"გვასწავლეთ, შემოჭერილი ქამრები უფრო მეტად, როგორ შემოვიჭიროთ?" - გზაპრესი

"გვასწავლეთ, შემოჭერილი ქამრები უფრო მეტად, როგორ შემოვიჭიროთ?"

ბატონი მირზა 62 წლის არის. ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანმა დააშავა საკუთარი ოჯახის წინაშე, ვინც გადაწყვეტილება "ცხელ გულზე" მიიღო და იმ კოალიციას დაუჭირა მხარი, რომლის წევრებიც ნდობას არ იმსახურებენ. მისი აზრით, ქვეყნის ბედი ბეწვზე კიდია, გადარჩენის გზა კი არჩევნებია. "ახლა მთავარია, გულით კი არა, გონების კარნახით ვიმოქმედოთ და სწორი არჩევანის გაკეთების შემდეგ, ქვეყანა ისევ სწორ გზაზე დავაყენოთ, - ამბობს ბატონი მირზა და ჩვენც გვიჯავრდება: - რატომ უთმობთ დროს და ჟურნალის გვერდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ვიღაცის ქება-დიდებაში ფულს იღებენო?"

- სულ მბურძგლავს, როცა ამ ხელისუფლების საქებარს გეუბნებათ ხალხი. არადა, რისთვის უნდა შევაქოთ? ნამდვილად არ მესმის, როგორ შეიძლებოდა, სიხარბის გამო იმ გუნდისთვის დაგვეჭირა მხარი, რომელსაც თავიდანვე გადაწყვეტილი და გათვლილი ჰქონდა საკუთარი საკუჭნაოს ავსება, სხვების დაქცევის ხარჯზე? ან რა, პირველად გესმით ბესელიას კორუმპირებულობა, ახლა რომ გაიგიჟეთ თავი? რა, ხელისუფლებაში ისინი არ დაბრუნდ-მოვიდნენ, ვინც წლებია, ქონების დაგროვებისთვის იბრძვის? ამ გუნდის წყალობით, ციხეში მყოფებმა კი უშველეს თავს, მაგრამ ჩვენ, ე.წ. უბრალო ადამიანები ცუდ დღეში აღმოვჩნდით და რაც გვქონდა, ისიც დავკარგეთ. აუჩემებიათ ახლა, - კი, მაგრამ დაზღვევის პაკეტი ხომ გაგვიუმჯობესესო? ჰოდა, გამოტყდით, ექიმი თუ უფასოდD მოგემსახურებათ, მის მიერ დანიშნული წამლების ყიდვას რამდენი თქვენგანი ახერხებს? როგორ შეიძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების ისე გაძვირება, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება? თან, როგორც ამბობენ, საქართველოში ხარისხიანი არაფერი შემოდის. ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ფაქტია, ადამიანი უბრალო სურდოს მკურნალობასაც კი დიდხანს უნდება, ამ ექიმების მიერ ნაქები წამლების დახმარებით და საბოლოოდ, ვიდრე ანტიბიოტიკს არ მიიღებს, მანამდე ვერ დაიძვრენს თავს ავადმყოფობისგან.

- საინტერესოა, ბესელიას კორუმპირებულობაზე თქვენ რა იცით?

