გია ვოლსკი: ”ნათელია, ვის ინტერესში შედიოდა ჟვანიას ფოტოების გამოქვეყნება”
ფრაქცია "ქართული ოცნების" "კატეგორიულად ვორონცოველი" თავმჯდომარე, გია ვოლსკი მუდმივად დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა. პოლიტიკა არ უყვარს, თუმცა, მეორედ მოხვდა პარტიულ თანამდებობაზე. ბავშვობაში "გეოლოგიური ცხოვრებით" ცხოვრობდა და საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული იცის. ბუნებით პრაგმატიკოსია, ამაყობს წინაპრებით, განვლილი ცხოვრება-მოღვაწეობით და გულწრფელად საუბრობს როგორც საკუთარი ცხოვრების გზაზე, ასევე ახალგაზრდა ხელისუფლების პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი სატელევიზიო დებატების დროს ყოველთვის ინარჩუნებს კორექტულობას, ყველაზე უხეში ოპონენტების მიმართაც კი, იმ მიზეზით, რომ მათი შვილების ნერვებს უფრთხილდება.
- სამამულო ომი 12 წლის დამთავრებული იყო, როცა დავიბადე - 1957 წელს. თბილისში გოგოლის ქუჩაზე ვცხოვრობდი და ვარ "კატეგორიულად ვორონცოველი". ამას წინათ ჩავიარე ჩემი ბავშვობის ქუჩაზე და გული დამწყდა: გოგოლის იმ ნაწილში შენობები აღარ არსებობს. ძალიან პატარა ეზო გვქონდა და ახლა მიკვირს, როგორ ვთამაშობდით ფეხბურთს ან ველოსიპედით როგორ დავდიოდით. ბებია-ბაბუამ ურთულესი პერიოდი გაიარა, მაგრამ სულ მხიარულები მახსოვს. დედისერთა ვარ. 24-ე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ხან დედა მაკითხავდა, ხან - ბებია.
- "კარენოი" თბილისელი ხართ, ბატონო გია?
- კი, ასე გამოდის. პირველი ჩემი დიდი ბაბუა ჩამოვიდა საქართველოში. მამაჩემის მამა 1959 წელს დაბრუნდა ვორკუტიდან, სადაც 23 წელი გაატარა (1937 წელს გადაასახლეს). ბაბუის მოყოლილიდან ვიცი ყველაფერი, მაგრამ შეცდომა დავუშვი, რომ არც ბაბუას და არც მამას კარგად არ ვუსმენდი. დედ-მამა გეოლოგები იყვნენ და ბავშვობიდან დამატარებდნენ სხვადასხვა კუთხეში, მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. მამაჩემის დედამ ბოლო 10 წელი ბაბუაჩემთან გაატარა ციმბირში. ბაბუას ძმა, გრიგოლ ვოლსკი, ილია ჭავჭავაძემ მიავლინა აჭარაში და ბათუმში ყოფნისას, ილია მასთან ჩერდებოდა ხოლმე. მშვენიერ ლექსებს წერდა. მის სახელს უკავშირდება პირველი სკოლა, ქართული გიმნაზია, პირველი ქართული რომანსის ტექსტი... ბაბუა - დათიკო ვოლსკიც კარგი მწერალი და ჟურნალისტი იყო, საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში მოღვაწეობდა და პირველი ლექსები მან დაუბეჭდა ტერენტი გრანელს, ირაკლი აბაშიძესა და ნიკა აგიაშვილსაც. მაგარი კაცი იყო... 1937 წელს მწერალთა კავშირის პირველი მდივანიც იყო, მერე 1937-ში დაიჭირეს და 1959-ში ჩამოვიდა. სტუმრიანი ოჯახი გვქონდა, სულ ჭადრაკის თამაში, სუფრა, ყველი, პური, ღვინო... არც მიგრძნია გაჭირვება და ის, რომ ვინმეს ციმბირში ჰქონდა გატარებული წლები. დედაჩემის მამა - შალვა მაჭავარიანი "საირმის" დირექტორი იყო, ძალიან მაგარი კაცი. მოხალისედ წავიდა ომში და აღარ დაბრუნებულა. პირველად ბაბუაჩემის ბაბუა ჩამოვიდა საქართველოში კრაკოვიდან, თუმცა, გარემოებები არავინ იცის, იმ დროს პოლონეთში არეულობა, აჯანყებები იყო. ჩამოვიდა დიდი ბაბუა და დასახლდა გურიაში. მისი მეორე ნახევარი ბოდოკიას ქალი იყო. სხვათა შორის, იქ დღემდე ბევრი პოლონური გვარის ქართველები ცხოვრობენ - კიშინსკები, გოიები, ზნამენსკები, რუსეცკები... მეც მაინტერესებს, რატომ მოხვდნენ ვოლსკები მაინცდამაინც გურიაში.
