რადიოხულიგნის ძმა და ორგზის სტუდენტი რომან გოცირიძე - გზაპრესი

რადიოხულიგნის ძმა და ორგზის სტუდენტი რომან გოცირიძე

ბატონი რომანი საინტერესო მოსაუბრეა, არც მისი ინტერვიუზე დათანხმებაა პრობლემა. ასეთი რესპონდენტი ყველა ჟურნალისტს უნდა უსურვო - პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური, ენაწყლიანი... ასე იმიტომ ვაქებ, რომ თვითონ თავმდაბალი ადამიანი გახლავთ და საკუთარი თავის ქება არ უყვარს, დანარჩენს კი მის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- სულ ახლახან სწავლა დაიწყო. რა გახსენდებათ მოსწავლეობის პერიოდიდან?

- ალბათ ის, რაც სკოლის ასაკში ეწვევა ხოლმე ყველა ადამიანს - პირველი სიყვარული. სამი მეგობარი ვიყავით, მეზობლები. პირველ სექტემბერს, როცა სკოლაში მივედით, გადავწყვიტეთ, ვინმე შეგვეყვარებინა. უფროსი ბიჭებისაგან გაგონილი გვქონდა, რომ ასე იყო საჭირო. პირველმა მე ავირჩიე ერთი გოგონა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ბაფთა ეკეთა, შემდეგ - მეორემ, მერე - მესამემ. მხოლოდ 8 წლის შემდეგ გავიგე, რომ თურმე, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ მეგობარს ჰყვარებია ჩემი არჩეული. გვეგონა, ვინც აირჩია, ის უყვარდა... არადა, იტანჯებოდა თურმე კაცი, რადგან მე დავასწარი არჩევა. ასე რომ, თავდაპირველი "ერთი ნახვით შეყვარება" მერე ნამდვილში გადაიზარდა... თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "ჰეფი ენდით" არც ერთი არ დამთავრებულა.

- თქვენს "ფეისბუკ"-სტატუსებში ფილოსოფიურ-პოლიტიკური სჭარბობს და ლიბერალიზმი ჩანს...

- რაც თავი მახსოვს, მუდამ ლიბერალური შეხედულებების ვიყავი, ოღონდ, ამ სიტყვის მნიშვნელობა გვიან გავიგე. რატომაა, რომ ერთი ადამიანი რასისტია, მეორე - ნაციონალისტი, მესამე - კოსმოპოლიტი, ზოგი მორწმუნეა, ზოგიც - ათეისტი? ეს ფილოსოფიის საკითხია და მსოფლიო აზრის გიგანტებმა ამის ამოხსნას შეალიეს თავიანთი ცხოვრება. ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა როკ-მუსიკამ, რადიოსადგურებმა: "ამერკის ხმა", "თავისუფალი ევროპა" და "თავისუფლება", ფეხბურთმა, წიგნებმა, ნახევრად იატაკქვეშა ფილმებმა და ნათელი გონების ადამიანების (თაზო ბუაჩიძის, ზურაბ კაკაბაძის, ნიკო ჭავჭავაძის, ზურაბ კიკნაძის და სხვა) ლექციებმა უნივერსიტეტში. განსაკუთრებულად აღვნიშნავდი მძიმე როკის როლს. ჩემი უმცროსი ძმა ე.წ. "რადიოხულიგანი" იყო. გადასცემდა მუსიკას რადიომიმღებზე მიმაგრებული, კუსტარული აპარატურით, 15-20 კილომეტრის რადიუსში. აფხაზეთში, გალის რაიონში ვცხოვრობდით და ზუგდიდსა და ოჩამჩირეში ლაპარაკობდა "კოლეგებთან", ღია ეთერში. VIII კლასში იყო, მილიცია რომ დაგვადგა თავზე და მოწყობილობა ჩამოგვართვა, რადიოც წაიღეს. თურმე, თვითმფრინავების მოძრაობას უშლიდა ხელს. გახარებული ვიყავით, რომ "დაგვინდეს". ასეთი ლეგენდა დადიოდა, - თუ გამოგიჭირეს, ყველაფერს ჩამოგართმევენ ოჯახში, რაშიც დენი გადისო: ტელევიზორს, მაცივარს, უთოს... მთელი ბავშვობა 25-კილოგრამიანი, ბაბინებიანი, საბჭოთა "იაუზას" მაგნიტოფონთან ერთად გავატარე. ღამეებს ვათენებდი "გულაგის არქიპელაგის" მოსასმენად! მოკლედ, ბურჟუაზიული მავნე პროპაგანდის მსხვერპლი ვარ და ეტყობა, ამანაც განაპირობა ჩემი მომავალი.

