ბადრიას კრამიტები
ის კი ცნობილია, რომ ბერძნულიდან შემოვიდა ეს სიტყვა მელნის, წიგნის, კალმისა და ბევრი სხვა სიტყვის მსგავსად. შესაძლოა, ძველბერძნულ ცივილიზაციას ზიარებული ქართული სახელმწიფოები კრამიტის დამზადების ტექნოლოგიასაც ჰომეროსის სამშობლოში სწავლობდნენ.
ვინ ასწავლა ქართველებს კრამიტის დამზადება, არ იცოდა ბადრია მეკრამიტემ, მაგრამ თავად მამისგან ისწავლა. ახლა ბადრია მეკრამიტის ძვალიც აღარ იქნება საფლავში, მაგრამ ზემო იმერეთის სახლების უმეტესობა ადრე დაბრაწული წითელი კრამიტებით იხურებოდა და ვინ დათვლის, რამდენი მათგანი ბადრიას ხელგამოვლილი იყო?!
ფეხშიშველა ბიჭს საკრამიტეში დედა პატარა აკვანა კალათით გზავნიდა ხოლმე მამასთან. ბევრი არაფერი ელაგა იმ კალათაში, მაგრამ მეკრამიტეს ჰყოფნიდა: მწვანილი, მოხარშული კვერცხი, კეციდან ახალაღებული, ბლის ფოთლებით აჭრელებული მჭადი, შაურიანზე ცოტა მეტი თხის ყველი, ლიტრიანით- წყალწყალა, მომჟავო ღვინო.
ბადრიას მისვლისთანავე მამა თიხით მოთხვრილ ხელებს უარესად მოთხვრილ წინსაფარზე წაღმა-უკუღმა შეიწმენდდა, მერე საკრამიტესთან ახლოს ნაგუბარში ამოიბანდა, დოქიდან ბარაქიანად გადაივლებდა სასმელ წყალს და ისე კოხტად გატეხდა გზაში ოხშივარდაკარგულ მჭადს, რომ ბადრიას ნერწყვი ახრჩობდა ჭამის დაწყებამდე. მამა პირველ ნახევარს შვილს მიაწვდიდა, ქვასავით მაგარ თხის ყველს მოკლე, ბასრი დანით შუაზე გააპობდა და გულდაგულ შეუდგებოდნენ დაუყვედრებელი ლუკმების ღეჭვას. ბადრიას კვერცხიც უყვარდა, მამამ თითქოს იცოდა და გაუტეხდა, სუფთად შემოაცლიდა ნაჭუჭს, მერე შუბლს შუბლზე მიადებდა, ჩემო პატარაო, ეტყოდა და ჯერ კიდევ უმზეურ ხელისგულზე კვერცხს დაუნანებლად დაუდებდა.
თიხას მამა ახლო ადგილიდან, მიწიდან იღებდა. ძალიან რთული იყო მიწის წიაღიდან წებოვანი აყალოს ამოღება. ჯერ უზარმაზარ ფენას გადააცლიდა მიწას, მერე ხელით მოსინჯავდა თიხას, გასრესდა და ხელისგულზე დადებულს უმზერდა. თუ კარგ საკრამიტედ ჩათვლიდა, მერე ბარით დიდრონ ბელტებს საპონივით ამოჭრიდა და ურემზე ალაგებდა. ბადრია ამ დროს ურემში შებმულ ხარებს წინ წკეპლით ედგა და ბუზანკალებისგან შეწუხებულ ხარებს ნეშოთი უურვებდა. ურემი ნელა ივსებოდა, მერე საზელ კალოზე მიიტანდნენ და დაყრიდნენ. საზელში მორიგეობით აბამდნენ ნიკორას და წიქარას. წრეზე ტრიალებდნენ ხარები და მოთელილ თიხას ყალიბით ჭრიდა მეკრამიტე. ფარღალალა ფარდულში ბადრიას შეჰქონდა მთელი სიფრთხილით მოჭრილი კრამიტი და ფაქიზად ალაგებდა წიფლის ფიცრებზე. ფიცრები განიერი იყო, ვაჟკაცის ორი მტკავლის სიგანის. ზაფხულის ცხელი ნიავქარი კრამიტებს გარს ურბენდა და აშრობდა. თუ თირი მიწა მოემატებოდა აყალოს, კრამიტის მოჭრა ადვილი იყო. გამოწვისას არ სკდებოდა, მაგრამ სახლების დახურვის მერე წყალს ნელ-ნელა აპარებდა და ასეთს არ ამზადებდნენ... სინდისი სუფთა უნდა ჰქონდეს კაცსო, არიგებდა მამა შვილს. სახლს ხურავს კაცი, განა საქათმეს ამ კრამიტითო.
