მოძალადე მამაკაცები ხშირ შემთხვევაში თავადვე არიან ძალადობის მსხვერპლნი
რამდენიმე დღეა, ჩვენში ყველაზე აქტუალური თემა კაცების მიერ ქალებისადმი ძალადობაა. 2 დღეში 3 მკვლელობა მოხდა. თემამ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ ერთ-ერთ დანაშაულს, - ლექტორ მაკა წივწივაძის მკვლელობას ევროსაბჭოს გენერალური მდივანიც კი გამოეხმაურა.
როგორ ხსნის ფსიქოლოგია, რომ კაცები ასეთ ძალადობრივ ხერხებს მიმართავენ ქალების წინააღმდეგ? ამის შესახებ gzapress.ge-ს ფსიქოლოგი, რუსუდან მხეიძე ესაუბრა.
- რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ კაცების ძალადობამ ქალების მიმართ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში კი _ მკვლელობებმა იმატა?
რუსუდან მხეიძე, ფსიქოლოგი, თსსუ-ს პროფესორი:
- ალბათ, ამასთან დაკავშირებით ჩატარდება გამოკვლევა და შედეგებს გავიგებთ. ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს. მაგალითად, ქალები უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. 90-იანი წლების მერე, მას შემდეგ, რაც ქალები გავიდნენ სამსახურებში და ოჯახის ბურჯებიც კი გახდნენ (მოგეხსენებათ, დღეს ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ ქალები), ისინი აღარ არიან კაცებზე დამოკიდებულები. ახლა თვალებს აღარ ხუჭავენ იმ მძიმე სიტუაციებზე, რაზეც ადრე ცდილობდნენ, ყურადღება ნაკლებად გაემახვილებინათ. შესაბამისად, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ადვილად შორდება. ცნობილია, რომ ქართველი მამაკაცები ამას საკმაოდ მძიმედ აღიქვამენ. ამას გარდა, ვინც ქვეყანაში მიმდინარე მსგავს პროცესებს ადევნებს თვალს, დაინახავს, რომ მოძალადე მამაკაცების უმეტესობა, როგორც წესი, ალკოჰოლის მომხმარებელია ან ნარკოტიკებზეა დამოკიდებული. გარემოც საკმაოდ აგრესიულია. შეიძლება, დაუსჯელობის სინდრომიც მოქმედებს. კაცებს, ეტყობა, არ ეშინიათ, რომ ამისთვის ძალიან მწარედ დაისჯებიან. მართლაც, როცა ქალის, ცოლის მკვლელს 15-20 წელს მიუსჯიან, მათთვის ეს ეტყობა, არც თუ ისე მძიმე სასჯელია. პირიქით, კაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ციხიდან ვერასდროს გამოვლენ. არ ვარ სიკვდილით დასჯის მომხრე, მაგრამ სასჯელის გამკაცრება რომ აუცილებელია, ეს აშკარაა.
- აგრესიული გარემო ახსენეთ. როგორმა გარემომ შეიძლება, მამაკაცი მიიყვანოს ისეთ დაძაბულ სულიერ მდგომარეობამდე, რომ ქალს (თანაც, საყვარელ ქალს) სიცოცხლე მოუსწრაფოს?
- ფსიქოლოგიაში არის ასეთი შეხედულება, რომ მოძალადე მამაკაცები ისეთ ოჯახებში არიან გაზრდილები, სადაც ძალადობა თავიდანვე წახალისებული იყო. მეტიც, ხშირ შემთხვევაში თავადვე არიან ძალადობის მსხვერპლნი. შესაბამისი კვლევები ამაზე XIX საუკუნიდან მეტყველებს. არსებობს ერთი ძალიან ცნობილი შემთხვევა, რომლის შესახებაც მოგახსენებთ: ერთ-ერთ ფსიქოტერაპევტთან დედამ პატარა ბიჭი მიიყვანა და უთხრა, რომ სხვა შვილების მიმართ მოსიყვარულე მამა ბიჭს აგრესიულად ეპყრობოდა - საშინლად სჯიდა, მუხლებზე აყენებდა, სცემდა და ა.შ. გადაწყდა, რომ ბიჭი ბიძასთან გაეგზავნათ საცხოვრებლად. მან დაამთავრა კოლეჯი, დაიწყო მუშაობა... გავიდა წლები და იმავე ფსიქოთერაპევტთან ახალგაზრდა ქალმა პატარა ბიჭუნა მიიყვანა, რომელსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა - სხვა შვილებისგან განსხვავებით ის მამის მსხვერპლი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი მისი შვილი იყო, ვისაც წლების წინ ფსიქოლოგი მკურნალობდა. აქედან გამომდინარე, ეტყობა, მოძალადე კაცები თავად არიან ან იყვნენ მსხვერპლი. კაცების ჩამოყალიბება მოძალადეებად არამარტო ოჯახისა და მშობლების ბრალია, არამედ თავად საზოგადოებისაც. გარემო საკმაოდ აგრესიულია და როგორც წესი, ძალის დამტკიცების ამგვარ გამოვლინებას შეუმდგარი ადამიანები მიმართავენ.