- ასეთი ბავშვობის მერე მიკვირს, რომ პროფესიად ეკონომისტობა აირჩიეთ... GzaPress- ოოო! ეს მძიმე ამბავია! მინდოდა, ფილოსოფოსი გამოვსულიყავი. მაშინ ამ ფაკულტეტზე რომ მოხვედრილიყავი, თითქმის ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიგეღო. ვინაიდან რაიონში ვცხოვრობდით, ძნელი იყო, უცხო ენის ხარისხიანად შესწავლა. გადავწყვიტე, არ გამერისკა და სხვაგან ჩამებარებინა. ამით "ჯავშანს" მივიღებდი და ჯარიდან გავთავისუფლდებოდი, შემდეგ კი მშვიდად მოვემზადებოდი მომავალი წლისათვის. ასეც მოვიქეცი. ჩავაბარე ეკონომიკურზე, სამიოდე თვე ვიარე ლექციებზე, შემდეგ გამოვიტანე საბუთები და შევედი ფასიან მოსამზადებელ საღამოს კურსებზე. მაისში სამხედრო კომისარიატიდან შეტყობინება მივიღე, რადგან "ჯავშანი" გამიუქმეს. არ გამოვცხადდი, - მისაღები გამოცდები კარს იყო მომდგარი. კვლავ დილემის წინაშე აღმოვჩნდი. არ იყო საკმარისი ჩემი ინგლისური. ავდექი და ისევ ეკონომიკურზე ჩავაბარე, ჯარში გაწვევის შიშით. პირველ სექტემბერს ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი ნათელა მესხი ჩვენს ჯგუფში რომ შემოვიდა, მიცნო და სტუდენტებს უთხრა: ეს ბიჭი მთლად ნორმალური არ გეგონოთ, აი, ნახავთ, ორიოდე თვეში თუ არ მიგატოვოთო. ახდა ქალბატონი ნათელას სიტყვები, მაგრამ სულ სხვა მიზეზით: რადგან მაისში თავი ავარიდე გაწვევას და როგორც "დეზერტირს", არ მომცეს ახალი "ჯავშანი" და ორგზის ნასტუდენტარს, თავი მიკრეს შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკის სიახლოვეს. მანამდე მე და მამაჩემმა, რომელიც ომის მონაწილე იყო, თხოვნით მივმართეთ საქართველოს სამხედრო კომისარს, რომ ჩემთვის სწავლის გაგრძელების საშუალება მოეცა. მან საკმაოდ უკმეხად გვითხრა, - მადლობელი უნდა იყოთ, ჯარში კი არა, ციხეში რომ არ გაგზავნიო. დაახლოებით ოცი წლის შემდეგ, როდესაც ვიცე-პრემიერი გავხდი, მთავრობის სხომაზე ხშირად მიხდებოდა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალ შარაშენიძესთან. არც მისთვის და არც სხვებისთვის არ მითქვამს, რომ ეს სწორედ ის კომისარი იყო, რომელმაც საბრალო სტუდენტს ჩინეთის საზღვარზე მიკრა თავი. ერთ რამეში კი ნამდვილად "ვემადლიერები" გენერალ შარაშენიძეს: ჯარიდან დაბრუნებულს, არავითარი სურვილი აღარ მქონდა, ფილოსოფოსი გავმხდარიყავი და პატიოსნად შევუდექი ეკონომიკის შესწავლას. ჯარიდან დაბრუნებული უკვე მესამედ აღმოვჩნდი ეკონომიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე.

