ვისთვის გაწირა თავი სამშობლოდან გაძევებულმა მიხეილ თამარაშვილმა - გზაპრესი

ვისთვის გაწირა თავი სამშობლოდან გაძევებულმა მიხეილ თამარაშვილმა

შენც, კოლხეთის ცელქო რიონო!/ უცხოეთიდან სალამს გიგზავნი,/ სალამს მზიურს და არწივის ფრთიანს,/ შენი ოცნებით ვიქარწყლებ ტკივილს,/ და გულს ვევნები ბუნებას ღვთიანს./ თუ ვეღარ გნახო, ტურფა ედემო,/ და უცხო ცის ქვეშ აღმომხდეს სული,/შენ დამიტირე, სამშობლოვ ჩემო,/ შენ მიისვენე შენი ერთგული..."- საქართველოდან ეროვნული სულისკვეთების გამომჟღავნების ბრალდებით გაძევებულ, დღემუდამ სამშობლოზე მგლოვიარე და უიმედოდ ნატრულ მიხეილ თამარაშვილს ნოსტალგიის სიმძაფრემ ლექსების წერაც დააწყებინა...

ნატვრის ახდენა არ ეწერა დიდ ქართველ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატს, თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს... საკუთარი ქვეყნის შორიდან მოამაგე იტალიაში გარდაიცვალა. მის დამკრძალავ პროცესიას არაერთი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული საერო თუ სასულიერო პირი დაესწრო, საქართველოდან კი არავინ ჩასულა...

ჩვენდა სამარცხვინოდ, ერმა ვერც შემოწირულობის სახით შეაგროვა მისი ცხედრის სამშობლოში გადმოსასვენებლად საჭირო თანხა. მხოლოდ გარდაცვალებიდან 68-ე წელს, უფლის ნებით, რეზო თაბუკაშვილი უცხოეთში შემთხვევით გადააწყდა თანამემამულის ცხედარს და არაფრის ფასად აღარ დათმო, ბოლომდე უჭირისუფლა და სამშობლოს მიწას დაუბრუნა მიხეილ თამარაშვილის საქართველოს დარდით ნაშიმშილარ-ნატანჯი სხეული... ამ ორი სულით მონათესავე ქართველის ცხოვრების ბედისა და უბედობის შესახებ, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობი, იზა ვეფხვაძე მოგვითხრობს.- ქალბატონო იზა, 1902 წელს, საქართველოში მიხეილ თამარაშვილის ნაშრომი, სახელწოდებით- "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" გამოიცა. მას გაზეთმა "ივერიამ" მეორე "ქართლის ცხოვრება" უწოდა. რატომ აირჩია მიხეილ თამარაშვილმა კონკრეტულად ეს თემა?

