როგორ ვიშოვოთ სამსახური - გზაპრესი

როგორ ვიშოვოთ სამსახური

თუმცა, თავის მხრივ, პრეტენზიები აქვთ დამსაქმებლებსაც, - მათი თქმით, ნებისმიერ ვაკანტურ ადგილზე პროფესიონალი კადრის პოვნა წარმოუდგენლად ძნელია, რადგან გასაუბრებაზე მოსულთა დიდი ნაწილის ამბიციები მათ გონებრივ შესაძლებლობებს უსწრებს.

შევეცადეთ, გაგვერკვია, რას თაკილობენ და რა მიაჩნიათ მიუღებლად სამსახურის მაძიებელ ადამიანებს.

დათო, 30 წლის:

- წლების განმავლობაში ვეძებდი სამსახურს. ხან სად ვგზავნიდი "სივის" და ხან - სად. პასუხი ან საერთოდ არ მომდიოდა, ან გასაუბრებისას ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. რამდენიმეგან გასაუბრებაზე მივხვდი, რომ შემოთავაზებაში სულ სხვა რამე ეწერათ, - დამქირავებლებს უნდათ, თავად ოფისებში ისხდნენ თბილად და კომფორტულად და შენ 200-250 ლარად, ენაგადმოგდებულმა ირბინო... ლამის ყოველთვე ახალ-ახალი სამსახურის ძებნა მიწევდა. ახლახან კიდევ ერთ კომპანიაში მივედი, რომელიც ინტერნეტში ვიპოვე. იქ მითხრეს, რომ მძღოლი სჭირდებოდათ. თან მანქანა მათი იყო. ვიფიქრე, მეშველა-მეთქი... როგორც კომპანიის მენეჯერმა მითხრა, - დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე მომიწევდა მუშაობა, სატვირთო მანქანით პროდუქცია უნდა გამევრცელებინა. შრომის ანაზღაურება 400 ლარი იყო. დავიწყე მუშაობა. ცოტა ხანში გაირკვა, რომ დისტრიბუტორს "კუზაოდან" საქონლის გადმოტვირთვაში უნდა დავხმარებოდი, რაშიც 100 ლარს დამიმატებდნენ. თუ ობიექტებს დავიმატებდით და საქონლის რეალიზაციაც გაიზრდებოდა, კიდევ 100 ლარი გვემატებოდა. ეს არც პირობებში ეწერათ და არც შეხვედრისას უთქვამთ, თანდათან "შემომტენეს", - შენთვისაც უკეთესი იქნება, რაც მეტი საქმე გექნება, მით მეტ თანხას აიღებ თვის ბოლოსო. ვუთხარი, - მე ის 400 ლარი მომეცით, აიყვანეთ კიდევ ერთი დისტრიბუტორი და ის 200 ლარი იმას გადაუხადეთ-მეთქი. - ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცითო, - მიპასუხეს... ვკითხე, - მძღოლი ვარ თუ მტვირთავი-მეთქი?.. ზარმაცი არ ვარ, მაგრამ ფიზიკურად მუშაობა არ შემიძლია.

GzaPress

- რატომ? ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ?

- არა, ჯანმრთელობის პრობლემა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ფიზიკური შრომა არ შეგეძლოს. არასდროს მიმუშავია ფიზიკურად. ისედაც, რა ხეირი ყრია დისტრიბუციაში?..

ლადო, 29 წლის:

