კომპიუტერი სკოლაში - სასწავლო პროცესის "მონაწილე" თუ გისოსებში ჩასმული "ტყვე"?
მით უფრო აქტუალური საკითხი - რა ადგილი უკავია კომპიუტერს საშუალო სკოლაში და მოზარდების სწავლების პროცესში?
ქართული სკოლების ინტერნეტიზაცია განათლების სამინისტრომ 2010 წელს დაიწყო. იმ დროისთვის მხოლოდ და მხოლოდ 500 საჯარო სკოლაში იყო ინტერნეტი, თითოეულში კი მოსწავლეების 50%-სთვის იყო ხელმისაწვდომი. სამინისტროში ამბობდნენ, რომ აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ, მოსწავლეების 80% ისარგებლებდა კომპიუტერით. დღესდღეობით, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებით. განათლების სამინისტრო წარმატებულად თვლის ინტერნეტიზაციის პროგრამას, მით უმეტეს, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყოველ წელს ურიგდებათ ე.წ. ნეთბუკები. მაგრამ ერთია აღჭურვა და მეორე - გამოყენება. ამიტომ ბუნებრივია კითხვა: რამდენად ეფექტიანად იყენებენ სკოლაში კომპიუტერს, მიუწვდებათ თუ არა ხელი მოსწავლეებს მასზე? ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად, თბილისის ორი მოწინავე სკოლის დირექტორს ვესაუბრეთ.
- რამდენად კომპიუტერიზებულია თქვენი სკოლა და სარგებლობენ თუ არა ამით მოსწავლეები?
მიხეილ მინდაძე, 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი:
- გამოყოფილი გვაქვს დიდი ოთახი, სადაც ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები დგას. თუ, დავუშვათ, მასწავლებელმა ისეთი დავალება მისცა მოსწავლეებს, რომლის გასაკეთებლადაც ინტერნეტი სჭირდებათ, მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შევიდნენ კომპიუტერების ოთახში და კომპიუტერით ისარგებლონ. მიუხედავად ამისა, ბავშვები მაინც სახლში, საკუთარ კომპიუტერზე მუშაობას ამჯობინებენ.Gგარდა ამისა, სკოლაში მხოლოდ 65 კომპიუტერია და, სამწუხაროდ, მათ გამოყენებას ყველა ვერ შეძლებს. სასწავლო საათებში ინფორმატიკის გაკვეთილზე მეცადინეობენ და გაკვეთილის შემდეგაც სარგებლობენ. ჩვენი რამდენიმე კლასი ტელევიზორითაა აღჭურვილი, რომლის ეკრანზეც ნებისმიერ გაკვეთილზე კომპიუტერიდან სხვადასხვა ფილმს ან მასალას უჩვენებენ თვალსაჩინოებისთვის. აღარაფერს ვამბობ იმ ნეთბუკებზე, რომლებითაც ძირითადად, დაბალი კლასის მოსწავლეები აქტიურად სარგებლობენ. საერთოდ, ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვუსწრებთ სხვა სკოლებს, რადგან მაღალ კლასებშიც ვიყენებთ ნეთბუკებს. თუმცა, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი ნეთბუკი არ გვაქვს. სამწუხაროდ, სკოლებში ლაბორატორიები არ არის, ამიტომ კომპიუტერების დახმარებით ვატარებთ ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გაკვეთილებს. მოსწავლისთვის ეს უფრო საინტერესოა.
- ძირითადად, რა კატეგორიის მოსწავლეები იყენებენ კომპიუტერებს - ვისაც საკუთარი არ აქვთ, თუ ზოგს უბრალოდ, სკოლაში ურჩევნია სარგებლობა?
- კომპიუტერი იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, რომ ახლა ლაპარაკი უკვე ქონაზე კი არა, ხარისხზეა. თითო-ოროლა ბავშვი თუ იქნება, ვისაც სახლში კომპიუტერი არ აქვს. ზოგიერთი სკოლაში საკუთარი ინიციატივით მეცადინეობს.
- გაკვეთილების შემდეგ და შაბათ-კვირას კომპიუტერები ხელმისაწვდომია?
- კი, მაგრამ ნაკლებად სარგებლობენ. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სად გრძნობს ბავშვი თავს კომფორტულად.
- რაიმე საიტები თუ გაქვთ დაბლოკილი? მინიმალური შეზღუდვა ამ კუთხით რას ითვალისწინებს?
