გრიგოლ ვაშაძის სიმამრი და მის მიერ გაძარცული ამერიკა
გადავწყვიტეთ, ორივე კანდიდატზე მოგაწოდოთ ის ინფორმაციები, რაზეც თავად პრეზიდენტობის კანდიდატები არ ლაპარაკობენ. ამჯერად ერთ-ერთი კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე მოგიყვებით, რომლის წარსულიც საკმაო ბურუსითაა მოცული და გასაიდუმლოებული.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები
გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წელს, 19 ივლისს, თბილისში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1988 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, მოგვიანებით კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში მუშაობდა. გახლდათ დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი; 1990-2008 წწ.-ში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: Georgia Arts Management და Gregory Vashadze and BR; 2008 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; იმავე წელს გახდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი; 2008-2012 მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი. ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენებს. აქვს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
1975 წელს გრიგოლ ვაშაძე მოსკოვში გადასახლდა. მამამისი იმ პერიოდში ჭიათურის კომიტეტის მდივანი გახლდათ და მისი უშუალო დახმარებით მოეწყო საბჭოთა კავშირის ყველაზე პრესტიჟულ, მგიმოს უნივერსიტეტში. 1976 წელს გრიგოლ ვაშაძის მამა დაინიშნა საბჭოთა საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრად, მაგრამ მამის კარიერის ზრდა შვილისთვის არ იყო საკმარისი და 1978 წელს გრიგოლ ვაშაძემ ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი, ნატაშა ალხიმოვა. მათ 1979 წელს ვაჟი შეეძინათ.
საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძეობა სახუმარო საქმე არ გახლდათ. 1981 წელს, გრიგოლმა გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავდაპირველად, უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანმხლებად, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით, სადაც საბჭოთა კავშირი მხოლოდ სანდო კადრებს ნიშნავდა. თუმცა, ვაშაძის კარიერული წინსვლა (და არა მხოლოდ მისი, არამედ სიმამრისა და მამის) ერთმა ამბავმა შეაფერხა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. ამ ამბის შემდეგ ის გადავიდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად.
1988 წელს ვაშაძე მეორედ დაქორწინდა არანაკლებ ცნობილ და გავლენიან ნინო ანანიაშვილზე, რომელსაც ახალგაზრდობის მიუხედავად, უკვე ჰქონდა მიღებული რუსეთის დამსახურებული არტისტის ტიტული.
1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვაშაძემ და ანანიაშვილმა საბჭოთა პასპორტები შეცვალეს რუსეთის მოქალაქეობით.
2001 წელს პუტინმა ნინო ანანიაშვილი დააჯილდოვა ორდენით - "მამულის წინაშე დამსახურებისთვის".
იმავე პერიოდში ოჯახმა გადაწყვიტა, რუსეთის გარდა, საქართველოშიც წამოეწყო ბიზნესი, ამჯერად მეღვინეობის მიმართულებით.
შვილები უკვე აღვნიშნეთ, რომ გრიგოლ ვაშაძეს პირველ მეუღლესთან, ნატაშა ალხიმოვასთან 1979 წელს ვაჟი შეეძინა. ნოდარი უკვე 39 წლისაა. მის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს, ამასთან, ნოდარი ევროპაში მამის ღვინის კომპანიის (Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.) წარმომადგნელია. ნოდარი დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.
გრიგოლ ვაშაძეს მეორე ცოლთან, ნინო ანანიაშვილთან, რომელზეც 1988 წელს იქორწინა, 12 წლის ელენე ჰყავს.
სიმამრი - კაცი, რომელმაც ამერიკა გაძარცვა ვლადიმირ ალხიმოვი 1919 წელს, სმოლენსკის ოლქში დაიბადა. დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) საფინანსო ინსტიტუტი და საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემია. გახლდათ ეკონომიკური მეცნიერების კანდიდატი.
1941 წელს, ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს, ფრონტზე მოხალისედ წავიდა. 1946 წელს საბჭოთა ჯარიდან დემობილიზების შემდეგ ინსტიტუტში დაბრუნდა.
ომის დროს მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს და ლენინის ორდენი და მედალი - "ოქროს ვარსკვლავი" გადასცეს, ხოლო ომის შემდეგ კვლავ მიენიჭა ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი. გარდაიცვალა 1993 წელს. დასავლეთის ბანკებისა და ფინანსების სამყაროში მას "ფინანსების ჯადოქრად" მოიხსენიებდნენ.
