ნიკო ნიკოლაძე: "ჩვენ გვსურს, რომ საზოგადო სიკეთე შემწვარი, გამომცხვარი, მარილწაყრილი ჩაგვიცვივდეს პირში..."
"დუმილის შეთქმულება" უცხო უნდა იყოს საზოგადოებისათვის. "საზოგადოების გარინდება" სამშობლოს ხსნა კი არა, მისი მიძინებაა. და თუ ეს კიდევ რამდენიმე წელიწადს გასტანს, მაშინ ამგვარ მიძინებას შეიძლება სამუდამო განსვენებაც მოჰყვეს..."
ნიკო ნიკოლაძე
სიმბოლურია, საზოგადოების ამგვარ "მიძინებასთან", ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის არაჯეროვან დაფასებასა და მისი საერთაშორისო მნიშვნელობის ნაშრომების პრაქტიკაში დაუნერგაობასთან დაკავშირებით, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე, პროფესორი ვალერი ვაშაკიძეც საუბრობს... სექტემბრის დამლევს ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 170 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, ამ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა და გამოიცა ამ თარიღისადმი მიძღვნილი ნაშრომთა კრებულიც. მასში ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი 35 ნამუშევარია თავმოყრილი.
ვალერი ვაშაკიძე:
- არსებობენ ამა თუ იმ ეპოქაში უბრალოდ მოღვაწე ადამიანები. მეორე მხრივ, არიან პიროვნებები, რომლებიც თავად ქმნიან ეპოქას. ნიკო ნიკოლაძე სწორედ ამ რანგის მოღვაწეა. როცა სრულიად ახალგაზრდა ნიკო ნიკოლაძე სასწავლებლად პეტერბურგში წავიდა, იქაურ რევოლუციურად განწყობილ სტუდენტთა მოძრაობაში ჩაება და 15 სექტემბერს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხული, 13 ოქტომბერს სასწავლებლიდან გარიცხეს და დააპატიმრეს. მოგვიანებით, მოგონებებში წერს, რომ მადლიერია ამ მცირე თავგადასავლისა, რადგან იმ წლებმა ბევრი რამ ასწავლა. საოცარია პეტერბურგში ჩასული სრულიად ახალგაზრდა ნიკოსა და უკვე სიმწიფეში შესული ჩერნიშევსკის დამოკიდებულება. ახალგაზრდა ნიკო, როგორც ტოლსა და სწორს, ისე ეპაექრება მაშინ უკვე ცნობილ მწერალს, ეთანხმება ან არ იზიარებს მის იდეებს... გერმანიასა და საფრანგეთში ყოფნის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და პირდაპირ თბილისს კი არ მიაშურა, ქუთაისისა და ხონის ერთგული დარჩა.
- წარმოშობით ხონელი, რატომ იყო ფოთის ამგვარი გულშემატკივარი?
- ნიკო ნიკოლაძის პაპაც და მამაც ვაჭრები იყვნენ. დღევანდელი ტერმინოლოგიით, სხვადასხვა სახის ბიზნესი ჰქონდათ, მათ შორის - ხეტყის. ეს საქმიანობა ოჯახს ფოთთან აკავშირებდა. ნიკო, ჯერ კიდევ ბავშვი, თვალყურს ადევნებდა ოჯახის საქმიანობას. ფოთის მიმართ ინტერესი სწორედ ამ დროიდან გაუჩნდა. ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით, ფოთი დღესაც ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც ევროპულადაა დაგეგმარებული.
- როგორც ჩანს, ბიზნესსაქმიანობისადმი ინტერესი მემკვიდრეობით გადაეცა...