- პოლონური თუ იცით, საყველპურო მაინც?
- არა, ერთი სიტყვაც არ ვიცი. პოლონელ დიპლომატებს როცა ვხვდები, კი ვეუბნები, - შიგნით სისხლის ყივილი არსებობს-მეთქი, მაგრამ აშკარად ვიტყუები.
- ბატონო გია, თქვენზე ამბობენ, ყმაწვილკაცობაში "ძველი ბიჭი" იყოო.
- ეს თემა ვიღაცამ რატომღაც ააგორა. ზოგადად, ქუჩის ინსტიტუტის თემის პოპულარიზაცია "ნაცმოძრაობამ" მოახდინა. როდესაც "ნაცმო" მოვიდა და "ჩარეცხვა" გამოაცხადა, ჯერ ქუჩის თემა შემოიტანა, რაც საზოგადოებიდან გარკვეული ნაწილის, ოპონენტების გარიყვისთვის გამოიყენა. არასწორი ინტერპრეტაციის ბრალია ყველაფერი. ჩემი და მამაჩემის თაობაც ისეთ გარემოში იზრდებოდა, როცა ქუჩა, ოჯახი, მეგობრობა სხვა კრიტერიუმებით იზომებოდა. ახლა სხვა სიტუაციაა. ახალგაზრდები ერთმანეთს წინასწარ უთანხმდებიან, რომ ერთმანეთთან მივიდნენ ან გასართობად წავიდნენ. ჩვენ ერთმანეთს ქუჩაში ვხვდებოდით ან გაკვეთილების მერე სკოლასთან ვიკრიბებოდით, არც კომუნიკაციის დიდი საშუალება იყო. ჩვენი სამეგობროს უმეტესობა კარგად ვსწავლობდით. ქუჩასაც თავისი ხიბლი ჰქონდა, მაგრამ მოჩხუბარი არასოდეს ვყოფილვარ, ძირითადად, გამშველებელი ვიყავი. 17 წლის ვიყავი, როცა დედ-მამა ალჟირში წავიდა სამუშაოდ და ფაქტობრივად, ბებია მზრდიდა. მამას ხელფასიდან თვეში დაახლოებით 200 მანეთი მეძლეოდა და მყოფნიდა იმისთვის, რომ შაბათ-კვირას მე და ჩემი მეგობრები სადმე წავსულიყავით - ბათუმში ან სოხუმში, ან თუნდაც ბალტიისპირეთში ჩავფრენილიყავით. იმხანად, თვითმფრინავის ბილეთი სტუდენტებისთვის 25 მანეთი ღირდა, მაგრამ დღეს ამას იტყვი თუ არა, იმწუთას მოგაძახებენ, - აი, იმ დროს მისტირიო. ჩავაბარე უნივერსიტეტში, ეკონომიურზე, ვაჭრობის ორგანიზაციის ფაკულტეტი დავამთავრე, პროფესია ჩემით არ ამირჩევია, მშობლებმა გადაწყვიტეს ასე. მამიდაჩემი, თინა ვოლსკი, კორნელი სანაძის მეუღლე იყო და ალბათ ერთადერთი ჩვენს ოჯახში, რომელსაც სამთავრობო სტრუქტურებში ჰქონდა გავლენა. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, მამიდა ვაჭრობის მინისტრთან მივიდა, გაეცნო და მერე მიმიღეს გამოთვლით ცენტრში, თორემ შეიძლება ფეხსაცმლის მაღაზიის გამგედ წავსულიყავი. არ მახსოვს, ჩემ გვერდით ვინმე მარქსისტ-ლენინისტი ყოფილიყოს, მაგრამ რადგან სახელმწიფო სტრუქტურაში წინსვლის პერსპექტივა იყო, პარტიულ ორგანიზაციაში მოვხვდი.