- რატომ გადაწყვიტეთ მეცნიერმა ადამიანმა პოლიტიკაში წასვლა?

- "პერესტროიკის" პერიოდში, როცა ცოტა თავისუფლება მიეცა პრესას, დავიწყე ეკონომიკურ თემებზე სტატიების გამოქვეყნება. უფრო პუბლიცისტური ხასიათის, ადვილად გასაგები ენით. ორჯერ ხსნიდნენ არჩილ გოგელიას გაზეთის რედაქტორობიდან, ჩემი სტატიების გამო. მაშინ საბაზრო ეკონომიკის ცნება სალანძღავ (სახიფათო) სიტყვად აღიქმებოდა. მერე ნელ-ნელა ოფიციალურმა პერიოდიკამ და ტელევიზიამაც იწყო კარის გაღება განსხვავებული აზრისათვის. ბევრი რამ შემძინა იმ პერიოდში მედიასთან ურთიერთობამ (წლის საუკეთესო პუბლიცისტიც კი გავხდი და დღესაც ვინახავ ჟურნალისტთა კავშირის იმ სიგელს). ჩავები ე.წ. არაფორმალურ მოძრაობაში. ჩამოყალიბდა "კავკასიური კლუბი", "რუსთაველის საზოგადოება", "სახალხო ფრონტი". ყველგან ვიყავი ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე. პარალელურად იქმნებოდა ეროვნული მოძრაობის რადიკალური ფრთა. საშინელი დაპირისპირებები იყო იმ პერიოდში სხვადასხვა ჯგუფებს შორის... ჩემმა ერთმა საქციელმა მომიჭრა ყველა უკანდასახევი გზა: ვისაც სამეცნიერო კარიერა უნდოდა, კომუნისტური პარტიის წევრი უნდა გამხდარიყო. არც მე ვიყავი გამონაკლისი. მაშინ კაკო ბაქრაძემ გადადგა იმ პერიოდისათვის გაუგონარი ნაბიჯი: ჩააბარა პარტბილეთი და გავიდა პარტიიდან. საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ძლიერი იყო და იმ პერიოდში თვით ბატონი აკაკის პროგნოზით, მისი დაშლა 15-20 წლის შემდეგ თუ იყო მოსალოდნელი (მაშინ იგი საკავშირო უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო). ჰოდა, ავდექით და მე და პარმენ მარგველაშვილმა ერთდროულად, ერთმანეთთან შეუთანხმებლად ჩავაბარეთ პარტბილეთები უნივერსიტეტში. ეს იყო შოკი! ეს 9 აპრილამდე კარგა ხნით ადრე მოხდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა სამუდამო თუ არა, მრავალწლიანი რეპრესიისთვის შეგუებას. 9 აპრილის მერე, ამან მასობრივი ხასიათი მიიღო და არც იყო სარისკო. მოკლედ, ეროვნულმა მოძრაობამ განსაზღვრა ჩემი შემდგომი ბედი.

- როგორ დაიწყო თქვენი კარიერული წინსვლა? ჯერ უზენაეს საბჭოში იყავით, ამის შემდეგ, თუ არ ვცდები, სამი მოწვევის დეპუტატი ბრძანდებოდით პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოადგილეც და შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, 2007 წლამდე... ამის შემდეგ თქვენზე არაფერი მსმენია...

