ცნობილთა რჩეული ავტომობილები ანუ რატომ ჰქვიათ ჯიპებს ანზორი და გურამი
დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამის თაობაზე ცნობილი ადამიანები. აღმოჩნდა, რომ ისინი სიამოვნებით საუბრობენ ავტომანქანებზე და მათ მოდელებშიც საკმაოდ კარგად ერკვევიან. რასაკვირველია, ამ თემაზე საუბრისას გვერდი ვერც თბილისურ საცობებს ავუარეთ:
რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:
-მამაჩემს ყოველთვის ჰყავდა ავტომობილი და ხალისით გვემსახურებოდა მეც და დედასაც. როდესაც ასაკში შევიდა და ექიმებმა გააფრთხილეს, ჯანმრთელობის გამო შენი საჭესთან ჯდომა არ შეიძლებაო, საკმაოდ ადვილად დათმო ოჯახში მძღოლის ფუნქცია და მე გადმომაბარა. გამოგიტყდებით, არასდროს მქონია გამძაფრებული სურვილი, რომ აუცილებლად მანქანა მყოლოდა. ალბათ ამიტომ, ახლაც არ ვოცნებობ ჯიპზე, სადაც ყველაზე მაღლა ზიხარ და სხვებს ზემოდან უყურებ. სულ ორად ორი მანქანა მყავს გამოცვლილი: "ჟიგული", რომელიც მამამ დამიტოვა და ჩემი შეძენილი ავტომობილი, რომელიც ახლა მყავს და ძალიან მომწონს. ეს ორი "სიყვარული" მყავდა. ზოგიერთი მანქანასაც წამდაუწუმ იცვლის და ცოლსაც, მაგრამ მე ამის აზარტი არც მქონია და არც მაქვს.
მომწონს თუ არა ქალი საჭესთან? -მომწონს, რადგან ქალს, რომელიც მანქანის საჭესთან ზის, სულ სხვა ხიბლი აქვს. სხვათა შორის, მინდოდა, ჩემს მეუღლესაც ესწავლა მანქანის ტარება, მაგრამ უარი მითხრა. ადრე ქალები ზედმეტად ფრთხილები იყვნენ და თითქოს შეშინებული დადიოდნენ, ახლა კი მათ შორის ძალიან ხშირად შეხვდებით კარგ მძღოლებს. ამ შემთხვევაში ვეღარც ხვდები, საჭესთან ქალი ზის თუ მამაკაცი.
დათო ოქიტაშვილი, რეჟისორი:
-ვიცნობ ხალხს, რომელსაც მართლა საოცარი დამოკიდებულება აქვს თავის მანქანასთან: რეცხავს, აპრიალებს და თავს ევლება. მე ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ვგიჟდები ჩემს მანქანაზე და მის გარეშე საქმეს ვერ გავაკეთებ, თუმცა, ვიცი ისეთი ხალხი, ვინც ლამის თავის მანქანაში იძინებს და იღვიძებს. ზოგს არც სახლი აქვს, არც -კარი, მაგრამ მაგარი მანქანა ჰყავს და ამითაც ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ავტომობილი მყავს, ძალიან მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ავტობუსში, მეტროში ჩასვლა იმიტომ, რომ ხალხთან ურთიერთობა მომწონს. ამას წინათ ნასვამი ვიყავი, საჭესთან ვერ დავჯექი და სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე. ერთი ამბავი ატყდა: ყველას უნდოდა, ჩემთვის მგზავრობის ფული გადაეხადა, ბოლოს, ყველას მძღოლმა აჯობა და არაფრით თანხა არ გადამახდევინა. მე ასეთი ურთიერთობები უფრო მომწონს და მსიამოვნებს, ვიდრე ავტომობილში გამოკეტვა. ზოგჯერ ყველა სახის ტრანსპორტს მეტროს ვამჯობინებ, რადგან ჩვენი საცობების პირობებში ეს ძალზე კომფორტულია. სხვათა შორის, ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენი ჩინოვნიკებიც რომ გადმოვიდნენ მანქანებიდან და ხალხთან უფრო მეტი სიახლოვე ჰქონდეთ.