- ახლახან მუშაობის დაწყების კიდევ ერთი მცდელობა მქონდა: ახლობელმა მითხრა, საშენო საქმე მაქვსო, - დაცვაში სჭირდებოდა თურმე. დილის 9-დან საღამოს 9-მდე და კვირაში ორჯერ, დილიდან - დილამდე. ბოლომდე ხომ არ "გავხანიგდები?.." კი მიჭირს, მაგრამ ამით ხომ არ უნდა ისარგებლონ? მეგონა, ისეთ რამეს ვიშოვიდი, სტაჟისთვის გამომადგებოდა, მაგრამ ტყუილად ვიწვალე. უნივერსიტეტშიც საკმაოდ კარგი ცოდნა მივიღე, მაგისტრატურაც დავამთავრე და უცხოელებთან მუშაობის გამოცდილებაც მაქვს, მაგრამ ახლა ნაცნობი თუ არ გყავს, არაფერი გეშველება. ის ნაცნობიც ძალიან ახლობელი უნდა იყოს, თორემ ან დარაჯად გაგამწესებს, ან - მტვირთავად და ამას ისეთი ტონით გეტყვის, ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი უნდა იყო... ინგლისურიც საკმაოდ კარგად ვიცოდი, "ტოეფელის" გამოცდა ჩავაბარე და რამდენიმე პროექტზეც მიმუშავია. ამ ბოლო დროს ინგლისურად საუბარი აღარ მიწევს და თანდათან მავიწყდება. ახლა ალბათ საშუალოზე დაბალი დონე მექნება... რადგან უკვე ოჯახი და ორი შვილი მყავს, ხან რას მივედე და ხან - რას, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს საჩემო საქმე არ იყო და უკეთესობის მოლოდინში კი მოვედი აქამდე. ახლაც სამსახურის გარეშე ვარ. რაღაც შემოთავაზებები კი მქონდა, მაგრამ ყველას უნდა "შავ მუშად" გამუშაოს და სიმბოლური თანხა გადაგიხადოს. კიდევ ცოტა ხანს მოვიცდი და თუ არაფერი გამოვიდა, უცხოეთში წავალ.

თეა, 22 წლის:

- სადაც კი მივედი, ყველგან მუშაობის გამოცდილება მომთხოვეს. ვუთხარი, - ყველგან ამას მთხოვენ და თუ არსად ვიმუშავე, სტაჟი რანაირად უნდა მქონდეს-მეთქი?.. - 22 წლის ხარ და ახლა იწყებ სტაჟის დაგროვებასო?.. - სტუდენტი ვიყავი და როდის უნდა მემუშავა-მეთქი? ასეთი "განაჩენი" გამომიტანეს, - ერთი თვე უფასოდ უნდა იმუშაოთ, დაგაკვირდებით და თუ მოგვეწონები, აგიყვანთო. - სამსახური სასწრაფოდ რომ მჭირდება, იმიტომ ვეძებ გამწარებული და ერთი თვე უფასოდ როგორ ვიმუშაო, გზისა და საკვების ფული ხომ მინდა-მეთქი. თან ისიც კი ვიფიქრე, ჯანდაბას, ვისესხებ იმ ერთი თვის სამყოფ ფულს, ნემსის ყუნწში გავძვრები და დამქირავებელს თავს მოვაწონებ-მეთქი, მაგრამ როგორც გავარკვიე, 200 ლარი მექნებოდა ანაზღაურება. ერთი სიტყვით, არ მიღირდა... ამიტომ, ჯერჯერობით, სანამ რაიმე ნორმალურს ვიპოვი, ისევ მშობლების კისერზე ჯდომა სჯობია, - ბოლოს და ბოლოს, ჩემ გარშემო უამრავი 30 წლის გოგო-ბიჭია, ვისაც ჯერ კიდევ მშობლები არჩენენ.

ჯაბა, 27 წლის:

- საქართველოში ნორმალური სამსახურის პოვნა ძალზე ძნელია. წლებია, ვეძებ. მუშახელი ყველას უნდა, მაგრამ ფულის გადახდა - არავის. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ 400 ლარად ვერ ვიმუშავებ...

- რატომ?

- იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემს თავს არ ვაკადრებ, ამ თანხაში ვიღაცას ჩემი ინტელექტი და შრომა მოვახმარო... ამას წინათ ახლობელმა მითხრა, - ჩემს მეგობართან ერთად რესტორანი გავხსენი და დამხმარე მჭირდებაო. გამიხარდა, იქნებ მეშველოს-მეთქი. ახლა ვხსნით და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ავამუშაოთო. მთელი საქართველო ერთი დიდი რესტორანია და რაღა ჩვენ ვერ ვამუშავებთ... როგორც მითხრეს, ბანკიდან აღებული სესხით წამოიწყეს საქმე და ძალიან საიმედო და უღალატო ადამიანები სჭირდებოდათ. ჩემს ფუნქციებში გარკვევა ვთხოვე ანუ - რა მევალებოდა, რადგან ცუდი გამოცდილება მქონდა - 300 ლარად ყველაფერს რომ გაკეთებინებენ, ისეთი. მითხრეს, რომ რესტორნის სამზარეულო სურსათით უნდა მომემარაგებინა: "მეხორცეები", ყველის შემომტანები, მემწვანილეები, ხილისა და ბოსტნეულის ვაჭრები - მოკლედ, ყველანი უნდა მეპოვა და რაც შეიძლება დაბალ ფასში გამომერთმია სურსათი. სახლიდან 5 საათზეც მიწევდა გასვლა და შუაღამემდე სამსახურში ვრჩებოდი. თვის ბოლოს კი 600 ლარი ავიღე. კინაღამ გავგიჟდი. ამ ჩემს ახლობელს ვუხთარი, - მეკაიფები-მეთქი?..

- რამდენს ელოდით?

- ჯერ ამ საქმეზე რომ დავთანხმდი, იმით უნდა მიმხვდარიყო, რომ ცოტა მეტი უნდა შემოეთავაზებინა. დიახ, უმუშევარი ვარ, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, ვის რა შესთავაზო! უბრალოდ, ვიფიქრე, იქნებ ხვალ და ზეგ რაიმე უკეთესი გამოჩნდეს-მეთქი... წარმოგიდგენიათ, ფიზიკურად რისი გაკეთება მიწევდა?.. დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათი მეძინა... რესტორნის მეპატრონემ მითხრა, - დასაწყისში გექნება ასეთი გასამრჯელო; რომ ამოვიქაჩებით, 1.000 ლარამდე აიღებო. ან 1.000 ლარი რა არის ასეთ საქმეში?! ყველა ვაჭარსა და გლეხს ცალკე უნდა ეჯღანო, რომ დაბალ ფასში გამოართვა ნაწარმი... მოკლედ, ამის გამო იმ ახლობელთან უსიამოვნება მომივიდა და წამოვედი. ასეა, საქართველოში ნორმალური სამსახურის შოვნა შეუძლებელია.

- რა პროფესიის ხართ?

- კერძო უნივერსიტეტი დავამთავრე. სპეციალობით მედიკოსი ვარ, სტომატოლოგი, მაგრამ ნაცნობობის გარეშე, როგორც ახლა, არც მაშინ შეგეძლო სადმე "შეძრომა"... შემდეგ, გარკვეული ხანი უცხოეთში ვიცხოვრე და ვიმუშავე, მაგრამ საქართველოში გამომიწია გულმა. აქ კი, ისევ ისეთი უძრაობის ხანა დამხვდა, როგორიც დავტოვე. მართლა ძალიან მიწვალია. ახლახან ერთ-ერთ კომპანიაში მხოლოდ იმიტომ მითხრეს უარი, რომ ერთი წლის განმავლობაში სამი სამსახური მქონდა გამოცვლილი. და კიდევ ვიღაც რომ მეტყვის, - რახან აქამდე ვერაფერი იპოვე, ეტყობა, ცუდად ეძებო, - ძალიან ვღიზიანდები. ყველა მშენებლობაზე ვერ იმუშავებს და ვერც "იტაქსავებს".