- შვილო, ასაკოვანს ენის ტრიალი და სიტყვების უაზროდ რახარუხი არ შემშვენის. ფაქტების დამამტკიცებელი საბუთი რომ მქონდეს, იმ ვითომც პოლიტიკოსი ნაჟურნალისტარის მსგავსად კი არ მოვიქცეოდი, უფრო უშიშრად შევეცდებოდი სიმართლისთვის ფარდის ახდას და თქვენც ყველაფერს მოგახსენებდით, მაგრამ არაფრის დამტკიცება რომ არ შემიძლია, ამაშია მთელი უბედურება! ეგ როცა ადვოკატობდა, მაშინაც რომ არ ჰქონდა კარგი სახელი, ეს მხოლოდ სამეგრელოში კი არა, თბილისშიც მშვენივრად იცოდნენ. ასე რომ, გამორიცხულია, ბესელიას საქმეები ბიძინას ყურამდე არ მისულიყო. ოღონდ კი ფული მიეცათ მისთვის და კაციჭამიასაც დაიცავდა, საპყრობილიდან მის დასაცავად ყველაფერს იკადრებდა და მე ახლა სიახლეს რომ არ ვამბობ, ამაში საზოგადოებაც დამემოწმება. თურმე, ათასნაირი მეთოდით ცდილობდა ხალხისგან ფულის გამოძალვას და ხელისუფლების უმრავლესობის წევრი თუ გახდებოდა, მერე შეიცვლიდა წეს-ჩვეულებას? არ გეტკინოთ მანამდე თავი, არც ერთ პატიოსან ქართველს, მაგრამ ეტყობა, მისნაირებიც სჭირდებათ რაღაცაში... ისე, სხვები რა ნიშნით აირჩია და ამოიყენა მხარში ბიძინამ? რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა ისინი სკამებით? რაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მურმან დუმბაძემ გააკეთა, ეს სამარცხვინო იყო, მაგრამ ხუმრობაში გაატარეს. ვიდეოც ხომ გაუვრცელეს, სადაც ამბობს: ვინც ხუთიანი შემოხაზოს, მკლავი გაუხმესო. კაცი რომ დიაცივით წყევლას დაიწყებს, თან - ამის გაკეთებას სახალხოდაც არ მოერიდება, იმას რა უნდა მოსთხოვო? ჰო, ზოგი წყევლით ცდილობდა ხალხისთვის ტვინის არევას, ზოგიც - თავისი ცბიერებით გვირევდა გზა-კვალს, ზოგი ამაში ფულს იძლეოდა და აგერ, კი ვართ ახლა კარგ დღეში.

- ბატონო მირზა, თავის დროზე თქვენ როგორი არჩევანი გააკეთეთ, თუ საიდუმლო არ არის?

- კი, ბატონო, "ნაციონალებს" დავუჭირე ისევ მხარი და გეტყვით, რატომაც: იმიტომ, რომ უკეთეს გუნდს პოლიტიკურ სარბიელზე ვერ ვხედავდი. თავიდანვე ვერ დავიჯერე კოალიციის წევრების უმრავლესობის სიკეთე და ამიტომაც! გული მიგრძნობდა, რომ სანახევროდ დალაგებულ სიტუაციას, ესენი აამღვრევდნენ და ასეც მოხდა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ სხვებზე გონიერი ვარ. უბრალოდ, სხვები გულის კარნახს და ემოციებს მიჰყვნენ, მე კი გონებას ვენდე. როცა "ციხის კადრები" და "ცოცხების ტრიალი" ვნახე, მეც დავიწყე "ნაცების" გინება, მეც გავედი მიტინგზე მოთხოვნით, რომ შეეწყვიტათ ყოველგვარი უზნეობა, მაგრამ ყველაფერი რომ გავაანალიზე, მერე მივხვდი: შეიძლება, რაღაც ცუდი ციხეშიც ხდებოდა, მაგრამ შეუძლებელი იყო, ამას მასობრივი ხასიათი ჰქონოდა და მოქალაქეებს ამის შესახებ ცოტა უფრო ადრე ვერ გაგვეგო. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რომ აყვირდნენ პატიმრები, იქნებ ესეც თამაში იყო? იქნებ წინასწარ იცოდნენ, რომ ბიძინას გუნდის მოსვლის შემდეგ, სასჯელი გაუნახევრდებოდათ ან სულაც, პატიმრობიდან დააღწევდნენ თავს და ამ შემთხვევაში, რომელი არ იყვირებდა, რომ მათ საშინლად აწამებდნენ?.. აბა, ციხე რომ კარგი იყოს, ყველანი ჩავჯდებოდით. იქ კომფორტი ვერავის ექნებოდა. ისიც ვიცით, რომ სადისტობის ერთეული შემთხვევები სატუსაღოში ყოველთვის ხდებოდა. მოდი, ამაზე დავფიქრდეთ და მომავალ არჩევნებზე მაინც არ გავებათ ვიღაცის მახეში. გავაკეთოთ სწორი არჩევანი ისე, რომ გადაწყვეტილება "ცხელ გულზე" არ მივიღოთ. დაგვღუპავს ქართველებს ჩვენივე ემოციურობა, ფიცხი ხასიათი და ეგ იქნება.