- დიახ, ასე იყო. შევარდნაძის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო, მრავალი წელი ვიყავი ოპოზიციაში. "ვარდების რევოლუციამდე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი გახლდით. პარალელურად, თბილისის საკრებულოშიც ვმუშაობდი. როცა ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა, თითქმის მთელი საკრებულო გადავიდა პარლამენტში და იქ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ვხელმძღვანელობდი. ეროვნულ ბანკში ინტერესთა ბრძოლის ეპიცენტრში მოვექეცი, მაგრამ ჩემს საქმეებში ცხვირს არავის ვაყოფინებდი. არასდროს ყოფილა ეროვნული ბანკი ისე დამოუკიდებელი, როგორც მაშინ. რეიტინგში მაჩანჩალა ორგანიზაცია მეოთხე გახდა საერთაშორისო გამოკითხვებით, ეკლესიის, პატრულისა და ჯარის შემდეგ და ნომერ პირველი, ერთ წელიწადში რეიტინგის ზრდის მაჩვენებლით. რას იზამ, არ იყო ჩემი სურვილი იქიდან წამოსვლა, მაგრამ არც მუდმივ კონფრონტაციაში ყოფნა იქნებოდა სწორი, პირველ რიგში, ნოღაიდელის მთავრობასთან. როცა ნოღაიდელს ვუთხარი, - ნუ აყეფებ შენს ლეკვებს პარლამენტში, თორემ ცუდად დაამთავრებ-მეთქი, ასე მიპასუხა: მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ვარ და მანამ ვიქნები ამ პოსტზე, ვიდრე ხოში მექნებაო. ზუსტად ერთ თვეში მოხსნეს. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობდა, რეგიონში იყვნენ ერთად. ის კაცი აეროპორტში იყო, როცა ისე მოხსნეს მასპინძელი, რომ გაფრენაც არ აცალეს. აქ მარტო ნოღაიდელში არ გახლდათ საქმე. ერთმა ძალიან გავლენიანმა პირმა მითხრა, სხვა სამსახურში გადაყვანამდე ერთი კვირით ადრე: - გვირჩევნია, უშენოდ ეროვნული ბანკი დასუსტდეს, ვიდრე ზედმეტად დამოუკიდებელი იყო, რადგან გუნდურ თამაშში არ მონაწილეობო.

- ახლა როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?

- დავუბრუნდი სამეცნიერო-ანალიტიკურ საქმიანობას. თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია - "ეკონომიკური განვითარების ცენტრი", ვკითხულობ ლექციებს შავი ზღვის უნივერსიტეტში. დავუბრუნდი ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა მედიასთან ურთიერთობა. არასდროს დავიზარებ ჟურნალისტს დავუთმო დრო. მიუხედავად უამრავი ხარვეზისა და ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და შეურაცხყოფისა, ქართული მედია არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფერო დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში. რომ არა თქვენ, ჩინოვნიკების თავგასულობას საზღვარი არ ექნებოდა. როგორც ყველას, მეც მწყინს ტენდენციური კრიტიკა, თუმცა, ეს არასდროს ყოფილა ჟურნალზე გაბუტვის ან განაწყენების საბაბი.

- თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობის შესახებ მომიყევით, - როგორ გაიცანით, როგორ დაითანხმეთ, რომ ცოლად გამოგყოლოდათ ან იქნებ მან დაგითანხმათ?

- მომავალი მეუღლე მაშინ გავიცანი, როცა საჯარო ლექციები იყო მოდაში. მამარდაშვილის ლექციაზე სულ ჩემს სასიდედროსთან ერთად დადიოდნენ თურმე. კინოს სახლიდან გამოვიდნენ. ზამთარი იყო. მაშინ პოპულარული ვიყავი. უბრალოდ, შევეცოდე, გარეთ რომ ვიყინებოდი. მანანას მანქანა ჰყავდა, - "ნივა". პირველი არხის ჟურნალისტიც იდგა იქვე, ერთი ბიჭი. მოვიდა და მითხრა, - გთხოვენ, რომ იმ მანქანასთან მიხვიდეთო. მივედი, რას ვხედავ? ლამაზი გოგონა ზის საჭესთან. სახლში წაყვანა შემომთავაზეს. ვიუარე, - არ შეგაწუხებთ-მეთქი. ბოლოს დამიყოლია. რამდენიმე დღის შემდეგ ჯერ მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდი, მერე კიდევ სადღაც. მოკლედ, გადაება... როცა ვიქორწინეთ, მანანას ჰკითხეს, - რით მოგხიბლა რომანმაო? უპასუხა, - კომპლიმენტებით, რადგან სულ მეუბნებოდა, ჩემს გემოვნებას არ შეესაბამები, ქალი უნდა იყოს ლამაზი და სულელი, შენ კი სამწუხაროდ, ლამაზი და ჭკვიანი ხარ. ჰოდა, მეტი რა უნდა ქალსო?

