რა შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და წა­უ­კითხონ ადა­მი­ანს კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა - გზაპრესი

რა შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და წა­უ­კითხონ ადა­მი­ანს კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა

: "მაინტერესებს, კონკრეტულად რა შემთხვევაში იკითხება კვეთებულის ლოცვა. საერთოდ, რას ნიშნავს ეს ლოცვა და შეიძლება თუ არა, დავესწრო რამდენიმე ლოცვას? ამბობენ, ჯადოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვსო..."

ამჯერად სწორედ ამ თემას შევეხებით...

- საიდან მომდინარეობს კვეთებულის ლოცვა?

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- კვეთებული - ბოროტის განდევნის ლოცვა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქრისტიანობის პირველივე საუკუნიდანაა დადგენილი, მაგრამ არა - დღევანდელი ფორმით - ცვლილება განიცადა, მაგრამ არა არსობრივად, არამედ მოხდა ლოცვების სისტემატიზაცია. ეშმაკთა განდევნის ლოცვები ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იკითხებოდა. "საქმე მოციქულთაში" მოთხრობილია, რომ პავლე მოციქულის სახელით, იუდეველი მღვდლის შვილები, შვიდი ძმა კურნავდა ეშმაკეულთ ამ სიტყვებით: - გაფიცებ იესო ქრისტეს, რომელსაც ქადაგებს პავლე, გადი მისგანო. ისინი მართალია, არასწორად მოქმედებდნენ, მაგრამ ამით ნათლად ჩანს, რომ ეშმაკთა განდევნის ლოცვები იუდეველთა პერიოდშიც არსებობდა.

ეშმაკით შეპყრობილობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს დაკარგული აქვს თავისუფალი ნება და დაცემული ანგელოზების ნებით მოქმედებს. მოძღვარი კვეთებულის ლოცვას აღასრულებს მღვდელმთავრის კურთხევით. ამ დროს ხდება ადამიანისგან ეშმაკის განსხმა, განდევნა და ის უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას ანუ კვლავ თავისუფალი ნების პატრონი ხდება. შესაძლოა, ბოროტის განდევნა პირველივე ლოცვისას არ მოხდეს და მას რამდენიმე ლოცვა დასჭირდეს.

- შეიძლება თუ არა, ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, კვეთებულის ლოცვაზე დასწრება, მოძღვრის კურთხევის გარეშე?

- ბოლო დროს მართლაც ერთგვარ მოდად იქცა კვეთებულის ლოცვაზე დასწრება, კვეთებულის ლოცვების კითხვა. თუ ადამიანი თვითონ მიდის კვეთებულის ლოცვაზე, ეს ნიშნავს, რომ შეპყრობილი არ არის. შეპყრობილობა ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია თავისუფალი ნება, არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ანუ მისი გონება მთლიანად შეპყრობილია ბოროტისგან. მხოლოდ ასეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი კვეთებულის ლოცვა. ზოგიერთი ამბობს, რომ ცუდი აზრები მოსდის, ბედი არ ეხსნება, მატერიალურად უჭირის ან სულიერი პრობლემები აქვს და მიაჩნიათ, რომ ამ მდგომარეობიდან კვეთებულის ლოცვებზე დასწრება გამოიყვანს. ეს არასწორი მიდგომაა. კიდევ ვიმეორებ, კვეთებულის ლოცვა ეკითხება ადამიანს, რომელიც არის შეპყრობილი, თავის თავისუფალ ნებას ვეღარ აკონტროლებს. მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ადამიანს კვეთებულის ლოცვების წაკითხვა. ამისათვის მან უნდა გამოიკვლიოს, არის თუ არა ეს ადამიანი შეპყრობილი.

- არის ტაძრები, სადაც კონკრეტულ დღეებში საგანგებოდ აღევლინება კვეთებულის ლოცვები...

- იკითხება, მაგრამ ეს განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება. როდესაც პარაკლისები ან წირვა ტარდება ტაძარში, ყველასთვისაა განკუთვილი, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ მსახურებებში, მაგრამ კვეთებულის ლოცვა არის მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.

- ყველა ეპარქიაში ხდება კვეთებულის ლოცვების წაკითხვა?

- მღვდელმთავრის კურთხევით, მოძღვარს ნებისმიერ ეპარქიაში შეუძლია კვეთებულის ლოცვის წაკითხვა. წარმოვიდგინოთ, მოძღვარი აღასრულებს წირვას, საღმრთო ლიტურგიას, რომლის დროსაც პური და ღვინო იქცევა ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად. მოძღვარს, რომელსაც ამის უფლება აქვს მინიჭებული, როგორ შეიძლება არ ჰქონდეს კვეთებულის წაკითხვის უფლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა მღვდელმთავრის კურთხევა. ეს არ ნიშნავს, რომ მღვდელმთავარი რომელიმე სასულიერო პირს ამ ლოცვის წაკითხვას აუკრძალავს. თუ ასე ხდება, ეს იქნება მოძღვრის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ალბათ, იმ დროს, თავად მოძღვარი არ იყო კონკრეტულად კვეთებულის ლოცვის აღსასრულებლად მზად.

- თვლიან, რომ კვეთებულზე დასწრებას ჯადოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს...

- კვეთებულს არავითარი ჯადოს საწინააღმდეგო მოქმედება არა აქვს. საერთოდ, ქრისტიანი ჯადოს, ავ თვალსა და მსგავს მოვლენებს არ უნდა აქცევდეს ყურადღებას. ვისაც სწამს, რომ ჯადო გაუკეთეს და ამის გამოა ცუდად, ეს მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი შორსაა ქრისტიანობისგან. ამგვარი დამოკიდებულებით უფალს ვეწინააღმდეგებით. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტი ქრისტიანია, უფლის სწამს, მასზე ამყარებს სასოებას და ცხოვრობს ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრებით, ზიანი მიაყენოს ვიღაცის მიერ ჩატარებულმა აბსურდულმა რიტუალებმა, რასაც ჯადოს ეძახიან. მისი მფარველი ხომ უფალია. ე.წ. ჯადო, არაკეთილისმყოფელთა მიერ აღსრულებული რიტუალები, სწორედ მასზე მოქმედებს, ვისაც სარწმუნოება არა აქვს. მორწმუნე ადამიანი ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს.

- ანუ ეკლესია ე.წ. ჯადოს არსებობას არ უარყოფს...

- რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ჯადოს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამან არ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქრისტიანს. ქრისტიანს ზიანს აყენებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი, - თუ ის მიიდრიკება ცოდვისკენ, უპირველესად სულიერ ზიანს მიიღებს, ხოლო თუ ცოდვისაკენ არ მიიდრიკება, ებრძვის ცოდვებს და ქრისტეს მცნებების აღსრულებით დაუპირისპირდება უკეთურებას, აისხლეტს ეშმაკის ყოველგვარ შემოტევას, რომელიც მიმართულია ადამიანისკენ. თუ ადამიანი მიენდობა უფალს, მისი შეწევნით ყოველივეს დაძლევს.Uუფლის მინდობა ნიშნავს ეკლესიური გზით ცხოვრებას და ყველგვარი განსცდელის ეკლესიური საშუალებებით შეწინააღმდეგებას, რადგან ეს უფალმა მოგვცა და არა - კაცმა.

- როდესაც უფალმა გენესარეთის ქვეყანაში ლეგიონით შეპყრობილი ეშმაკეული განკურნა, მისგან გამოსული უკეთური ძალები მხოლოდ მაცხოვრის ბრძანების შემდეგ შევიდნენ ღორების კოლტში. ეს ნიშნავს, რომ უფლის ნების გარეშე უკეთურ სულს ადამიანის დაპატრონება არ შეუძლია. მაშინ რატომ უშვებს უფალი, რომ ზოგჯერ ადამიანზე უკეთურმა სულმა იბატონოს?

- დაცემული სულების სურვილია, რომ ყველა ადამიანს ასე მოექცნენ, მაგრამ უფალი არ უშვებს ამას. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი თავისი ნებით მიიდრიკება ბოროტისკენ და აძლევს უფლებას, დაიმორჩილოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი საკუთარი ცოდვებით მიდის იმ მდგომარეობამდე, როდესაც ამას ღმერთი უშვებს. ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ არ ვიცით, მაგრამ ღვთისგან ბოროტის მიშვება, თავისუფალი ნების წართმევა ხდება, რათა ადამიანი უარეს ცოდვაში არ ჩავარდეს, მეტად არ დაიღუპოს სული. როდესაც ადამიანს თავისუფალი ნება აქვს წართმეული, ის ბოროტებას ვეღარ ჩაიდენს, ისევე, როგორც სიკეთეს.

- განკაცებული უფალი მიწიერი მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე ხშირად ეშმაკთა განდევნის სასწაულებს აღასრულებდა, ამის მიზეზი ალბათ ის სულიერი მდგომარეობა იყო, რომელშიც იმდროინდელი კაცობრიობა იმყოფებოდა...

- რა თქმა უნდა. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, ბოროტს უკვე იმდენი ხელმწიფება აღარ აქვს კაცობრიობაზე, ადამიანებზე, როგორიც ძველი აღთქმის პერიოდში ჰქონდა. როდესაც ადამმა შესცოდა, შეგნებულად დაუჯერა ეშმაკს, ადამიანებზე ხელმწიფება მიეცათ დაცემულ ანგელოზებს, ამიტომაც ძველი აღთქმის პერიოდში გაცილებით მეტი იყო ეშმაკით შეპყრობილი ადამიანი, ვიდრე მაცხოვრის მოსვლისა და ჯვარცმის შემდეგ, რადგან მაცხოვრის მსხვერპლშეწირვით დაცემულ ანგელოზს ხილულ სამყაროსა და ადამიანებზე ხელმწიფება წაერთვა.

- სახარებაში უფლის მიერ ეშმაკეულის განკურნების რამდენიმე ფაქტია მოთხრობილი. ერთ-ერთია მთვარეულის განკურნება, როდესაც მამას უფალთან თავისი ძე მიჰყავს და სთხოვს მის განკურნებას. აქ ნათლად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია სარწმუნოება საღვთო კურნებისა და მადლის მისაღებად... მაცხოვართან მიყვანამდე ყრმა მამამისს მოციქულებთან მიჰყავს კურნების მისაღებად, თუმცა მოციქულები მის განკურნებას ვერ შეძლებენ. რატომ ვერ კურნავენ მოციქულები მთვარეულს?

- როგორც მახარებლები გვეუბნებიან, ამ კაცის ყრმა იყო "ცისად ცისა გვემული", რაც ქართულად პირდაპირ, სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც მთვარული. რატომ იყენებენ მახარებლები ამ სიტყვას? ეს ხომ არასწორია, რადგან მთვარე კავშირში არ იყო ამ ბავშვის სნეულებასთან, ის შეპყრობილი იყო ეშმაკის მიერ. ეუბნება კიდეც მამამისი იესოს: "მოძღვარო, გევედრები, შეიწყალე ჩემი ძე, ვინაიდან მთვარეულია და საშინლად იტანჯება. შეიპყრობს სული და მაშინვე ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს". წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ უკეთურ სულებს უამრავი ხრიკი აქვთ, ერთ-ერთი ხრიკი ის არის, რომ როდესაც ადამიანს შეიპყრობენ, მისი სნეულების გაძლიერებასა თუ შესუსტებას მთვარის ფაზებს ამთხვევენ. ვთქვათ, სავსემთვარეობის დროს მეტად აღიზიანებენ ადამიანს და ტანჯავენ, სხვა დროს - ნაკლებად, რათა ადამიანებმა არა ეშმაკს, არამედ ღვთის შექმნილ ქმნილებას დააბრალონ. მახარებლებმა კი იმის გამო მოიყვანეს ეს სიტყვა "ცისად ცისა გვემული" - მთვარეული, რათა უფრო გასაგები ყოფილიყო ადამიანებისათვის, რასაც ისინი ამ დაავადებას უწოდებდნენ, მოციქულებმაც იგივე უწოდეს. წმინდა მამები მთვარეულის განკურნებაზე საუბრისას ბრძანებენ, - ყრმის მამას არ ჰქონდა სათანადო სარწმუნოება, თორემ მოციქულებს ღვთისგან მიცემული ძალით ასობით სასწაული ჰქონდათ აღსრულებული, - ეშმაკთა განსხმისა თუ ხორციელი კურნებების. ყრმის მამის მცირედ მორწმუნეობა ნათლად ჩანს, როდესაც შემდეგ მან თავისი ძე მიუყვანა მაცხოვარს და უთხრა: უფალო, შეიწყალე ძეი ჩემი, რომელიც "ცისად ცისა იგვემების" და შენმა მოციქულებმა ვერ შეძლეს მისი განკურნებაო, ანუ თავისი ურწმუნოება მოციქულებს დააბრალა. შემდეგ მაცხოვარს უთხრა - უკეთუ ძალგიძს, შეგვეწიე და განკურნე ჩემი ძე, - შენმა მოწაფეებმა ვერ განკურნეს და შენ თუ მაინც შეგიძლია, შეგვეწიეო. მართალია, მას სურვილი ჰქონდა თავისი ძის განკურნების, მაგრამ არ სწამდა, რომ ღმერთს ეს შეეძლო. უფალმა რა უთხრა? - უკეთუ ძალმიძს? მორწმუნისთვის ყოველივე შესაძლებელიაო. ამით ამხელს უფალი მას. ყრმის მამა მიუგებს, - მწამსო. ოღონდ კურნება მიიღოს და ტყუილსაც ეუბნება, მაგრამ როდესაც ეს სიტყვები წარმოთქვა, სინდისმა შეაწუხა და უკვე გულშემუსვრილმა მიმართა - უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. ეს იყო მისი აღსარება, მან ამით აღიარა, რომ ურწმუნო იყო და ამის აღიარებით უკვე მორწმუნე გახდა. ამის შემდეგ ღირსი შეიქმნა, რომ უფალს განეკურნა მისი შვილი. უფალმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა: განკურნა ყრმა, მაგრამ საოცრება იცით, რა არის? - ჯერ განკურნა ყრმის მამა ურწმუნოებისაგან, ის მორწმუნე გახადა და ყრმის კურნება ამის შემდეგ აღასრულა. სახარებიდანაც ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში, უფალი ადამიანებს აძლევს სულიერ კურნებას და შემდეგ - ხორციელს. ასევე მოხდა ამ შემთხვევაშიც, - ჯერ მამა განკურნა სულიერად, შემდეგ მისი ძე - ხორციელად.

შორენა მერკვილაძე