- გარდა ციხის კადრების გავრცელებისა, კიდევ ათასი მიზეზი არსებობდა საიმისოდ, რომ მოსახლეობას "ნაციონალებისთვის" ზურგი ექცია...

- მერწმუნე, შვილო, ამ მიზეზებს შორის ყველაზე საინტერესო იცი, რომელი იყო? რატომღაც, ხალხს შეექმნა ილუზია, რომ მილიონერი კაცი თითოეულ ჩვენგანს გაამდიდრებდა. ფიქრობდნენ, - ქველმოქმედია და ხალხზე იზრუნებსო. არადა, ყველაზე მეტი ფული რომ ქველმოქმედებით იშოვება, ამაზე არავინ ფიქრობს. როცა გავიგებთ, რომ ვიღაცას უჭირს, უმეტესობა მზად ვართ, ბოლო თეთრები გავიმეტოთ მისთვის, ამით კი გონიერი, ცბიერი ერთეულები სარგებლობენ და სიტუაციას სათავისოდ იყენებენ. ყველაზე ვერ ვიტყვი და ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა მხოლოდ მოხვეჭაზე რომ ფიქრობდეს, მაგრამ აბა, მითხარით, რით სულდგმულობს ისეთი ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი ე.წ. ქველმოქმედებაში ხარჯავს მთელ თავის დროსა და ენერგიას, დანარჩენები კი უმუშევრები არიან?.. ნამდვილი ქველმოქმედები საქმეს აკეთებენ საკუთარი ჯიბიდან და არა - სხვების ხარჯზე.

- და თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ვის ხარჯზე გასცემდა დახმარებებს?

- ბიძინას ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ხალხი მოესყიდა, მაგრამ ამას პირდაპირ ვის გაუბედავდა? ისევ თავმოყვარეობა არ მისცემს ხალხს იმის უფლებას, რომ სული გაყიდონ. ამიტომ, ის ყველაფერს კარგად ფუთავდა და საჭირო დროს, ეს თავისი მოსყიდული ხალხი კარგადაც გამოიყენა. ეს რაღაც თამაშია, რომლის სიღრმეებს ჩემისთანების გონება ვერ ჩასწვდება. კაცმა არ იცის, სინამდვილეში რა მოხდა მიშას და ბიძინას შორის ან რატომ გადაწყვიტა მილიონერმა პოლიტიკაში მოსვლა, ამით ვის ცეცხლზე დაასხა ნავთი, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში რაც აწყობილი იყო - დაინგრა, რაც გასაკეთებელი იყო, ხელუხლებელი დარჩა და უკეთესი ახლო მომავლის იმედიც დაკარგა მოსახლეობის უმეტესობამ. დაპირებების მიხედვით და კოალიციის გათვლებით, 2016 წელი უნდა ყოფილიყო ყველაზე ნათელი და კი ვხედავთ, რაც შეგვრჩა ხელში: ალაგ-ალაგ ჩაბნელებული საქართველო, გატეხილი სახელი, დაუბრუნებელი ტერიტორია, გაძვირებული გადასახადები, კიდევ უფრო გაღარიბებული მოსახლეობა და ა.შ.

- რაღაც კარგიც ხომ ხდება ქვეყანაში? მხოლოდ ცუდს რატომ ხედავთ?

