"მიზანი მიღწეულია, მე და ჩემი მეუღლე ძალიან მალე დავბრუნდებით სამშობლოში" - გზაპრესი

"მიზანი მიღწეულია, მე და ჩემი მეუღლე ძალიან მალე დავბრუნდებით სამშობლოში"

ლიკა გიორგაძის ოჯახმა 2011 წელს "მწვანე ბარათი" მოიგო და ათი წელია უკვე, რაც ამერიკაში ცხოვრობს მეუღლესა და შვილებთან - ნანი და დაჩი სულავებთან ერთად, რომლებმაც ამერიკაში წარმატებებს მიაღწიეს. ნანიკომ უმაღლესი შეფასებით დაამთავრა საერთაშორისო სამართლისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, რის გამოც ერთ-ერთმა ინგლისურენოვან გაზეთმა გოგონას სტატიაც კი მიუძღვნა, ხოლო დაჩი წარმატებულ ნაბიჯებს დგამს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებში...

- რომ არა ამერიკა და "მწვანე ბარათი", რომელიმე სხვა ქვეყანაში ხომ არ აპირებდით საცხოვრებლად წასვლას?

- უფროსი შვილის, ნანიკოს სურვილი იყო (მაშინ 16 წლის იყო, დაჩი - 8-ის), ამერიკაში ესწავლა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ამ ლატარიაში გვეცადა ბედი. შევავსეთ აპლიკაცია, პირველსავე ცდაზე მოვიგეთ და გავემგზავრეთ ამერიკაში. "მწვანე ბარათი" რომ არ მოგვეგო, სხვაგან მართლა არ წავიდოდით.

- რას საქმიანობდით საქართველოში? პროფესიით ვინ ხართ?

- მე სამედიცინო განათლება მაქვს და ჩემს მეუღლეს - ზვიადს იურიდიული. საქართველოში ცხოვრების პერიოდში ორივე ვმუშაობდით. ჩემი მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული, წოდებით ვიცე-პოლკოვნიკია.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას, ემიგრაციაში წასულიყავით? როგორც წესი, მშობლებს უჭირთ ასეთ საქმეში შვილების მხარდაჭერა, ვერ ეგუებიან მათგან შორს ყოფნას...

- ბავშვი ვიყავი, როცა ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ... ძმა მყავს საქართველოში და რა თქმა უნდა, მას გაუჭირდა ჩემს გადაწყვეტილებასთან შეგუება, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილები მის თვალწინ იზრდებოდნენ. ასევე, ჩემი მეუღლის მშობლებიც დიდად არ აღფრთოვანდნენ ჩვენი გადაწყვეტილებით, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ და შეეგუვნენ...

- როცა ამერიკაში ჩახვედით და რეალობის წინაშე დადექით, ისეთი აღმოჩნდა ეს ქვეყანა, როგორი მოლოდინიც გქონდათ?

- ახალჩასულების უმრავლესობას საწყის ეტაპზე უჭირს. ჩვენც გაგვიჭირდა იმ მხრივ, რომ ენის ბარიერი გვქონდა დასაძლევი, თორემ სხვა მხრივ, ამერიკაში არა მგონია, ვინმეს გაუჭირდეს თავის გატანა. ჩვენი ოჯახიდან მარტო ნანიკომ იცოდა ინგლისური. დაჩიმ მალევე ისწავლა, დაახლოებით სამ თვეში უკვე კარგად საუბრობდა... თუ შრომისმოყვარე ხარ, ამ ქვეყანაში მიზანს აუცილებლად მიაღწევ.

- ამერიკაში ცხოვრების ეტაპებზე თუ შეგიძლიათ ისაუბროთ. როცა "მწვანე ბარათი" გაქვს, რეალურად რას ნიშნავს ეს ამ ქვეყანაში ჩასული ადამიანისთვის?

- "მწვანე ბარათის" მოგება ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა შანსს გაძლევს, იცხოვრო ლეგალურად ამერიკაში და თუ სწავლა, შრომა არ გეზარება, ყველა ოცნებას აისრულებ. ამ მხრივ მართლაც საოცარი ქვეყანაა.

GzaPress

- დღევანდელი გადასახედიდან, ღირდა წასვლა და უცხო ქვეყანაში ყველაფრის თავიდან დაწყება?

- ამ ათ წელიწადში ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. ნამდვილად ღირდა წამოსვლა და ყველაფრის ნულიდან დაწყება. სხვა თუ არაფერი, შვილების მომავლისთვის რას არ გააკეთებს და შეძლებს ადამიანი.