რაც უნდა ცხელი ამინდი იყოს, მეთუნეს არ სწყურდება. მხრებში მოწურული მეკრამიტეები ასობით კრამიტს ჭრიდნენ ყოველდღიურად და თან ათასობით წვეთ ოფლს აწურავდნენ საუკუნო სახურავს.
ყველა მეკრამიტე თავისებურად წვრთნიდა შვილებს. საკრამიტე თიხის ამოცნობა, ქურის მოწყობა, კრამიტის მოჭრა, საქურე შეშის შერჩევა იყო მთავარი. ბადრიას მამას მზისფერი აყალო ერჩივნა, კრამიტი ხალისიანი წითელი ფერის გამოდიოდა. თუ თიხას ოდნავ მაინც ნაცრისფერი დაჰყვებოდა, მოჟამული ფერის კრამიტი გამოიწვებაო, არიგებდა ვაჟს. ქურას უზარმაზარს მოაწყობდა და შიგ "რბილი ცეცხლის" შეშას შეუკეთებდა. ასეთი ცეცხლი კი ჭალებში გაზრდილ თხმელებს აქვს. თხმელა სწრაფად იზრდება. ნაჯახსაც ადვილად ემორჩილება და მისი ნაპობები შიშინით იწვოდა ქურის საცეცხლეში, ნელ-ნელა აგუზგუზდებოდა ქურა და შეშას ისე სწრაფად ხაპავდა, როგორც ნაგვალი მიწა ჟუჟუნა წვიმის წვეთებს.
დადგებოდა ნანატრი წუთები და შეშის გროვის ადგილას ჯერ ისევ ცხელ კრამიტებს გადმოაწყობდნენ. ბადრიას ფაქიზ ხელებს წვავდა აღდგომის კვერცხებივით წითელი კრამიტები, მაგრამ მამას ეხმარებოდა და სულის ბერვით იგრილებდა ასაკთან შეუფერებლად დიდრონ თითებს. ზოგი კრამიტი სიფიცხის გამო დამსკდარი იყო, მაგრამ ეს არაფერი, მთავარი მაინც კარგი კრამიტი იყო. ისეთი კრამიტი, რომელიც თავად მეკრამიტეებზე დიდხანს ძლებს.
მოადგებოდნენ მყიდველები და გადამყიდველები საკრამიტეს. ვიღაცა მოზარდს მოაბღავლებდა და პატარა ოდის საკმარის კრამიტს წაიღებდა, ვიღაც ცხვირსახოცში გულდაგულ გამოკვანწულ ფულს ჩაუთვლიდა ხელოსანს და გადიოდა ნამიწარი თითქმის უკვდავება საკრამიტიდან ამიერ თუ იმიერ. თვალებბრიალა ხარები ურმებს მიაჭრიალებდნენ ულევზე (ასე ჰქვია იმ ვრცელ გზას, რომელიც კორბოულიდან შორაპნამდე გრძელდება), ზოგიც- დასავლეთით, ზოგიც- აღმოსავლეთით. დიდი სახლებისთვის რამდენიმე ურემი იყო საჭირო. შეძლებული გლეხების ოდებს ხუთი ათასი მაინც სჭირდებოდა, უღელ ხარს ოკრობოკრო გზებზე კი ხუთასი კრამიტიც ვერ მიჰქონდა. თუმცა მაინც ხალისით მიდიოდნენ მყიდველები, რადგან სახლებს აშენებდნენ!
ბავშვობა და სიჭაბუკე საკრამიტეში გაილია. ვის ეცალა სასურათედ, თორემ საკრამიტის ფოტოები ერთი დიდი ისტორია იქნებოდა. მერე მამა მოტყდა და მარტო ბადრიას უწევდა თიხის ზელაც და კრამიტის გამოწვაც. ზოგჯერ დააღამდებოდა და ცაზე თავისი სეხნია მთვარე როცა ამოგორდებოდა, მაშინ გასწევდა სახლისკენ.
ერთხელ სცადა, გაეხსენებინა, რამდენი სახლი გადაიხურებოდა მისი ნაცოდვილარით, მაგრამ ანგარიში მალე აებნა. სხვაგან წასვლისას ფერდობებზე სოკოებივით შესკუპებულ სახლებს მისი ნახელავი ეფარა და ფიქრობდა ბადრია: ბედს როგორ დავემდურო? ღმერთმა თიხა და შეშა მიბოძა, ჯანსა და შეძლებასაც არ ვუჩივი, გაივლის ბევრი წელი და მე რომ აღარ ვიქნები, იქნება ეს კრამიტები! დაივიწყებენ ბადრია მეკრამიტეს, მაგრამ იარსებებენ კრამიტები!