- რატომ ვერ ეგუებიან კაცები, რომ ყოფილი ცოლები მათგან მიდიან? რატომ უჭირთ იმის გათავისება, რომ ქალებს თავისუფლად შეუძლიათ, იზრუნონ პირადი ცხოვრების ხელახლა მოწყობაზე?
- ისინი დაშორებას შეურაცხყოფად აღიქვამენ. ზოგი კაცი ფიქრობს, რომ ქალს მისი მიტოვება არ შეუძლია, რადგან ის შეუცვლელია. რატომღაც, ქალი უნდა მოკვდეს, რომ კაცთან ერთად აღარ იყოს. როცა თავად კაცი შორდება ცოლს, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ დგას. მსგავსი დამოკიდებულება ისეთი ქალების მიმართ ჩნდება, რომლებიც თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.
- ჩატარდა გამოკითხვები ამ თემასთან დაკავშირებით, ხალხის აზრის გასაგებად. გამოკითხულთა ნაწილმა (რა თქმა უნდა, მამაკაცებმა) შეკითხვაზე მსგავსი პასუხი გასცეს: "ალბათ, გააკეთა იმ ქალმა რამე, რის გამოც ღირსი იყო, კაცს მოეკლა", "ქალმა უნდა იცოდეს საკუთარი ადგილი"... ამაზე რას იტყვით?
- ეს სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელი ფორმულირებაა. რას ჰქვია, _ ღირსი იყო? ასეთი რამ არ შეიძლება ითქვას არც ქალზე, არც კაცზე, არც ახალგაზრდაზე და არც მოხუცზე. ვის აქვს უფლება, სიცოცხლე წაართვას მეორე ადამიანს? რაც უნდა გააკეთოს, როგორ შეიძლება, ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტო?! ვერ წარმომიდგენია, რანაირად შეიძლება ასეთი ქმედების გამართლება.
- თქვენ ახსენეთ, რომ კაცის ასეთი ქცევის მიზეზი ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ მოძალადეობა იმის ბრალიცაა, რომ კაცებს ქალები თავს ყოველთვის ზედმეტად ევლებიან: ბიჭებს ჯერ დედები ანებივრებენ მეტისმეტად, შემდგომ კი - მეუღლეები. როგორ შეიძლება, ეს მოძალადეობის მიზეზი იყოს და ეთანხმებით თუ არა მსგავს მოსაზრებას?
- კი, მშობლების ბრალიც შეიძლება იყოს. ბიჭები, სხვათა შორის, პატარა ასაკში ძალიან ალერსიანები არიან, გოგონები კი - პირიქით: ცივები და არ აქვთ მოფერების სურვილი. წლების შემდეგ ეს იცვლება - გოგონები ალერსიანები, თბილები ხდებიან, ბიჭები კი ცივდებიან. დედები პატარა, ძალიან თბილ და ტკბილ ბიჭებზე გადაყოლილები არიან. ისინი შვილებს დამოუკიდებლობას არ აჩვევენ. მეც ბიჭის მშობელი ვარ და ხანდახან ვიჭერ ჩემს თავს იმ დროს, როცა ვთხოვ, სახლში ძალიან არ დააგვიანოს. არადა, ახალგაზრდა, 18 წელს გადაცილებული ბიჭი გარეთ გვიანაც გავა და შეიძლება, ღამით საერთოდ არ დაბრუნდეს. ევროპასა და ამერიკაში ეს ისეთი თვალშისაცემი არ არის, როგორც - ჩვენთან. ჩვენს სინამდვილეში ყველა, სამივე თაობა ერთად ვცხოვრობთ. გასაგებია, რომ დედის ინსტინქტია, მის შვილს საზიანო არაფერი დაემართოს, მაგრამ ეს ცუდი სამსახურია ბავშვებისთვის. მერე ძალიან თვითკმაყოფილები იზრდებიან. ასევე არის ის მომენტი, რომ ტრადიციული დამოკიდებულებები ჯერ კიდევ შემორჩენილია: "კაცია ოჯახში უფროსი", "თუ რამეა გადასაწყვეტი, კაცმა უნდა გადაწყვიტოს". ამ სტერეოტიპების არსებობის გამო ძალიან ბევრი დღევანდელ რეალობას ვერ ეგუება. შესატყვისად, კონფლიქტიც დიდ მასშტაბებს იღებს.
ეკა აბაშიძე, სპეციალურად საიტისთვის