როგორ იგონებს დავით ნარმანიას ბავშვობას დედამისი
ცოტაც და თბილისის მერის, დავით ნარმანიას მშობლიურ სახლს მივადექი. დიდი რკინის ჭიშკარი მორიდებით შევაღე. სამზარეულოს აივანზე მოხუცები სხედან, ალბათ ისვენებენ. უცხო ადამიანის დანახვაზე ღიმილით შემომეგებნენ, მაგრამ ჟურნალისტის ხსენებამ სახე შეუცვალათ... დიდი სახლიდან ქერა ქალბატონი გამოვიდა, - დათოს დედაა ეს, მაგრამ არ ვიცი დაგელაპარკებათ თუ არა, - მითხრა მოხუცმა, რომელიც როგორც შემდეგ გავარკვიე, ბაბუა აღმოჩნდა...
დავით ნარმანიას დედასთან საუბრის დასაწყებად დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რადგან ჩემს კოლეგებზე გაბრაზებული აღმოჩნდა, - "ყველაფერს უკუღმა წერენ ან აშუქებენ და მერე თავს იმართლებენ, ხელმძღვანელობის ბრალიაო... ძალიან ბევრი საზიზღრობა დაიწერა, არადა, ყველა ჟურნალისტი ძალიან თბილად მივიღეთ... დავიღალე, მეც და ჩემი ოჯახიც" - მითხრა ნორა თოდუა-ნარმანიამ, თუმცა, ჩვენი ინტერვიუ მაინც შედგა...
- დათო პირველი შვილია. ერთი წლის შემდეგ კი მეორე ვაჟი, ირაკლი დაიბადა. ორივე შვილს მშობლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა, რახან დათო უფროსია, მეტ პასუხისხმგებლობას გრძნობს. ეს არ ნიშნავს, რომ ირაკლი ასეთი არ არის. საერთოდ, შვილების მიმართ სამდურავი ნამდვილად არ მეთქმის, ბედნიერი დედა ვარ, რომ ასეთი შვილები მყავს... ორივე ბავშვობიდან მივაჩვიე შრომას და რაც მთავარია, კითხვასა და წიგნის სიყვარულს. ძალიან პატარები იყვნენ, ზღაპრებს რომ ვუკითხავდი. შემდეგ თავადაც დაიწყეს კითხვა და სადაც მიდიოდნენ, ყველგან წიგნი მიჰქონდათ. ეს დიდობაშიც ჩვევად ექცად. სპეციალობით პედაგოგი ვარ, სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე... ძალიან მინდოდა, ჩემს შვილებს კარგი განათლება ჰქონოდათ. თავადაც მონდომებულები იყვნენ.
- რომელი სკოლა დაამთავრეს?
- ჩვენი სოფლის, კოკის სკოლა. ეს სოფელი ისეთი მივარდნილი და გაუბედურებული სულაც არ არის, როგორიც რამდენიმე ტელევიზიამ სიუჟეტებში წარმოაჩინა. ეკონომიურად საკმაოდ ძლიერი და განათლებული, კეთილშობილი ხალხით დასახლებული სოფელია და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული სკოლა გვაქვს. მინდოდა, ჩემს შვილებს თავისივე სოფელში ჰყოლოდათ ბავშვობის და სკოლის მეგობრები. ამიტომ შევიყვანე აქაურ სკოლაში, თორემ თავად ზუგდიდის IV (ამჟამად საჯარო) სკოლაში ვმუშაობდი და შემეძლო იქ მეტარებინა. ახლაც მეც კოკის სკოლაში ვმუშაობ.
- რა საგანს ასწავლით?
- გეოგრაფი ვარ, მაგრამ ბოლო ოცი წელია ჩვენი სკოლის დირექტორის მოადგილედ ვმუშაობ...
- დათოს რომელი საგანი უყვარდა გამორჩეულად?
- გამორჩეული საგანი არ ჰქონია. ყველას ერთნაირად სწავლობდა. მისი მოსწავლეობის დროს 5-ქულიანი შეფასება იყო და 4-იანი არასდროს მიუღია. ძალიან სწრაფად ასწრებდა სწავლას. რამდენჯერმე სათამაშოდ გასული სახლში მომიბრუნებია, რადგან ეჭვი შემეპარა, ასე მალე როგორ მოამზადა გაკვეთილები-მეთქი და გადავამოწმე. მივხვდი, რომ ცოტათი ეწყინა კიდეც, - რა არის, დედა, არ მენდობიო?.. ვენდობოდი, როგორ არა, უბრალოდ, ხომ იცით, ენდე, მაგრამ შეამოწმეო... არ მინდოდა, ეს მეგრძნობინებინა და დავუყვავე, - გენდობი, როგორ არა, მხოლოდ ის მინდოდა, კიდევ ერთხელ გადაგეკითხა-მეთქი.
- ბავშვობაში ჩხუბისთავი იყო?
- არა, ძალიან უკონფლიქტო, დიპლომატიური ბავშვი იყო. არ მახსოვს სკოლაში ან სოფელში ჩემთვის ვინმეს საყვედური ეთქვას, - დათომ იჩხუბაო. სკოლაში ძალიან მაგარი სიმკაცრე იყო. სოფელში კი, ჩვენს მეზობლად მათი ტოლი თითქმის არავინ იყო...
- პროფესიული არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთა?
- დიახ, სკოლა რომ დაამთავრა, ვუთხარი, - დედი, შენგან კარგი ექიმი დადგება-მეთქი, რადგან ყოველთვის რბილი, მაგრამ მტკიცე ხასიათი ჰქონდა. დათოს ბაბუა, ჩემი მამამთილი მედიცინის მუშაკია (მაშინ იყო ასეთი სპეციალობა, - ჩვილ ბავშვთა პატრონაჟი) და წნევის გაზომვა, ნემსის გაკეთება და სხვა რაღაცები მისგან ჰქონდა ნასწავლი. ერთი სიტყვით, საკმაოდ კარგი მონაცემები ჰქონდა, თან ეს პროფესია ყოველთვის პრესტიჟული იყო. ამიტომ ვურჩიე, მაგრამ უარი მითხრა, - ეკონომისტი უნდა გავხდეო... დაძალებას აზრი არ ჰქონდა. სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტზე ჩააბარა, უფასოზე ჩაირიცხა. ეს იყო დათოს პირველი, სერიოზული წარმატება. ყველა დედას ეიმედება თავისი შვილი, მაგრამ მე კარგად ვიცნობდი მას და ვიცოდი, რომ ამას სხვა წარმატებები მოჰყვებოდა. თბილისში ცოტა ხანს ჩემს დასთან ცხოვრობდა. მომდევნო წელს, ირაკლიმაც ჩააბარა და ბიჭებს ქირით რომ არ ეცხოვრათ, ბინა ვუყიდეთ. მანამდეც და შემდეგაც ჩემი და აქცევდა ყურადღებას. მეც, სამსახურში დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც ვახერხებდი თვეში ერთ-ორჯერ მაინც მენახა შვილები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე კარგი სტუდენტი იყო. დათო მე-2-ე კურსზე იყო, მუშაობა რომ დაიწყო. მესამე კურსის სტუდენტი ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი გახდა, სადაც სამეცნიერო მიმართულებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მისი თავმჯდომარე. მეოთხე კურსზე, შემოსავლების სამსახურში დაიწყო მუშაობა და ასე თანდათან მიიწევდა წინ. მაგრამ სულ სწავლობდა, ხან გერმანიაში იყო, ხან სად და ხან - სად... წარმატებებს ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან დიდი შრომისა და თეთრად გათენებული ღამეების ფასად მიაღწია. ჩვენც, მშობლები ყველანაირად ვცდილობდით მისთვის ხელი მოგვემართა. ოღონდ ესწავლათ და არაფერზე ვაწუხებდით. სახლის საქმეებს ვგულისხმობ.
- ალბათ ხანდახან მაინც გაბრაზებდათ, თუნდაც ბავშვობაში...
- შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ყოველთვის ძალიან მშვიდი ოჯახი გვქონდა. ორი ბიჭი გავზარდე, მაგრამ ჩემი ხმამაღალი საუბარი არავის მოუსმენია. ოჯახში 6 წევრი ვართ, მე და ჩემი მეუღლე, ორი შვილი და დედამთილ-მამამთილი, რომელთაც დათოსა და ირაკლის აღზრდაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ბავშვები მოხუცებსაც ისე უჯერებდნენ, როგორც ჩვენ. უფროს-უმცროსობის ტრადიცია, როგორც სხვა, ქართულ ოჯახებში, ჩვენთანაც ზედმიწევნით იყო დაცული... ბიჭებს ძალიან უყვარდათ სურამში დასვენება და ყოველ წელს დავდიოდით. ასევე, ხშირად დავდიოდით ბორჯომსა და ბაკურიანში. უამრავი ფოტო გვაქვს იქ გადაღებული და როდესაც ჩამოდიან, სიამოვნებით ათვალიერებენ. უზრუნველ ბავშვობას იხსენებენ...
- რჩევას არ გეკითხებოდათ?
