"მინდა, გიპოვო"... - გზაპრესი

"მინდა, გიპოვო"...

ძნელია, როცა სადღაც შენი სისხლი და ხორცი გეგულება და არც კი იცი, როგორ იპოვო. ვერ პოულობ ხელჩასაჭიდს ვერაფერს, რომ გულში ჩაიკრა ადამიანი (თუ ადამიანები), რომელთანაც რეალურად ბევრი რამ გაკავშირებს და ამავდროულად, მასზე არაფერი იცი...

დები მესამე ტყუპისცალს ეძებენ

"ჩემი მიზანი შედეგია და არაა ვინმეს "დასჯა". არ დავინტერესდები რა მოხდა 34 წლის წინ ზაფხულის თვეში. მთავარი მისი პოვნაა. პირობას ვაძლევ ჩემს თავს და მათაც, რომ დამნაშავის ძებნას არ დავიწყებ. ჩემი მშობლების გახარება მინდა და მინდა, რომ ისევ 5-ნი ვიყოთ", - წერს სოციალურ ქსელში ნათია, რომელიც მესამე ტყუპისცალს ეძებს...

- 1986 წლის პირველ აგვისტოს დავიბადეთ 3 ტყუპი გოგო: გვანცა, მე - ნათია და მირანდა. ბავშვთა II სამშობიაროში, თბილისში (კამოს ქუჩაზე). დაბადებიდან ორ კვირაში უთხრეს ჩვენს მშობლებს, რომ გვანცა (უფროსი ტყუპი და ჩვენ შორის ყველაზე ჯანმრთელი) გარდაიცვალა. მამას მართლაც გამოატანეს ნაჭერში გახვეული ჩვილის ცხედარი, რომელიც დაასაფლავეს. ეს ამბავი ასე უყურადღებოდ არ ჩაივლიდა, რომ არა ოჯახში მოულოდნელად მომხდარი უბედურება, რამაც მთელი ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა ჩემს ოჯახს. მამას ერთადერთი ძმა, რომელიც მისთვის მამასავით იყო, დიაგნოზის დასმიდან 2 კვირაში გარდაიცვალა (მე-4 სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა). ჩვენი დაბადებით გამოწვეული სიხარული გაუნახევრდა ოჯახს...

გავიდა დრო და წლების მერე (დაახლოებით 15-17 წლის ვიყავი მაშინ), "მხედავდნენ" იქ, სადაც არ ვყოფილვართ. ერთ დღეს, მეგობარმა დამირეკა საყვედურით, - გვერდით რომ ჩამიარე, რატომ არ მომესალმეო?

ამასთან, ეჭვი იმან გაამძაფრა, რომ ერთხელ, ზაფხულის პერიოდში (როდესაც ჩვენ საგამოცდო ციებ-ცხელებაში ვიყავით ჩართული), ვაკის აუზზე ახლო ნათესავმა "დამინახა" (ცოტა ხისტი ხასიათის ადამიანმა). მიყვებოდა, რომ თურმე, დაქალებთან ერთად "ვიყავი". როდესაც ვკითხე აღწერილობა, ჯერ გაუკვირდა და მერე მითხრა, კაცო, მოკლედ შეჭრილი თმა გქონდა. გვერდით ჩავიარე და მომერიდა მესაყვედურა, ამხელა ხმაზე რას ხარხარებო და თან სიგარეტს ეწეოდაო (ახლა არავის უკვირს სიგარეტი, ხომ ასეა). წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, მოკლედ შეჭრილი თმით, შენი ხმის ტემბრით ლაპარაკობდა ზუსტად შენნაირი გოგოო. სტუდენტობის დროინდელი ფოტოები რომ ვნახე, მოკლედ არასდროს მქონია თმა შეჭრილი... რამდენიმე წლის შემდეგ, მეგობრის მეუღლემ მანქანის ყიდვა მომილოცა (მართვის მოწმობა მაქვს, მაგრამ საჭესთან არ ვზივარ). თურმე გვერდით, ახლო მანძილზე გაუჩერებია მანქანა ე.წ. წითელზე და გვერდით პატარა ბიჭი, სავარაუდოდ, შვილი ეჯდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, მგონი უნდა გვქონდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გვანცა ცოცხალია. სავარაუდოდ, საზღვარგარეთ გაიზარდა. ჩვენი მახასიათებელი ნიშანია სიმაღლე: 181-182 სმ. სისხლის ჯგუფი-II და ხვეული თმა.

