ამერიკაში წასული ქართველი მოცეკვავე, რომელიც წარმატებული ბიზნესლედი გახდა
სამშობლოდან გადახვეწილ თითოეულ ემიგრანტს თავისი ისტორია აქვს და თითქოს ერთნაირ გზას გადიან, მაგრამ ყველა მათგანი მაინც ინდივიდუალური და განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, იოლი არაა დატოვო ოჯახი, ახლობლები, მეგობრები და უკვე ზრდასრულმა, ცხოვრება თავიდან დაიწყო.
ბევრი ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის, ზოგი ცდილობს, ასე თუ ისე, თავი დააღწიოს რთულ ყოველდღიურობას და წინ წაიწიოს. ზოგს გამოსდის, ზოგს - არა.
თათული ტორესი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც არ ისურვა ერთ ადგილზე გაჩერება, ბედის სადავეები ხელში თავად აიღო და წარმატებასაც მიაღწია. ის დღეს ამერიკაში ცხოვრობს, წარმატებული ბიზნესლედია და განვითარებაზეც ფიქრობს. თუმცა, არც ქველმოქმედება ავიწყდება და საქართველოში ჩამოსვლისას მხოლოდ მონატრებულ ახლობლებთან ურთიერთობა კი არა, საქველმოქმედო საქმიანობაც სიამოვნებას ანიჭებს.
- წლების განმავლობაში ვცეკვავდი ანსამბლ "გორდაში" და დამსახურებული არტისტის წოდებაც მაქვს მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩემთვის საზღვარგარეთ წასვლა სიახლე არ იყო. გადავწყვიტე, რამდენიმე თვით ახლობელთან ამერიკაში წავსულიყავი, როგორც ტურისტი. დარჩენა არ იყო ჩემი მიზანი, მაგრამ იქ ჩასულს სიტუაცია, იქაური აურა და გიჟური ცხოვრება ძალიან მომეწონა და დავრჩი. ეს იყო 1998 წელს და მას მერე იქ ვცხოვრობ.
- შეგუება თუ გაგიჭირდათ?
- როცა უცხო ქვეყანაში მიდიხარ, პირველ რიგში ენის ბარიერის პრობლემა დგება. როცა იქ ხარ დაბადებული და განათლებაც იქ გაქვს მიღებული, მორგებული ხარ იქაურ გარემოს. თავიდან, რა თქმა უნდა, კარგ სამსახურში მოწყობაზე ფიქრი ზედმეტი იყო. დავიწყე ცხოვრება ზუსტად ისე, როგორც სხვებმა და ის გზა გავიარე, რასაც ყველა ემიგრანტი გადის. ემიგრანტობა იოლი არ გახლავთ და მეც დავიდგი ეს მძიმე უღელი.
წასვლიდან 4 წლის თავზე შევძელი საქართველოში ჩამოსვლა, როცა ჩემი ამერიკელი მეგობრის დახმარებით საბუთები მოვაწესრიგე. რაღაც საოცარი და დაუვიწყარი შეგრძნება დამეუფლა, როცა საქართველოს მიწაზე დავდგი ფეხი. უდიდესი ნოსტალგია მქონდა და უმძიმესი 4 წლის შემდეგ აქ ჩამოსვლა ერთგვარი შვება გახლდათ.
- მიუხედავად ამისა, წლების შემდეგ მოახერხეთ და ემიგრაციაში მყოფმა ბიზნესი წამოიწყეთ.
- ყოველთვის მიყვარდა თავის მოვლა, ხშირად სილამაზის სალონის სტუმარიც ვიყავი და როცა ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე, არჩევანი სწორედ ამ სფეროზე შევაჩერე. რა თქმა უნდა, არ იყო ეს ერთ და ორ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობდი, მიღირდა თუ არა, ხელი მომეკიდა ბიზნესისთვის, რომლის მართვაც იოლი არ გახლდათ. უამრავი რამის გათვალისწინება მიწევდა, მით უმეტეს, რომ მინდოდა, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის ყოფილიყო - მომსახურებით დაწყებული, იმ პროდუქციით დამთავრებული, რასაც ვიყენებთ.
- მხოლოდ ბიზნესით ხართ დაკავებული? სხვა საქმისთვის თუ გრჩებათ დრო?
- გარდა ამ ბიზნესისა, დეკორითა და დიზაინით ვარ გატაცებული. ეს ნიჭი ბავშვობიდან მაქვს და მინდა გითხრათ, რომ სალონის ინტერიერის ყველა დეტალი ჩემი ხელითაა გაკეთებული, რაც ინდივიდუალურს ხდის მას.
- იტალიელზე გათხოვდით, შვილიც გყავთ...
- 2012 წელს გავიცანი მამაკაცი - ამერიკელი, წარმოშობით იტალიელი, რომელთანაც ოჯახი შევქმენი. მყავს შვილი, 9 წლის ნიკოლოზ (ქართულად), იქაურად ნიკი პელიჩიონი, რომელიც ჩემი ცხოვრების სტიმული და აზრი გახლავთ. მეუღლეს დავშორდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტრები ვართ. საუკეთესო მეგობრებად დავრჩით და ერთად ვზრდით საერთო შვილს. ძალიან მეხმარება და მხარში მიდგას. სხვათა შორის, ჩემი ბიზნესიც მისი დამსახურებაა, მხარში მედგა როგორც მატერიალურად, ასევე - ფიზიკურად. მის გარეშე ამ საქმეს ვერ წამოვიწყებდი.
ძალიან კარგი ადამიანია, კეთილშობილი, წარმატებულიც, საკუთარი სადაზღვევო კომპანია აქვს და ბუნებრივია, მატერიალურადაც საკმაოდ მყარად დგას ფეხზე. ის არაფერს იშურებს არც ჩემთვის, მით უმეტეს, არც - შვილისთვის. უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შევძელით ერთად ცხოვრება და როგორც ცოლ-ქმარი, ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, თორემ როგორც მეგობრები - საუკეთესოდ ვგრძნობთ თავს.
- უცხოეთში დაბადებულ ბევრ ქართველ ბავშვს უჭირს მშობლიურ ენაზე ლაპარაკი. ნიკოლოზმა იცის ქართული?
- რა თქმა უნდა. ბავშვმა ლაპარაკი ქართულად დაიწყო და აბსოლუტურად გამართულად ლაპარაკობს. ამის გამო კურიოზიც გვქონია. მოგეხსენებათ, ქართულად "მამა", ინგლისურად დედას ნიშნავს და როცა ბავშვი მამას ქართულად ეძახდა, ჩემს მეუღლეს სწყინდა, - ასე რატომ მეძახის, დედა არა ვარო. ვუთხარი, - ცოტა მოითმინე და თვითონ დააბალანსებს, როგორ დაგიძახოს-მეთქი. სადმე რომ მიჰყავდა და ბავშვი მამას ეძახდა, ხალხი გაოცებული ეკითხებოდა, - დედას რატომ გეძახისო? გინდა თუ არა, ინგლისურად დამიძახოს მამაო, მაგრამ ბავშვისთვის ძირითადი და პრიორიტეტული ენა ქართული იყო.
სხვათა შორის, ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვი იშვიათად ლაპარაკობს იქ ქართულად. როცა დედაც ქართველი ჰყავს და მამაც, მაინც ინგლისურად ელაპარაკებიან და ეს არ მომწონს. ასეთი ბავშვები საქართველოში დასასვენებლად რომ ჩამოდიან, კომუნიკაცია უჭირთ თანატოლებთან, საკუთარ ბებია-ბაბუებთან, ამიტომ მალე სწყინდებათ და აღარც აქ ჩამოსვლის სურვილი უჩნდებათ.
