"არც ერთ ძმას ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი გვარი არც შეუცვლია და არც შეუმოკლებია" - ქართველები ამერიკულ არმიაში - გზაპრესი

"არც ერთ ძმას ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი გვარი არც შეუცვლია და არც შეუმოკლებია" - ქართველები ამერიკულ არმიაში

"1992 წელს, კრწანისის პოლიგონზე ახალი ქართული იარაღის გამოცდისას, ქართული ემიგრაციის ორი გამოჩენილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, დავით ვაჩნაძისა და დიმიტრი შალიკაშვილის შთამომავლები: თბილისელი დავით (დევი) ფირცხალავა და ამერიკაში დაბადებული ოთარ შალიკაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს. ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში აისახა მთელი ის ტრაგედია, რაც ქართველებს დაატყდათ საქართველოსა თუ ემიგრაციაში, ამ შეხვედრით კი თითქოს, 70 წლის წინ გათიშული საქართველო გაერთიანდა..." - ცნობილი ისტორიკოსი, რუსუდან დაუშვილი ამჯერად, ძმებ შალიკაშვილებზე გვიამბობს.

- დავით ვაჩნაძე გერმანიაში განისვენებს. თავის დროზე, საქართველოში დარჩენილ მის ოჯახს რეპრესიები დაატყდა თავს. მისი მეუღლე გადასახლებაში გარდაიცვალა და ყაზახეთის სტეპებშია დაკრძალული. საკუთარ კერას დაბრუნებული დავითის შთამომავლები დღეს ცნობილი და საპატიო პიროვნებები არიან... დიმიტრი შალიკაშვილის ოჯახმა საბჭოეთიდან თავის დაღწევა მოახერხა, მაგრამ არც მათი ცხოვრება ყოფილა დალხინებული - ყველა ის ძნელბედობა გადაიტანეს, რაც ქართულ ემიგრაციას გადახდა უცხოეთში. მისმა შთამომავლებმაც მიაღწიეს წარმატებასა და აღიარებას, მაგრამ სხვა ქვეყნის ასპარეზზე: ოთარ შალიკაშვილი ამერიკის არმიის პოლკოვნიკი გახდა, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი - გენერალი.

ოთარმა სამხედრო სამსახური ამერიკის ჯარში 1952 წელს, რიგით ჯარისკაცად დაიწყო, 1954 წელს გახდა სერჟანტი, 1958 წელს კი დაამთავრა პეორიის უნივერსიტეტის საინჟინრო განყოფილება და ოფიცერთა სკოლა. დანიშნეს ქვეითი ჯარების ოფიცრად. დამთავრებული აქვს სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯი, ასევე აშშ-ის ჯარების საბრძოლო კოლეჯი, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ადმინისტრაციაში. იბრძოდა ვიეტნამში, 1967-1968 და 1971-1972 წლებში შვეულმფრენთა სადესანტო ჯარის ქვეგანყოფილებაში. წარმატებით მსახურობდა ოპერატიული შტაბის, მათ შორის, არმიის დეპარტამენტის შტაბ-ბინის სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვეითი ჯარების სკოლის გაერთიანებული არმიის დეპარტამენტის დირექტორი და აშშ-ის არმიის საბრძოლო კოლეჯის სამეთაურო და სამენეჯმენტო დეპარტამენტის პედაგოგიური კოლექტივის წევრი.