თუ მითითებულ სურათში ამ გოგონებს ვინმეს მიამსგავსებთ, პირობას გაძლევთ, 100% დაცული იქნება თქვენი ვინაობა. მთავარია ვიპოვო.

GzaPress

- სავარაუდოდ, ძალიან პატარა წონის იყავით, რადგან ორ კვირაზე მეტხანს გაგაჩერეს სამშობიაროში. ასეა?

- 8 თვისა და 2 კვირის დავიბადეთ, არც ისე მცირე წონის ვიყავით: უფროსი, გვანცა იყო 3.600 კგ, მე - 3 კგ და მირანდა 2.700 კგ. გარემოებებიდან გამომდინარე, ინკუბატორში ყოფნამ მოგვიწვია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით და მიუხედავად ამისა, დაგვემართა სეფსისი, მთელ სხეულზე ჩირქოვანი წარმონაქმნი გვქონდა, მაგრამ არ იყო უიმედო მდგომარეობა, განსაკუთრებით გვანცასთვის. თუმცა, ექიმების თქმით, საჭირო გახდა გვანცას სხვა კლინიკაში, ახლანდელ ბავშვთა მეორე საავადმყოფოში გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენზე ჯანმრთელი და ბრძოლისუნარიანი იყო. ჩვენ სახლში გამოგვიყვანეს, მაგრამ იმ დღესვე მიგვაბრუნეს იმავე საავადმყოფოში. 13 აგვისტოს თქვეს, რომ გვანცა გარდაიცვალა და ჩვენ გადავრჩით.

- დედისთვის ალბათ გიკითხავთ, როცა გნახულობდათ, როგორები იყავით. გვანცას გარდაცვალების მიზეზად სეფსისი დაასახელეს?

- კი, ეს მიზეზია მითითებული გვანცას გარდაცვალების სამოქალაქო აქტში, მიზეზის გრაფაში.

- დედას ოდესმე თუ გამოუთქვამს ეჭვი, იქნებ ცოცხალიაო?..

- არასოდეს უთქვამს, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო. მას ყოველთვის ჰქონდა მაღალი ნდობა მისი კოლეგების მიმართ. ახლაც რომ ვისაუბრეთ, ზოგადად გაყიდულ ჩვილებზე, თქვა, - ისინი თავის ნებით ტოვებდნენ ბავშვებსო. აქამდე ჰქონდა მას კოლეგების ნდობა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შეფიქრიანდა...

- რატომ გგონია, რომ საზღვარგარეთ გაიზარდა, მით უმეტეს, თუ თბილისში ხედავდნენ შენნაირი გარეგნობის გოგონას?

- ეს უბრალოდ ეჭვია: თუ საზღვარგარეთ არა, მაშინ ბავშვის ბიოლოგიური დედისგან შორს, საქართველოს უკიდურეს რაიონში გაზრდიდნენ ბავშვს. როგორც შემდეგ გავიგე, მშვილებელი ოჯახები თბილისიდან დაშორებული რაიონებიდან ჩამოდიოდნენ და პატარებს ყიდულობდნენ, მერე, მოშორებით რომ წაეყვანათ და იქ გაეზარდათ, ბიოლოგიური დედისგან შორს. ამასთან, იმაზე ლაპარაკი, რომ თბილისში ჩემნაირი გარეგნობის გოგო დაინახეს, ეს უკვე ჩვენი გარდატეხის პერიოდში დაიწყო. ჩვენნაირი-მეთქი ვამბობ და პირველ რიგში, იმას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის ასაკზე მეტად მაღლები ვიყავით, ახლაც ვართ 182 სმ სიმაღლის.