- თქვენი თაობა ალბათ ყველაზე დამეგობრებული იყო მარიხუანასთან. არასდროს აჰყოლილხართ ცდუნებას?
- მე ალბათ ღმერთმა დამიფარა და ეს საწამლავი არ მოვიდა ჩემთან. თან სპორტს მივდევდი, ჩოგბურთში ვვარჯიშობდი და ვერიდებოდი მოსაწევს. მახსოვს, ერთხელ მომაწევინეს მარიხუანა სკოლაში კლასელმა გოგონებმა. რაღაც, ვერ მიიღო ორგანიზმმა.
- ბატონო გია, პარტიის ცკ-ს ინსტრუქტორობას გაყვედრიან ხშირად.
- ერთი რამ ვიცი, რომ არ ვყოფილვარ კორუმპირებული და პატრიოტულად ვიყავი განწყობილი. პატიაშვილის პერიოდში ვმუშაობდი ცკ-ში. სსრკ-ის დაშლის პერიოდში ამ სტრუქტურებში რომ არ აღმოჩენილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სწორად აზროვნებდნენ, ალბათ, რაღაც დიდ სისხლის ღვრებს ვერ ავცდებოდით. არ ღირს წარსულის დაყვედრება. უამრავი ადამიანი ვიცი უპარტიო, რომელმაც კაცად ან ქალად არ ივარგა და ქვეყნისთვის ბოროტების მეტი არა გაუკეთებია რა. როცა ამას მაყვედრიან, მეცინება. ვიცი, თვითონაც არ ფიქრობენ ჩემზე ასე, უბრალოდ, საზოგადოების თვალში აწყობთ ამაზე აპელირება.
- შევარდნაძის დროს რა თანამდებობა გეკავათ?
- შევარდნაძის დროს ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში. შემდეგ ვაშინგტონში გავხსენით საქართველოს პირველი წარმომადგენლობა. შევარდნაძემ დიდი ბოროტება ჩაიდინა ჩემი ოჯახის მიმართ. გეგა კობახიძე ჩემი დეიდაშვილი იყო და რომ არა შევარდნაძის თავგამოდება, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. არავის უთქვამს, რომ ამ ბიჭებს დანაშაული არ ჩაუდენიათ - ადამიანების სიცოცხლე ჩააყენეს საფრთხეში. შეიძლებოდა მსხვერპლი არც ყოფილიყო, დეიდაჩემი - ნათელა მაჭავარიანი და სხვების მშობლებიც იქ რომ ყოფილიყვნენ. მერე ვმუშაობდი უშიშროების საბჭოში, ხოლო როდესაც ზურაბ ჟვანია გახდა პრემიერი, მთხოვა, სახელმწიფო სტრუქტურაში დავრჩენილიყავი და ვყოფილიყავი მინისტრ გოგა ხაინდრავას მოადგილე, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მინდა გითხრათ, რომ არასდროს არავისი კადრი ვყოფილვარ და არც ვინმეს მხარდაჭერა მქონია ოდესმე. ყველაზე ძალიან იცით, რას განვიცდი? თუნდაც ოპონენტებთან კამათის დროს, მაქსიმალურად თავს ვიკავებ, ვცდილობ, შეურაცხყოფა არავის მივაყენო, რადგან წარმოვიდგენ ხოლმე მათი შვილების რეაქციას ამ კამათზე. ასე არც არასდროს მოვქცეულვარ ცხოვრებაში. როცა შვილი უყურებს, რომ დედამისს ან მამამისს ერჩიან, ხომ განიცდის?
