, თუ სად რომელი სახის ნარჩენი უნდა მოთავსდეს. ეგვიპტეში თითქმის ყველგან წააწყდებით იარლიყმიწებებულ ურნას, რომელიც მიგანიშნებთ, თუ რა სახის ნაგვისთვისაა განკუთვნილი. ჩვენს მეზობელ თურქეთში, კონკრეტულად სტამბოლში, რომელიც მსოფლიოს მეხუთე ქალაქია სიდიდით, ურნების დაცლის დროს უნიფორმიანი მომსახურე პერსონალი ნარჩენებს ახარისხებს.

თანამედროვე კანონმდებლობით, გარემოს დაბინძურება საკმაოდ დიდ ფინანსურ სახდელებს გულისხმობს. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კოდექსი უფრო სადამსჯელო ელფერს ატარებს, ვიდრე - გარემოს დაცვითს. ნაგავში ცხოვრება არავის სურს, მაგრამ სახელმწიფო თუ არის შემზადებული საიმისოდ, რომ მყარი ნარჩენები შეაგროვოს და მართოს? ბევრ ქალაქში ნაგვის ურნები დროულად არ იცლება და მაშინაც ნარჩენების მართვა არ ხდება. ქუთაისში, ნიკეას დასახლების ბოლოში არსებული ნაგავსაყრელი ტიპური ნიმუშია იმ ანარქიისა, რომელსაც "ქართული ნაგავსაყრელი" ჰქვია. სხვას თუ არავის, პარლამენტის წევრებს ოდესმე თუ გაუვლიათ ქუთაისი-ვარციხის მიმართულებით, ძლიერი ქარის მიერ აფრიალებული ცელოფანების ტევრი მაინც უნდა შეემჩნიათ უძველესი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასაფლაოს მავთულბადის ღობეზე. ახლა ის ვიკითხოთ, პარლამენტის შენობის მიმდებარე, ოღასკურას ხეობა რა მდგომარეობაშია? იქნებ ამავე დაწესებულების შემდგომ ,,შესახოვში" ენახა ვინმეს (,,ბიტონის ზაოდის" სიახლოვეს) ანტისანიტარიის გროვები? ან ვინმეს შეუძლია, ამავე ქალაქის (ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე) ავტოსადგურზე ფეხის გაუსვრელად გადაადგილება?..

როგორ უნდა მოხერხდეს მყარი ნარჩენებს მართვა? თუ არსებობს ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა?

შარშან შესანიშნავი აქცია მოეწყო ,,ეკოვიჟენის" მოწოდებით: ,,დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სამდღიანი აქტივობის შედეგად, 80-100 კუბური მეტრი მოცულობის ნარჩენი შეგროვდა და, სამწუხაროდ, შესაგროვებელი კიდევ ბევრი დარჩა!

იქ, სადაც ნაგვის ურნები არ იქნება, საჯარიმო სახდელები არ იმოქმედებს, - გვამშვიდებენ კანონმდებლები. ამით ხომ არ მოხდება კიდევ უფრო იმ მანკიერი ტრადიციის წახალისება, რომელიც გულისხმობს ნაგვის დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით დატოვებას? როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, საქართველოს მნიშვნელოვან, უურნო ნაწილში დავყაროთ ნაგავი ყოველგვარი სინდისის ქენჯნისა და ფინანასური ჯარიმის გარეშე.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს:

GzaPress- საქართველოში არ იყო შემუშავებული ნარჩენების მართვის ერთიანი საკანონმდებლო სისტემა, ნაწილობრივ არსებული რეგულაციები სრულად ვერ ასახავდა დღევანდელ რეალობას და შესაბამისობაში არ იყო საერთაშორისო, მათ შორის - ნარჩენების მართვის თაობაზე ევროდირექტივების მოთხოვნებთან. კანონის მიღების კიდევ ერთი მიზეზი ის გარემოებაა, რომ ქვეუანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, უნდა უზრუნველყოს და შეიმუშაოს ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა ნარჩენების მართვას არეგულირებს ჩარჩო კანონების მეშვეობით და პროცედურულ და ტექნიკურ დეტალებზე ორიენტირებული კანონქვემდებარე აქტებით. კანონი შემუშავდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ევროკავშირის თანამშრომლობით ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში. კანონში თანამიმდევრულადაა მოცემული, როგორც სახიფათო, ისე არასახიფათო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, აღდგენისა და განთავსების საკითხები, ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის: ნარჩენების მართვის დაგეგმვის, აღრიცხვის, ნებართვებისა და რეგისტრაციების გაცემის და კონტროლის საკითხები. კანონი ადგენს ნარჩენების მართვის სფეროში ჩართული სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას და ზოგად ვალდებულებებს, რომლებიც დღემდე საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ზუსტად არ იყო განსაზღვრული. კანონით ყალიბდება აგრეთვე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებელი ისეთი პროდუქტისა, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება და ასეთი პროდუქტის ბაზარზე განმთავსებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თავისი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსთვის უსაფრთხოდ განთავსება. აღნიშნული მოთხოვნა ძალაში შევა კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების ამოქმედებიდან და განხორციელდება ეტაპობრივად, რადგანაც აღნიშნული საკითხი მოითხოვს წინასწარ მოსამზადებელ ღონისძიებებს, მათ შორის, პროდუქციის მწარმოებლების ინფორმირებას, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებასა და აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას.

პროექტში მონაწილე ბულგარელი და ავსტრიელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი ექპერტების (მათ შორის კონსულტაციები გაიმართა შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთანაც") წინასწარი გათვლებით, 10-წლიან პერიოდზე სავარაუდოდ საჭიროა 370 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც ძირითადად მოიცავს ახალი ნაგავსაყრელების (108 მილიონი ლარი), ნაგავგადამტვირთი სადგურების მოწყობის (35 მლნ), ძველი ნაგავსაყრელების დახურვის (44 მლნ), კომპოსტირების საწარმოების მოწყობის (10 მლნ), ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის კონტეინერების, მანქანებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენის კაპიტალურ ხარჯებს (173 მლნ).

როლანდ ხოჯანაშვილი