"ძმები ჭილაძეების" ნოტების აბგით ფეხადგმული მეგობრობა და ცოცხალ ფერფლად ქცეული მოგონებები - გზაპრესი

"ძმები ჭილაძეების" ნოტების აბგით ფეხადგმული მეგობრობა და ცოცხალ ფერფლად ქცეული მოგონებები

იყო დრო, როცა ზოგიერთი ჭრილობა პიროვნების ღირსებაზე მეტყველებდა. ასეთივეა ამ შემთხვევაში "წაგების" ცნებაც სიცოცხლესთან გამართულ ტურნირში. მთავარია, ეცადო, როგორმე ღირსეულად "ითამაშო"!.. - თამაზ ჭილაძე.

"ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზასთან" ერთად მორიგ ტომეულს წარმოგიდგენთ: თქვენსა და ჩვენს, კიდევ ბევრი ქართველისა თუ არაქართველის საყვარელი მწერლისა და პატივსაცემი ადამიანის - თამაზ ჭილაძის ექვსტომეულს, სადაც ბატონი თამაზის პოეზია, პროზა და დრამატურგიაა შესული. თამაზ ჭილაძემ შემოქმედებითი ცხოვრება ლექსებით დაიწყო, ჩვენც "ჩემი რჩეულის" სერიით მის პირველ წიგნს ლექსებით ვიწყებთ.

ცნობისთვის: მწერლის ნაწერები თარგმნილია ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად და ლიტვურად. მისი პიესები იდგმება თეატრებში, როგორც ჩვენში, აგრეთვე - საზღვარგარეთ. საქართველოში მის პიესებს დგამდნენ და დგამენ რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. რობერტ სტურუას მიერ რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული ბოლო და ძალზე გახმაურებული სპექტაკლი - "ნადირობის სეზონიც" სწორედ თამაზ ჭილაძის პიესა გახლავთ. გერმანიის რადიომაუწყებლობამ თამაზ ჭილაძეს პიესისათვის - "სამოთხის კვარტეტი" 1996 წელს პირველი პრემია მიანიჭა; მწერალი დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით "უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის", მიღებული აქვს რუსთაველის, სახელმწიფო, ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები; 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების "საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტად დაასახელა; 1982 წლიდან მწერლის სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში, აგრეთვე, ბელგიაში გამოცემულ ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში.

"შემოქმედება ერთგვარად ფარული, თუმცა ყოველთვის გამოაშკარავებული ცდაა დროისთვის, თუნდაც ერთი წამის წართმევისა, მხატვრულ ქმნილებებში მისი სამუდამო "ჩატყვევებისა". მაგრამ ბევრი რამ არ არის ამ ქვეყნად ისე ამაო, როგორც მსგავსი მცდელობა. წიგნები დროს კი არა, დროის ანარეკლს გვინახავენ ანუ საკუთარ რეაქციას დროზე"... - თამაზ ჭილაძე.

1931 წლის 5 მარტს დაიბადა სიღნაღში, ბებია-ბაბუის სახლში, ძალიან მალე ბათუმში წამოიყვანეს, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ, სკოლა კი თბილისში დაამთავრა. "სიღნაღი მაინც განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის (უმცროს და-ძმას - უდიდეს პოეტ ბატონ ოთარ ჭილაძესა და უკეთილშობილეს და უერთგულეს ქალბატონ თინა ჭილაძეს გულისხმობს - ავტ.). გარდა იმისა, რომ ანკეტაში ჩვენი დაბადების ადგილად ეს ქალაქია მითითებული, ომის დროს (იგულისხმება II მსოფლიო ომი) იქ 2 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით მე, ოთარი და თინა... ლექსების წერა ორივემ (მან და ოთარ ჭილაძემ - ავტ.) სიღნაღში, პაპიროსის წევასთან ერთად დავიწყეთ... კაკლის ხმელ ფოთლებს ვფშვნიდით, გაზეთის ნაგლეჯში ვახვევდით და იმას ვწევდით. თან, ცრემლი ჩამოგვდიოდა ღაპაღუპით, მაინც ჯიუტად არ ვეშვებოდით. მართალია, სიმწარე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სიამოვნება, მაგრამ როგორც ჩანს, "აკრძალული ხილის" სიტკბო ერია ამ ჩვენ მიერ გახვეულ სიგარეტში. ასე რომ, ჩვენს პოეტობას თავიდანვე ცრემლიც დაჰყვა..." - იხსენებს ბატონი თამაზი უთბილესი მოგონებებით აკინძულ წიგნში - "ოთართან ერთად".