- მინდა შვილებზეც მიამბოთ. ისინი დღეს წარმატებულები არიან. როგორ ცხოვრობენ, რა გეგმები აქვთ, სამშობლოზე რას ამბობენ?.. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო უყვართ და ქართულიც კარგად იციან, თუმცა ძნელია ალბათ, უცხო ქვეყანაში, სადაც გამუდმებით ინგლისური გესმით, ქართული ენა შეინარჩუნონ.

- დიახ, ორივე წარმატებულ ნაბიჯებს დგამს ამერიკაში. ნანიკომ დაამთავრა ბერგენის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტი, შემდეგ კი სწავლა მონტკლიარის უნივერსიტეტში გააგრძელა, საერთაშორისო სამართლისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მაღალი აკადემიური მოსწრებით, უმაღლესი ქულებით დაამთავრა უნივერსიტეტი და გაზეთშიც კი მიუძღვნეს სტატია. ნანიკოს საუკეთესო სტუდენტად აცხადებდნენ პროფესორები.

რაც შეეხება დაჩის, ის მრავალმხრივ ნიჭიერი ბიჭია, აქვს ძალიან ბევრი მედალი, სიგელი, ჯილდოები როგორც სწავლის მხრივ, ასევე სპორტშიც მიღებული. ჭადრაკსაც საუკეთესოდ თამაშობს, წერს მუსიკას. ბევრი რამ დამოუკიდებლად ისწავლა. მაგალითად, მუსიკასა და ჭადრაკზე არ გვიტარებია, თავად შეისწავლა.

დაჩი ამჟამად სწავლობს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების - Mილიტარყ Aირ Fორცე - კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტზე და წარმატებული სტუდენტია. საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ივლისიდან დაჩიმ სწავლა ინგლისში უნდა გააგრძელოს.

- რა გენატრებათ ემიგრაციაში ყველაზე მეტად?

- ყველაფერი ქართული. ძირითადად, ურთიერთობები; გემრიელი მამაპაპური ურთიერთობების წყურვილი გვაქვს.

- ამერიკაში უამრავი ქართველია. როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან? თუ ახერხებთ შეკრებას?

- დიახ, აქ მართლაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. ამ ათი წლის მანძილზე ბევრი ოჯახი გავიცანით, კარგი ურთიერთობები გვაქვს, ვიკრიბებით ქორწილებზე, დაბადების დღეებსა და დღესასწაულებზე. ყველა შეკრება ქართული ტრადიციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

- რა შემთხვევაში დაბრუნდებით სამშობლოში საბოლოოდ?

- ამერიკა ძალიან მაგარი ქვეყანაა, მადლიერი ვარ მე ამერიკის და ამერიკელი ხალხის; რაც ვერ შევძელი ჩემს სამშობლოში, ის ყველაფერი მომცა ამ ქვეყანამ და როგორ შემიძლია, ეს არ დავაფასო. ძალიან შემიყვარდა აქაურობა. ამერიკელებმა და ამ ქვეყანაში ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ სამშობლო მაინც სულ სხვა რამაა. ჩვენ რა მიზანიც გვქონდა შვილების სწავლა-განათლებასთან დაკავშირებით, მიღწეულია და მე და ჩემი მეუღლე უკვე ძალიან მალე დავბრუნდებით სამშობლოში.

- როგორც მითხარით, წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდით, ახლა კი პანდემიამ შეგიშალათ ხელი. ამ დროის მანძილზე, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა საქართველოში უკეთესობისკენ ან პირიქით, უარესობისკენ?

- დიახ, ყოველ წელიწადს ჩამოვდივართ, მაგრამ პანდემიის გამო შარშან ვერ შევძელით ჩამოსვლა. პოლიტიკური და სოციალური კუთხით თუ მეკითხებით, რა შეიცვალაო, გეტყვით, რომ დიდი იმედით ვუყურებდი ყველაფერს, როცა პოლიტიკური სიტუაცია თითქოს რადიკალურად შეიცვალა. მაგრამ სინამდვილეში, დიდად არაფერი შეცვლილა. კოაბიტაცია ისე მოგვახვიეს თავს, რომ ხალხს არც გვკითხეს, მოგვწონდა თუ არა ასეთი გაერთიანება. ვფიქრობ, ყველა დამნაშავე უნდა დასჯილიყო კანონის მთელი სიმკაცრით.