გიორგი ახვლედიანი, პოლიტიკოსი:
-რამდენი ადამიანიც არის, იმდენნაირი განწყობა არსებობს ავტომობილის მიმართ. ჩემთვის, პირადად, ავტომობილი გადაადგილების საშუალება და ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია, რადგან მისი დახმარებით უფრო მეტ საქმეს ვასწრებ. შესაბამისად, ჩემი ავტომობილის მიმართ ყოველთვის სერიოზული დამოკიდებულება მაქვს. ძირითადად მეორადი ავტომანქანები მყავს ხოლმე, მაგრამ ვიდრე ბოლომდე არ მოვაწესრიგებ, მანამ ვერ ვისვენებ. როდესაც ავტომანქანაში რაღაც "კაკუნობს", შეიძლება, ღამე გავათენო იმაზე ფიქრში, რა ეშველება ამ "კაკუნს", სამაგიეროდ, როდესაც ვიცი, რომ ჩემი ავტომანქანა გამართული და მოწესრიგებულია, ძალიან მშვიდად ვარ. მეცინება, როდესაც ვიხსენებ, როგორ ვისწავლე მანქანის მართვა: უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მე და ჩემმა მეგობარმა საზიარო ავტომობილი შევიძინეთ. წავედით აეროპორტის ტერიტორიაზე და იქ რამდენიმესაათიანი გაკვეთილი ჩამიტარა. აეროპორტიდან მანქანა მე წამოვიყვანე. ძალიან ვნერვიულობდი და 20 კმ/სთ "სიჩქარით" ვიარე სააკაძის მოედნამდე. ეს ჩემი მეგობარი გადახტა მანქანიდან, კარი მომიკეტა და გაიქცა. თანაც მომაძახა -უკვე იცი ტარება და შენ თვითონ წადი სახლშიო. სახლამდე რომ მივედი, ცოცხალ-მკვდარი ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ მდინარეში გადამაგდო და ასე ვისწავლე "ცურვა". ამჟამად "მერსედესის" მარკის მანქანა მყავს, რომელიც ახალი არ არის, მაგრამ კარგ მდგომარეობაშია. მე საერთოდ, "მერსედესის" ფანი ვარ და მიმაჩნია, რომ ნამდვილი მანქანა "მერსედესია", ყველა დანარჩენი კი -უბრალოდ, ავტომობილი.
ხვიჩა მაღლაკელიძე, მუსიკოსი:
-იცით, ყველაზე მეტად ვისი არ მესმის? -100-ათასიან მანქანას რომ იყიდიან და მერე ეკონომიის მიზნით გაზზე გადაიყვანენ. მე მყავს ერთი ნაცნობი, რომელმაც სახლ-კარი გაყიდა, იყიდა მაგარი მანქანა და ახლა იმ მანქანას შესციცინებს. სხვათა შორის, "ბლატნოი" ნომრებზეც ძალიან მეცინება და ვერ ვხვდები, რატომ ჰქვია ჩემკენ მომავალ უზარმაზარ ჯიპს მაინცდამაინც ანზორი ან გურამი. ეტყობა, ეს მისი მფლობელისთვის თვითრეალიზაციის თავისებური ფორმაა.
ოჯახში ძველებური 06 გვყავდა, მაგრამ მამაჩემი არ მენდობოდა და საჭესთან არ მსვამდა. სამაგიეროდ, მეზობელი მყავდა ერთი -ალიკა გასპარიანი (ღმერთმა ნათელში ამყოფოს), ჩუმად მსვამდა თავისი მანქანის საჭესთან, რის გამოც ძალიან ვემადლიერებოდი. ასე თანდათან მივეჩვიე ავტომობილის მართვას. მერე, რომ წამოვიჩიტე, ჩემმა დამ მაჩუქა "სიტროენი", რომელიც ძალიან ჰგავდა ფანტომასის ავტომობილს. იმდენ ხანს ვატარე, ვიდრე ნაწილებად არ დაიშალა და ასე, ნაწილ-ნაწილ ჩავაბარე. მერე პატარა "ფორდ ესკორტი" მყავდა, რომელიც ისევ ჩემმა დამ მაჩუქა. მასთან, გერმანიაში ვიყავი სტუმრად. 1999 თუ 2000 წელი იყო და ჩემი იქ ყოფნის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემეშინდა თვითმფრინავით წამოსვლა და სწორედ ამის გამო მიყიდა ძველი "ფორდ ესკორტი" სულ რაღაც 600 მარკად. ხუთი დღე ვიარე და ასე ჩამოვედი გერმანიიდან ბათუმამდე. რომ მოვდიოდი, ჩემმა სიძემ გამაფრთხილა, როგორც კი ჩახვალ, ეს მანქანა თავიდან მოიშორე -ზუსტად შენს ჩასაყვანად არის გათვლილიო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი: ზუსტად ერთ თვეში მოტორმა "დაასტუკა" და ნაწილ-ნაწილ ძლივს გავასაღე. ახლა "მიცუბიში გრანდსი" მყავს, რომელიც ზედგამოჭრილია ჩვენთვის: დიდი ოჯახი მყავს და სადმე რომ მივდივართ, მარტო ჩემი უმცროსი შვილის სათამაშოებს უნდება ამ მანქანის ნახევარი სალონი.