- დღევანდელი ბიზნესმენები, რომელთაც არ იციან, თანხა რაში დააბანდონ, რომ დასხდებოდნენ და ნიკო ნიკოლაძის ნაშრომებს წაიკითხავდნენ, იმდენ იდეას აღმოაჩენდნენ, ქვეყნისათვის საჭირო უამრავი საქმის წამოწყებას შეძლებდნენ. აკი, თავადაც წერს: "საფლავშიაც რომ ვიდო, ჩემი ღვაწლი და ნაწერი იქიდანაც ამოსძახებდა ყველას, ვისაც კი სმენა არ დახშვია". სამწუხაროა, რომ ნიკო ნიკოლაძეს მხოლოდ სიტყვით ვიხსენებთ და არა - საქმით. როცა ერის ისტორიაში ასეთი პიროვნებები, ასეთი ნიშანსვეტები არსებობენ, საქართველოს ქალაქები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ, რომ რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინონ ამ პიროვნებების ღვაწლი, გაახსენონ თანამედროვე ახალგაზრდობას მათი არსებობისა თუ ბრწყინვალე იდეების შესახებ. კარგია კონფერენცია, შრომათა კრებულები და პათეტიკური გამოსვლები, მაგრამ ვფიქრობ, ჭეშმარიტი გახსენება ის არის, როდესაც მათი იდეები ცოცხლობს და მუშაობს. ქართველები ხომ ის ხალხი ვართ, ვინც ამბობს, "შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს". აი, ბატონო, ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორი, ძალიან ცნობილი პიროვნება, ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ სტრომე, რომელმაც თავისი 12-გვერდიანი ნაშრომი გამოგვიგზავნა, წერს: "დიდი ადამიანები, როგორც წესი, ბევრად უსწრებდნენ დროს. სწორედ ასეთ მოაზროვნეთა სიაშია ნიკო ნიკოლაძე. ამასთან, არა მარტო საქართველოში, არამედ თუნდაც მთელ ევროპაში თითზე ჩამოსათვლელია იმ დიდი ადამიანების სახელები, რომლებმაც თავიანთი თეორიული იდეების პრაქტიკული განხორციელება შეძლეს.
საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის იდეა, მრავალი საუკუნეა არსებობდა, მისი რეალობად ქცევა მხოლოდ ნიკო ნიკოლაძისა და მისი თანამოაზრეების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა". ჩარლზ სტრომე მეცნიერია საზღვაო-სატრანსპორტო საკითხების სპეციალობით. ეს კაცი გვეკითხება: თუკი საზღვაო ქვეყანა ხართ, რატომ არ გაქვთ საწყლოსნო ტრანსპორტი?! თუკი ასეთი წინაპარი გყავდათ, რომელმაც ფაქტობრივად, გამზადებული ბიზნესგეგმები დაგიტოვათ, რატომ არ არის ფოთი საქართველოს "ბეღელი" იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში?! მართლაც, აგერ უკვე 30 წელზე მეტია, საქართველოს ერთი გემი არ ჰყავს... 1871 წელს ნიკო წერდა: "სანამ ფოთში პორტი არ გაიმართება, ისეთი, რომ ზღვის გემებს ყოველთვის შეეძლოს რიონში შემოსვლა და თავისუფლად დაცლა-დატვირთვა, მანამდი ფოთის მომავალი ყინულზეა დაწერილი".
- როგორც ცნობილია, ნიკო ნიკოლაძე არა ერთ ან ორ, არამედ რამდენიმე განსხვავებულ სფეროში ერთნაირად დიდი მნიშვნელობის ნაშრომებს ქმნიდა და იდეებს პრაქტიკაშიც ახორციელებდა...
- გამორჩეულმა მოღვაწემ, არჩილ ჯორჯაძემ, რომლის სახელი ასევე მივიწყებულია, ნიკო ნიკოლაძეს "ულმობელი საქმის კაცი" უწოდა. უსაქმურად ერთი წამითაც არ შეეძლო ყოფნა. ის რომ ცალკე დავახასიათოთ, როგორც მენეჯერი, ეს მთელი საკვალიფიკაციო ნაშრომის თემა შეიძლება გახდეს... თუკი მის ჟურნალისტურ საქმიანობას განვიხილავთ, ესეც ერთი ვრცელი და მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა. ხაზგასასმელია მისი ნაშრომები ეკოლოგიურ საკითხებზე. აჯამეთის ტყეზე არაჩვეულებრივი წერილი აქვს დაწერილი. ამ წერილით, ხეტყის დამზადებით დაინტერესებული პირი მიიღებს სრულ და უტყუარ ინფორმაციას, როგორ უნდა განავითაროს ბიზნესი და ამავდროულად, ტყე შვილებს შეუნახოს... ცალკე თემაა ტრანსპორტი და ნიკო ნიკოლაძე - ერთ-ერთ გამოკვლევაში კაპიკებში აქვს გაანგარიშებული, რა მოგება შეიძლება მისცეს ქვეყანას რიონზე ნაოსნობამ. ამით მაშინდელი ბოლშევიკური საქართველოს მთავრობა დაინტერესდა. წარმოიდგინეთ, ბოლშევიკებს ეყოთ ჭკუა, ნიკო ნიკოლაძის იდეები გაეზიარებინათ, ჩვენ კი, დამოუკიდებელ საქართველოში, რამდენჯერ გაგვახსენდა ეს უდიდესი მოღვაწე?!.