20 წლის წინ ოთარ შალიკაშვილი პოლკოვნიკის ჩინით გავიდა პენსიაზე. თუმცა, შეუნარჩუნდა აშშ-ის ჯარის ოფიცრის უფლებები და ვალდებულებები. რამდენიმე წელი პოლკოვნიკი შალიკაშვილი უძღვებოდა ევროპაში აშშ-ის ჯარების შტაბ-ბინისთვის აქტიურ საკონსულტაციო სამსახურს. მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციებში "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებებში, როგორც ამ სწავლებების უფროსი ხელმძღვანელი. იგი ამზადებდა აშშ-ის ჯარების ქვედანაყოფებს ბოსნიასა და კოსოვოში დისლოკაციისათვის, აანალიზებდა ამ ქვედანაყოფების გამოცდილებას მათი დისლოკაციის შემდეგ. 2001 წლიდან დანიშნეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის უფროს მრჩევლად საქართველოს საკითხებში. ოთარს დიდი როლი მიუძღვის ქართული არმიის ჩამოყალიბებაში - 2001-2005 წლებში იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას.

- როგორი იყო ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სამხედრო კარიერა?

- კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სამხედრო კარიერა. დაამთავრა ბრედლის უნივერსიტეტის საინჟინრო-მექანიკური ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. 1978 წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის ხარისხი მიენიჭა; 1993 წელს მერილენდის, ხოლო 1994 წელს ბრედლის უნივერსიტეტებში - დოქტორის ხარისხი. აშშ-ის უმაღლესი სამხედრო-საზღვაოსნო სასწავლებლის, შტაბის კოლეჯისა და არმიის სამხედრო კოლეჯის დასრულების შემდეგ, 1959 წელს ოფიცერთა საკანდიდატო სკოლაც დაამთავრა და არტილერიის მეორე ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა. მომდევნო 23 წლის განმავლობაში, იგი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მსახურობდა არა მხოლოდ ალასკაზე და შტატებში, არამედ ევროპასა და აზიის მრავალ ქვეყანაში.

1960-იანი წლებიდან, გენერალმა შალიკაშვილმა სწრაფად გაიარა კარიერის ყველა საფეხური საველე-საარტილერიო სკოლის მსმენელიდან ამერიკის უზენაეს სამხედრო პირამდე: 1962 წლის 7 ივლისს გახდა ლეიტენანტი, 1966 წლის 7 ივლისს - კაპიტანი, 1973 წლის 7 ივლისს - მაიორი, 1980 წლის 7 ივლისს - ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, ხოლო 1982 წლის 15 მარტს - პოლკოვნიკი. იმავე წელს კი ბრიგადის გენერლად დააწინაურეს. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობაში ასრულებდა დირექტორის, სტრატეგისა და პოლიტიკური დამგეგმავის მოვალეობებს.

1984 წელს შალიკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პირველ ჯავშან-სატანკო დივიზიის მეთაურის ასისტენტად დანიშნეს. 1986 წლის 1-ელ სექტემბერს, 50 წლის ჯონ მალხაზს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. დაბრუნდა შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობაში, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწედ. 1987-1989 წლებში მსახურობდა ვაშინგტონის შტატის ქალაქ ფორტ ლევისში ინფანტერიის მეცხრე მოტორიზებულ დივიზიაში. 1989 წლის აგვისტოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნდა და ევროპაში დისლოცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. იმავე წელს მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

1991 წლის აპრილში, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი სათავეში ედგა ოპერაციას "Pროვიდე Kომფორტ" (ნუგეშისცემას), რომლის წარმატებით განხორციელების შედეგად, ჩრდილოეთ ერაყში ასიათასობით ლტოლვილი ქურთი დაბრუნდა. 1991 წლის აგვისტოში ვაშინგტონში გაიწვიეს და ამერიკის შეერთებული შტატების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ დანიშნეს. 1992-1993 წლებში გენერალი ევროპაში განლაგებული ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ნატო) ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი იყო. ამასთან, შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის კომანდის მეთაურობასაც ითავსებდა. მთავარსარდლად ყოფნის პერიოდში, შალიკაშვილმა დიდი გამოცდილება შეიძინა სრულიად ახალი ტიპის კონფლიქტების გადაწყვეტაში. მან დაამტკიცა, რომ აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთულეს პირობებშიც შეუძლია მუშაობა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, ის პასუხს აგებდა ნატოს მიერ იუგოსლავიის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა სამხედრო ოპერაციაზე. მასვე ეკისრებოდა როგორც დახმარების აღმოჩენა ბოსნიელი მუსლიმებისათვის, ასევე ბოსნიელ სერბთა პოზიციებზე ნატოს შეიარაღებულ ძალთა საჰაერო თავდასხმის გეგმების შემუშავების კოორდინაცია.