ფიქრია ჩიხრაძე, პოლიტიკოსი:
-მანქანებში ნაკლებად ვერკვევი, არც მართვის გამოცდილება მაქვს, მხოლოდ პერიოდულად გამიტარებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მინდა, მანქანას ვმართავდე. ტარება თითქმის ვიცი და სულ ცოტა დახმარება მჭირდება, რომ ვატარო. უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში მანქანის შეძენაზე ვერ ვიზრუნე, თორემ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ კარგი, მობილიზებული მძღოლი ვიქნები და საავარიო სიტუაციებსაც არ შევქმნი. მიუხედავად იმისა, რომ მარკებში და მოდელებში ვერ ვერკვევი, ვიზუალურად ბევრი მანქანა მომწონს და სიამოვნებით წარმოვიდგენდი თავს ამ მანქანაში. ძალიან არ მიყვარს დიდი ჯიპები და მიკვირს, ქალებსაც რომ მოსწონთ ეს დიდი, ტანკივით მანქანები. ნახევრად ჯიპის სტილის, საშუალო ზომის მანქანა მირჩევნია. ფერებს შორის მუქი ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი და შავი მომწონს. საშინლად არ მომწონს, როცა საჭესთან ზის ადამიანი და სიგარეტს ეწევა, ტელეფონზე საუბრობს ან ღვედი არა აქვს გადაჭერილი იმიტომ, რომ თითოეული ეს დარღვევა საბოლოო ჯამში საშინელ ქაოსს იწვევს, რომლითაც ყველანი ვწუხდებით. როგორც ჩანს, დაუდევარი მძღოლები ვერ ხვდებიან, რომ მათმა საქციელმა შეიძლება ვიღაც დააზიანოს, ჯანმრთელობა ან სიცოცხლე წაართვას. ამდენი ავარია და ქაოსი, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, მოუწესრიგებელი მძღოლების ბრალია და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ასეთ მძღოლებს კიდევ უფრო მეტ ჯარიმას დავაკისრებდი.
ლალი მოროშკინა, პიარ-ტექნოლოგი:
-მანქანის ტარება სკოლიდანვე ვისწავლე: ჩვენს სკოლაში შრომის გაკვეთილებზე გოგოებს ხელსაქმეს და კულინარიას ასწავლიდნენ, ხოლო ბიჭებს -სატვირთო მანქანის ტარებას, მეც დაუფიქრებლად ავირჩიე ეს უკანასკნელი. პირველად სწორედ სატვირთო მანქანა გავატარე და მართვაც ასე ვისწავლე. ვფიქრობ, რომ კარგი მძღოლი ვარ და ამას ჩემი მეუღლეც აღიარებს. ის ყოველთვის მშვიდადაა, როდესაც საჭესთან ვზივარ. საკმაოდ ფრთხილი ვარ, მაგრამ ამავე დროს ჩქარი ტარებაც მიყვარს, მთავარია, ჩემს მანქანას არაფერი "სტკიოდეს", ამიტომ ის ყოველთვის გამართულია. ფროიდს ჰკითხეს -რომელია ყველაზე კარგი მანქანაო? -და მან უპასუხა -"ახალი". მეც ვცდილობ, ყოველთვის ახალი მანქანა მყავდეს. ახლა მყავს "კუპერის" ჯიპი, რომელსაც სპორტული დანამატები აქვს და კუპეა, რაც იშვიათობაა. თუ არ ვცდები, თბილისში ასეთი მანქანა მხოლოდ ორი თუ სამი დადის. დღეს გრძელვადიანი კრედიტებიც იძლევა ამის საშუალებას და თუ შეგიძლია, რატომ არ უნდა გყავდეს ლამაზი და კომფორტული ავტომობილი? ჩემს მანქანას ყველაფერი აქვს, რაც მომწონს: ლამაზად გაწყობილი სალონი, თეთრი ფერი, რომელზეც ვოცნებობდი, ბრჭყვიალა ზოლები, რომელიც სპორტულობას უსვამს ხაზს და ამავე დროს, ძალიან ლამაზი და ქალურია. ძალიან მომწონს კომფორტული ავტომობილები და ცუდ მანქანაში ჩაჯდომას ფეხით სიარული მირჩევნია. ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს გზებზე და კომფორტს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს, ავტომობილი ეკონომიურიც უნდა იყოს, თუ შენც "შეგჭამა" და მთელი შენი ბიუჯეტიც, რად გინდა?
-ლალი, ახლახან გერმანელებმა მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს. თბილისურ საცობებში ასეთ მანქანას თუ ინატრებდით?
-საცობში როცა ვარ, ფრენაზე ნაკლებად ვფიქრობ. ვიცი, რომ მფრინავი ავტომობილი შორეული პერსპექტივაა, ისიც ვიცი, რომ ამ საცობებისა და ავარიების ძირითადი მიზეზი ტექნიკურად გაუმართავი მანქანები, უკულტურო მძღოლები, ცუდი გზები და არასწორი დაგეგმარებაა. ამიტომ, სწორედ ის უნდა შევცვალოთ, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ყველას საჭესთან დასმა ხომ არ შეიძლება?! მე მქონდა შემთხვევა, როდესაც მოსკოვში ტაქსის მძღოლს ეპილეფსიის შეტევა დაემართა, მანქანაში ჩემს შვილთან ერთად ვიჯექი და ბეწვზე გადავრჩით.
ხათუნა ჩიგოგიძე