- ტყუპი ერთმანეთის სიხარულს და გასაჭირს გრძნობსო, ასე ამბობენ. საინტერესოა, ოდესმე უსაფუძვლოდ თუ აფორიაქებულხართ დები?

- მირანდას ემართებოდა ასე და ვფიქრობ, რომ ის არის გვანცას ბიოლოგიური ტყუპისცალი; ასე ფიქრობენ ის ასტროლოგებიც, ვისთანაც ამ თემაზე ვისაუბრეთ. დაახლოებით 12-13 წლისები ვიყავით, როცა მირანდა დედას და მამას თქვენობით ესაუბრებოდა. ახლაც რომ ვკითხე, მიზეზი აეხსნა, მითხრა, - ასე თავს კომფორტულად ვგრძნობდიო, მაგრამ ფიქრობს, რომ გვანცამ სწორედ ამ ასაკში გაიგო, რომ სხვისი ბიოლოგიური შვილია; ასევე, დაახლოებით 2010-2011 წელს (ზუსტად არ ახსოვს) იყო თბილი სეზონი, სავარაუდოდ, მაისი-ოქტომბრის პერიოდი და მირანდას ძალიან ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, რომელსაც უკავშირებდა დედას და მამას. ეს მდგომარეობა გაგრძელდა 2 კვირა. ერთ დღეს ავის მომასწავებელი განცდა დაეუფლა. მთელი დღე ველოდი, რომელიმე დამირეკავდა და მეტყოდა, რომ დედა ან მამა გარდაიცვალაო. არადა, დედ-მამა სრულიად ჯანმრთელი იყვნენ. დეპრესია გაუგრძელდა კიდევ 2 კვირა. არ ვიცი, ასე რატომ ფიქრობდა. ახლა ასე ხსნის, რომ გვანცას ერთ-ერთი გამზრდელი გარდაიცვალა ავადმყოფობით. შემდეგი დეპრესიაც ასე ახსნა.

თუ ნებას დამრთავთ, ორიოდე წინადადებით ვიტყვი: ბოლო ათწლეულის მანძილზე ასტროლოგიამ მნიშვნელოვნად წინ წაიწია. გვყავს ძალიან ძლიერი ასტროლოგები. მათაც დამიდასტურეს, რომ გვანცას სასიცოცხლო ხაზი არ დასრულებულა, რომ თბილისიდან ძალიან შორს იზრდებოდა და გვითხრეს ის დროც, როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ჩვენს შემთხვევაში, გვანცას გარდაცვალების "გაფორმება" ყველა წესის დაცვით მოხდა, მათ შორის - მამას გამოატანეს ბავშვის ცხედარი, თუმცა, როგორც მამამ გვითხრა, არ შეუმოწმებია, ვის მარხავდა. ჯგუფში "ვეძებ" დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როცა ჭირისუფალს გამოატანეს გარდაცვლილი გოგონას ცხედარი, რომელიც მოულოდნელად მამრობითი სქესის ბავშვი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, მათ მალევე მოახდინეს რეაგირება და თავიანთი გოგონა ჯანმრთელი წამოიყვანეს სახლში.

- დაბოლოს, თუ გამართლდა თქვენი ეჭვი, რას ეტყოდით თქვენი დის აღმზრდელ დედ-მამას, რომლებმაც შესაძლოა ფოტოებით ამოგიცნონ?

- ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ ჩემი და წამოიყვანეთ, როგორც დედისგან უარყოფილი და არა - მისგან მოპარული. ასევე, გამიხარდება, თუ გავიგებ, რომ გვანცას (მე და მირანდა დღემდე ამ სახელით მივმართავთ ჩვენს დას) ჰქონდა ბედნიერი, უდარდელი ბავშვობა და ცხოვრება, რომ თქვენთან უამრავი ტკბილი მოგონება აკავშირებს და ძალიან უყვარხართ. ეს შვებას მომგვრის.