"მიუხედავად მისი ტიპური რუსული და საბჭოური ჰაბიტუსისა, მასში უოლ სტრიტის ბირჟის მაკლერის ელეგანტურობაც იყო. ეს ახალი ტიპის საბჭოთა ადამიანი კარგი იუმორით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი თვისება ის გახლდათ, რომ პარტნიორის ნდობას იოლად მოიპოვებდა და მათ საბჭოთა კავშირის შესახებ უქმნიდა წარმოდგენას, რომ ეს სერიოზული და ანგარიშგასაწევი ქვეყანა მზად იყო, ბიზნესის ყველა კანონს დამორჩილებოდა და მიეღო", - ეს გახლავთ ციტატა ძველი უცხოური პრესიდან, რომელიც ვლადიმირ ალხიმოვზე მოუთხრობდა მკითხველს. მის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა კავშირის გასვლა საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკურ სისტემაში, პარტნიორობის საფუძველზე.
40 წელზე მეტხანს სწორედ ის განსაზღვრავდა სახელმწიფოს ფინანსურ-კრედიტულ პოლიტიკას, ჯერ როგორც საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი როგორც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე.
დღევანდელი გადასახედიდან, საქმე, რითაც ალხიმოვი იყო დაკავებული: დასავლეთის ქვეყნებთან საკრედიტო ურთიერთობების განვითარება, სახელმწიფოსთვის ძალზე ხელსაყრელ ფასად ამერიკისგან ხორბლის დიდი პარტიის შესყიდვა, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკისთვის დამოუკიდებლობის სტატუსის მინიჭება, შესაძლოა ჩვეულებრივად მოგვეჩვენებოდა, თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი ძალზე რთული ამოცანა გახლდათ, ხშირად კი ფარულ ბრძოლებთანაც იყო დაკავშირებული.
60-იან წლებში საბჭოთა კავშირს ძალზე ესაჭიროებოდა ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე სამრეწველო მოწყობილობები. ქვეყანას სჭირდებოდა გარე სამყაროსთან უკეთ შერწყმა, მაგრამ დაბრკოლებას ქმნიდა მაშინდელი სანქციები, რაც საბჭოთა კავშირისთვის კრედიტის მიცემას კრძალავდა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ხისტი პოზიცია ეკავა ამერიკას, რომელიც ასევე დიდ ზეწოლას ახდენდა სხვა ქვეყნებზეც.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მაშინდელი პრემიერის, კოსიგინის მეთაურობით მუშაობდა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც ალხიმოვს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა დაკისრებული - ეწარმოებინა ყველაზე რთული, დახლართული, ხშირად ჩიხში შესული მოლაპარაკებები. როგორც ამბობენ, ის დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ ართმევდა თავს.
პირველი დიდი ბრიტანეთი დანებდა: 1964 წელს, ლონდონის ერთ-ერთმა წამყვანმა ბანკმა - "მიდლენბანკმა" მიიღო გადაწყვეტილება, მიეცა საბჭოთა კავშირისთვის მსხვილი კრედიტი, ხანგრძლივი ვადით - 10-15 წლით.
ერთხელ, ალხიმოვისა და იაპონიის ფინანსთა მინისტრის მოლაპარაკებები, გრძელვადიანი კრედიტების შესახებ, ჩიხში შევიდა. მოულოდნელად ალხიმოვმა თქვა: - იცით, ბატონო ფუკუდა, მე იღბლიანი ხელი მაქვს. თავის დროზე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ინგლისის ვაჭრობის მინისტრთან, ხიტთან და წარმოგიდგენიათ, ძალიან მალე, ის პრემიერ-მინისტრი გახდა. ასევე, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საფრანგეთის ფინანსთა მინისტრთან, ჟისკარ-დესტენთან და მოგვიანებით ის საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა. ნუ გეღიმებათ, მას შემდეგ, რაც იტალიის ფინანსთა მინისტრთან მივაღწიეთ შეთანხმებას მსხვილ გარიგებაში, ის მალე მინისტრთა კაბინეტს ჩაუდგა სათავეში. ნუთუ თქვენ, იაპონიის ფინანსთა მინისტრი ხელიდან გაუშვებთ დაწინაურების ასეთ შანსს?"
რა თქმა უნდა, ხუმრობამ დადებითი შედეგი გამოიღო, ხოლო ფუკუდა მოგვიანებით მართლაც, პრემიერ-მინისტრი გახდა.
თავის დროზე საკმაოდ ცნობილი იყო ამბავი, რომელიც ამერიკისგან ფურაჟული ხორბლის (მცენარეული საზრდო, რომელიც განკუთვნილია ცხოველების საკვებად) დიდი პარტიის შეძენას შეეხებოდა. ალხიმოვმა მოახერხა ძალზე დიდი ფასდაკლების მიღება.