მისი ცხოვრებაც ასეთია - "ოთართან ერთად". ტყუპივით გაზრდილან და უცხოვრიათ. ბავშვობაში ბათუმის ბულვარში დასაძმობილებლად კინაღამ დანით გაუჭრიათ თითები. მეგობარს შეუხსენებია, - ისედაც ერთი სისხლისანი ხართო... მშობლებს მუსიკალურ სასწავლებელში რომ შეუყვანიათ, თამაზ ჭილაძეს ოთხი წლის განმავლობაში უსწავლია, ოთარ ჭილაძე კი პირველივე კლასიდან გაურიცხავთ. ბატონ თამაზს ძლივს გაუძლია ის ოთხი წელიწადი. ყველაზე საშინელი ქუჩაში, თანატოლი ხულიგნების თვალწინ ნოტების აბგით ხელში გავლა ყოფილა. ერთხელაც ბატონ ოთარს, რომელიც სასწავლებელში დაჰყვებოდა ხოლმე, აბგა ჩამოურთმევია, - მომეცი, მე ვატარებო და მას შემდეგ, ვიდრე უფროსი ძმა გაკვეთილზე იტანჯებოდა, უმცროსი გარეთ, კიბეზე იჯდა და ელოდა. - აი, ასე, ნოტების აბგით ხელში, ჩვენთან ერთად ფეხი აიდგა ჩვენმა მეგობრობამო, - იხსენებს ბატონი თამაზი... ერთხელ დიდ პოეტს, თამაზ და ოთარ ჭილაძეების მეგობარს, ქალბატონ ანა კალანდაძეს სიცილით მოუყოლია მათთვის: "ნოდარ დუმბაძეს ვუთხარი, რა კარგია, ძმებს ასე რომ უყვართ ერთმანეთი, სულ სულს უბერავენ ერთმანეთს-თქო. ნოდარმა მიპასუხა, ამიტომაა, ალბათ, თამაზი სულ გაცივებული რომ არისო!.."

ბიოლოგიური - არა, მაგრამ მართლა სიამის ტყუპივით ყოფილან: თითქმის ერთნაირი შეხედულება ჰქონიათ ყველაფერზე. ოთარ ჭილაძეს დაუწერია კიდეც თავის ერთ-ერთ რვეულში: "საბედისწერო შეცდომა დაუშვა ბუნებამ, როცა ჩვენ გაგვყო"... მიუხედავად ამ "იდუმალი ერთიანობისა, ერთარსებისა", თამაზ ჭილაძის თქმით, "ძნელად წარმოსადგენია ორი ერთმანეთისგან ასე მძაფრად განსხვავებული მწერალი, როგორებიც ჩვენ ვიყავით. ამავე დროს ჩვენ, როგორც მწერლებს, გვწამდა და, ამდენად, გვჯეროდა კიდეც ერთმანეთის. ერთმანეთის ფასი ვიცოდით..." ორივეს ფასი კი არაჩვეულებრივად იცოდა და იცის უმცროსმა დამ, ქალბატონმა თინამ, რომელსაც ოთარ ჭილაძე ღმერთის ძვირფას საჩუქარს უწოდებდა და რომელმაც ძმების გულისთვის, ბატონი თამაზის თქმით, "მართლაც ყველაფერი დათმო. მათ შორის, ყველაზე მთავარი რამ - პირადი ცხოვრება... თინა, ნიჭიერი პიროვნებაა საერთოდ და კერძოდ, ნიჭიერი ლიტერატორიცაა... მისი ზუსტი შენიშვნები ხშირად დაგვხმარებია მეც და ოთარსაც. თინამ ოთარის "თაკოს და ზაზას" მიბაძვით, ჩვენზე, ანუ ძმებზე ასე იხუმრა: "ჩემი ცხოვრება აეწყო ასე,/ ბევრი სურვილი გაქრა თავისით,/ ფრთებიღა შემრჩა და თითო ფრთაზე,/ თითო ბებერი ბარტყი დავისვი./ თამაზ და ოთარ,/ ოთარ და თამაზ,/ ორი მწერალი,/ ორივე დიდი!/ ერთი, ჯერ კიდევ პონით სეირნობს,/ მეორე - გზაზე მიდის და მიდის"...

1946 წლიდან ჭილაძეების ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში, პატარა ბინაში ბარნოვის ქუჩაზე, ვერის უბანში. და დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალი სკოლით, მეგობრებითა და თბილისით, რომელსაც "ყველა უძველესი ქალაქის მსგავსად, თავისი დაუწერელი კონსტიტუცია გააჩნდა, ყველა მოქალაქისთვის ერთნაირად გასათვალისწინებელი და სავალდებულო. ეს იყო ერთგვარი, თუ შეიძლება ითქვას, გარნიზონული წესდება, რითაც ქალაქი და მისი ბინადარნი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სახეს ინარჩუნებდნენ. ეს დაუწერელი კანონები, იგივე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ესტაფეტასავით გადაეცემოდა თაობიდან თაობას და, ამდენად, შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთგვარ გენეტიკურ კოდად, რომელიც აახლოვებდა და ანათესავებდა კიდეც მოქალაქეებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, საფიქრალისა თუ საზრუნავისა"... - იხსენებს 1940-50-იანი წლების თბილისს ბატონი თამაზ ჭილაძე. ამასობაში დრო გავიდა, "მირაჟებითა და თავგადასავლებით სავსე" ბავშვობაც დასრულდა და თბილისის უნივერსიტეტის კედლებში "ჩაისახა და ფეხი აიდგა" თამაზ და ოთარ ჭილაძეებისა და მათი მეგობრების - ანუ სამოციანელთა სახელოვანმა თაობამ. იკრიბებოდნენ უნივერსიტეტის აუდიტორიებსა თუ ბაღში, კითხულობდნენ ერთმანეთის ლექსებსა და მოთხრობებს, კამათობდნენ, საუბრობდნენ, დადიოდნენ გამოფენებზე, თეატრებში, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე და მათი ნიჭიერება იმხანად დაარსებულ ჟურნალებსა და ალმანახებში (ჟურნალი "ცისკარი", უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერლების ალმანახი "პირველი სხივი") აისახებოდა. მერე დადგა ავბედითი 1956 წლის 9 მარტი ტყვიების წვიმით, სისხლითა და კულტის მსხვრევით და ნელ-ნელა, "კომუნისტური ორთოდოქსიის ჩარჩოებში... წყვდიადში გაჩნდა და წყვდიადიდან ამოვიდა" ახლებურად მოაზროვნე თაობა ახალი ცხოვრებით - ახალი ლექსებით, რომანებით, მუსიკით, ნახატებით, სპექტაკლებით, ფილმებით, კაფე "თბილისითა" და დიდი სიყვარულით... "ძმები ჭილაძეები" კი "თანდათან კლიშედაც კი იქცა, რომელიც არამარტო თანამებრძოლ ძმებს გულისხმობდა, არამედ, ოთარის წყალობით, გარკვეულ ლიტერატურულ დონესაც. ამ კლიშეს არსებობა მნიშვნელოვნად მიმაჩნია თუნდაც იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც ახლა აღებენ მწერლობის კარს ანუ ჯერ კიდევ შეუძლიათ სწავლა...", - წერს თავის წიგნში ბატონი თამაზი.

მე კი ვიტყოდი და ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ "ძმები ჭილაძეები" გამორჩეულად ძვირფასი ქართული ლიტერატურული ბრენდია, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება და დაფასება სჭირდება.

P.S. "ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს. რაც შეეხება სიყვარულს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდი ბედნიერებაა, რომელსაც, თუ ღმერთი ინებებს და გამოგიგზავნის, მერე (არა აქვს მნიშვნელობა, პირველია თუ მერამდენე!) შენი არსების აუცილებელი ნაწილი ხდება, სხვა სიტყვებით - შენი სული იზრდება და მდიდრდება სიყვარულით. ასე რომ, ამ გრძნობას ანუ სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს, ოღონდ ეს, თუ შეიძლება ითქვას - ცოცხალი ფერფლია, საერთოდ, მოგონებები ცოცხალი ფერფლია, მეტი არაფერი..." - თამაზ ჭილაძე.

ირმა ხარშილაძე

"გზა", 2012 წელი