"სულ გიწევს საკუთარი თავის, ემოციების კონტროლი"
რამდენიმე დღის წინ უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა "საერთაშორისო კინოფესტივალი", სადაც 2000 ფილმს შორის წარდგენილი იყო დებიუტანტი რეჟისორის, ლაშა მეუნარგიას ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "სხვა გზა", რომელსაც ორი მთავარი პრიზი ერგო: "საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად" აღიარეს და ასევე გადასცეს პრიზი "საუკეთესო რეჟისურისთვის".
ფილმი მოგვითხრობს წყვილზე, რომელიც გაუთავებელი აგრესიისა და უამრავი ყოფითი კონფლიქტის გამო შვილს კარგავს და ამის შემდეგ მშობლებს შვილის საპოვნელად გრძელი და რთული გზის გავლა უწევთ. სურათში ოჯახური დრამა ვითარდება, რომელიც მძაფრ დეტექტივში გადადის და მისტიკურ განვითარებას იძენს. ფილმის მთავარი მესიჯია: "როდესაც გზას ვირჩევთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რამდენად სწორია იგი..."
სურათში ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს, ასევე ბევრ ახალბედა ნიჭიერ მსახიობსაც იხილავთ. "სხვა გზა" კიდევ სამ საერთაშორისო კინოფესტივალზეა გაგზავნილი და შემოქმედებითი ჯგუფი ახალ გამარჯვებებს ელის.
ლაშა მეუნარგია, რეჟისორი:
- 21-23 მაისს წარვდექით კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე. გამარჯვებისთვის 50-მდე ქვეყანა იბრძოდა, მათ შორის, აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ა.შ. საქართველოს სახელით მხოლოდ ჩვენი ფილმი მონაწილეობდა. გახარებულები ვართ. ამ ფილმის რეჟისორიც მე ვარ, ოპერატორიც და სცენარის ავტორიც. უდიდესი მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებისთვის.
- გვიამბეთ, როგორ იქმნებოდა ფილმი?
- პროფესიით მხატვარი ვარ. პატარაობიდან ჩემს სამყაროს ვხატავ. მიმაჩნდა - რაც ჩანს, იმას დახატვა რად უნდა, ამიტომ არასოდეს ვხატავდი ნატიურმორტებს და ყოველთვის ჩემს შინაგან სამყაროს ვხატავ. ბავშვობიდან ვქმნიდი კომიქსებს, გმირებს. უცნაური ვიყავი. შინაგანი სამყაროთი ვინტერესდებოდი. რაღაცებს ვგრძნობ კიდეც, წინათგრძნობაც მაქვს. ყოველთვის, როცა ნახატების გამოფენას ვაწყობდი, მეკითხებოდნენ, აქ რა შინაარსი ჩადეო და სანამ ჩემს აზრს ვიტყოდი, ავხსნიდი, რა მინდოდა მეთქვა, მანამდე ყველა თავისებურად ხსნიდა იმ ნამუშევარს. ამას სულ ვაკვირდებოდი. ყველა თავისებურად აღიქვამს ნახატს. ჩემი ფილმიც ასეთია - ყველა დაინახავს იმას, რაც უნდა, რომ თვითონ დაინახოს და ყველა დაფიქრდება იმაზე, რაც შინაგანად მისთვის დასაფიქრებელია. ყოველთვის მინდოდა, ჩემი ნახატები და სკულპტურები გამეცოცხლებინა, ხორცი შემესხა ჩემი პერსონაჟებისთვის და ჰქონოდათ დინამიკა, ხმა, სუნი, სული. ამ განწყობამ გადამაწყვეტინა ფილმის შექმნა. ამ ფილმმა მართლაც მომცა საშუალება, რომ ჩემს გმირებს თავიანთი ცხოვრება ჰქონოდათ. ლექსებსაც ყოველთვის ვწერდი, მოგვიანებით ალბათ, კრებულსაც გამოვცემ, რომელსაც ჩემივე ილუსტრაციებით გავაფორმებ... მინდოდა, ფილმისთვის "ბურუსი" დამერქმია, მაგრამ ჩემს წინაპარს, იონა მეუნარგიას, წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრს, ილია ჭავჭავაძის მემატიანეს, მწერალს, დაწერილი აქვს "ბურუსი". მართალია, ის სულ სხვა შინაარსისაა, მაგრამ არ მინდოდა სახელწოდება გამემეორებინა... საბოლოოდ, ფილმს "სხვა გზა" დავარქვით.
ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი რამე შეიცვალა, გადაფასდა და სხვანაირად დალაგდა - ისე, როგორც კოსმოსმა და ზეძალამ ინება... "სხვა გზა" - ეს ჩემი ცხოვრებისეული გზაცაა, რომელიც ავირჩიე. არ მინდა ეპატაჟური გამოთქმები გამოვიყენო, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი ხედვა მაქვს. ეს შეფასება წლების განმავლობაში მესმოდა. ბოროტებასაც ვხედავ, მაგრამ მხოლოდ სიკეთის მჯერა. ალბათ, მსახიობებისა და მეგობრების მხრიდან მხარში დგომაც ამან განაპირობა. მადლობა კოსმოსს, გალაქტიკას, უზენაესს, რომ ასეთი საახლობლო მყავს.
ფილმის შინაარსი და მასში განვითარებული მოვლენები ისეთ აქტუალურ თემებს ასახავს, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ბულინგი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა; სოციალური უთანასწორობის, გენდერული ნიშნით ჩაგვრა და საყოფაცხოვრებო პრობლემები. ცხოვრებისეული ფილმია, არაცხოვრებისეული გადახვევებით: როცა თოვლია და გვინდა, ზაფხული იყოს, როცა ცხელა და გვინდა თოვლი. სულ ვამბობთ, ცოტა ადრე რომ მივსულიყავით, ის ისე არ მოხდებოდა; რომ არ დაგვეგვიანა, სხვანაირად მოხდებოდა. სულ გვგონია, თითქოს რაღაცის ბრალია, ისე თუ არ ხდება რაღაც, როგორც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი. რატომღაც სულ უკმაყოფილოები ვართ... ერთ-ერთი ნაწილი ამ ფილმში ესეც არის, ოღონდ ძალიან ფერმკრთალად მიყვება, შეიძლება ბევრმა ვერც დაინახოს. ამავდროულად გვავიწყდება, რომ ადამიანი ბევრი ნაწილისგან შედგება - ხორციელი, სულიერი, მენტალური - და არის კიდევ ბევრი რამ, როდესაც თანხვედრა არ ხდება ან პირიქით, გადაჭარბებულია და მერე ვეძებთ მაშველს, მხსნელს, ან შეიძლება ყოველთვის გვაქვს შანსი. ამ ფილმში ეს ყველაფერი კარგად არის გამოხატული, მისტიკური დეტექტივია.
- ფილმში ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს. როგორ შეარჩიეთ ისინი?
- დუტა სხირტლაძე, ზაზა კოლელიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, გიორგი ცაავა, გიორგი მახარაძე, გიორგი დევაძე, სესე მიქავა, რომა რცხილაძე, დათუნა გელაძე, ზურაბ ორთავიძე, გია გაბრიჭიძე, ქეთევან ხარატიშვილი, რეზო ნასიძე, ანანო ბენაშვილი... მართლა ბევრი ცნობილი სახეა და ასევე, ყოველთვის ვეძებ ახლებს, არასოდეს ვცდები შერჩევისას. ამ ფილმს რომ ნახავთ, თვითონ შეაფასეთ, უნიჭიერეს ბავშვებსაც იხილავთ. მათთან მუშაობა ცალკე გამოცდილებაა. საოცრად ასრულებენ როლებს. მუშაობა რთული იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. მართლა კარგი ნამუშევარია და ჩაწიკწიკებულია ყველაფერი.
- ფილმის შინაარსი ოჯახში ძალადობაა, რატომ შეარჩიეთ ეს თემა?
- ამ ფილმში თავის მხრივ, ყველა მართალია. სიკეთე პირობითია, ყველას თავისი სიმართლე და გზა აქვს. შეიძლება შენი კარგი გზა ვიღაცისას გადაეკვეთოს და კარგი არაფერი მოხდეს. ფილმში ნაჩვენებია მხარში დგომა. არის სინანულიც, რომ თავის დროზე ვიღაცა ვიღაცას გვერდში არ დაუდგა. ყველაფერი კანონზომიერად ლაგდება. იმას, რასაც უშვებ, ადრე თუ გვიან, უკან გიბრუნდება. ყოველთვის ვემიჯნები ძალადობას. სამწუხაროდ, XXI საუკუნეში ძალადობა ისევ აქტუალურია. ფილმში ძალადობა ავიღე როგორც ერთ-ერთი გამხსნელი თემა. იქ არის ასევე დიდი სიყვარულიც...