- თამარაშვილები ახალციხეში ჯავახეთიდან გადასახლდნენ და კათოლიკე პადრეების გავლენით, კათოლიკობა იძულებით მიიღეს. ეს სწორედ ის პერიოდი გახლდათ, როცა სომხები იჩემებდნენ: ქართული კათოლიკობა არ არსებობს, ყველა კათოლიკე ქართველი გაქართველებული სომეხიაო და მათ სომხებად წერდნენ. თამარაშვილებიც ბაინდუროვებად ჩაუწერიათ, მაგრამ მერე უბრძოლიათ და ქართული გვარი დაუბრუნებიათ. ძალიან პატარა იყო მიხეილი, როცა პუბლიცისტმა, ეთნოგრაფმა, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, ივანე გვარამაძემ მისი საოცარი ნიჭი შენიშნა და ჯერ კონსტანტინოპოლის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი პარიზის სასულიერო სასწავლებელში გაგზავნა. განათლებამიღებული მიხეილი 1888 წელს საქართველოში დაბრუნდა და თბილისის კათოლიკეთა ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მისი ქადაგება მოიცავდა ეროვნულ საკითხებს. მრევლს სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა, საქართველოს ისტორიის გმირულ ფურცლებს აცნობდა. მსმენელის გამრავლებასთან ერთად, მიხეილს ბევრი მტერი გაუჩნდა. მას ერთდროულად უტევდა ერთი მხრივ, რუსეთის ცარისტული რეჟიმი, რომელიც ვერ ეგუებოდა ნაციონალურ-ეროვნული იდეების პროპაგანდას და მეორე მხრივ, სომხური ეკლესია, რომელიც ცდილობდა, საერთოდ გაენადგურებინა ქართული კათოლიციზმი და ყველა ქართველი კათოლიკე სომხად მოენათლა. ორწლიანი სამსახურის შემდეგ, კათოლიკურ ტაძარში ნაციონალისტური პროპაგანდის ბრალდებით, მიხეილს ღვთისმსახურების უფლება ჩამოართვეს და საქართველოდან გააძევეს. განდევნილი ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი იტალიაში წავიდა და რომის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიის დოქტორის ხარისხით დასრულების შემდეგ, იქვე ბერად აღიკვეცა, მოგვიანებით კი რომის სასულიერო აკადემიის პროფესორი გახდა. საქმიანობაში ენების, კერძოდ კი: თურქულის, ლათინურის, ბერძნულის, სომხურისა და იტალიურის კარგი ცოდნა ეხმარებოდა. რომის, ვატიკანის, პარიზის, ლონდონის, მოსკოვისა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკებში ათენ-აღამებდა, რომ უცხოურ არქივებში გაბნეული საქართველოს ისტორიის ერთი ფურცელიც კი არ დაეკარგა. იტალიიდან ზაქარია ჭიჭინაძეს სწერდა: "გამოძევებისთანავე განვიზრახე, აქედან შევწეოდი სამშობლოს. ევროპაში ცოტა რამ იციან საქართველოზე, არ იცნობენ ჩვენს საოცარ ქვეყანას. გადავწყვიტე, მთელი ჩემი ცხოვრება არქივებსა და ბიბლიოთეკებში გავატარო, რომ ერთი მცირე ნაგლეჯიც კი არ დაიკარგოს ჩემი ქვეყნის ისტორიისა". ნახევრად მოშიმშილე მიხეილი გროშებს ინახავდა მასალების შესაგროვებლად. საქართველოდან დედა და ძმა სწერდნენ,- პურის ფული არ გვაქვს, შიმშილით ვიხოცებითო. ეგონათ, მიხეილი გალაღებით ცხოვრობდა. ასე რომ, შიმშილის ხარჯზე გადანახულ კაპიკებსაც ოჯახს უგზავნიდა. რაც შეეხება მის ნაშრომს, ეს იყო არა მხოლოდ კათოლიკობის, არამედ საქართველოს ისტორია, ჩვენი ქვეყნის რეალური პოლიტიკური სურათი. მიხეილი ჯერ კიდევ მაშინ წერდა, რომ საქართველოს ხსნა მხოლოდ ევროპაშია და რომ ნებისმიერი სხვა გზა მას მხოლოდ ჩიხში შეიყვანს. ნაშრომმა სრულიად ახალი სახით დაანახვა მსოფლიოს ქართველ კათოლიკეთა და საქართველოს ისტორია. ორ წელიწადში მიხეილის კიდევ ერთი პუბლიცისტური ნაშრომი, სახელად- "პასუხად სომხის მწერლებს" დაიბეჭდა. პუბლიცისტმა ღირსეულად უპასუხა იმ სომეხ მეცნიერებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის გაყალბებას მთელ ევროპაში ცდილობდნენ.

მალე მუშაობა საქართველოს ეკლესიის ისტორიის გამოსაცემად დაიწყო, მაგრამ უფულობამ შეაფერხა. აკაკის სწერდა: "რამდენჯერმე მივწერე ქართველებს, რომ როგორმე შემწეოდნენ, მაგრამ კაპიკიც კი არავინ გამოიმეტა. თითქოს საქართველოს ეკლესიის ისტორია მარტო ჩემი საქმე იყოს. იქნებ ჩააგონო ქართველობას, რომ ეს საშური საქმეა, რადგან სომხებისა და რუსების შეცდომილი წერილების გამო, ევროპაში საქართველოს არ იცნობენ. თუ ეს ნაშრომი დაიბეჭდება, საქართველო სხვაგვარად წარმოჩინდება მსოფლიოს წინაშე". ზუბალაშვილი უწევდა დახმარებას, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეებმა სტიპენდიის გაცემა შეწყვიტეს. ზაქარია ჭიჭინაძესთან ერთად, აკაკიმ ცდა არ დააკლო, რომ როგორღაც დაერწმუნებინა ისინი, მიხეილისთვის წლიური სტიპენდია აღედგინათ. ასეც მოხდა და ეს თანხა ბოლო "კაპიკამდე", საქართველოს ისტორიის ფრანგულ ენაზე გამოცემას მოხმარდა. 1910 წელს რომში ფრანგულად გამოიცა საქართველოს ეკლესიის ისტორია. ფრანგული პრესა წერდა: "თურმე, მსოფლიოში არსებობს საოცარი, ქრისტეს ჯვრის მტვირთველი ქვეყანა, რომელმაც გამოიარა ათასი ჭირი, მაგრამ არ დაკარგა თვითმყოფადობა. ჩვენ, პარიზში ვოცნებობთ უფრო კარგად გავიცნოთ ეს ქვეყანა". სავსებით სამართლიანად მოითხოვდა აკაკი, რომ ჯერ კიდევ მიხეილის ცხოვრებაში, ქართველებს მასზე რაიმე მნიშვნელოვანი მონოგრაფია დაეწერათ. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის გარდა, საქართველოში მიხეილი არავის ახსოვდა.- სამწუხაროდ, საქართველო მისთვის სამუდამო მონატრებად დარჩა...- არადა, ტკივილამდე ენატრებოდა სამშობლო. წერდა: "მე აქ ვარ, შორეულ იტალიაში. ჩემი გული კი იქ არის, საქართველოში. მთელი ღამეები არ მძინავს, ჭრილობასავით მატყვია გულზე საქართველო. მესხეთი ჩემი სულის ჭრილობად დარჩა".

1911 წლის 15 სექტემბერს, იტალიის სოფელ სანტა-მარინელასთან, ადრიატიკის ზღვის სანაპიროს თავის მეგობრთან და ყოფილ სტუდენტთან ერთად მიუყვებოდა. მშვიდი ამინდი იყო. მოულოდნელად, ქარი ამოვარდა, ზღვა აბობოქრდა და რამდენიმე წუთში ფეხით მოსიარულეებს ადამიანის განწირული ხმა შემოესმათ. ზღვიდან ვიღაც შველას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ იცოდა, დაუფიქრებლად გადაეშვა ზღვაში და გადაარჩინა მოყვასი, თავად კი დაიღუპა... უდიდესი პატივი მიაგეს იტალიელებმა ამ საოცარ ქართველს. ვერცხლის კუბოში იწვა, გულზე კი ვერცხლის ჯვარი ეკიდა და სამიოდე სქელტანიანი წიგნი ედო. მისი ცხედრის გარშემო ტრიალებდნენ რომისა და პარიზის სასულიერო აკადემიების პროფესორები, სტუდენტები. წირვის დროს არაერთი საოცარი სიტყვა წარმოთქვეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო თუ საერო პირებმა.

- თუმცა, ბედის ირონიით, საქართველოდან მის დაკრძალვაზე არავინ ჩასულა...

