ბუღალტერი, ბიზნესმენი და მზარეული - ქართული ჰოკეის ეროვნულ ნაკრებში
ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საქართველოში ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები გვყავს და ცოტა ხნის წინ, საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყინულის ჰოკეიში, მესამე დივიზიონის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. არადა, ეს მართლაც საოცარი შედეგია იმის გათვალისწინებთ, რომ ნაკრები ერთი წელია, რაც კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში იკრიბება თბილისში, საბურთალოზე არსებულ მცირე ზომის ყინულის მოედანზე - 4 საათი ნაკრებისა და დამწყები მოთამაშეებისთვის ანუ ბავშვებს შორის ვარჯიშებისთვის ნაწილდება. შესაბამისი სტანდარტების ყინულის მოედნის არარსებობა ქართული ჰოკეის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ერთი შეხედვით, გასულ წლებთან შედარებით, მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა, მაგრამ რთულია, ახლანდელ სიტუაციას მისაღები და ან თუნდაც კარგი უწოდო. ბიჭებს, რომლებსაც ასეთ პირობებში შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, მინიმუმ სჭირდებათ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ყინულის მოედანი, რომელზეც კვირაში სამჯერ მაინც ივარჯიშებენ.
ყინულის ჰოკეის საქართველოს ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანს, ალექსანდრე ვაშაკიძესა და ნაკრების ერთ-ერთ წევრს, პაატა კავკასიძეს არსებულ წარმატებებსა და ეროვნული ნაკრების პრობლემებზე ვესაუბრე.
ალექსანდრე ვაშაკიძე:
- ყინულის ჰოკეის განვითარების მცდელობა საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან და შემდეგ 80-იან წლებში იყო, თუმცა - უშედეგო. 2004 წელს, ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია შეიქმნა, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ დენის დავიდოვი და ლაშა ცაგარეიშვილი. 2009 წელს ყინულის ჰოკეის მსოფლიო ფედერაციის წევრები გავხდით. ამავე წელს, როცა დენისი და ლაშა პირველ კონგრესზე მიდიოდნენ, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. თურქეთის ტერიტორიაზე ავტოკატასტროფაში 6 ადამიანი დაიღუპა: დენისი, ლაშა, ლაშას მეუღლე, სომხეთის ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი ცოლ-შვილი. ცხადია, ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეაფერხა საქართველოში ჰოკეის განვითარების ფაქტი. ისინი იყვნენ ამ იდეის მამოძრავებელი და განმახორციელებელი. ვინც დავრჩით, უფლება არ გვქონდა, შევჩერებულიყავით. 2012 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის შესარჩევ ეტაპზე. სამწუხაროდ, მაშინ ყველა თამაში დავთმეთ. შემდეგ გვქონდა ერთწლიანი პაუზა. 2014 წლიდან კი ყოველწლიურად ვმონაწილეობთ მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში. 2015 წელს მოვახერხეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოგვეპოვებინა, როცა ბოსნიის ნაკრებს მოვუგეთ და შვიდგუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მეხუთე ადგილზე გასვლით დავასრულეთ. საბედნიეროდ, ამ წარმატების შემდეგ თბილისში, ყინულის მოედანზე დაგვითმეს დრო. მართალია მცირე, მაგრამ - მაინც. კვირაში ჯამში 4 საათი გვაქვს. 2 საათი ნაკრების წევრები ვარჯიშობენ, 2 საათიც მოზარდების სავარჯიშოდაა განკუთვნილი. შარშან და წელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებდით ქართული გვარის ან ფესვების მქონე ჰოკეისტებს, რომელთა ნატურალიზაციაც მოვახერხეთ საკმაო რაოდენობით და ამ ყველაფერმა წელს კარგი შედეგი გამოიღო. ხუთი თამაშიდან ოთხში გავიმარჯვეთ. იმ ერთშიც მხოლოდ 5:4 დავმარცხდით მასპინძელ თურქებთან, რომელიც ჩემპიონატის აშკარა ფავორიტი იყო. ასე რომ, ძალიან ცოტა დაგვაკლდა ოქროს მედლამდე.
- როგორც ვიცი, საკმაოდ განსხვავებული ასაკის მოთამაშეები გყავთ...
- დიახ, ფართო დიაპაზონია. გვყავს 47 წლის მოთამაშე, ბაკურიანელი გოჩა ჯეირანაშვილი და 16 წლის მოთამაშეებიც. ყველა მოთამაშე მოყვარულია, თითოეულს სხვადასხვა პროფესია და სამუშაო ადგილი აქვს. საქართველოს ჩემპიონატს რომ ვატარებდით, ბათუმში უნდა წავსულიყავით. პარასკევს ვსხდებოდით მატარებელში, შაბათ-კვირას ვთამაშობდით, იმავე საღამოს ვბრუნდებოდით თბილისში და ორშაბათიდან ყველა ჩვენ-ჩვენს სამსახურში ვაგრძელებდით მუშაობას.