- აბა, გამახარე და თავად დამისახელე, რა ხდება ქვეყანაში კარგი? ალბათ, ვიზალიბერალიზაციაზე დამიწყებ ლაპარაკს ან ჯანდაცვის სამინისტროს სიკეთეებს გაუსვამ ხაზს, არა? იქნებ ის უნდა მოვიწონო, რომ სულ მალე ერთნაირსქესიანთა კავშირს დაგვიკანონებენ? ან იქნებ ის, ვიღაცას რომ სურს, ჯვრისწერას ჰქონდეს ძალა და არა - ხელმოწერას? ან იქნებ, ბუსუსებიანი პრეზერვატივების გაყიდვიდან ამოღებით უნდა ვიყო გახარებული? დამისახელეთ კანონპროექტი, რომელიც სათავისოდ კი არ შეცვალეს, არამედ თითქოს ხალხზე ზრუნვით გააკეთეს საქმე. დამისახელეთ თქვენ გარშემო 10 ადამიანი, რომელიც "ნაცების" დროს უმუშევრობას წუწუნებდა და ამათ დაასაქმეს, თუ რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" წევრი არ იყო. ვფიქრობ, გაგიჭირდებათ.

- გამოგიტყდებით და, ასეთს მხოლოდ ორ ადამიანს ვიცნობ, - "ნაციონალების" დროს მათი დასაქმება ვერ მოხერხდა, ახლა კი მუშაობენ და ოჯახსაც არჩენენ...

- მხოლოდ 2 ადამიანის დასაქმება საკმარისია? მით უმეტეს, რომ უამრავი დაუსაქმებელი გეგულებათ ირგვლივ ან კიდევ, თქვენი 2 ნაცნობი კი დაასაქმეს, მაგრამ რამდენი გაუშვეს სახლში, ეს თუ დაითვალეთ? კრიზისია ქვეყანაშიო და მიდის შემცირებები. ისედაც დიდი ხნის წინ შემოიჭირა ხალხმა ქამარი და კიდევ შემოიჭირეთო, რომ გვიკიჟინებენ, სადღა შემოვიჭიროთ? ბარემ, მოვიდნენ და ყელში წაგვიჭირონ თოკები, რომ ჩვენი წუწუნიც ვერ გაიგონონ და მერე ბურთიც თავად დარჩებათ და მოედანიც. მაინტერესებს საზოგადოების იმ ნაწილის აზრი, რომელსაც ბიძინა ყოველთვიურად, გარკვეულ თანხას ურიცხავდა: ახლა რას ფიქრობთ ამ ქველმოქმედზე? თქვენი აზრით, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა? თუ ამ კითხვას დაუსვამთ ცნობილ ადამიანებს, ძალიან გამიხარდება. საინტერესოა, ახლა, როცა მათ არაფერს უხდიან, მაინც თუ უდგანან მხარში მილიონერს და მაინც თუ ლოცულობენ მის მზეს? იქნება, ისევ იღებენ ფულს არაფერში? ისე, ქართველები უარესის ღირსი ვართ. ბევრს ურჩევნია, არ იმუშაოს და მუქთა ფული ჩაიდოს ჯიბეში. კაცს თუ ძალა შეგწევს, სხვის იმედად რატომ უნდა იყო? ერთხელ შეიძლება აიღო დახმარება, მაგრამ მეორედ, მესამედ - ეს უკვე ზედმეტია; ისეთებზე ვამბობ, ვისაც საამისო არაფერი სჭირს, თორემ გაჭირვებულ ხალხს რა დალევს ჩვენს ქვეყანაში? მერე, რომ შეეჩვევიან ამ სხვის მიერ მიწოდებულს, სამსახურს კარგავენ, ლოთდებიან. ვიდრე საკუთარი თავის გაყიდვის სურვილი გვექნება, ქართველები ისე უგემურად ვიცხოვრებთ, როგორც დღეს ვცხოვრობთ...

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია