მართვის მოწმობის მსურველებისთვის ახალი წესები ამოქმედდება - გზაპრესი

მართვის მოწმობის მსურველებისთვის ახალი წესები ამოქმედდება

ამიტომ დღეს ბევრი ადამიანი ცდილობს, დრო არ დაკარგოს, ახალი კანონის ამოქმედებამდე გამოცდა ჩააბაროს და ნანატრი მართვის მოწმობა აიღოს. სანამ ახალი ბილეთები ძალაში შევა, მსურველებს ძველი ბილეთებით შეუძლიათ გამოცდის ჩაბარება. მომსახურების სააგენტოს ცნობით, ახალი ბილეთები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 21 ოქტომბერს დამტკიცდა. ბილეთების ჩაბარება მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მოსალოდნელ ცვლილებებზე სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსს, იმედა მაკასარაშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო იმედა, 15 დეკემბერს მოქალაქეებს ახალი წესებით მოუწევთ გამოცდების ჩაბარება. რატომ გადაწყდა ცვლილებების განხორციელება?

GzaPress- საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ განსაზღვრულ ვადებში სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობა ეტაპობრივად დაუახლოოს ევროკავშირის კანონმდებლობას. მართვის მოწმობის გაცემისა და გამოცდების ჩაბარების წესში ცვლილებები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის მიხედვით განხორციელდა.

- რეალურად რთულდება თუ არა მართვის მოწმობის აღება მოქალაქეებისთვის?

- მართვის მოწმობის აღება არ რთულდება. შეიძლება ითქვას, რომ ახალი ბილეთები ბევრად გაამარტივებს თეორიული გამოცდისთვის მომზადების პროცესს. ახალ ელექტრონულ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რომლითაც კანდიდატს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. ტესტზე არასწორი პასუხის შემთხვევაში მართვის მოწმობის მსურველი ვიდეორგოლის საშუალებით ნათლად დაინახავს, თუ რატომ არის ესა თუ ის პასუხი მცდარი. ამასთან ერთად, ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალებისა და თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეომასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია, საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.

- ეს ცვლილება ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირებამ ხომ არ განაპირობა?

- 2013 წლის დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საგზაო მოძრაობის შესახებ უსაფრთხოების კანონი, რომლის მიხედვითაც შექმნილი იყო ძველი საგამოცდო ბილეთები. ამავე დღეს ამოქმედდა ახალი კანონი და სწორედ ამ კანონზეა მორგებული მართვის მოწმობის ახალი ბილეთები. ავტოსაგზაო შემთხვევებს ბილეთების შეცვლა არ უკავშირდება.

- ამბობენ, რომ ამ გზით გამოირიცხება ბილეთების დაზეპირება. ეს პრობლემა იდგა?

- თეორიული გამოცდის ახალი ტესტების ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია შეიცვლება, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას აბსოლუტურად გამორიცხავს.

- ხშირად ამბობენ, რომ მართვის მოწმობა აქვთ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან წესები. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- მართვის მოწმობის აღება შეუძლებელია, თუ არ ჩააბარე საგზაო მოძრაობის წესები, თუმცა, რამდენად გამოიყენებ ამას პრაქტიკაში, რეალურ მოძრაობაში და რამდენად დაიცავ საგზაო მოძრაობის წესებს, ეს უკვე კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული.

- ცვლილებები თეორიულ საკითხებსაც შეეხება და პრაქტიკულსაც?

- აღნიშნული კანონით ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ მართვის მოწმობის თეორიულ ნაწილში.

- როდიდან და სად შეუძლიათ ახალი ბილეთების ნახვა მოქალაქეებს?

- ახალი ბილეთები უკვე დევს საკანონმდებლო მაცნეში და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, უახლოეს ხანში კი შესაძლებელი იქნება, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

- ამბობენ, რომ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას მსურველებს ქალაქის ქუჩებშიც მოუწევთ გამოცდის ჩაბარება, ეს სიმართლეა?

GzaPress- შსს-ს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩატარება ქალაქის მასშტაბით, ავტოდრომის ან დახურული მოედნის გარეთაა დაგეგმილი. თუმცა, კონკრეტულად როდიდან განხორციელდება ეს ცვლილება, ჯერჯერობით უცნობია.

- თეორიის ჩაბარების შემდეგ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა რამდენჯერ შეეძლება მსურველს? ამ კუთხითაც ხომ არ იცვლება რამე?

- ამ მხრივ კანონმდებლობაში ცვლილებები არ არის გათვალისწინებული. თეორიული გამოცდის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კანდიდატს 7 დღეში ერთხელ შეუძლია პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა. შეზღუდვა არ არის დაწესებული ფასიანი გასვლის შემთხვევაში.

- ხომ არ გაიზარდა ამ დღეებში მსურველების რიცხვი მოსალოდნელი ცვლილებების გამო?

- მომსახურების სააგენტოს ყველა სამმართველო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, მართვის მოწმობის აღების მსურველების ნაკადს განსაკუთრებული ცვლილება არ ეტყობა.

თეა ხურცილავა