- ახლა უკვე გასაგებია, რომ აღარ უნდა გკითხოთ, ნაკრებს თავისი სატრანსპორტო საშუალება ჰყავს თუ არა-მეთქი. რა ჯდება თითო მოთამაშის ფორმა და აღჭურვლობა?
- ხარისხის მიხედვით, 300-დან 1.500 დოლარამდე ჯდება. ეს თანხა მოიცავს: ციგურებს, ყვანჭს, დამცავ ჩაფხუტს, მკერდის, წვივისა და იდაყვების დამცავს, გამაშებს, მაისურს, შორტს და ა.შ.
- რამდენი წელია, ფედერაციაში ხართ?
- ფედერაციაში დენისთან და ლაშასთან, 2007 წელს შემთხვევით მოვხვდი. ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა ბაკურიანში ჰოკეისტები ნახა და თამაშის სურვილი გამოთქვა. მაშინ სპორტის სასახლესთან გასაბერი ყინულის მოედანი იყო და ბავშვი იქ მივიყვანე. მოგეხსენებათ, თბილისი პატარაა, ლაშას მეუღლე ჩემი მეგობარი აღმოჩნდა, ლაშას დავუმეგობრდი და ვეხმარებოდი საქმეში. მათ შორის მსოფლიო ფედერაციაში გაწევრების დოკუმენტაციის მომზადებაში. დენისისა და ლაშას დაღუპვის შემდეგ, სრულად ჩავერთე ფედერაციის საქმიანობაში.
- დღეს თქვენი შვილი თამაშობს?
- დიახ, ბიჭიც და გოგონაც. ნიკა 13 წლისაა, ქეთი 11-ის და ორივე ვარჯიშობს ჰოკეიში.
- ამ სპორტით გოგონების დაინტერესება ხშირია?
- ამჟამად თბილისში რამდენიმე გოგონა ვარჯიშობს. ქუთაისში 20-მდეა მათი რიცხვი, თუმცა, იქ ინვენტარისა და მწვრთნელების პრობლემა გვაქვს და არ ვიცი, რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს აქტიურობა. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტი ადამიანია ყინულის ჰოკეით დაკავებული, რაც არცთუ ისე მცირე რიცხვია.
- თავად თამაშობთ?
- ვთამაშობდი, 2007-2008 წლებში საქართველოს ჩემპიონატშიც ვმონაწილეობდი. შემდეგ ტრავმის გამო გაგრძელება ვეღარ შევძელი. ახლა დროდადრო კარში ვდგავარ ხოლმე. ეროვნულ ნაკრებთან ერთად (მაშინ, როცა დავმარცხდით), საკვალიფიკაციო ტურნირზე ვითამაშე.
- უამრავი პრობლემა აქვს ყინულის ჰოკეის ნაკრებს. უპირველესად ვიტყვი, ესაა საკუთარი სავარჯიშო მოედნის უქონლობა. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია თანხა, საკმაოდ მცირედი. როგორ განისაზღვრება მისი რაოდენობა? რაზე გყოფნით და როგორ ანაწილებთ ამ ფულს?
- კარგი კითხვაა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოსგან თანხა პირველად შარშან მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 11 წლის განმავლობაში ფედერაცია ისე ფუნქციონირებდა, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება არ ჰქონია. რაც კეთდება, ყველაფერი ენთუზიაზმით, საკუთარი რესურსის ხარჯზე. შარშან გამოგვიყვეს 40 ათასი ლარი და წელსაც იგივე განმეორდა. ანუ ჯამში 80 ათასი ლარი გვაქვს აღებული. ჯერ ერთი გაუგებარია, რატომ 40, იქნებ 15 ათასი გვყოფნიდა (იღიმის)?! სერიოზულად რომ ვიმსჯელოთ, გეტყვით, რომ 40 ათასი ლარი წელს ძლივს გვეყო მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ორკვირიან შეკრებაზე ბათუმში და გასამგზავრებელი ავიაბილეთების შესაძენად. ამას თავი რომ დავანებოთ, მორალური მხარდაჭერის დეფიციტი გვაქვს. წინა მინისტრები თავს იკავებდნენ ჩვენთან შეხვედრაზე, - ჰოკეი ქართული სპორტი არააო. ჯერ არც ახლანდელ მინისტრს შევხვედრივართ, თუმცა, ინტენსიური ურთიერთობა მაქვს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მინისტრის ერთ-ერთ მოადგილესთან. მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ დავბრუნდით, წარმატებით არავინ დაინტერესებულა და არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია, განსხვავებით ჟურნალისტებისგან, რომლებისგანაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.
- სამინისტროს მხრიდან მისალოცი წერილი ან სიტყვიერი მილოცვაც არ ყოფილა?
