რატომ არღვევენ ქვეითები საგზაო ნიშნებს?
ერთი შეხედვით, ყველაფერი ნათელი და გასაგებია, მაგრამ დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ეს საკითხი საკმაოდ რთულია: ხშირია შემთხვევა, როცა მძღოლებიც და ქვეითებიც მოძრაობის წესებს არღვევენ. ამის გამო, საგზაო შემთხვევები მსხვერპლითაც კი დასრულებულა. ცხადია, ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს მიზანმიმართულად არ შეუქმნის. საგზაო ნიშნების დარღვევას გარკვეული მიზეზები ექნება... რადგან თემა საკმაოდ ვრცელია, ამჯერად ვეცადე, მეტ-ნაკლებად მაინც გამომეკვეთა ის მიზეზები, რის გამოც ქვეითები ქუჩებს საგზაო ნიშნების დარღვევით კვეთენ. რესპონდენტები მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით შევარჩიე - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიმრავლით, ერთ-ერთი ლიდერი სწორედ თბილისია...
სოფო, 27 წლის:
- მართვის მოწმობა 10 წლის წინ ავიღე. თითოეული საგზაო ნიშანი ავტოსკოლაში ვისწავლე. ვაღიარებ, დღეს ალბათ, ნახევარიც აღარ მახსოვს... საგზაო ნიშნებს ყურადღებას იშვიათად ვაქცევ, რაც მეც საფრთხეს მიქმნის და სხვასაც. როგორც ქვეითს, ტრანსპორტისთვის გზის დათმობა არ მიყვარს. როცა საჭესთან ვზივარ, ქვეითებსაც გზას ხშირად არ ვუთმობ.
- ასე რატომ იქცევი?
- ქალაქში მუდმივი საცობების გამო, ხელსაყრელ შანსს არ ვუშვებ, რომ დანიშნულების ადგილამდე დროულად მივიდე, რასაც საგზაო ნიშნების დარღვევის გარეშე ვერ ვახერხებ. ქვეითად მოძრაობისას საგზაო ნიშნებს ყოველდღე ვარღვევ: გზაჯვარედინზე მაშინაც გადავდივარ, როცა იქვე რკინის კონსტრუქციული ხიდია (მიწისზედა გადასასვლელი); თუ ქუჩა ოდნავ თავისუფალია, შუქნიშანს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ. მე და ჩემნაირები წესებს მხოლოდ იმიტომ ვიცავთ, რომ ჯარიმას ვერიდებით.
- ოდესმე დაჯარიმებულხართ?
- არა და ამიტომ, საგზაო ნიშნების დარღვევით, ქუჩას უფრო თამამად ვკვეთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ საგზაო ნიშნებისთვის ადგილი სწორად არაა ყველგან შერჩეული: მაგალითად, ქსნის ქუჩაზე, დილით გზაზე გადასვლას ხანდახან ათ წუთს ვანდომებ. ავტომობილების უწყვეტი მოძრაობა გზის გადაკვეთაში ხელს მიშლის. ქუჩის თავზე დაყენებული შუქნიშანი საშუალებას არ იძლევა, რომ მანქანების ნაკადი მცირე ხანს მაინც შეწყდეს, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში, გზის მეორე მხარეს გადარბენა მოვასწრო. ამის გამო, თითქმის ყოველ დილით იძულებული ვარ, გზაზე მოძრაობა შევაფერხო და ავტომობილების კოლონაში შეჭრით საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნა.