ბევრნაირი სიყვარული არსებობს. თხელ და სიფრიფანა ხაზზე გადის ზღვარი, ძალიან სიფრიფანა მატერიისგან შედგება ეს ყველაფერი და სულ გიწევს საკუთარი თავის, ემოციების კონტროლი. არის ხალხი, რომელიც გიყურებს და სულ უნდა აკონტროლო - სიყვარული იქნება ეს, სიძულვილი თუ სხვა რამ, ყველაფერი უნდა აკონტროლო კარგი გაგებით - ასეთი მიდგომით შეიძლება, ყველაზე ახლოს მიუახლოვდე თავისუფლებას.
- როგორც ვიცი, ფილმის გადაღებამ დიდხანს გასტანა, არა?
- სამი წელი. არ გაგვაჩნდა არც განსაზღვრული ბიუჯეტი და არც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, მაგრამ მსახიობების, მეგობრებისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის დიდი სურვილით, კეთილი ნებითა და უანგარო მხარდაჭერით ყველაფერი მოვახერხეთ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ამ დროის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა მხარში. ქეთევან ხარატიშვილი მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც იტვირთა და ბოლო წამამდე ერთად გავაკეთეთ ეს ფილმი. მადლიერი ვარ ყველასი. ბევრი ვიშრომეთ, სირთულეები ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წამს და წუთს იყო, რადგან ფილმი გაკეთდა აბსოლუტურად მეგობრების, ახლობლების და ისეთი ხალხის გვერდში დგომით, რომლებმაც კეთილი ნება გამოხატეს და დაგვეხმარნენ. შემდეგ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი რამ: ფილმი რომ გადავიღეთ, ხმის ჩანაწერი დავკარგეთ და თავიდან ბოლომდე ხელახლა გავახმოვანეთ. ეს უდიდეს შრომასთან იყო დაკავშირებული. ლაშა ივანიაშვილმა და გიორგი კოპალეიშვილმა გაგვიკეთეს გადახმოვანება, ფილმის საუნდი. ეს ბიჭები ძალიან დამიდგნენ გვერდში, სასწაული გააკეთეს. ღამეები ვათენეთ, კარის დახურვიდან დაწყებული, მაგიდაზე ნივთის დადებით დამთავრებული, ყველაფერი თავიდან გავახმოვანეთ. ვფიქრობ ამან განსხვავებული სიღრმე მისცა ფილმს და საბოლოოდ მისი უდიდესი წარმატება განაპირობა. სამწლიანი გადაღებების შედეგად შეიქმნა ახალი ქართული მისტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც საერთაშორისო ფესტივალზეც გაიგზავნა და "სხვა გზამ" თავისი გზა იპოვა, ის გამარჯვებულია. მუსიკაშიც კარგად ვერკვევი, ბავშვობიდან გემოვნებიან მუსიკას ვუსმენდი და ჩამომიყალიბდა კარგი მუსიკალური გემოვნება. ფილმში გამოყენებულია სხვადასხვა ავტორის მუსიკა, მათ შორის ჩემიც - მუსიკალური კომპოზიცია "იარა" მე, გიორგი კუპრეიშვილსა და ლაშა ივანიაშვილს გვეკუთვნის. ფილმში ასევე მოისმენთ გიგა აგლაძის სიმღერას "შენ", რომელსაც ნინო ხარაძე მღერის. ძალიან მომწონდა ეს სიმღერა და მაჩუქეს. ასევე ფილმში ჟღერს ქეთი ხარატიშვილის ძმის, ავტორ-შემსრულებლის, დავით ხარატიშვილის ორი სიმღერა: "მე ქარი ვარ" - ბოლომდე ამშვენებს ამ ფილმს. ასევე მოისმენთ მის მეორე სიმღერას, "გაზაფხულს". ყველაფერი შერწყმულია ერთმანეთთან. უნიჭიერესი ბავშვები - კესო ცოტაძე, ლუკა ომიაძე, ანანო ბერძენაძე - წამყვანი ფიგურები არიან ფილმში და იმედი მაქვს, ისინი თავიანთ გზას ნახავენ ხელოვნებაში.
- რა ემოცია იყო, როცა ორი პრიზი გადმოგეცათ?