- ეკონომისტის მეუღლე ეკონომიურია?

- რომ მცოდნოდა, ასეთი იყო... (იცინის) თუმცა, სინანული უკვე გვიანია. აი, სულ ბოლო მაგალითი, მისი ეკონომიკური განსწავლულობიდან: სახლში ერთი არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი კატა გვყავს. გიჟდება მეუღლე მასზე. ზაფხულში კომფორტული კუთხე მოუწყო აივანზე გასასეირნებლად. ჰოდა, დასდევს შემოპარულ ბუზებს, კალიებს, ჩიტებს. შემოჯდება ვიწრო მოაჯირზე და გადადის ყირაზე. მეუღლე შიშისგან განცდებშია, რომ არ გადმოვარდეს მეხუთე სართულიდან. გამოგვიცხადა, ზაფხულის პერიოდში ფრჩხილებს არ დავაჭრი, კარგად რომ ჩამოეკიდოს მოაჯირზეო. მოკლედ, ჯერ ფარდები დაგლიჯა, მერე - სკამები, ახლა სავარძლებზე ილესავს ფრჩხილებს. ლამისაა, ზამთარი ვინატრო! ვითვლი მატერიალურ ზარალს... მეუღლე მეუბნება, - ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია? ხომ გსიამოვნებს, როცა გეფერებაო? მიდი და ეკამათე. ისე, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მაგ კატას ხვალვე მივაბრძანებდი!