ზვიადი, 38 წლის:
- დიდუბეში, ავტოსადგურ "ოკრიბასთან", მცენარეთა დაცვისა და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო ინვენატარის საყიდლად, გზის მეორე მხარეს გადასულს როცა ავტობუსზე მაგვიანდება და თან, დატვირთული ვარ, რკინის ხიდით ნამდვილად ვერ ვისარგებლებ. მეტროსთან არსებულ მოედანთან ისედაც მუდმივად "საცობია" და გზაზე გადასვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ავტომობილი რომც დაგეჯახოს, ვერაფერს გატკენს. ასეთი სიტუაციაა: მაგალითად, კონკრეტული წამლის საპოვნელად ერთი მხრიდან მეორეზე მგზავნიან და მაღაზიებში აქეთ-იქით დავბორიალებ (სასოფლო მაღაზიები და ვეტ. აფთიაქები გზის ორივე მხარეს არის განლაგებული). ყოველ ჯერზე იმ რკინის ხიდით რომ ვისარგებლო, სოფელში ზეგ დილამდე ვეღარ ჩავალ და საქმე დაუმთავრებელი დამრჩება. "ოკრიბას" წინ ერთი "ზებრა" მაინც რომ იყოს დახატული, მანქანები ცოტა ფრთხილად გაივლიდნენ და ფეხით მოსიარულეებიც ნაკლები შიშით გავივლიდით, თან არც მოძრაობის წესს დავარღვევდით, ახლა კი საგზაო ნიშნებს ვერავინ იცავს. თან, მოედანზე "უსაფრთხოების კუნძულები" ისე ახლო-ახლოსაა განლაგებული, რომ კაცს კანონის დარღვევა რომ არ გინდოდეს, გზაზე გადასვლას მაინც გაგაბედვინებს.
მანანა, 44 წლის:
- მიწისზედა რკინის ხიდები ძალიან მოუხერხებელია. ჯერ ერთი, "უადგილოდაა" შერჩეული და იშვიათია, ვინმემ რომ ისარგებლოს. მეორე: შშმ პირებისათის განკუთვნილი "ბილიკი", რომელიც საფეხურებზეა დამაგრებული, ძალიან მოუხერხებელია. შეუძლებელია, შშმ პირმა ის გამოიყენოს. ამის გაკეთება სხვისი დახმარებითაც კი გაუჭირდება. წარმოგიდგენიათ მაინც, ამ ასასვლელზე ეტლი როგორ უნდა ავიდეს ან როგორ უნდა ავიტანოთ, როდესაც ეტლში ადამიანი ზის? მიწისქვეშა გადასასვლელში კიდევ შეიძლება იგივე დანიშნულების ბილიკის გამოყენება, თუმცა სხვისი დახმარების გარეშე, შშმ პირი ვერ ისარგებლებს. რკინის კონსტრუქციულ ხიდზე ეტლის ატანა, თუ შშმ პირი არ გადმოსვი და ზურგზე აკიდებული არ გადაიყვანე, გამორიცხულია.
გიო, 19 წლის:
- რამდენჯერმე მოვტყუვდი და შუქნიშანზე გაჩერებულ, ჩემი აზრით, "წითელზე" გადასულ ფეხით მოსიარულეს გავყევი. შუქნიშნისთვის არც შემიხედავს და მეგონა, რომ უკვე წითელი აინთო. შუა გზაზე მოვედი აზრზე, როცა ავტომობილებმა დამისიგნალეს. ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა მანქანების ნაკადის შემცირებისას ვიფიქრე, რომ შუქნიშანზე უკვე წითელი ენთო და გზა თამამად გადავჭერი...
- მიწისქვეშა გადასასვლელებით თუ სარგებლობ?
- ყოველთვის, მაგრამ ან მოუხერხებელ ადგილასაა, ან - სიცოცხლისთვის სახიფათოა.
- სიცოცხლისთვის სახიფათო რატომ არის?
- გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცირკთან მიწისქვეშა გადასასვლელით რამდენჯერაც ვისარგებლე, იქაურობა საშინლად ყარდა. თან, სუსტად იყო განათებული. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ასეთ ადგილას ან არ დაისვარო, ან - არ დაშავდე მაინც... გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი თუ ქვეითს მეტროში ჩასვლა არ უნდა, შანსი არაა, რომ გზის გადასაკვეთად მიწისქვეშა გადასასვლელი გამოიყენოს. სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითები და ავტომობილები მუდმივად ქაოსურად მოძრაობენ.