ბოლო ერთი წელი ნიკოლოზი სულ საქართველოშია, სკოლაში ონლაინ იყო და სად იქნებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ახლა სექტემბერში წავიყვან.
- საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიხართ?
- რა თქმა უნდა, რა გამაჩერებს, რომ არ ჩამოვიდე? მიუხედავად ამისა, ვერ ვიკმაყოფილებ მონატრების სურვილს. სახლში არ ვჩერდები, მეგობრებთან ერთად დავდივარ. მინდა, რომ ყველაფერი ვნახო, ბევრი რამ მოვასწრო და ისე მივდივარ, მაინც უკმაყოფილების გრძნობა მრჩება.
ახლახან ვაჟაობა იყო, ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა. როცა გავიგე, რომ სამზადისი მიმდინარეობდა, ჩართვის სურვილი გამოვთქვი. ამ ღონისძიებისთვის რუსთავის "ქართული თეატრი" დავაფინანსე, რომელსაც სოსო ნემსაძე ხელმძღვანელობს. მართალია, მცირედით, მაგრამ მათთვის ეს სოლიდური თანხა იყო და ძალიან სჭირდებოდათ. დიდ სიამოვნებას ვიღებ, ვინმეს რომ ვეხმარები და ყოველთვის ვცდილობ, ხელოვან ადამიანებს ხელი შევუწყო. მადლობა ლელა რაზიკაშვილს, რომ ამის საშუალება მომცა. მომავალ წელსაც აუცილებლად ჩავერთვები, რადგან ქველმოქმედება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
- ჯგუფ "ფორტეს" წევრებთან ბავშვობიდან მეგობრობთ, ხომ?
- ძალიან დიდი მეგობრობა, ნათელმირონი მაკავშირებს "ფორტეს" წევრებთან და მათ უნახავად, რა თქმა უნდა, საქართველოდან არ მივდივარ. ახლახან თელავში ჰქონდათ კონცერტი და იქაც ვახლდი. ვცდილობ, ბევრი დადებითი ემოცია გავიყოლო საქართველოდან, რომ დიდხანს მეყოს. ამერიკაში ყოფნის დროს ხომ ყველაზე მეტად ურთიერთობები მენატრება. ქართული ურთიერთობა, ქართველი ადამიანები სულ სხვა ფენომენია. აქ უნდა იყო გაზრდილი, ამას რომ მიხვდე.
- სამშობლოში დაბრუნებაზე ჯერ არ ფიქრობთ?
- ფიქრით სულ ამაზე ვფიქრობ. ძალიან მინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ შევძლებ. გეგმაში მაქვს ბიზნესის გაფართოება და შესაძლოა, ფილიალი საქართველოშიც გავხსნა, რაც აქ დაბრუნების ერთგვარი გარანტიც იქნება.
- პანდემიამ იქაც იქონია ბიზნესზე გავლენა...
- რა თქმა უნდა. პანდემიის დროს ამერიკაშიც უამრავი ბიზნესი დაიხურა, განსაკუთრებით, სილამაზის სალონები. ქალაქები დაცარიელდა. ხალხი მთებსა და სოფლებში გაიხიზნა და ვიღას სჭირდებოდა სილამაზის სალონი?
ჩემი სალონი ბრაიტონზეა განთავსებული, სადაც ძალიან ბევრი რუსი და ქართველი ცხოვრობს, კლიენტების უმეტესობაც სწორედ ამ ეროვნებისაა, თუმცა ამერიკელებიც ბლომად გვყავს. თანამშრომლები ძირითადად ქართველები არიან. ვცდილობ, ისევ ჩემიანები დავასაქმო და ხელი შევუწყო. თუ ქართველს იმისი შესაძლებლობა აქვს, რომ ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, რაღა თქმა უნდა, უპირატესობას მათ ვანიჭებ. ძალიან კარგი გუნდი მყავს და მადლობა მათ ამისთვის.
სალი კალანდია