- როდის და სად დაიწყო თქვენი და ქალბატონი ნინოს სიყვარული?
- ნინო 23-ე სკოლაში სწავლობდა, ჩემი უბნელი იყო, ერთმანეთს ერთი ქუჩა გვაცილებდა. ყოველდღე ვხედავდი პატარა გოგონას, ვიოლინოთი ხელში. დამაინტერესა და გავიგე, სად სწავლობდა, მერე სკოლაში ვაკითხავდი. მე უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის ჯერ კიდევ მოსწავლე იყო. აღმოჩნდა, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. დაამთავრა სკოლა თუ არა, ცოლად მოვიყვანე. ნინო ჩემთან, სახლში ხშირად დადიოდა, ბებიაჩემთან მეგობრობდა და ერთად აცხობდნენ ნამცხვრებს. ერთხელაც, გადავწყვიტე, ჩემთან დარჩენილიყო. უნივერსიტეტისთვის ემზადებოდა და არ იყო იმის დრო, პაემნებზე ევლო. ვამჯობინე, ჩემთან ყოფილიყო და იქ ემეცადინა. ნინო ბეჯითი მოწაფე იყო, კარგად სწავლობდა და ჩემზე უფრო წარმატებითაც ჩააბარა და დაამთავრა უნივერსიტეტი. ახლა შვილიშვილზე უფრო აქვს ყურადღება გადატანილი. არც ისე ხანში შესულები ვართ, რომ ჩვენს ურთიერთობას რომანტიკა დააკლდეს. დღემდე ისეთივე ურთიერთობა და სიყვარული გვაქვს, როგორიც წლების წინ გვქონდა.
- შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- სამი ვაჟის მამა ვარ. უფროსი - ზუკა 21 წლის გარდაიცვალა. ფიზიკურად ძალიან კარგი ბიჭი იყო, კარგი მონაცემები ჰქონდა. არ მინდა ამის აღწერა. შუათანამ - სანდრომ ნიუ-იორკში საკმაოდ პრესტიჟული უმაღლესი დაამთავრა, ჩემი მეგობრები დამეხმარნენ და მათი მადლობელი ვარ. სანდრო საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკური ურთიერთობების სპეციალისტია. ამჯერად რაღაც ამერიკული პროექტის მონაწილეა. სანდრო ახლახან დაოჯახდა და შვილიშვილიც გვაჩუქა. ნაბოლარა - გიორგი 16 წლისაა. ვფიქრობ, ისიც ღირსეული კაცი გაიზრდება. მგონია, მოფერებით უნდა გაზარდო შვილები და არა სიმკაცრეში. არ ვარ მკაცრი.
- თქვენი და გეგას ურთიერთობაზეც მითხარით რამე. იცოდით, რომ თქვენ გვერდით გაზრდილ ბიჭს "გაფრენა" ეწადა?