- ასეთი შეზღუდვები პრაქტიკულად, არ გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კონტროლიც არის. საერთოდ კი, დაბლოკვაში გამოსავალს ვერ ვხედავ, ვინაიდან, თუ ჩემთვის საჭირო საიტი რომელიმე კომპიუტერზე დაბლოკილია, სადმე სხვაგან შევალ სასურველ ვებსაიტზე... ჯობია, ბავშვებს გემოვნება და აზროვნება გამოუმუშაო, ვიდრე აუკრძალო. რამდენადაც რაიმეს აუკრძალავ, იმდენად დაუმორჩილებელი გახდება.
- რამდენად აქტიურად იყენებთ კომპიუტერს სხვადასხვა საგნის სწავლების პროცესში?
- ამასთან დაკავშირებით, გარკვეული გეგმები მაქვს. ვაპირებთ გავაკეთოთ ისეთი რამ, რასაც შემდგომში სხვა სკოლებიც გადაიღებენ ჩვენგან, ამიტომ გვინდა, ამას პილოტირება დავარქვათ. დავუკვეთეთ პროგრამები საბუნებისმეტყველო საგნებში. ჯერ ისეთი მდიდრები არ ვართ, რომ ყველა გაკვეთილი, ვთქვათ, მათემატიკაში, ფიზიკაში ასე ჩავატაროთ, მაგრამ სწავლის დროს რაიმე თემის, პარაგრაფის გავლის შემდეგ, ბავშვებს მასალას ვირტუალურად ვაჩვენებთ და ასე ვამეორებინებთ. ვთქვათ, მათემატიკა ძნელი აღსაქმელია, როცა მასწავლებელი "გიყვება", მაგრამ როცა ამას ეკრანზე ხედავ, ყველაფერი მეტად თვალსაჩინო ხდება. ეს პროგრამა ფიზიკასა და მათემატიკაში გავაკეთეთ. ახლა ბიოლოგიასა და ქიმიაში ვნერგავთ. წესით, ლაბორატორიები უნდა გვქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი არ არის. ჩავატარეთ ექსპერიმენტული გაკვეთილი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ და ვვარაუდობთ, რომ ინტერესი საგნების მიმართ გაიზრდება.
- ზოგს მიაჩნია, რომ კომპიუტერები სკოლებში ბავშვებს აზარმაცებს...
- გეტყვით, რომ ზუსტად ასეთი მიდგომა ჰქონდათ წიგნების მიმართ დაახლოებით 300 წლის წინ, როდესაც გრიფელის დაფა დაბეჭდილმა წიგნმა შეცვალა. რა მნიშვნელობა აქვს, რა ფორმატში წაიკითხავ?! წიგნს ვერაფერი შეცვლის, არა როგორც ნივთს, არამედ - შინაარსის თვალსაზრისით. კომპიუტერს თავი დავანებოთ და პლანშეტი ვახსენოთ: მე ვთვლი და ამაში ჯერჯერობით ვერავინ დავარწმუნე, რომ სახელმძღვანელოებს ჯობია, ბავშვებს მივცეთ "ქინდლი", რომელშიც მთელი ბიბლიოთეკა ეტევა. ყველა სახელმძღვანელო ერთად იმდენი ჯდება, რომ "ქინდლი" ხელმისაწვდომი ხდება.
- როგორ ხედავთ სკოლაში კომპიუტერის გამოყენების პერსპექტივას?
- დღეს პირველიდან მეოთხე კლასამდე ყველა ბავშვი ნეთბუკით სარგებლობს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პროგრამაც, პილოტირებაც, რომ ყველაფერი ნელ-ნელა განვითარდეს. ვაკეთებთ კიდევ ერთ რამეს, რაც აწყობის სტადიაში გვაქვს - იგულისხმება ფიზიკის ლაბორატორია. 70-იან წლებში იაპონიაში "უადამიანო" ქარხანა ააგეს, მთლიანად ავტომატიკაზე აწყობილი. ადამიანი პრაქტიკულად არ შედის და ქარხანა ისე მუშაობს. ასეთი ლაბორატორიის გაკეთება გვინდა, რომელსაც ერთი კაცი მოემსახურება. მოსწავლეებს შეეძლებათ ინტერნეტით სახლიდან იმ ცდების ჩატარება, რაც წიგნში მაგალითებად არის მოყვანილი. ავიღოთ დრეკადი დაჯახება: ლაბორატორიაში რეალურად დევს ურიკები. მასწავლებელი ბავშვს საშინაოდ, ვთქვათ, დრეკადი დაჯახების ცდას ავალებს. მოსწავლეს გამოეყოფა გარკვეული დრო, დავუშვათ - 5-დან 6 საათამდე. ის ინტერნეტში შევა, მისცემს დავალებას და ქარხანაში ყველაფერი მისი მითითებებით მოხდება, ის კი ეკრანიდან მიადევნებს თვალყურს. ამის აწყობა ნელ-ნელა უკვე დავიწყეთ.