- თქვენს სახელს უკავშირდება კუპონის შემოღება, რომელსაც "გოცირიკებს" უწოდებდნენ. გწყინდათ თუ არა ამ თემაზე ხუმრობები? GzaPress- არ მწყინდა. როგორც საკოლექციო იშვიათობა, ახლაც იყიდება ეროვნულ ბანკში. ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ გამოწერით. ჩემი სახელი კუპონის შემოღებას უკავშირდება, სწორად აღნიშნეთ, მაგრამ რატომ არ ამბობენ, ვინ შექმნა ლარი? იმიტომ, რომ ამაზე სხვა ლეგენდები შექმნეს Lლარს ათი "მამა" გამოუჩნდა. სინამდვილეში, სახელი ეკუთვნის ლევან ღვინჯილიას, ხოლო გამზადებული ლარი, რომლის შექმნასაც მე ვკურირებდი, დავუტოვე ჩემს შემდგომებს.Mმხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერა იყო საჭირო, დასაბეჭდად. ჩაიხედეთ საფულეში და დააკვირდით, რა აწერია ხურდა ფულს? 1993 წელი ანუ დამზადდა ლარისა და შესაბამისად, თეთრების ბრუნვაში გაშვებამდე ერთი წლით ადრე.Lლარი ცოტა მოგვიანებით დაიბეჭდა ისე, რომ წერტილ-მძიმეც არ შეცვლილა, გარდა ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერებისა. რაც შეეხება კუპონის შემოღებას, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა; რუსეთმა სამანეთო ზონიდან გამოგვაგდო და ჩვენი კუთვნილი თანხებიც, რომელიც რამდენიმე მილიარდს შეადგენდა, უბრალოდ, არ მოგვცა და ქვეყანა ყოველგვარი ფულის გარეშე, მათ შორის - ნაღდი ფულის ნიშნის გარეშე. შევარდნაძემ დამიბარა და მითხრა: - წადი მოსკოვში, იქ შენი კოლეგაა, შოხინი, რომელიც ამ საკითხებს კურირებს. მე რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩემს სისტემაში უმუშავნია რაღაც რიგით თანამდებობაზე. გაიყვანე ცალკე ოთახში და უთხარი, - შევარდნაძემ დიდი მოკითხვა შემოგითვალა და თქვა, ჯერ კიდევ მაშინ ეტყობოდა, თუ რა დიდ სიმაღლეებს მიაღწევდაო. მერე სთხოვე, ელცინს დაურეკოს და ჩვენი გასაჭირი მოუყვესო. ასეც მოვიქეცი. გაგიჟდა კაცი. ჩემ თვალწინ დაურეკა ელცინს. მერე მითხრა, - სამწუხაროდ, ფულს ვერ გაგატანთ. როგორც კი ჩახვალთ, ამბროსოვიჩმა თვითონ დაურეკოსო. საღამოს, ტრადიციულ ვახშამზე, ხმალ-ხანჯლიან-ყანწებიანი სუვენირების ჩამორიგებისა და შეზარხოშების შემდეგ, წამოსცდა თუ გამომიტყდა, - სანამ სოხუმში, გუმისთაზე, თავაცვის მინისტრი გრაჩოვი ჯარებს არ ჩააყენებს თქვენსა და აფხაზებს შორის, ფულზე არც იოცნებოთო. როცა დავბრუნდი და ყველაფერი მოვუყევი, შევარდნაძემ თქვა: ელცინს არ დავურეკავ. დავბეჭდოთ ჩვენი ფულიო.Mმერე იყო, რაც იყო... მათ შორის, აფხაზეთის დაკარგვა. რადგან იმ პერიოდში მე ვიყავი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური რეფორმების დარგში, კუპონი ჩემს სახელს დაუკავშირდა. რა თქმა უნდა, სავალუტო სფეროს ეროვნული ბანკი განაგებდა და არა - მთავრობა, მაგრამ ბუნებრივია, ამ პერიოდში ბანკისა და მთავრობის პასუხისმგებლობა არ იყო გამიჯნული. კუპონი გახლდათ პირველი ქართული ფული, ფარატინა ქაღალდი, რომლის უკან არ იდგა არც ერთი თეთრი სავალუტო რეზერვი. იმ პერიოდში საქართველო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი უნდა გამხდარიყო, ხოლო გაწევრების პროცედურების დასაწყებად საჭირო იყო თითო-თითო მილიონი დოლარის შეტანა. საქართველოს ეს 2 მლნ დოლარი არ გააჩნდა, ის ჰოლანდიის მთავრობამ გვასესხა და რამდენიმე წლის მერე ჩამოგვაწერა ანუ - გვაჩუქა. ლარის შემოღებამდე, სავალუტო ფონდმა 27 მილიონი დოლარის სესხი მოგვცა და ასეთი მცირე მოცულობის თანხა (100-ჯერ ნაკლები, ვიდრე ჩვენი დღევანდელი რეზერვებია) საკმარისი აღმოჩნდა კუპონის სტაბილიზაციისთვის. მთელი ერთი წლის განმავლობაში 1 დოლარი 1,3 მილიონის ფარგლებში იყო. ამის მერე ახალი ფული, ლარი შემოვიდა.

- ვიცე-პრემიერობიდან თქვენი გადადგომაც ამ ამბავს უკავშირდება, არა?

- ფაქტობრივად, შევარდნაძის გუნდში, ძირითადი ბერკეტები მის დროინდელ კომუნისტებს ჰქონდათ და უარი ვთქვი შევარდნაძის გუდში ყოფნაზე იმის გამო, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც მაშინდელი ეროვნული ბანკი აწარმოებდა, საქართველოსთვის დამღუპველი იყო. მთავრობის გადადგომამდე კუპონი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ კი სამ თვეში დაიწყო კატასტროფული ვარდნა და ერთმა დოლარმა მილიონ კუპონს მიაღწია. მარი ჯაფარიძე, ჟურნალი "გზა"