- დიახ, ასე მოხდა... მიხეილის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, საქართველოს რჩეულმა საზოგადოებამ მისი საქართველოში გადმოსვენება განიზრახვა. წერილი, რომელშიც ქართველებს ფულადი დახმარებისკენ მოუწოდებდნენ, გაზეთების საშუალებით გავრცელდა. გაიხსნა შემოწირულობის ანგარიში, მაგრამ კვლავ ქართველთა გულგრილობის გამო, შემოწირულობა არ შეგროვდა და მიხეილ თამარაშვილის ჩამოსვენება მრავალი წლით გადაიდო მანამ, ვიდრე მის საფლავს შემთხვევით არ მიაგნო რეზო თაბუკაშვილმა. რეზომ სასაფლაოს დირექტორს დაურეკა. მას ან ნათესავი, ან მთავრობის დავალებით გაგზავნილი ეგონა თაბუკაშვილი. რეზომ უთხრა: მე, უბრალოდ, ქართველი ვარ და ქართველობა მავალებს, ეს ღირსეული თანამემამულე თავის ქვეყანაში გადავასვენოო. აღფრთოვანებულ სასაფლაოს დირექტორს მეუღლისთვის დაურეკავს: სადილი გაამზადე. ისეთი ადამიანი მომყავს, არათუ ნანახი, გაგონილიც არ გექნება მისნაირების შესახებო. სწორედ ამ დღეს, რეზო თავის დღიურში ჩაწერს: "ღმერთო! წმინდა გიორგი! შენ მომიმართე ხელი ამ ქართულ საქმეში, თუ ის მართლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც მე ვფიქრობ". ამ დღის შემდეგ, ისევე, როგორც მიხეილი, საჭირო საბუთების მოსაპოვებლად, შიმშილის ხარჯზე, რეზოც "კაპიკების" შეგროვებას იწყებს. ოპერატორ იური ბარამიძესთან ერთად დატოვა სასტუმრო და ყველაზე იაფფასიანში გადავიდა. ერთხელ, ორი დღის ნაშიმშილარს, სასადილოსთან საჭმლის სუნზე გული შესწუხებია და წაქცეულა. გამვლელს დიაბეტით დაავადებული ჰგონებია და შოკოლადის ნატეხით გადაურჩენია. უკანასკნელი "კაპიკები" გაიღო და მიხეილის ცხედრის გადასასვენებლად, კუბო შეიძინა. სცადა, სასტუმროში შეეპარებინა, მაგრამ ადმინისტრაციამ არაფრით დართო ნება- ტურისტები დაფრთხებიანო და რეზო, ოპერატორთან და კუბოსთან ერთად, სასტუმროდან გამოაძევეს. ორი ღამე იტალიის სკვერში გაათენეს, ღია ცის ქვეშ. მესამე დღეს გაწვიმდა. თურმე, ხის ქვეშ შეიყუჟნენ. რეზომ ლაბადა გაიხადა და კუბოს გადააფარა... მცირე ხანში, კუბოთი მხრებზე დადიოდა ღამეული რომის ქუჩებში და თავს ბედნიერად მიიჩნევდა. მოგვიანებით ამბობდა: "მე ამქვეყნად ვიყავი ყველაზე ბედნიერი ჭირისუფალი". როგორც იქნა, დადგა დრო მიხეილის ცხედრის ამოსვენებისა. ცხედარი ახალ კუბოში გადაასვენეს და აეროპორტში წავიდნენ. რეზოს ჯიბეში სულ რაღაც, 5 დოლარის ოდენი თანხა ჰქონდა. იურის ურჩევია, სახლში შვილიშვილები გელოდებიან და მათთვის "ჟუვაჩკა" მაინც გეყიდაო. რეზოს უარი უთქვამს,- იქნებ როგორ გამომადგეს გზაში ეს ბოლო კაპიკებიო. ჩასხდომისას რეზოს კუბოს სალონში ატანის ნება არ მისცეს და მოსთხოვეს, ის საბარგო განყოფილებაში ჩაებარებინა. გაოცებულა რეზო და ვერაფრით დაურწმუნებიათ, რომ განზრახვა შეეცვალა. იძულებული გახდნენ, აეროპორტის წარმომადგენლისთვის ეხმოთ. ვერც ის გახდა ვერაფერს.- მაშ, რაც გინდათ, ის გიქნიათ. თუ გინდა, აქვე დატოვეო,- უთქვამს და წასვლა დაუპირებია, მაგრამ გამწარებული რეზო ყელში სწვდა თურმე და ძლივს გააშვებინეს ხელი... რამდენიმე წუთში, თამარაშვილის კუბო სამგზავრო სალონში იდო. რეზოს ბოლო 5 დოლარი კი გადმოსვენებისთვის აუცილებელი ბოლო საბუთისთვის გახდა საჭირო...- საქართველოში როგორ დახვდნენ თამარაშვილის ცხედარსა და მის ჭირისუფალს?

- ცეკაში გაიგეს, რეზომ თამარაშვილის კუბო მოაყენაო საქართველოს. შეეშინდა თაბუკაშვილს და 40 დღის განმავლობაში, მიხეილის კუბოს საკუთარ სარდაფში მალავდა. როცა შიში უფრო გაძლიერდა, ცხედარი ქარელში, იური ბარამიძის სახლში წაიღო, თავად კი ცეკას ერთი კაბინეტიდან მეორეში დარბოდა, ვიდრე არ დაარწმუნა საქართველოს მთავრობა, რომ დიდი პატივით უნდა დაეკრძალათ ეს ღირსეული ქართველი. მართლაც, მთელმა საქართველომ უჭირისუფლა მიხეილ თამარაშვილს. ეროვნული მუზეუმიდან დიდუბის პანთეონამდე, ხელიდან ხელში გადადიოდა მისი ცხედარი. სწორედ ამ დღეს გაიგეს ქართველებმა, რა ღვაწლი მიუძღოდა მას მშობლიური ქვეყნის წინაშე. ასევე, შეიტყვეს იტალიელი კონდოლანდო კუციოს სახელი, რომელმაც იტალიის სასაფლაოზე თამარაშვილის ცხედრის შენახვის თანხა 70 წლის ვადით გადაიხადა. 68-ე წელს კი, ცხედარს თანამემამულემ "მიუსწრო"... ორი წელიც და, საქართველო სამუდამოდ დაკარგავდა მიხეილ თამარაშვილის ხსოვნასაც...

სიმბოლურია, რომ წლების შემდეგ, დიდუბეში სწორედ მიხეილ თამარაშვილის საფლავის გვერდით გაიჭრა რეზო თაბუკაშვილის ნაადრევი საფლავიც. დიდუბის წმინდა მიწაზე გვერდიგვერდ, მშვიდად სძინავს ამ ორ დიდებულ ქართველს.

შორენა ლაბაძე