დონალდ ქენდალი, კომპანია "პეპსიკოს" პრეზიდენტი:
- ამერიკელები გარიგებას იაფფასიანად მიიჩნევდნენ და მის გადახედვას მოითხოვდნენ კიდეც. ქვეყანაში დიდი ხმაური ატყდა, ამერიკული გაზეთები სათაურებით აჭრელდა: "ალხიმოვმა ამერიკა გაძარცვა".
ამ სკანდალისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ალხიმოვმა თქვა: "ხორბალი მსოფლიო ბაზრის ფასებში შევისყიდეთ, მაგრამ თუ თქვენ ამას შეცდომად მიიჩნევთ, გამოვასწოროთ და გადავხედოთ გარიგებას, მაგრამ გაყიდულ საქონელზე ფასების გადახედვა უკვე კომპლექსურად უნდა მოხდეს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ თქვენც გაგვძარცვეთ, როცა იყიდეთ ალასკა. ჩვენ დაგიბრუნებთ ხორბალს, თქვენ დაგვიბრუნეთ ფული. ამავდროულად, ჩვენ დაგიბრუნებთ 7 მილიონ დოლარს, რომელიც ალასკაში გადაგვიხადეთ და თქვენ დაგვიბრუნეთ ალასკა".
დარბაზი წამიერად გაირინდა, შემდეგ კი სიცილ-ხარხარი ატყდა. ამ ხუმრობამ პრობლემა მოხსნა.
1986 წლის იანვარში ალხიმოვს პოსტის დატოვება მოუხდა. ამის მიზეზი კი, როგორც ამბობენ, მისი ქალიშვილის ინგლისში გაქცევა გახლდათ.
ცოლის გაქცევა ზემოთ დავწერე, რომ გრიგოლ ვაშაძის კარიერა ერთმა ამბავმა დაასრულა, ეს მისი ოჯახური დრამა გახლდათ:
მისი მეუღლე, ნატაშა ალხიმოვა ჯერ კიდევ გათხოვებამდე მეგობრობდა ცნობილ პიანისტთან, ანდრეი გავრილოვთან. მეგობრობა გაღრმავდა და 1985 წელს გაირკვა, რომ ნატაშამ ქმარი მიატოვა და ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეულ გავრილოვთან ერთად დატოვა საბჭოთა კავშირი, ლონდონში გადასახლდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ნატაშასა და გავრილოვის ურთიერთობის შესახებ საქმის კურსში იყო ვაშაძის სიმამრიც. ნატაშას გაქცევამ ორი ადამიანის - მამისა და ქმრის კარიერა დაასრულა.

პირველი ცოლის მეორე ქმარი 1974 წელს, 18 წლის პიანისტი, ანდრეი გავრილოვი ჩაიკოვსკის კონკურსის უპირობო გამარჯვებული გახდა. მოგვიანებით მან ზალცბურგის ფესტივალზეც გაიმარჯვა და აღიარება მოიპოვა. მისი თავბრუდამხვევი კარიერა 1974 წელს, "კაგებეს" ინიციატივით შეწყდა. 1985 წელს პიანისტი საბჭოთა კავშირიდან გაიქცა ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილთან, ნატაშასთან ერთად.
მემუარებში ის წერს:
"1986 წელს მე და ნატაშა სტუმრად ვიყავით საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ლონდონის ფილიალის თავმჯდომარესთან. ის ხშირად ჰპატიჟებდა გამოჩენილ თანამემამულეებს ვახშამზე, ხაზინის ფულით. ჩვენი მისვლის დროს მისი სტუმრები გახლდნენ მეცნიერები. სუფრასთან ისინი ჩურჩულით ლაპარაკობდნენ და საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ. მათ ჩვენი ვინაობა არ იცოდნენ და ამიტომ, მოურიდებლად ჰკითხეს ჩვენს მასპინძელს - პეზინს: მართალია, რომ ალხიმოვის ქალიშვილი გავრილოვთან ერთად გაიქცა?
- თავად მათ ჰკითხეთ, - უპასუხა მასპინძელმა.
არ დამავიწყდება საბჭოთა მეცნიერი ქმრების გაოცებული და დაბნეული გამოხედვა. მათ ჩემთვის არაფერი უკითხავთ, უბრალოდ, გვერდიდან შემომეცალნენ. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი დარჩა და მითხრა: - სულ ნუ მიგვატოვებთ, აუცილებლად დაბრუნდითო. მე დავპირდი, რომ დავბრუნდებოდი..."
მარი ჯაფარიძე