- გეგა ჩემზე 3 წლით უმცროსი იყო, სულ ერთად ვიყავით. დროთა განმავლობაში შეგვეცვალა შეხედულებები, სამეგობრო წრე... გეგა ირაკლი ჩარკვიანთან მეგობრობდა, მერე გამოჩნდნენ ძმები ივერიელები, ისინი იდეურად ერთნი იყვნენ და თვითმფრინავშიც ერთად აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ვიცოდი გეგას განწყობა. გეგა შემოქმედებითი ადამიანი იყო, პოპულარული, იღებდნენ ფილმებში, სხვა წრეში, სხვა საზოგადოებაში ტრიალებდა. თუმცა, ორივე წრეში, სადაც ჩვენ ვტრიალებდით, ფიქრი ერთი იყო - "საქართველო უპირველეს ყოვლისა". დარწმუნებული ვარ, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეში შევარდნაძემ მღვდლის თემაც სპეციალურად შემოაგდო (ბიჭებს ორი წელი არ ჰქონიათ მასთან ურთიერთობა), რათა ცენტრისთვის დაენახვებინა, რომ ეს არა სისტემის, არამედ რელიგიური იდეოლოგიის თემა იყო, ანტისაბჭოთა განწყობამ კი არა, ახალგაზრდები რელიგიამ და ეკლესიამ გადარიაო. უნდოდა ისეთი იმიჯი შეექმნა, რომ ეს იყო რაღაც საზოგადოების ყველა ფენისაგან გამორჩეული სექტა. როცა გეგას დახვრეტა მიუსაჯეს, ყველაფერი თვალწინ დამიდგა, ჩვენი ბავშვობად - როგორ ვუშვებდით მის დაბადების დღეზე პატარები დიაფილმებს. მე უფროსი ვიყავი და მუდმივად ვმფარველობდი გეგას, ცელქი იყო ძალიან. ეს იყო დიდი ტრაგედია და ყველაფერს, რაც გამოვიარეთ, ერთი სიტყვით ვერ გადმოგცემთ. მერე ნათელა დეიდა რობიკო დადიანზე გათხოვდა და დუდუს ტრაგედია დაგვატყდა თავს. ნიუ-იორკში ვმუშაობდი იმ დროს, როცა დუდუ მოკლეს. როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, სულ ერთად ვიყავით, ვურთიერთობდით, როგორც ნამდვილი დეიდაშვილები. გეგა, დუდუ, ჩემი ზუკა... სამი დიდი ტრაგედია... ასეთია ცხოვრება.
- ბატონო გია, პოლიტიკასაც შევეხოთ... ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალების" მიმართ ლოიალურია, ხელისუფლებას "სტოკჰოლმის სინდრომი" დაემართა, მოწინააღმდეგე შეუყვარდა და მასზე ზრუნავსო.
- "სტოკჰოლმის სინდრომი" შათირიშვილამდე ისეთმა კაცმა თქვა, ვინც საერთოდ სტოკჰოლმი რა იყო თუ იცოდა, არ მეგონა. შათირიშვილს კი დაემართა წარმოჩინების სინდრომი. ან საქმის კურსში არ არის, ან განაწყენებულია რაღაცაზე. მესმის, ქართველი ხალხი გაბრაზებულია "ქართულ ოცნებაზე", რომ მან არ ჩააყენა "ნაცმოძრაობა" ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც სააკაშვილმა ჩააყენა მისი წინამორბედი პარტია - საერთოდ გააქრო მიწის ზედაპირიდან. ვიდრე არსებობს პარტიის ამომრჩეველი, ვერც ერთი პარტია ვერ აღიგვება. ჩვენთან კანონმა იმუშავა და არა - სამაგიეროს გადახდის სინდრომმა.
- თქვენი ამომრჩეველი სამართლიანობის აღდგენას თუ მოითხოვს, რისი პირობაც მოსვლამდე მიეცით, ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი უნდა იყოს...
- საზოგადოებას უნდა, გიგი უგულავა იჯდეს ციხეში. ჩემი ღრმა რწმენით, უგულავამ 50 მილიონი გაფლანგა. ჭიაბერაშვილმაც გაფლანგა და მას მიუსაჯეს პირობითი 2 წელი, მაგრამ ხალხს უფრო გაუხარდებოდა, მეტი მიეცათ და ციხეში მჯდარიყო და აი, რატომ: მიუსაჯეს თუ არა ამ კაცს 2 წელი, მას შემდეგ დგას და უნამუსოდ საუბრობს ისეთ თემებსა და საკითხებზე, რაზეც ნორმალურ ადამიანს მართლა აეშლება ნერვები. მოკლედ, უსამართლობის კასკადია. ჩვენ ჯერ სახელმწიფო უნდა აღვადგინოთ და სამართლიანობაც აღდგება.