გთხოვთ, ნუღარ დაგვაკარგვინებთ წლებს. ჩვენ ერთმანეთის ტყუპი და ცხოვრების ნაწილი ვართ, უნდა "გავმთლიანდეთ". თუ თქვენ მართლა გიყვართ ჩვენი და, ამ სიყვარულს გასამმაგებულად დაგიბრუნებთ, რადგან ეს გვანცას ცხოვრების ნაწილია; ჩვენ პატივს ვცემთ მის განვლილ ცხოვრებას და იმ ადამიანებს, რომლებმაც გაზარდეს, მასზე ზრუნავდნენ.

GzaPress

გოგონა ბიოლოგიურ დედას ეძებს

ის 1984 წლის 14 დეკემბერს დაიბადა, სულ რაღაც - 900 გრამი. სამწუხაროდ, გოგონას არ ხვდა წილად ბედნიერება, სხვების მსგავსად, დედის სითბო ეგრძნო. მშობლებმა მხოლოდ სახელი დაუტოვეს - დიანა და გაუჩინარდნენ მისი ცხოვრებიდან...

ჩვილს, მცირე წონის გარდა, სხვა პრობლემაც ჰქონდა, დაბადებიდან ცოტა ხანში, ჩუტყვავილით დასნებოვნდა და როგორც ეუბნებიან, ძალიანაც გაურთულდა. თუმცა, მან ეს დაავადება დაამარცხა, წონაშიც მალე მოიმატა და დღეს სრულფასოვანი ცხოვრება აქვს იმ ადამიანების წყალობით, რომლებმაც გოგონა იშვილეს და მასზე ზრუნავენ... მხოლოდ ერთი რამ არ აძლევს მოსვენებას დიანას (რომელსაც ცხადია, მოგვიანებით სახელი შეუცვალეს და გვარიც მისცეს მშობლებმა), იპოვოს ბიოლოგიური დედა და გაიგოს, ვინ არის სინამდვილეში...

- მიამბეთ თქვენზე ყველაფერი, რისი მოყოლის საშუალებასაც მოგცემთ ანონიმად დარჩენის სურვილი - სახელის გამჟღავნება ამ ეტაპზე არ გსურთ იმის გამო, რომ არ გინდათ, აღმზრდელ მშობლებს ამით გული ატკინოთ...

- ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სხვებისგან არაფრით გამორჩეული. ერთდროულად სოფელშიც ვიზრდებოდი და რაიონშიც. არდადეგებზე სოფელში, მშობლებთან მიწევდა ყოფნა. სკოლის პერიოდში კი რაიონში, პაპა-ბებიასთან ვიყავი... იყო ბევრი ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა ეჭვი გამოეწვია, რომ ჩემი მშობლების ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, მაგრამ ერთი რამ მიფანტავდა ამ ეჭვს, აღმზრდელ დედას ვგავდი ძალიან.

- რის საფუძველზე გქონდათ ეს ეჭვი? ოჯახში ერთი ბავშვი იზრდებოდით?

- კი, და-ძმა არ მყავდა. მიუხედავად დიდი მსგავსებისა, მე და დედა არ ვგავდით ნაკვთებით, არც ხასიათით. ჩვენ შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო, ხშირად ვკამათობდით.

- როდის და როგორ გაიგეთ, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, რომ თქვენი ბიოლოგიური მშობლები სხვები იყვნენ?

- ყველაფერი მოგვიანებით გავიგე, უკვე ზრდასრულ ასაკში. ახლა მეუბნებიან, ეს არაფერ შუაშიაო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩემი სისხლის ჯგუფი მეოთხე დადებითია. მე უბრალოდ დამაეჭვა ამ ამბავმა, რადგან ჩემს მშობლებს სხვა ჯგუფის სისხლი აქვთ, მაგრამ არ მიკითხავს, - ნეტავ, ნაშვილები ხომ არ ვარ-მეთქი? პირდაპირ დავსვი შეკითხვა: იცოდით, რომ აყვანილი ვიყავი-მეთქი? ზოგი დაიბნა, ზოგმა მხრები აიჩეჩა და ზოგმაც, - კიო, აღიარა.

- ვის ჰკითხეთ ეს, ნათესავებს?

- ჩემს მეგობრებს, კლასელებს... ნათესავები კი პირდაპირ ფაქტის წინაშე დავაყენე ჩემი კითხვით: "ვინ ვარ მე?"

- რა გითხრეს, ვინ ხარო, ანუ რა ინფორმაცია ჰქონდათ?

- მხოლოდ ის მითხრეს, რომ დიანა მერქვა და ჩუტყვავილა მქონდა. ასევე, თურმე ძალიან პატარა წონის - 900 გრამი დავიბადე, რადგან ჩემი ბიოლოგიური დედა მუცელს მალავდა.

- ეს ალბათ შოკი იყო თქვენთვის... როგორ მოიქეცით?

- რამდენად შოკი იყო, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობდი თავი მეკონტროლებინა და ზიანი არავისთვის მიმეყენებინა, მაგრამ დრო რაც უფრო გადიოდა, უკვე თავსაც ვკარგავდი...

- როგორ დაიწყეთ ბიოლოგიური მშობლების ძებნა. რა იყო პირველი ნაბიჯები?

- რადგან ნათესავებისგან ხელჩასაჭიდი ვერაფერი გავიგე, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით მივმართე. განცხადება დავწერე, საიდანაც უარი მომივიდა. ბიოლოგიური და აღმზრდელი მშობლების თანხმობა მჭირდებოდა, მე კიდევ, დედასთან ამ თემაზე საუბარი გამიჭირდა. თუმცა, მან უკვე იცის, რომ სიმართლე ვიცი და ვეძებ.

- პაპას და ბებიას როდის გამოუტყდით, რომ სიმართლე იცით?

- არა, მათთვის არაფერი მითქვამს... მხოლოდ ბიძაშვილებთან ვცადე გულახდილი ლაპარაკი, მაგრამ არაფერი მითხრეს.

- დედ-მამას ამ თემაზე იმიტომ არ ესაუბრებით, რომ გიყვართ ისინი და არ გინდათ, გული ატკინოთ თქვენი შეკითხვებით, არა?

- ყველაზე ნაკლებად ის მინდა, რომ დედას არ ვატკინო გული და ოჯახის სხვა წევრებსაც. კი, კარგი იქნებოდა, ჩემთვის მოესმინა და მე ჩემი სათქმელი მეთქვა მისთვის, მაგრამ არ გამოდის...

- ჩუმად რომ ეძებთ, იქნებ ეს უფრო ეწყინოს დედათქვენს...

- შესაძლოა, მაგრამ რა ვქნა, არ გამოდის საუბრის დაწყება. ვგრძნობ, ისიც თავს არიდებს ყველაფერს.

- როგორც ვიცი, რაღაც კვალს დაადექით...

- კვალს არა. უბრალოდ, ვიღაც გოგო გამოჩნდა, რომელიც თითქოს ჩემს ამბავს ჰყვება, მაგრამ რაღაცები არ ემთხვევა. ასე რომ, მე ისევ ვაგრძელებ ძებნას...

- შეგიძლიათ მითხრათ, რას ჰყვება და ვის ეძებს ის გოგონა?

- დას ეძებს. მითხრა, რომ მის დასაც დიანა ჰქვია და ისიც 1984 წელს არის დაბადებული. ჩემ მსგავსად, თურმე, ისიც ჩვილ ბავშვთა სახლში იზრდებოდა და ექვსი თვის ასაკში გააშვილეს.

- რა არ ემთხვევა?

- ჯერ ერთი, ის არის პირველი შვილი და უმცროს დას ეძებს. თან, დედამისი სტუდენტი არ ყოფილა... თუმცა, ის ბავშვიც პატარა წონის დაბადებულა, დაბადების დღეც ემთხვევა - 14 რიცხვი. აი, თვე არ ახსოვს. დედამისს მეოთხე ჯგუფის სისხლი ჰქონია... დიდი დამთხვევაა, ხომ?

- ამდენი დამთხვევა რომ აღმოეჩინა ბევრ იმ ადამიანს, ვინც დაკარგულ ახლობელს ეძებს, არც კი დაეჭვდებოდა, რომ რაღაც აკავშირებთ... დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე არ გიფიქრიათ? ამ გოგოს დედა აღარაა ცოცხალი?

