"მკვდარი მდინარეების" ქვეყნად რომ არ ვიქცეთ...
საქართველო ძალიან მდიდარია წყლის რესურსით. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ და არ უვლიან. ალბათ თქვენც გინახავთ, როგორ ყრის მოსახლეობა ნარჩენებს მდინარეებში, ტბებსა თუ წყალსაცავებში. ასე ხდება საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქში, დაბასა თუ სოფელში, რითაც ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი ადგება. ცნობილია, რომ მსოფლიოს არაერთი მდინარე კატასტროფულად არის დაბინძურებული. იმდენად, რომ მეცნიერები მათ "მკვდარ მდინარეებსაც" ეძახიან. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საქართველოც "მკვდარი მდინარეებისა" და ტბების ქვეყნად არ იქცეს? - ამ პრობლემაზე კომენტარი საქართველოს "მწვანეთა მოძრაობის" ლიდერს, ქალბატონ ნინო ჩხობაძეს ვთხოვეთ:
- დავიწყებ იმით, რომ ცალკე პრობლემაა მდინარეები, ცალკე - ტბები და წყალსატევები. ამ ყველაფრის ჩატევა ერთ სტატიაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია, ჯერ მდინარეებზე ვისაუბროთ. საქართველოში 26 ათასი მდინარე გვაქვს და სამწუხაროა, რომ მათ არ ვუფრთხილდებით. ერთი პრობლემაა, როდესაც მავნე მასა ჟონავს და ჩადის მდინარეში და მეორეა - რაც საქართველოს დაბებსა და სოფლებში ხდება: თითქმის ყველა სოფელში მოსახლეობა არც მალავს, რომ ნაგავსა და ნარჩენებს მდინარეში ყრის, რადგან იქ არ არის ბუნკერები, კონტეინერები, სადაც ხალხი ნარჩენებს ჩაყრიდა. კონტეინერები ყველგან უნდა იყოს და მოსახლეობაც შინაგანად უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ბუნებას მოუაროს. სინამდვილეში კი რა ხდება? - გარდა ნაგვისა და მავნე ნარჩენებისა, მდინარეებში იყრება ლეში - დაღუპული, ან დაკლული ცხოველის ნარჩენები, რაც საერთოდ დაუშვებელია. სერიოზული პრობლემაა საკანალიზაციო სისტემების არარსებობაც: ხშირად ჩეჩმები პირდაპირ მდინარეებზეა გადაკიდებული ან მთლად უარესი - პატარა ქალაქებსა და დაბებში პირდაპირ მიერთებულია მდინარეებსა და ღელეებზე. საქართველოში ძალიან ცოტა ქალაქს აქვს საკანალიზაციო სისტემა, ხოლო დაბებსა და სოფლებში ამგვარი სისტემა საერთოდ არ არის. ეს მაშინ, როცა საკანალიზაციო სისტემა უნდა იყოს ყველა დასახლებაში, სადაც 2 ათას კაცზე მეტი ცხოვრობს. თუმცა, სადაც საკანალიზაციო სისტემა აქვთ, იქაც სერიოზული პრობლემებია, რადგან არა აქვთ გამწმენდი ნაგებობები. საქართველოში სულ რამდენიმე გამწმენდი ნაგებობაა: თბილისის გამწმენდი, რომელიც გარდაბანში მდებარეობს, ბათუმის და საჩხერის. ახლა აპირებენ, ასეთივე ნაგებობა გააკეთონ ურეკში.
- დასავლეთ საქართველოში, იმერეთში მოედინება მდინარე ყვირილა, რომელიც საერთოდ შავია, რადგან მასში საწარმოო ნარჩენები ირეცხება. ასეთ მდინარეებს თუ ეშველება რამე?
- სამრეწველო დაბინძურება კიდევ ცალკე სატკივარია და არანაკლებ მძიმე. როცა მდინარეში სამრეწველო ნარჩენებსა და ქიმიურ მინარევებს ყრიან, ამით მას გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ. ამას ემატება სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც მდინარეებში იყრება და ქიმიური ნარჩენები, რომელთა აღრიცხვა არ ხდება, ისე იყრება მდინარეებში. მდინარეებში იყრება ინერტული მასალებიც... რაღა შორს მივდივართ, აქვე, დედაქალაქ თბილისში ყველა ხევი დაბინძურებულია. ასე რომ, მდინარეების პრობლემა მთელ საქართველოში სერიოზულად დგას.
- ამ სიტუაციაში რა გვშველის?
- გვშველის მხოლოდ განზავების პროცენტი - ჩვენი მდინარეების წყალუხვობა განაპირობებს, რომ მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ბევრ მდინარეში არ აღემატება დასაშვებ ნორმებს. ბუნება გვშველის, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში ისიც უძლურია: მაგალითად, ყვირილას უკვე ვეღარაფერი შველის, რადგან მთელი მდინარე სამრეწველო ნარჩენებითა და სამრეწველო წყლებით არის დაბინძურებული. წყალუხვ მდინარეებში განზავების პროცენტი მაღალია, მაგრამ ყველა მდინარე ასეთი არ არის. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კახეთსა და მთელ აღმოსავლეთ საქართველოში. საბედნიეროდ, გვაქვს მიწისქვეშა და გრუნტის წყლები, სასმელი წყლის 80%-ს სწორედ ამ გზით ვიღებთ. საქართველოში იშვიათია შემთხვევა, როდესაც სასმელად ზედაპირულ წყალს იყენებენ, მაგრამ აქვე უნდა გამოვყოთ მეორე მომენტი: ზედაპირულ წყალს თითქმის ყველგან იყენებენ სარწყავად, რაც არანაკლებ საშიშია, ასევე ვიყენებთ ტექნიკურ წყლად და საბანაოდ, რაც დაუშვებელია. ამიტომ, წყალი, რომელსაც სარწყავად იყენებენ, ყოველთვის შემოწმებული უნდა იყოს. წადით და ნახეთ სოფლებში: ძალიან ბევრი სოფლის მოსახლეობა აღარ ბანაობს საკუთარ მდინარეში, რადგან ის ნაგავსაყრელად არის ქცეული. თუმცა, მარტო ეს არ არის უსაფრთხოების გარანტი: მოსახლეობა მტკვარშიც არ ბანაობს, მაგრამ იქ ძალიან ბევრი თევზაობს. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ დაბინძურებულ მდინარეში დაჭერილი თევზიც არ არის უსაფრთხო.
- მიუხედავად იმისა, რომ მდინარეები დაბინძურებულია, ზაფხულობით ხალხი მაინც ჩადის საბანაოდ. განსაკუთრებით - ბავშვები.
- ვიცი, რომ ჩადიან, ამის გამო ხშირად უჩნდებათ კანის დაავადებები და მერე ოჯახს მკურნალობა ძალიან ძვირი უჯდება. ეს პროცესი რომ შეწყდეს, მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლებაა აუცილებელი, რასაც მისი ინფორმირება სჭირდება.
- ალბათ, პირველი ნაბიჯი სიტუაციის გამოსასწორებლად მაინც ბუნკერების დადგმაა, ასეთ დროს ადამიანი აღარ წავა და ნარჩენებს მდინარეში აღარ ჩაყრის.
- რასაკვირველია, პირველი, რაც სახელმწიფოს მიერ უნდა გაკეთდეს, ბუნკერებისა და კონტეინერების დადგმაა. ამავე დროს, ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ მოუაროს და მოუფრთხილდეს ბუნებას. თუ საჭიროა, საჯარიმო სანქციებიც უნდა გამკაცრდეს, რომ ქვეყენაში წყლის დაბინძურება შეწყდეს. მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების ჩაყრა მდინარეში კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. ეს სანქციები უკვე არსებობს, კანონში ჩადებულია, უბრალოდ, მათი ამოქმედებაა საჭირო. ამ სისტემის ამოქმედებას დიდი ხარჯი არ უნდა, უფრო ხარჯიანი ამ მდინარეების დასუფთავებაა. უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ კანონი ნარჩენების შესახებ, ეს კანონი პარლამენტს არ განუხილავს, ის ჯერ მხოლოდ მთავრობამ განიხილა. ჩემი აზრით, მას სერიოზული სრულყოფა დასჭირდება, თუმცა სულ არარსებობას მაინც ჯობია. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ნარჩენების შესახებ კანონი არ ამოქმედდება, ვერ ვიტყვით, რომ ამ საკითხის გამოსწორების ტენდენცია შეიმჩნევა.
- ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. როგორ ახერხებენ დასავლეთის ქვეყნები ამ პრობლემის მოგვარებას?
- დასავლეთში ბუნების და ამ შემთხვევაში, მდინარეების დაცვის საკითხს არა მარტო ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლებაც აკონტროლებს. მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ მიმართულებით. მარტო საქართველოში არ ხდება მდინარეების დაბინძურება. ეს პრობლემა სხვა ქვეყნებშიცაა. შეიძლება, ასე სწრაფად სიტუაცია ვერ გამოვასწოროთ, რადგან რეინის დასუფთავებას, მაგალითად, 1960-იანი წლების შემდეგ ოცი წელი დასჭირდა. ოცი წლის განმავლობაში ხუთმა სახელმწიფომ იბრძოლა, რომ ეს მდინარე სუფთა ყოფილიყო. არანაკლებ დაბინძურებული იყო დუნაი და ეს პრობლემაც მოაგვარეს. სანიმუშო წესრიგია ამ მხრივ ჩვენს მეზობელ თურქეთშიც: თურქეთის ვერც ერთ მდინარეში ნაგავს ვერ ჩაყრით, რადგან სოლიდურ ჯარიმას დაგაკისრებენ. მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანაშიც უნდა ამოქმედდეს. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ისაა, რომ მდინარეები აღარ დაბინძურდეს და ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი მექანიზმის გამოყენება შეიძლება.
- ცნობილია, რომ საქართველო მდიდარია წყლის რესურსით. იქნებ, ამის გამოც არ უფრთხილდება მოსახლეობა წყალს?
- სამწუხაროდ, ჩვენს ხალხს ჰგონია, რომ წყალი აღდგენადი რესურსია, მაგრამ ის უკვე აღარ არის აღდგენადი რესურსი. ყველაზე რთული პრობლემა, რომელიც მდინარეების დაბინძურებით იქმნება, იცით რა არის? - შეიძლება წყალი იყოს, მაგრამ ის ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. ნავთობით ან ნაგვით დაბინძურებულ მდინარეს ვერც სარწყავად გამოიყენებ, ვერც დასაბანად და მით უმეტეს, ვერც - დასალევად. ანუ რა გამოდის? - მდინარე არის, მაგრამ ის მოსახლეობისათვის ხელმიუწვდომელია. თუ ასე გავაგრძელებთ, შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ ჩვენი მდინარეები სულ გაქრეს.
P.S. დასასრულ, გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ე.წ. მკვდარი მდინარეები და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რა დონემდე შეიძლება მიიყვანოს ბუნება ადამიანის დაუდევრობამ:
მდინარე კიტამური
კიტამური პლანეტის ყველაზე დაბინძურებულ მდინარეებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ის ინდონეზიაში მდებარეობს - კუნძულ იავას აღმოსავლეთით. მდინარე ქალაქ ჯაკარტას პარალელურად მიედინება და ამ 9-მილიონიანი ქალაქის ნარჩენებით არის სავსე. კიტამურში ბანაობა აკრძალულია, თუმცა, ზოგიერთები იქ მაინც ჩადიან. ადგილობრივებს უკვე აღარ ახსოვთ აქ თევზს როდის იჭერდნენ, რადგან მდინარეში მხოლოდ ნაგავი "ხარობს".
იამუნა
მდინარე იამუნა ინდოეთშია. ამ მდინარის საერთო სიგრძე კილომეტრ-ნახევარია, სათავეს ჰიმალაის მთებში იღებს და ბოლოს მდინარე განგს უერთდება. მდინარე იამუნაში ქალაქ დელის ნაგავი და სამრეწველო ნარჩენები იყრება, მაგრამ მთავრობა ამ პროცესის წინაშე უძლურია.
ბურიგანგა
ეს მდინარე ბანგლადეშში მდებარეობს. ბურიგანგას მაქსიმალური სიღრმე 30 მეტრს აღწევს. მდინარე იმდენად დაბინძურებულია, რომ აკრძალულია მისი სარეცხისთვის გამოყენებაც კი. მართალია, ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც მდინარეების დაბინძურებას კრძალავს, მაგრამ ყოველდღიურად ამ მდინარეში აურაცხელი სამომხმარებლო და საწარმოო ნაგავი იყრება და იღვრება. ბურიგანგა "მკვდარ მდინარედ" არის აღიარებული.
მშვენიერი ვერზასკა
ალბათ ურიგო არ იქნება, ამ მდინარეების ფონზე მსოფლიოში ყველაზე სუფთა მდინარეც გავიხსენოთ - მას ვერზასკა ჰქვია და შვეიცარიაში მდებარეობს. იქ წყალი წმინდაა და ფსკერზე კენჭებიც კი მოჩანს. მსოფლიოში ყველაზე გამჭირვალე მდინარეა, რომელიც 30 კილომეტრზეა გადაჭიმული. ვერზასკას ხეობას უამრავი ადამიანი სტუმრობს, იქ მიდიან ტურისტები სხვადასხვა ქყვეყნიდან და ცდილობენ, საკუთარი თვალით იხილონ ეს მშვენიერი სანახაობა.
ხათუნა ჩიგოგიძე