- არა, მსგავსი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფედერაცია სამინისტროს მხრიდან აღიარებულია, ვაკმაყოფილებთ მათ მიერ დაწესებულ კრიტერიუმს და ა.შ. როცა ვთამაშობდი და ფორმას ვიცვამდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს აბჯარს ვიცვამდი, ხელში ხმალი მეკავა და ბრძოლის ველზე გავდიოდი. ავად თუ კარგად, ქვეყანაში ყინულის მოედნები გვაქვს. ეს არის თბილისსა და ქუთაისში. ბათუმში გვაქვს სტანდარტული ზომის ყინულის მოედანი, ასეთივე მოედანია ბაკურიანში, მაგრამ ის ღიაა და მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ფუნქციონირებს. დაახლოებით 10-11 მილიონი ლარი ჯდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ყინულის დარბაზის მშენებლობა. ყინულის მოედნის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ გვექნება საშუალება ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატების იმ დივიზიონებს, სადაც საქართველოს ნაკრები იქნება და ასევე შესაძლებელია, ერთ ყინულზე ოთხი ზამთრის ოლიმპიური სპორტის განვითარება.
- დაახლოებით, რა თანხაა საჭირო ყოველწლიურად ნაკრების სრულფასოვანი არსებობისთვის?
- რა თქმა უნდა, ეს მიზნებიდან გამომდინარეა. ამ ეტაპზე გვინდა, რომ მომავალ წელს ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლოთ, მეორე დივიზიონში გადავინაცვლოთ. გვინდა, რეგიონებშიც განვითარდეს ეს სპორტი. ინფრასტრუქტურას თავი რომ დავანებოთ, წელიწადში 200-350 ათასი ლარი საკმარისი იქნება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე რომ დაუშვან, აუცილებელი პირობაა, ეროვნული ჩემპიონატის არსებობა. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის გამო შესაძლოა 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ დაგვიშვან. თუკი ასეთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ნამდვილად იქნება სამინისტროს სინდისზე, რადგან ეს მათი პასუხისმგებლობაცაა.
- და ეროვნული ჩემპიონატი როდის უნდა ჩატარდეს, რომ 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეთ?
- წესით, ახლა უკვე უნდა მიმდინარეობდეს, რადგან სპეციფიკიდან გამომდინარე, ეროვნული ჩემპიონატი შემოდგომაზე იწყება და გაზაფხულზე სრულდება, მაგრამ სამომავლოდ, კიდევ არის შანსი. ოქტომბრიდან რომ დავიწყოთ 2016-2017 წლის სეზონის ჩემპიონატი, ამით მოვახერხებთ "გაძრომას".
პაატა კავკასიძე:
- ყინულის ჰოკეის ნაკრებში თამაშისათვის არ არის დადგენილი ასაკობრივი ზღვარი. მთავარია, ფორმაში იყო. 24 წლის ვარ და ნაკრები სხვადასხვა ასაკის მოთამაშისგან შედგება. ჰოკეის თამაში 9 წლის წინ დავიწყე, სავარჯიშოდ ბიძაჩემმა დენის დავიდოვმა მიმიყვანა, რომელიც მაშინ ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ. ფაქტობრივად, ბიძაჩემი ჰოკეის შეეწირა. ის იმიტომ გაემგზავრა თურქეთის გავლით ტუნისში მსოფლიო ფედერაციის კონგრესზე, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ დავეშვით. სწორედ ამ ადამიანის გამო, ხელის ჩაქნევის უფლება არ გვაქვს და მის საქმეს ვაგრძელებთ. მოედანი უნდა იყოს სიგანეში 30 და სიგრძეში 60 მეტრი, ჩვენი პატარა მოედანი კი სიგრძე-სიგანეში სულ 30 მეტრია. სავარჯიშოდ გვიან საღამოს მივდივართ. მე ვიტყოდი, ვწვალობთ (იღიმის). ძალიან გვინდა, ბოლო წარმატების შემდეგ, კიდევ არაერთხელ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.
- ნაკრები რამდენი წევრისგან შედგება? ექიმი გყავთ? რა პროფესიის ადამიანები ხართ შეკრებილი და თქვენ სად მუშაობთ?
- ჰოკეიში ხუთი მოთამაშე და ერთი მეკარეა. ასევე გვყავს შემცვლელები. დაახლოებით, 22 კაცია. გვყავს ექიმი, ირაკლი ნატროშვილი. ზუსტად ვერ გეტყვით, ნაკრებში ვინ რა პროფესიისაა, მაგრამ ყველას თავისი საქმე აქვს. არის ბუღალტერი, კომპანიის მფლობელი, ერთი რაღაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა, მეორე ბავშვებს ავარჯიშებს და ა.შ. მე მზარეული ვარ. სასტუმროში ვმუშაობ. სპეციალური კურსები გავიარე, მანუელი მასწავლიდა, დაახლოებით 9-წლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს ამ სფეროში. ასე გამაქვს თავი, ახალშექმნილი მაქვს ოჯახი, მყავს მეუღლე.
- რა გეგმები და მოლოდინები გაქვთ?
- ჩვენი გეგმები იმედზეა დამოკიდებული, ველოდებით, როდის აშენდება ყინულის მოედანი. ენთუზიაზმზე ვარჯიში რთულია. ისიც ტყუილია, რომ ჩვენ სათამაშოდ საზღვარგარეთ წავიდეთ. ბიჭებს ოჯახები გვყავს, აქ ვმუშაობთ, აქაურობას ვერ მივატოვებთ. ჩვენ სავარჯიშოდ ყინული თბილისში გვჭირდება.
ანა კალანდაძე