გენერალი შალიკაშვილი ამერიკა-კორეის, ამერიკა-ვიეტნამისა და ერაყ-ქუვეითის ომების მონაწილეა. სპარსეთის ყურეში ომის დროს მან თავი გამოიჩინა რთული სამხედრო და დიპლომატიური ამოცანების წარმატებით გადაწყვეტით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გენერალი შალიკაშვილი სარდლობდა ჩრდილოეთ ერაყში ქურთთა დახმარების ოპერაციებს. როგორც აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, კოლინ პაუელი აცხადებდა - შალიკაშვილმა, როგორც შესანიშნავმა მეთაურმა, ბრძოლაში თავისი უნიკალური თვისებები გამოამჟღავნა. მისი წარმატებული დიპლომატიური და სამხედრო კარიერა დაგვირგვინდა იმით, რომ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა 1993 წლის 25 ოქტომბერს, აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის რიგით მე-13 თავმჯდომარედ დანიშნა. 25-წლიანი კარიერისა და დიდი თანამდებობების მიუხედავად, არც ერთ ძმას ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი გვარი არც შეუცვლია და არც შეუმოკლებია, თუმცა კი, კლინტონი ჯონ მალხაზს "შალის" უწოდებდა. შალიკაშვილების დაჟინებამ ნაყოფი გამოიღო და მალე, ამ რთულ გვარს ამერიკელებიც სწორად გამოთქვამდნენ.

გენერალ შალიკაშვილს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: განსაკუთრებული ღირსების მედალი, ორი მუხის ფოთლის შტო, ბრინჯაოს ვარსკვლავი V-ს ემბლემით, მადლობის მედალი სამხედრო სამსახურისათვის, განსაკუთრებული დამსახურებისათვის ეროვნული მედალი ბრინჯაოს ვარსკვლავით და უამრავი სხვა. თუმცა, ამერიკულთან ერთად, არაერთი უცხოური ჯილდოც აქვს მიღებული. მაგალითად, ბელგიის სამეფოს "ლეოპოლდის" ორდენი, ვიეტნამის რესპუბლიკის "მამაცობის ჯვარი" და სხვა...

ჯონ მალხაზს მეორე ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს. შალიკაშვილები საქართველოში პირველად უმძიმეს პერიოდში - 1992 წელს ჩამოვიდნენ. ოთარს თან ჰქონდა მამის ხელით დახაზული კახეთის რუკა. ისიც იცოდა, რომ მისი წინაპრები გურჯაანში იყვნენ დასაფლავებული. მომდევნო ვიზიტის დროს, ჯონ მალხაზმა წინაპართა საფლავები მოინახულა და მათი საფლავის ქვის ნატეხები სამახსოვროდ წაიღო... შალიკაშვილები საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას მამა-პაპის საფლავების მოსანახულებლად მიდიოდნენ. ამიტომაც, 10 წლის წინ, გურჯაანში საფუძველი ჩაეყარა სახლ-მუზეუმს, რომელსაც სათავეში სამხედრო ისტორიკოსი შოთა უტიაშვილი ჩაუდგა. 2005 წლის დეკემბერში, მათ მამაპაპისეულ სახლში გაიხსნა შალიკაშვილების სახელობის პირველი ქართული სამხედრო მუზეუმი, რომელსაც პენსიაში გასვლის შემდეგ, მალხაზ შალიკაშვილმა გადასცა მუნდირი და ჯილდოები.

ჯონ მალხაზ შალიკაშვილი გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს, ვაშინგტონში.

მანანა გაბრიჭიძე