- "ნაციონალები" რომ "დუხზე" არიან და "ბლატაობენ", ამ "დამსახურებასაც" "ოცნებას" უთვლიან.
- ჰო, მაგრამ ასე რომ არ ილაპარაკონ და ცხვირი ჩამოუშვან, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ორბიტიდან. ისე, მაგათ რომ ნამუსი ჰქონდეთ, ასეც უნდა მოიქცნენ. საერთაშორისო ასპარეზზეც ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული "ნაციონალებს", საკითხი არ დარჩენილა, რუსეთის სასარგებლოდ არ გადაეწყვიტოთ. ასე რომ, ადამიანები რასაც ჩვენგან ითხოვენ, არ არის სწორი. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს და ჯერჯერობით შეცდომებიც გვაქვს, შეცდომებსაც ვერ დავარქმევ, - რაღაც საკითხებია, რომლებიც ვერ გავქაჩეთ, თამასა გვაქვს აწეული და წინ მივდივართ.
- მაღალი პრემიების "უპრაგონო" გაცემამაც იმუშავა "ოცნებაზე" უარყოფითად...
- რა თქმა უნდა, ამ საკითხმა საერთოდ ზურგში ჩაგვარტყა დანა. მართალია, დეპარტამენტის 4 კაცის პრემიაზე იყო საუბარი, მაგრამ ამას 138 ათასი ლარის თემა მიაბეს და ხალხს ჰგონია, რომ ეს თანხა მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა გადაინაწილეს. სინამდვილეში, მართლაც მოიმატა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ. ზედმეტს რომ ხედავს გაჭირვებული ადამიანი, ღიზიანდება. დიახ, სოლიდური თანხაა 7.000 ლარი, მაგრამ მინისტრია და რა გასაკვირია? კვირიკაშვილს ჩავაცივდი - ის ხელზე იღებს 6.000 ლარს, აბა, ნახეთ ვერა ქობალიას ხელფასი - 12, 14 და 27 ათასიც იყო, მაგრამ ხალხს ეს არ აინტერესებს, ჩვენ მეტს გვთხოვს.
- ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება თუ შეესაბამება სიმართლეს?
- არა მგონია, სიმართლე იყოს. ჩვენ საკმაოდ კარგი პრემიერ-მინისტრი გვყავს, რომელსაც ყველა მხრიდან უტევენ. ივანიშვილს აქვს პოტენციალი (ფულად რესურსს არ ვგულისხმობ) დიდი საქმე გაუკეთოს სახელმწიფოს. მაგალითად, სამოქალაქო სექტორში აამუშაოს ფონდები. რაც უნდა ბევრი კრიტიკოსი ჰყავდეს, ბიძინა ივანიშვილმა უმტკივნეულოდ დაასრულა ბოროტების ეპოქა. არა მგონია, პოლიტიკაში მისი დაბრუნების საჭიროება იყოს. გამოდის ეს გივი თარგამაძე და პრემიერს ხან "შვილოთი" მიმართავს, ხან - ჰაკიმ ფაშას ეძახის. ჰაკიმ ფაშა მე ხაჩიმ ფაშა უფრო მგონია. მართლა ეგ მგონია. ჟვანიას ფოტოები დაყარეს ინტერნეტში იმ დროს, როცა გამოძიება ჯერ ახლოს არ არის შედეგთან. მათ წამოსწიეს ჟვანიას თემა და მიანიშნეს, რატომ არ არის საქმე ბოლომდე მიყვანილიო. ვიღაცამ სპეციალურად შემოაგდო ეს თემა, გამოძიებისთვის ხელი რომ შეეშალა და ხომ ნათელია, ვის ინტერესში შედიოდა ეს?
ნანა ფიცხელაური