- როგორ იხსენებენ ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პიროვნებას?
- ნიკო ნიკოლაძის ხასიათისა და სიბრძნის შესახებ ერთი მაგალითით მოგახსენებთ: ეს ის ადამიანია, ვინც გაბედა და გენერალი ალიხანოვ-ავარსკი ფოთთან შეაჩერა. ავარიელი ხანების შთამომავალი, საქმითა და სულისკვეთებით რუსი გენერალი, აჯანყებული დასავლეთ საქართველოს "დასაწყნარებლად" მოავლინეს და მთელი ეს მხარე ცეცხლის ალში გახვია. გენერალი, რომლის ნაკვალევზე ბალახიც აღარ ამოდიოდა, ფოთს მიადგა... ნიკომ უთხრა: მობრძანდით, ბატონო, ოღონდ იცოდეთ, მთელი ქალაქის ქონება უცხოეთის ბანკებშია დაზღვეული; გაბედეთ, ახლეთ ხელი და დაწვითო... გენერალმა ფეხი ვერ შედგა ფოთში...
- ნიკო ნიკოლაძემ ამ სიტყვებით გენერალი გააცურა თუ ქონება მართლაც დაზღვეული იყო?
- როგორ გეკადრებათ, მართლაც ასე იყო! ეს ის კაცი იყო, ვინც პირველი გადასახადი დააწესა და საქართველოში ეს ბევრმა დღესაც არ იცის. მან კაპიკიანი გადასახადი შემოიღო. ამ თანხას კი ქალაქის განვითარებას ახმარდა. როცა ყველგან ბნელოდა, ფოთში ელექტროენერგია იყო. ფოთის თავკაცობისას მილიონერ პალაშკოვთან ერთად, თბილისი-ფოთის რკინიგზა ააგო, რომელიც ამიერკავკასიაში პირველი აღმოჩნდა. ის იყო საუკეთესო ხარისხის ფოტოაპარატის ერთ-ერთი პირველი მფლობელი და შედეგად, შემორჩენილია თავად მის მიერ გადაღებული ფოტოების უნიკალური არქივი. ერთმა აბეზარმა ჟურნალისტმა არაფრით მოასვენა ნიკო ნიკოლაძე. ნიკომ მას ჯერ ერთი კარგი სილა სტკიცა და მერე ტყვიაც ესროლა...
- დუელს გულისხმობთ?
- რა თქმა უნდა. ეს ის პერიოდია, როცა ღირსება მეტად ფასობს, ვიდრე - სიცოცხლე. ჟურნალისტის მონაჩმახმა გააღიზიანა. ილია ჭავჭავაძე ამბობს: ქართველთა დაავადებას ერთი სახელი აქვს და მას ყიზილბაშობა ჰქვია. იმას გულისხმობდა, რომ მართალს პირში არ ვეუბნებით და "დუჟმორეული ვაქებთ ერთმანეთს". ნიკო ნიკოლაძეს არ სჭირდა ყიზილბაშობა, სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნებოდა.
- ის ასევე ცნობილია, როგორც ქართული ენის ერთ-ერთი დიდი ქომაგი...
- ნიკო ნიკოლაძე გახლდათ პირველი ქართველი, ვინც დისერტაცია უცხო ენაზე დაიცვა. შესანიშნავად იცოდა ფრანგული, რუსული და გერმანული ენები და შესაბამისად, თავისუფლად შეეძლო, კალკებით ესარგებლა. მიუხედავად ამისა, აცნობიერებდა, რომ ქართულ ენას მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა; რომ ის ერთ-ერთი მახასიათებელია ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა. ამიტომ ეძებდა შესატყვისს და ხშირად ახალ სიტყვებსაც ქმნიდა. "გადმოპორტირდი", "დააშეარე", "დაალაიქე"... ახლა ყველაზე უფრო დაწიხლული, მოუვლელი და მიგდებულია ქართული ენა... გარდა ამისა, ეს უდიდესი მოღვაწე ფიქრობდა იმაზე, თუ რა სჭირდებოდა იმ ეტაპზე ქვეყანას და თავის შვილებს, ყველას ტექნიკური განათლება მისცა - საქართველოს მაშინ ამ დარგის სპეციალისტები აკლდა. მართლაც, ნიკო ნიკოლაძის შვილების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითოეული მათგანი თავის დარგში ამა თუ იმ მიმართულების ფუძემდებელი გახდა.
შორენა ლაბაძე