მაია, 43 წლის:

- 15 წელზე მეტხანს ვიმუშავე მასწავლებლად. მერე ის სკოლა დაიხურა და დავრჩი უმუშევარი. თავიდან არც მიდარდია დიდად, რადგან შვილები პატარები იყვნენ და ვიფიქრე, მათ მეტ დროს დავუთმობ-მეთქი. შემდეგ, მეუღლესაც შეუმცირეს ხელფასი, ბავშვებიც წამოიზარდნენ და მეც სამსახურის ძებნას შევუდექი. ვისაც კი ვიცნობდი, ყველას დავუკავშირდი, მაგრამ ამ სფეროსთან ვისაც ჰქონდა შეხება, ყველამ ერთი და იგივე მითხრა, - მასწავლებლის ადგილზე ისეთი ამბებია, არც იოცნებოო. მერე რეპეტიტორობა გადავწყვიტე, მაგრამ ყველას სახლში მისვლით უნდოდა, ამ ხნის ქალი კი სახლიდან სახლში ვერ ვიწანწალებდი... ამას წინათ ჩემი მონაცემები კიდევ ერთხელ დავგზავნე, რადგან სამსახური მართლა ძალიან მჭირდება. ერთ-ერთი კომპანიიდან დამირეკეს და კიდევ ერთხელ მკითხეს, რისი გაკეთება შემეძლო? ოფისში მისულს, ვიღაც პატარა გოგონები დამხვდნენ, გამესაუბრნენ და ძალიან კულტურულად მითხრეს, რომ "დამლაგებლის პოზიციას" მთავაზობდნენ. არადა, ისეთი დონის განათლება ჰქონდათ, 6-იანს არ დაუწერდა კარგი მასწავლებელი. თან მითხრეს, - რა ასაკის შვილები გყავთ? შეიძლება, ზოგჯერ თქვენი გამოძახებაც დაგვჭირდეს და იმედია, პრობლემა არ იქნებაო... გამოძახებით მუშაობაც ანაზღაურებადი იყო. მთლიანობაში, 450 ლარამდე ამივიდოდა... იქიდან ძალიან შეურაცხყოფილი და გაბრაზებული წამოვედი. 5 წელი ვისწავლე, პლუს - ტრენინგები, სემინარები და ტესტები გავიარე. ჩემი სკოლის დირექტორი ჩემი ნამოწაფარი იყო და უბატონოდ ხმას ვერ მცემდა, სულ მოწიწებით მესაუბრებოდა... მარტო ფული ხომ არ არის ყველაფერი?! რისთვის წვალობ ადამიანი ამდენს, ვიღაც "ოროსნებთან" სამადლოდ რომ იმუშაო?..

ირაკლი, 26 წლის:

- როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ინფორმატიკა მაქვს დამთავრებული და კომპიუტერულ ტექნიკას საკმაოდ კარგად ვფლობ. ინტერნეტში დადებულ-გამოცხადებული ვაკანსიების არ მჯეროდა, მაგრამ ერთგან მაინც მივედი. ერთ-ერთ ფირმას "აიტიშნიკი" სჭირდებოდა. პირობებს გავეცანი. მათაც შეამოწმეს ჩემი ცოდნა და 6-თვიან კონტრაქტზე შევთანხმდით. შრომის ანაზღაურება 500 ლარი იყო. ერთი თვე მშვენივრად ვიმუშავე, მეც კმაყოფილი ვიყავი და ისინიც. მერე კი უფროსმა დამიბარა თავისთან და მითხრა, - ვფართოვდებით, რეგიონებშიც ვხსნით ოფისებს, სადაც ისეთ კადრებს ვუშვებთ, ვისაც უკვე ვიცნობთ და ვენდობით; იქ ასისტენტი უნდა აიყვანო, შენი საქმე ასწავლო, შენ კი იქიდან სხვა ქალაქში გაგგზავნითო. მოკლედ, ახალციხეში მიპირებდნენ გაშვებას და პლუს 200 ლარს მიმატებდნენ.

- მერე?

- რა მერე? ახალციხეში რა უნდა მეკეთებინა?.. ერთი გემრიელად "მივახურე" და წამოვედი...

- ახლა უმუშევარი ხართ?

- დროებით უმუშევარი. ისევ ძიების პროცესში ვარ.

ლალი პაპასკირი