მწერალ ნოდარ წულეისკირის ბოლო ინტერვიუ - გზაპრესი

მწერალ ნოდარ წულეისკირის ბოლო ინტერვიუ

მწერალი ნოდარ წულეისკირი 11 თებერვალს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სოფელ წერაქვში დაკრძალავენ. "სასურველი იყო, ნოდარ წულეისკირი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულიყო, მაგრამ ოჯახის წევრების სურვილით, გარდაცვლილის ნეშტს სოფელ წერაქვში დაკრძალავენ, სადაც მწერალი ბოლო წლები ცხოვრობდა", - განაცხადეს "მწერალთა სახლში".

ბატონ ნოდართან ინტერვიუ 2 კვირის წინ ჩავწერე. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ეს მისი ბოლო ინტერვიუ იქნებოდა.

თენგიზ აბულაძის ფილმის, "მონანიების" გადაღებიდან 30 წელი გავიდა, თუმცა, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. ფილმის სცენარის ავტორი თენგიზ აბულაძესთან ერთად, მწერალი ნოდარ წულეისკირია. ცოტა ხნის წინ მისი რომანი - "აფთრები" გამოიცა, რომლის საფუძველზე დაიწერილი სცენარის მიხედვითაც თენგიზ აბულაძემ გენიალური "მონანიება" გადაიღო. სამწუხაროდ, ბატონი ნოდარის გვარი სცენარის ავტორებშიც არაა მითითებული, რადგან ის დისიდენტად ითვლებოდა და მისი გვარის გამოჩენას შესაძლოა, ფილმისთვის ხელი შეეშალა. კითხვაზე - სწყდება თუ არა გული, რომ ბევრმა არც იცის, რა წვლილი მიუძღვის ფილმის გადაღებაში, ბატონმა ნოდარმა ჩვეული სიდინჯით გვიპასუხა: - ჩალით იყო დახურული ქვეყანა და ჩალითაა დახურული ახლაც. დიდად აღარ მწყდება გული, რომანის მეორე ნაწილზე მუშაობა დავასრულე, "აფთრები-2" უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ამით დავამთავრე იმის მტკიცება, რომ "მონანიების" სცენარი ჩემი ნაწარმოების მიხედვითაა გაკეთებული.

GzaPressწიგნს ფილმისგან განსხვავებული სახელი ჰქვია.

ნოდარ წულეისკირი:

- თავდაპირველად, რომანს "აფთარი" ერქვა. მთავარი პერსონაჟის, ჯეგე ხალდანის გამო დავარქვი ასე, შემდეგ კი, "ჯეგე ხალდანების" მომრავლების გამო, "აფთრები" ვუწოდე. რაც შეეხება "მონანიებას", ფილმის სახელი თენგიზ აბულაძეს ეკუთვნის.

წიგნის მთვარი პერსონაჟი ჯეგე ხალდანია, რომლის მშობლებიც ვარლამ არავიძის მმართველობისა და რეჟიმის მსხვერპლი შეიქნენ. შემდეგ უკვე გაზრდილი ჯეგე გადაწყვეტს შურისძიებას. ვარლამ არავიძეში საზოგადოების უმეტესობა ლავრენტი ბერიას აღიქვამს.

ნოდარ წულეისკირი:

- იყო ერთი ასეთი ამბავი სამეგრელოში: პროკურორი ამოაგდო გააფთრებულმა ადამიანმა სამარიდან. ვარლამ არავიძე არამზადის პროტოტიპია და მკითხველზეა დამოკიდებული, ვის სახეს დაინახავს მასში.

ფილმი (ისევე, როგორც - წიგნი) საბჭოთა მანკიერების სახეა და ბუნებრივია, მის გადაღებას ბევრი წინააღმდეგი ეყოლებოდა.

ნოდარ წულეისკირი:

- დღეს კომიკურიც კია ის ვითარება, რომელშიც ამ სცენარის გამო მე და თენგიზ აბულაძე აღმოვჩნდით. სასაცილოა ფარული შეხვედრების გახსენება "მზიურში", სცენარზე მუშაობისას, ჩემი სახელისა და გვარის დამალვა, ვინაიდან დისიდენტად მივიჩნეოდი. მაშინდელმა ცეკას მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ თავიდანვე იცოდა სიმართლე და საქმის ვითარება. ვფიქრობ, თვალი დახუჭეს მარტივი მიზეზის გამო - სიუჟეტი მოეწონათ. მიუხედავად ამისა, მაინც ბვერი წინააღმდეგობა იყო, მაგრამ ყველაფერს თენგიზ აბულაძე აგვარებდა.

- ბატონო ნოდარ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ არა - ედუარდ შევარდნაძე, ეს ფილმი დღის სინათლეს ვერ იხილავდა.

- უცნაური ხალხი ხართ ჟურნალისტები. წინათაც დამისვეს მსგავსი შეკითხვა, ავარიდე თავი და ვთქვი ისე, როგორც ვთქვი. წესია ასეთი - გარდაცვლილ კაცზე ან კარგი უნდა თქვა, ან - არაფერი. ჰოდა, ამჯერადაც თავს შევიკავებ პასუხისგან. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ჯეგე ხალდანი, ჰენრიკ სენკევიჩის რომანს - "ვიდრე ხვალ" კითხულობს. მოგეხსენებათ კლასიკური რომანის სიუჟეტი: თუ წიგნის დასაწყისში ლურსმანია სახლის კართან მიჭედებული, იქ თოფს ჩამოკიდებენ და მერე ის თოფი გავარდება კიდეც. მეც ამ ყაიდის მწერლებს მივეკუთნები. ვინც იცნობს სენკევიჩის რომანს, "აფთრები-2"-ის კითხვისას მიხვდება, რატომაა სწორედ ეს წიგნი ჯეგესათვის გარდაუვალი საკითხავი...

GzaPress- წიგნის რამდენიმე ეპიზოდი (ციხეში ადამიანების წამების გადაღება და შემდეგ ოპერატორის დაჯილდოვება სახელმწიფოს მიერ, მთაში ჰესის აშენება და სხვ) ძალიან ჰგავს დღევანდელობას...

- როგორც იცით, რომანი წლების განმავლობაში იწერებოდა და წიგნშიც ბევრი რამ შევიდა რეალობიდან, ახალი "ვარლამებისა" და "ჯეგეების" სახეებიც გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის "ჯეგე ხალდანები" დღეს უფრო მრავლად არიან, ვიდრე ოდესმე.

- რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ფილმი თუ წიგნი?

- რა თქმა უნდა, "აფთრები". მართალია, ფილმში რომანის სიუჟეტი და პერსონაჟების სახეებიც ასე თუ ისე დაცულია, მაგრამ ნამდვილი შურისმაძიებელი ფილმში არ არის, ხოლო მთავარი პერსონაჟის არყოფნით ყველაფერს ძალა ეკარგება. ჯეგე ხალდანი ფენომენალური შურის მაძიებელია და არა - უძლური, ტორტის მცხობელი ქალი. "ვარლამ არავიძე" არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, რამდენი "ვარლამიც" გაჩნდება, იმდენი ადამიანი გარდაიქმნება "ჯეგე ხალდანად"!

ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო ბატონი ნოდარი. როდესაც საუბრობდა, ძალაუნებურად გიჩნდებოდა განცდა, რომ თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს გიყვებოდა, რომელიც სპეციალურად შენთვისაა დაწერილი და რომელიც აუცილებლად კარგად უნდა დაიმახსოვრო.

ლადო გოგოლაძე, სპეციალურად საიტისთვის