ბადრიას კრამიტები ღუდღუდა წითელი იყო. მსუბუქი, ოდნავ კუზიანი, ზომიერფარფლიანი და სახურავს "დაბადებულივით" უხდებოდა. წლები გადიოდა და სახურავებს მზე, წვიმა, დრო ფერს აკარგვინებდა. მღიერა ზოგ კრამიტს მუქლურჯად და მწვანედ მოედებოდა, მაგრამ ზოგს "ინგლისი" ჰქონდა წასმული! ჰო, ასე ეძახიან იმერელი მეთუნეები ერთგვარ საპრიალებელ მიწას. ინგლისი ღორმანაულის ტყეში სადღაც-სადღაც შეეძლოთ ეპოვათ. უფრო მეჭურჭლეები დაეძებდნენ მას. დოქებს, ფიალებს, თუნგულებს უსვამდნენ გამოწვამდე და პრიალებდა თიხის ჭურჭელი ჩინური ფაიფურივით. ინგლისიან კრამიტს მღიერა და ხავსი ვერ ეკარებოდა, მაგრამ ასეთი კრამიტი ცოტა იყო!
ზღუდის ვეება კრამიტებს ენაცვლებოდა სტრაფილის, სტრაფილისას კი- "დედალ-მამალი". ლარტყებზე გულაღმა დალაგებულებს ვიღაცამ დედალი კრამიტი დაარქვა, დაღმა დაწყობილს კი- მამალი. სასაცილო იყო: თუ მოგინდებოდა, კრამიტს "გაადედლებდი" და "გაამამლებდი" კიდეც!
ათეულობით წელი გავიდა. ბადრია ჭაღარაშერთული ისევ აწყობდა გამოსაწვავ კრამიტს ქურაში, ისევ აპობდა ჭალიდან ამოზიდულ თხმელას, ისევ უმატებდა კლიენტს "საგამტეხლოს" (გზად სავარაუდოდ გატეხილი კრამიტის სანაცვლოს) და მარადისობის მოახლოებას გრძნობდა.
ერთხელაც, როცა ფარდული წვალებით გამოავსო გასაშრობი, გამოსაწვავი კრამიტით, რაღაც ტკბილი ბინდი მიუახლოვდა, დაუკვნესებლად ბოლოჯერ ამოისუნთქა და რბილად, ფოთოლივით დაეფინა ძირს.
ბადრიას საფლავის გორა და გამოუწვავი კრამიტი ერთად გაშრა ათიოდე დღეში. ახლა ბადრიას ძვალიც აღარ იქნება საფლავში, მისი მოჭრილი კრამიტები კი ისევ ხალისიანად იყურებიან ადგილ-ადგილ შემორჩენილ ძველებურ სახლებზე და ფიქრობ,- ნუთუ კაცზე დიდხანს უნდა ძლებდეს მისი ნამოქმედარი?!
ალბათ, მკითხველი მიხვდება, რომ ბადრია პირობითი სახელია. როცა მასზე წერა დავასრულე, გადავწყვიტე, მეკრამიტეობით ცნობილ სოფელ ბოსლევში ჩავსულიყავი. ზესტაფონის ეს სოფელი სწორედ კრამიტის გაყიდვით ირჩენდა თავს და საკრამიტეებამდე მანქანით მივედი. რამდენიმე შენობა დგას კიდევ ფეხზე. ერთ ადგილას მამა-შვილი გამოჩეხილ "უშვილო" (უტაროო) სიმინდის ჩალას ხარებს აჭმევდა. მეორე საკრამიტეში შევედი და იქ 13 წლის ლაშა მახათაძე დამხვდა. ბრინჯაოსფერ სხეულზე თიხის წინწკლები ეყარა, თმა ჯიუტად გაშლოდა თავზე, გაქანებული მოზვერივით აბრიალებდა თვალებს და "ბარტყაბურტყით" ჭრიდა კრამიტს. 150 ღერს ვჭრი დღეშიო,- მითხრა და ღალა გადაუსვა თიხას, სასწრაფოდ ყალიბზე ფორმა მისცა, მერე კი ფიცრის თაროზე სხვა ასეულებს "დაუსვა" გვერდით. ალბათ, ადრე უამრავი მისნაირი ბიჭი ჭრიდა აქ კრამიტს, მაგრამ ახლა მეკრამიტეებიც შემცირდნენ და კრამიტით დახურული შენობებიც...
ბადრია და სხვა მეკრამიტეები მაინც ცოცხლად ჩავთვალე, რადგან ბოსლევის თიხიანებს თვალების ბრიალით ეჭიდება ახალი მეთუნე, ლაშა ბიჭი!
როლანდ ხოჯანაშვილი