- უკრაინაში ქეთი ხარატიშვილი იყო ჩასული, მე ვერ მოვახერხე წასვლა. გადაღებაზე ვიყავი მეგობრებთან ერთად და მომდის ქეთის ხმოვანი შეტყობინება, ჩუმი ყვირილით, - ლაშა, მოვიგეთ ორი პრიზი, "საუკეთესო რეჟისურა" და "საუკეთესო მხატვრული ფილმიო"! ეს რომ გავიგონე, სიხარულისგან ვიყვირე, ძალიან მაგარია-მეთქი! მერე იყო გულწრფელი მილოცვები და ჩვენი სიხარულის გაზიარება. ძალიან გამაძლიერა ამ ენერგიამ და გვერდში დგომამ. მართლა არა აქვს მეგობრობას ფასი.
- როდის გამოჩნდება ფილმი საქართველოში?
- შემოდგომაზე გამოჩნდება. ქართველი მაყურებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. როგორც გითხარით, პროფესიით მხატვარი ვარ, მთელი ცხოვრება ვხატავ და ვფიქრობ, რომ ღმერთის გარეშე ამას ვერ შეძლებს ადამიანი. პირდაპირ კონტაქტში შედიხარ ღმერთთან, როცა ხატავ... საოცარია ხატვა, ლექსის წერა, მუსიკის და ფილმის შექმნა. ამასთანავე გეტყვით, რომ ჩემივე სცენარით დაწყებული მაქვს მუშაობა ახალ, მასშტაბურ და ვფიქრობ, საინტერესო პროექტზე, რომლის მოსამზადებელ პერიოდს ახლა გავდივართ. იქმნება კოსტიუმები, მიმდინარეობს მსახიობების შერჩევა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები. ახალი პროექტის შინაარსი არსებულისგან რადიკალურად განსხვავდება. სცენარი მე-4 საუკუნის საქართველოს ასახავს. ჟანრი ისტორიულ-მითოლოგიურია. სურათში გაცოცხლდება ქრისტიანობამდელი და შემდგომი პერიოდის საქართველოს თემები და პერსონაჟები: არმაზი, წარმართული ღმერთები, ცეცხლთაყვანისმცემლობა, ქრისტიანობა, ფაზისი, კოლხეთი და მეფეები.
როგორც ლაშამ აღნიშნა, ფესტივალზე კიევში ფილმის პროდიუსერი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ქეთევან ხარატიშვილი იყო ჩასული და პრიზებიც მას გადასცეს.
ქეთევან ხარატიშვილი:
- მე და ლაშამ ოთხი წლის წინ, აზერბაიჯანში, მირსადიკ აგაზადეს ფილმის გადაღებაზე გავიცანით ერთმანეთი. ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა და დავმეგობრდით. აღმოვაჩინე, რომ ლაშა ძალიან კარგად ხატავდა, კინოზე უზომოდ იყო შეყვარებული. მეც გადმომდო კინოს სიყვარული და გადავწყვიტეთ, ფილმი გადაგვეღო, სცენარის წერაც დავიწყეთ, მაგრამ მისმა მეუღლემ, მაიკო თოდრიამ შეახსენა ლაშას მისი ძველი სცენარის არსებობა. სცენარს "ბურუსი" ერქვა. ამ დღიდან ჩვენ სამმა დავიწყეთ ფილმზე მუშაობა. სცენარს სახელი შევუცვალეთ, გადავაკეთეთ და "სხვა გზა" დავარქვით. გამოვიტანეთ კამერა განვადებით, დავიწყეთ საკუთარი სახსრებით საჭირო ტექნიკის შეძენა, მერე მეგობრებიც გვერდში დაგვიდგნენ და ასე, ნელ-ნელა მივიღეთ ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც კი პატარა წვლილი შეიტანა ჩვენს ნაშრომში. ცხოვრებაში სიყვარული და პატივისცემაა ყველაზე დიდი ნიჭია და ამ ფილმზე მუშაობამ ეს აზრი გამიასმაგა. ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ, გავგზავნეთ ფესტივალებზე. კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზის აღების შემდეგ, გუშინ კიდევ ერთ კინოფესტივალზე გავიარეთ სელექცია და კვლავ წარმატების მოლოდინში ვართ.
რაც შეეხება ჩემს გმირს: მე ვთამაშობ საკმაოდ საინტერესო ქალის როლს, რომელსაც რთული ცხოვრება აქვს გავლილი. მას თავისი ცხოვრებისეული და სუბიექტური სიმართლე აქვს და არის უბრალოდ დედა, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილი. მომწონს ჩემი გმირი და მადლობა ლაშას, რომ ასეთი საინტერესო პერსონაჟი ჩასვა თავის სცენარში და მომეცა ასეთი გმირის განსახიერების საშუალება.
თეა ხურცილავა