- წესით, ექსპერიმენტულ სკოლაში კომპიუტერს და ინტერნეტს მეტი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, ვიდრე სხვა სკოლებში. თქვენთან ასეა?
ზაზა გრიგალაშვილი, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი:
- ჩვენი სკოლა აქტიურად იყენებს ისტ-ტექნოლოგიებს (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო) საგანმანათლებლო პროცესში, ღიად ხვდება ყველა გამოწვევასა და სიახლეს. ვსარგებლობთ სამინისტროს ინტერნეტით. სკოლას აქვს ასევე, ალტერნეტიული ინტერნეტიც, რაც საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით. ჩვენი სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აქტიურად დაიწყო "მომავლის კლასის" გამოყენება. შევქმენით საინტერესო რესურსი სხვადასხვა კლასისთვის და სხვადასხვა საგანში. ხშირად ვიყემენთ Smart Board-ს, რაც სახალისოს და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.
- მოსწავლეები სკოლაში ხშირად სარგებლობენ კომპიუტერებით?
- დიახ. მეხუთე და მეექვსე კლასებში ტარდება ისტ-ის გაკვეთილები, ხოლო მეათე კლასში ხორციელდება Aუტოჩად-ის შესწავლა. წარმატებით ხორციელდება "სმარტბუკის" პროგრამაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.
- ძირითადად, რა მიზნით იყენებენ მოსწავლეები კომპიუტერებს? არიან ისეთები, ვისაც მათი გამოყენება სკოლაში ურჩევნიათ, ვიდრე შინ?
- კომპიუტერების გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესში, ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები. მოსწავლეები ხშირად სარგებლობენ კომპიუტერით კლასგარეშე აქტივობების შესასრულებლად, მაგალითად: პროექტებზე მუშაობის დროს ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის მიზნით. დავალებების სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ უწევთ დავალების შესრულება სახლშიც და სკოლაშიც.
- გაქვთ თუ არა რაიმე გეგმები ინტერნეტის მნიშვნელობის სკოლაში გაზრდასთან დაკავშირებით?
- გვაქვს Wi-Fi, თუმცა სკოლის სიდიდის გამო, ჯერჯერობით მასზე ყველას არ მიუწვდება ხელი. იგეგმება დამატება, რათა ინტერნეტი ყველა საკლასო ოთახიდან ხელმისაწვდომი გახდეს და ყველა პედაგოგს შეეძლოს საჭიროებისამებრ გაკვეთილზე მისი გამოყენება.
ბუნებრივია, რაც უფრო აქტიურად სარგებლობს სკოლის მოსწავლე კომპიუტერით, მით უფრო კარგად მომზადებული შედის უმაღლესი სასწავლებლის აუდიტორიაში და სტუდენტობის პირველივე კურსიდან, იოლად ითვისებს საჭირო აი-ტი პროგრამებს. აქედან გამომდინარე, დავინტერესდით, რამდენად ამართლებენ ამ მხრივ, უნივერსიტეტების პედაგოგთა იმედებს.
- რა კომპიუტერულ პროგრამებს ფლობენ პირველკურსელები? ძირითადად, რა ცოდნა "მოაქვთ" სკოლიდან?
გიორგი დათუკიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, დოქტორი:
- ძირითადად, მასაზე ვისაუბრებ და არა იმ კონკრეტულ ჯგუფზე, რომელსაც პროგრამირება აინტერესებს. როგორც წესი, პირველკურსელებმა, როდესაც უნივერსიტეტში მოდიან, იციან საოფისე კომპიუტერული და ისეთი სამომხმარებლო პროგრამები, როგორიცაა, მაგალითად, "სკაიპი", ინტერნეტში კი - "ფეისბუქი". ასევე იციან "მეილით" სარგებლობა და "გუგლის" გამოყენება, თუმცა ეს ყველაფერი - ძალიან ზერელედ. წარმოიდგინეთ, "ფეისბუკით" სარგებლობაც კი არ აქვთ კარგად ათვისებული.