- კი, მაგრამ ყოველთვის დინჯი და წინდახედული ბიჭი იყო და მაინცდამაინც არ სჭირდებოდა რჩევა-დარიგებები. ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებას. ნიჭის გარდა, საკმაოდ კარგი ინტუიციაც ჰქონდა. რასაც მიზნად დაისახავდა, ყველაფერს აღწევდა. ხანდახან რომ გადავხედავ ჩემი შვილების მიერ განვლილ გზას, ვხვდები, რომ გამიმართლა. ერთადერთი, რაც ძალიან მაწუხებს, მუდმივი მონატრებაა, - სულ მენატრება ჩემი შვილები. 17 წლიდან, მას შემდეგ, რაც სკოლა დაამთავრეს, თბილისში არიან. ორ-სამდღიანი ურთიერთობა საკმარისი არ არის. წინა წლებში, აგვისტოში მაინც ახერხებდნენ ორი კვირით ჩამოსვლას და იმაზე ვწუწუნებდი, რა მალე გადის დრო-მეთქი, ახლა ამის დროც არ აქვთ. მხოლოდ საღამოობით გვეკონტაქტება... გასულ წლებშიც კარგი თანამდებობები ჰქონდა, მაღალი ანაზღაურებით და ურთიერთობისთვისაც მეტი დრო გვრჩებოდა. მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნეს, მივხვდი, რომ ჩემი მშვიდი ცხოვრება წარსულს ჩაბარდა.
- რატომ?
- ძალიან ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ჩემი შვილი საქმეს თავს კარგად გაართმევდა, მაინც განვიცადე, როგორც დედამ... უფრო ემოციური და ნერვიული გავხდი. მთელი ოჯახი გაფაციცებული შევცქერით. არ ყოფილა ადვილი მაღალი თანამდებობის ადამიანის დედობა. მეუღლეც ძალიან ნერვიულობს, მაგრამ მთელი ოჯახი ერთმანეთს ვამხნევებთ.
- ახლა უკვე ქალაქის მერია...
- დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ არც აქ გაუჭირდება, თუ შიგნით არ მოუწყვეს რამე ცუდი. ერთადერთი, ამის მეშინია ძალიან.
- "შიგნით ცუდის მოწყობაში" რას გულისხმობთ?
- ძველი კადრებს და კიდევ სხვა რაღაცებს, რისიც მეშინია... თუმცა, დათოს დიპლომატიური ნიჭისა და გამოცდილების იმედი მაქვს.
- თბილისის მერის არჩევნების დროს თქვენმა სიტყვებმა, - აფხაზეთი იმიტომ დავკარგეთ, რომ თბილისელები აფხაზებსა და აფხაზეთს არაფრად მიიჩნევდნენო - საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია...
- ეს მხოლოდ აფხაზეთზე არ მითქვამს, საერთოდ ვთქვი, დანარჩენ მოსახლეობაზეც, რადგან გამუდმებით თბილისელობას უსვამდნენ ხაზს. სტერეოტიპი, თბილისის მერი მხოლოდ თბილისელი უნდა იყოს, დასანგრევია-მეთქი. ასევე, ისიც ვთქვი, რომ დასავლეთში, კონკრეტულად სამეგრელოში, სუფთა ქართველები ცხოვრობენ, რომელთაც სახელმწიფოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი-მეთქი... ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი ალაპარაკეს, თუ როგორი წარმოედგინა მას თბილისის მერი და ამაზე ვიყავი გაბრაზებული. რატომ არ უნდა იყოს თბილისის მერი სხვა რაიონის მცხოვრები, თუ საქართველოს მოქალაქეა და ქალაქისთვის კარგს საქმეს გააკეთებს? ამიხსნას ეს ვინმე ობიექტურმა. ზოგიერთი კორიფეს სუბიექტურ მოსაზრებას არ ვგულისხმობ.
- თქვენს სახელს კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება, - "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყავით და ამომრჩეველს სასურველი კანდიდატის შემოხაზვას აიძულებდით...
- ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან, ალბათ ოცი წელი მაინც არის, არჩევნებში კომისიის წევრი ვარ, მაგრამ "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნანახი გაყალბება ყველანაირი ფანტაზიისა და სამართლიანობის ზღვარს სცდებოდა. როგორც კი ხმის მიცემის პროცედურა დასრულდებოდა, ასობით ბიულეტენს ყრიდნენ, მაგრამ ხმა რომ ამოგვეღო, სახლებში ცოცხლები ვერ მივიდოდით. რაც შეეხება იმ კადრებს, - თითქოს ვიღაცას რაღაცას ვაიძულებ, სინამდვილეში, ის ქალბატონი ჩემი მეგობარია, ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. თანხა ავუგროვეთ და სურსათის შესაძენად გავუშვით. მთელი დღის განმავლობაში იქ ვიყავით და საჭმელი უნდა ეყიდა ჩვენთვის. აი, ამაზე ვუთხარი ქეთინოს ხუმრობით, - ვაითუ, ახლა ის ყველაფერი მოტანილი არ გაქვს-მეთქი. იქ იყო მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სიით იყრიდა კენჭს დეპუტატობაზე და მიუხედავად იმისა, რომ მე "ოცნების" მომხრე ვიყავი, იმას მივეცი ხმა. ქართულის მასწავლებელსაც ვკითხე, - მანახე, შენ ვინ შემოხაზე-მეთქი. ვერც ვნახე, რადგან სათვალის გარეშე ვიყავი... ეს ჩუმად გადაღებული კადრები შეაკოწიწეს და ისე დაამონტაჟეს, თითქოს ვიღაცას რაღაცას ვაიძულებდი. კინაღამ გადავყევი ამ ამბავს...
- დავითმა რა გითხრათ?
- არაფერი, რას მეტყოდა? დათოს ჩემში ეჭვი არასდროს შეპარვია...
- სხვა თემაზე გადავიდეთ, - დათოს მშობლებთან ურთიერთობისთვის რამდენად რჩება დრო?
- ადრე დღესასწაულებზე აუცილებლად ჩამოდიოდა ცოლ-შვილთან ერთად, ახალ წელს, შობასა და აღდგომას აუცილებლად ერთად ვხვდებოდით ოჯახში, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს. ერთადერთ რძალს თვეში ერთხელ ან ორჯერ ვნახულობ. არადა, ძალიან კარგი, თბილი გოგოა, ისიც ეკონომისტია... ორი შვილი ჰყავთ, ილია და კონსტანტინე. იანვარში მესამეს შვილიშვილს ველოდებით. სქესი ჯერ არ ვიცით. მთავარია, ჯანმრთელი იყოს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება. ზოგჯერ ვფიქრობ, ღმერთს ძალიან ვყვარებივარ-მეთქი...
- მეორე შვილზე რას მეტყვით?
- ირაკლი თეატრალური ინსტიტუტის იურისტი და ამავე დროს, დამოუკიდებელი ადვოკატია. როგორც გარეგნობით, ისე ხასიათითაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, - ორივე მშვიდი და გაწონასწორებულია. მას ოჯახი ჯერ არ ჰყავს. იმედი გვაქვს, ახლო მომავალში ისიც გაგვახარებს.
დავით ნარმანიას მამამ ჩვენთან საუბარს თავი აარიდა, სამაგიეროდ, ძალიან თბილად შემხვდა მისი მოხუცი ბებია-ბაბუა...
ბაბუცა, დავით ნარმანიას ბებია:
- 80 წლის ვარ, შვილო, ჩემი მეუღლე 87-ის არის. დათო ჩვენს ხელშია გაზრდილი. ბავშვობიდან ჭკვიანი იყო. ვიცოდით, დიდი წარმატებები ექნებოდა, მაგრამ იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი... მეტი რა გითხრათ. პოლიტიკის მე არაფერი მესმის და არც მინდა, მესმოდეს. კარგი მეგობრები ჰყავს. ახლა იმდენად არ სცალიათ, ადრე უფრო მოდიოდნენ. ჩემი მეუღლე, ასაკის მიუხედავად, ჯერ კიდევ არის ჯანზე და ერთი-ორი ლიტრი ღვინოს დალევა შეუძლია. ზოგჯერ მათთან დაჯდებოდა ხოლმე საქეიფოდ. მეც მივუგდებდი ყურს მათ საუბარს. ეტყობათ, რომ თავიანთი ქვეყანა უყვართ და ეს ძალიან მახარებს.
- მეგობრებიდან ვინ მოჰყავდა სახლში?
- მე მაგათში ვერ ვერკვევი, შვილო, ყველა ჩემი დათოს მეგობარია და მორჩა... დათო კარგი ბიჭია, ორი შვილთაშვილი გვაჩუქა, ახლა მესამესაც ველოდებით, ღმერთის წყალობით... აი, ირაკლი კი, ჯერჯერობით "უოჯახო ყაჩაღია..." იმედია, გამოასწორებს. ყოველთვის მშრომელი ბავშვები იყვნენ. სანამ ჩვენთან ცხოვრობდნენ, ოჯახში ყველაფერში გვეხმარებოდნენ, არაფერს თაკილობდნენ.
ლალი პაპასკირი, ჟურნალი "გზა"