- არა, გარდაცვლილია. ეს გოგონა და მისი ოჯახის წევრები იეზიდები არიან... დნმ-ს რაც შეეხება, ამისთვის ხარჯის გაწევას დამოუკიდებლად ვერ შევწვდები... ამ გოგომ მითხრა, დედაჩემისთვის ჯერ უთქვამთ, ბავშვი გარდაიცვალაო, რაღაც პერიოდის შემდეგ, თურმე მათი ბებია გამოტყდა, ქართველმა ოჯახმა იშვილაო... ჰო, ის ვერსიაც კი ჰქონიათ: ჩუტყვავილა ჰქონდა და გარდაიცვალაო. ვფიქრობ, ესეც დამთხვევაა...

- თუ ამდენი დამთხვევაა, რატომ გგონია, რომ ისინი სხვას ეძებენ?

- ვიმეორებ, ის ქალი სტუდენტი არ იყო და თან, წესით მე პირველი შვილი ვარ ბიოლოგიური მშობლებისთვის, ამ შემთხვევაში კი გამოვა, რომ უფროსი და მყავს... არ მინდა შევცდე...

- ჩუტყვავილა ახალდაბადებულს გქონდათ? როგორი სიცოცხლისუნარიანი ყოფილხართ.

- კი, ჩვილ ბავშვთა სახლში ყოფნისას გადამიტანია ეს ინფექცია, ყველაზე გართულებული და მძიმე ფორმა მქონია... მერე დედაჩემს უთქვამს, მე გადავარჩენ ამ ბავშვსო და მიშვილა...

- რა კარგი ადამიანი ყოფილა...

- ჰო და ამიტომაც ვერ ვიმეტებ ჩემი კითხვებისთვის. ვიცი, ამ შემთხვევაში გულს ვატკენ და ჩუმად იტირებს. მან ჩემ გამო ბევრი რამ გადაიტანა, ამდენი წელი შიშით იცხოვრა. არ მინდა, ვანერვიულო...

- ბიოლოგიური მშობლები რომ იპოვოთ, აღმზრდელ მშობლებს ხომ არ მიატოვებთ არასდროს...

- მათი მიტოვება რომ მინდოდეს, ახლაც მივატოვებდი. უფრო მეტიც, ახლა მეც მაგისი მეშინია - აღმზრდელ დედას რომ ვთხოვო სიმართლის მოყოლა, არ მითხრას, მოშორდი აქედანო, თვითონ არ გადაწყვიტოს ჩემი მიტოვება...

- არა მგონია, ოდესმე ეს გითხრათ...

- რა ვიცი. ვინ რა დროს და რას ფიქრობს, ჩვენ არ ვიცით... კარგად მესმის აღმზრდელი მშობლების, მათ შვილებისთვის სიმართლის თქმა უჭირთ, თუმცა ეს აუცილებელია. საღად მოაზროვნე ადამიანი არასდროს მიატოვებს მშობლებს, რომლებმაც მას თავი მიუძღვნეს, მასზე ზრუნავდნენ წლების განმავლობაში; არ დაივიწყებს მათ ამაგს.

- დაბოლოს, რას ეტყვით იმ ბიოლოგიურ მშობლებს, რომლებმაც იციან, რომ მათ შვილები ეძებენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვერ რისკავენ გამოჩენას?

- ვეტყოდი, რომ ნუ შერცხვებათ ჩვენი არსებობის და ნუ დაიბნევიან ჩვენი გამოჩენისას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ გვითხოვია მათთვის ამქვეყნად მოვევლინეთ. ისედაც მათი შეცდომების "მსხვერპლი" ვართ (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია "მსხვერპლი", მაგრამ მაინც) და ის მაინც გვითხრან, ვინ ვართ, რატომ მიგვატოვეს... მგონი, სულ ცოტა, ეს მაინც დავიმსახურეთ...

P.S. იმედია, გოგონები მიაღწევენ მიზანს და საყვარელ ადამიანებს იპოვიან.

ლიკა ქაჯაია