ვაღიარებ, მე "ოცნებას" მივეცი ხმა და ახლა ძალიან ვნანობ, რადგან გავიგე, რომ გაუყიდიათ მთელი რიონის ხეობა 126 ლარად. ნაწილი გაუჩუქებიათ, ნაწილი კი 99 წლით გადაუციათ. როგორც ვიცი, ეს პროექტი 2009 წელს, მიხეილ სააკაშვილის დროს დაიწყო და ამათ დააგვირგვინეს ისე, რომ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო საქართველოს მოსახლეობამ. როცა ასეთ მნიშვნელოვან თემას ეხები, მიწა-წყალი ფასდაუდებელი განძია და ამის გაჩუქება ან გაყიდვა დანაშაულია. ვინც იმ კაბალურ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ამ პროცესებში იყო ჩართული, ყველამ პასუხი უნდა აგოს. რა ისეთი ენერგოდამოუკიდებლობა უნდა მოვიპოვოთ, რომ გვიღირდეს მთელი ხეობის დაკარგვად? ასეთი საკითხები მოსახლეობის გვერდის ავლით, ჩუმად არ უნდა წყდებოდეს. ვარლამ გოლეთიანს და იმ რამდენიმე ოჯახს, რომელიც აპროტესტებს ხეობის გაყიდვას, რომ არ გამოეხატათ ასეთი პროტესტი, ალბათ ვერც გავიგებდით, რა ხდებოდა. საქართველო ყველასია და ყველამ უნდა დავიცვათ!

GzaPress

- თქვენ კი აპირებთ დაბრუნებას, მაგრამ შვილები? აქვთ თუ არა მათ შინ დაბრუნების სურვილი ან საერთოდ, უკვე ამერიკას ხომ არ მიიჩნევენ "საკუთარ ქვეყნად"?

- ჩემი უფროსი შვილი - ნანიკო, რომელმაც უნივერსიტეტი დაამთავრა, სურვილი გამოთქვა საქართველოში დაბრუნებულიყო და დაეწყო მუშაობა. დაბრუნდა კიდეც შარშან აგვისტოში, ორკვირიანი კარანტინიც გაიარა, მაგრამ საქართველოში ჯერ ისევ მძვინვარებს ნაცნობობით დასაქმება, არავის აინტერესებს, სად რა განათლება გაქვს მიღებული. მთავარია გყავდეს "ნაცნობი". ამიტომ უკანვე დაბრუნდა იმედგაცრუებული. ამერიკაში კი მას კარიერული წინსვლა გარანტირებული აქვს. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ საქართველო, მისი ყველა კუთხე მოვლილი აქვთ, მოსწონთ ქართული ტრადიციები... ახლაც, თუ მშვიდობა იქნა, დაჩი არდადეგებს საქართველოში გაატარებს, თავის ამერიკელ მეგობრებთან ერთად.

აქვე გეტყვით, ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის, სადაც უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ მთავარია, შემდეგ დასაქმდეს და საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა მიეცეს. ამ კუთხით, საქართველოსთან შედარებით, ამერიკა იძლევა ყველაზე ამბიციური სურვილებისა და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელი ხარ, სად ისწავლე, ვინ არიან შენი მშობლები, მთავარია, შრომა გიყვარდეს და ყველაფერს მიაღწევ.

- დაბოლოს, მანდ რა სიტუაციაა პანდემიასთან დაკავშირებით? რა შეზღუდვები გაქვთ? სახელმწიფო როგორ ეხმარებოდა თავის მოქალაქეებს და ვაქცინაზე როგორია საზოგადოების აზრი?

- მე ნიუ-ჯერსის შტატში ვცხოვრობ. მკაცრი შეზღუდვები იყო შარშან გაზაფხულზე. სახელმწიფოსაგან ორჯერ მივიღე დახმარება: ერთხელ 1.000-დოლარიანი და მეორედ 600-იანი ჩეკი. ამ ეტაპზე ჩემს შტატში არანაირი მკაცრი შეზღუდვები არ არის, მხოლოდ პირბადის ტარებაა საჭირო ხალხმრავალ ადგილებში. ჩვეულებრივად მუშაობს კაფეებიც და რესტორნებიც. რაც შეეხება აცრებს, აქ არავინ არაფერს გაძალებს, აცრა ნებაყოფლობითია. ვიცნობ ამერიკელებს, რომლებიც არ იცრებიან და ვიცნობ ისეთ ამერიკელებსაც, რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე არ ვიკეთებ ვაქცინას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ანტივაქსერი ვარ, უბრალოდ, ერთ წელიწადში ნაუცბადევად შექმნილ საექსპერიმენტო ვაქცინას ვერ ვენდობი და ხომ მაქვს უფლება, ეჭვი მქონდეს?! ჰოდა, ვიყენებ ამ ჩემს უფლებას. როცა დავრწმუნდები, რომ უსაფრთხოა და კვლევებიც წარმატებით დასრულდება, მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.

ლიკა ქაჯაია