ილია, 24 წლის:
- აბსოლუტურად ყველა გზაჯვარედინზე, როდესაც მთავარი გზით მომავალი ავტომობილებისთვის წითელი ინთება, ქვეითებისთვის და "მეორეხარისხოვანი" გზიდან წამოსული მანქანებისათვის გზა ერთდროულად იხსნება. ამის გამო, ქვეითები თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ. მათ გზის გაკვალვა ისევ ავტომობილებს შორის უხდებათ. ასეთ დროს უბედური შემთხვევები ხშირი ალბათ, იმიტომ არ არის, რომ ახალი დაძრული მანქანა სწრაფად არ მოძრაობს და მალე ამუხრუჭებს.
ნინო, 22 წლის:
- თსსუ-ის წინ ქვეითებისთვის გზაზე გადასასვლელი არ არის. ზებრა და მიწისქვეშა გადასასვლელი ძალიან შორსაა. როდესაც გზის გადაკვეთა გინდა, გამორიცხულია, რომ თსსუ-დან გამოსულმა ადამიანმა ქუჩა საგზაო ნიშნების დარღვევით არ გადაკვეთო. კიდევ ერთ პრობლემურ ადგილს დაგისახელებთ: როდესაც ყაზბეგის გამზირის მხრიდან "ვაჟაზე" გადმოსულ სტუდენტს სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციაზე აგვიანდება, "სადღაც" არსებული ხიდით ნამდვილად ვერ ისარგებლებს. ქვეითების აბსოლუტური უმრავლესობა გზას მაშინ კვეთს, როცა უახლოეს შუქნიშანთან გაჩერების გამო, ავტომობილების ნაკადი წყდება. პირადად მე არ შევსწრებივარ, მაგრამ ამბობენ, რომ ამ ადგილას უბედური შემთხვევებიც მომხდარა.
შმაგი, 43 წლის:
- მანქანა ცოლს ვათხოვე, თორემ ფეხით იშვიათად დავდივარ. ქვეითების მოქმედებას მაინც მძღოლის მხრიდან ვაკვირდები. საგზაო ნიშნების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება ფეხით მოსიარულეებისთვისაც მოხერხებული იქნება და მძღოლებისთვისაც. კონკრეტულად, იმ გადასასვლელებზე, სადაც შუქნიშანი მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის დგას და გზაჯვარედინი არ არის, შუქნიშანი ტაიმერზეა დაყენებული და პერიოდულად, საავტომობილო მოძრაობას ტყუილად აჩერებს. ასეთი შემთხვევებისთვის გათალისწინებული ღილაკიანი გადამრთველი ძალიან ცოტა ადგილას არის, რომელიც გზის მშვიდობიანად გადაკვეთის საშუალებას ფეხით მოსიარულესაც დროულად მისცემს და მძღოლებსაც ტყუილად არ შეაფერხებს "უჩინარი" ადამიანებისთვის გზის დათმობის გამო. ხალხმრავალ ადგილებში (სასწავლებლებთან, სავაჭრო ცენტრებთან...) ფეხით მოსიარულეების უწყვეტი ნაკადია. აქ მოძრაობის წესების დაცვა ძნელია. ხალხი და ავტომობილები ერთმანეთშია არეული. ყურადღებას არავინ აქცევს არც ზებრას, არც - შუქნიშანს. ვინც დაასწრებს, გზაზეც ის გადადის...
ირაკლი, 28 წლის:
- მესმის, რომ თბილისში ვიწრო ქუჩებია და ბევრი ავტომობილია, მაგრამ ქვეითების და მით უმეტეს, ველოსიპედით მოსიარულეების ბედი ნამდვილად არავის აღელვებს. მანქანები პირდაპირ ტროტუარებზეა დაყენებული. ველოსიპედით და გორგოლაჭებით კი არა, ფეხით ვეღარ გაივლი. გზებიც ისეა დანგრეული, რომ ვერ შეატყობ, ასფალტს ზებრა ახატია თუ პინგვინი. ზებრაზე გზას კი მითმობენ, მაგრამ მაინც მანქანების ნაკადში მიწევს გადასვლა. კონკრეტულად, სად? ყველგან ასეა, ყოველ შემთხვევაში - ბევრგან: დიღომში, საბურთალოზე...
ეთო ყორღანაშვილი