- რა იქნებოდა უნივერსიტეტისთვის სასურველი, რომ პირველკურსელებს სცოდნოდათ? რა დააჩქარებდა სწავლის პროცესს შემდგომში?
- თუ საუბარი განვითარებასა და თანამედროვე განათლების მიცემაზეა, მაშინ სკოლაში თუნდაც ელემენტარული საოფისე პროგრამები ისეთ დონეზე უნდა ისწავლებოდეს, რომ ის, როგორც საგანი, უნივერსიტეტში საერთოდ არ არსებობდეს. ნორმად უნდა იყოს ქცეული, რომ 17-18 წლის ადამიანი საოფისე კომპიუტერულ პროგრამებსა და ელექტრონულ ფოსტას საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობდეს. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას გადის, მას ინტერნეტი და ელექტრონული ფოსტა სჭირდება.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად დიდი დატვირთვა აქვს კომპიუტერსა და ინტერნეტს სკოლაში?
- ვეცადე, ამ კითხვაზე პასუხი სტუდენტებთან ჩატარებული პატარა გამოკითხვით მიმეღო. ამბობენ, რომ კომპიუტერებს სკოლაში უფრო საჩვენებელი ფუნქცია აქვს და ნაკლებად იყენებენ. სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ინტერნეტი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია, სინამდვილეში კი ასე არ არის, ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამოც: სკოლაში ისეთი ზედამხედველი არ ჰყავთ, რომელიც გააკონტროლებს, რამეს ხომ არ აზიანებს მოსწავლე. კომპიუტერული კლასები საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა სკოლებისთვის. როგორც წესი, კომპიუტერები გისოსებიან ოთახში უდგათ. შეიძლება, გამონაკლისებიც არსებობს. ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებს იმდენი შესაძლებლობა აქვთ, რომ თავიანთი ლეპტოპებით დადიან, მაგრამ ეს არ არის სტანდარტი, რომლის განზოგადებაც მთელ საქართველოზე შეგვიძლია. თანაც, ნივთის ქონა არ გულისხმობს მისი კარგად გამოყენების უნარს. ყველა უნივერსიტეტს შეუძლია, ელემენტარული კომპიუტერული განათლება მისცეს ნებისმიერ სტუდენტს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ფუნქცია უნდა ჰქონდეს სკოლას. თუ ამას მაღალ დონეზე მოახერხებს, სტუდენტი კომპიუტერულ უნარებზე კი აღარ იქნება ორიენტირებული, არამედ აქცენტებს უფრო მაღალი დონის პროგრამების შესწავლაზე გააკეთებს.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა ისწავლებოდეს კომპიუტერი სკოლაში, რომ ეს საინტერესო გახდეს მოსწავლისთვის?
- რთული შეკითხვაა. ყველა პედაგოგს ჰგონია, რომ თავისი დამოკიდებულება, ახსნა და მიდგომა კარგი და სწორია, მაგრამ არსებობს საერთო სტანდარტებიც - ვგულისხმობ კონკრეტულად კომპიუტერის პროგრამების შესწავლის სტანდარტებს, რომელიც ამავე პროგრამების შემქმნელების შემუშავებულია. ამ სტანდარტების დაცვა და თანამიმდევრობა, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი იქნებოდა. მეორე თემაა, თავად სტუდენტს ან მოსწავლეს როგორ უნდა მიაწოდო ეს ყველაფერი. ასაკობრივი სეგმენტიდან გამომდინარე (პირველკლასელიც სკოლის მოსწავლეა და მეთორმეტეკლასელიც; ცხადია, მათ აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები აქვთ), ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს: რა უნდა ისწავლებოდეს თითოეულ კლასში. ვიტყოდი, რომ ეს არის საგანი, რომელიც უნდა ისწავლებოდეს პირველიდან მეცხრე ან მეათე კლასამდე, თუ კიდევ უფრო მაღალ კლასებში არა. მეტი არაფერი სჭირდება ადამიანს, რომ ის გათვითცნობიერებული იყოს სამომხმარებლო პროგრამებში და თავისუფლად შეეძლოს მათი გამოყენება.
ეკატერინე აბაშიძე
ნათია მაისურაძე