როგორ "დაეშვა" ავიატორი მებაღეობის "ბილიკზე" და რა სარგებლობა მოაქვს მიწაზე მუშაობას - გზაპრესი

როგორ "დაეშვა" ავიატორი მებაღეობის "ბილიკზე" და რა სარგებლობა მოაქვს მიწაზე მუშაობას

მებაღე რებეკა ხუგაევი საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო და მისი ვიდეოები სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საკმაოდ პოპულარულია. ახალგაზრდა ქალი თავის გამოცდილებას სხვებს ხშირად უზიარებს. მშრომელი, ენერგიული და მიზანდასახული 26 წლის რებეკა ლაგოდეხის სოფელ აფენში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. კმაყოფილია თავისი შრომის შედეგითაც, თუმცა სულ ცდილობს, ბიზნესი მეტად განავითაროს. მისმა სანერგე მეურნეობამ ისე გაითქვა სახელი, რომ სხვადასხვა კუთხიდან ეხმიანებიან და მეუღლესთან ერთად ნერგებს მსურველებს ადგილზევე აწვდის. ყველა მცენარეს შვილივით უვლის და მის ეზოში მოხვედრილი ადამიანები აღფრთოვანებას ვერ ფარავენ...

ცოტა ხნის წინ რებეკა ხუგაევი ახალ ამპლუაში მოგვევლინა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთო და სოფელ აფენის მაჟორიტარობის კანდიდატია.

- რებეკა, როგორც შევიტყვეთ, არჩევნებში მონაწილეობთ. რატომ გადაწყვიტეთ სოფლის დეპუტატობა?

- პარტიიდან "საქართველოსთვის" ვიყრი კენჭს. თავად შემომთავაზეს, ჩემი სოფლის წარმომადგენელი ვყოფილიყავი საკრებულოში, რადგან მათი აზრით, ძალიან კარგად ვიცი სოფლის პრობლემები; ვიცი, რა სჭირდება ფერმერებს, აქ მომუშავე ადამიანებს და ფიქრობენ, რომ მათ ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებაში დავეხმარები. ერთად გავაუმჯობესებთ მოსახლეობის პირობებს ისე, როგორც ჩემი ოჯახის პირობები გავაუმჯობესე - ეს ხომ ნამდვილად შევძელი. არა მარტო ჩემი ოჯახი მინდა იყოს წარმატებული, არამედ - ჩემი სოფელიც. თუ თანასოფლელები გამომიცხადებენ ნდობას და ამირჩევენ, მერწმუნეთ, ჩვენი სოფლის წარმატებისთვის მართლა ყველაფერს გავაკეთებ.

- პირადად გიორგი გახარიას თუ იცნობთ და მოგწონდათ თუ არა, როგორც პრემიერ-მინისტრი?

- ბატონ გიორგი გახარიას პირადად, ფაქტობრივად, არც ვიცნობ. მისი პარტიიდან იყო შემოთავაზება და დავთანხმდი. საერთოდ, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვერევი პოლიტიკაში. იმდენად ვარ ჩართული ჩემს საქმეში, სიმართლე გითხრათ, როდესაც დამიკავშირდნენ ამ პარტიიდან, წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყვნენ. მათ შევხვდი, ვისაუბრეთ, გავეცანი გეგმებს. რაც მთავარია, შევხვდი ბევრ მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელიც დაინტერესებულია თავისი სოფლის განვითარებით და ამ სურვილით ჩაერთო ამ პარტიაში. "საქართველოსთვის" არის ახალი პოლიტიკური ძალა და იქ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არასოდეს იყვნენ დაინტერესებული პოლიტიკით, მაგრამ აწუხებთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა სასიამოვნოა. საერთოდ, ისეთი სიბინძურე ხდება პოლიტიკაში, სიმართლე გითხრათ, ამაში გარევა არ მსურს, მაგრამ იმ იდეებს თუ განვახორციელებთ, რაც იქ მოვისმინე და მისი შესრულების სურვილები ნამდვილად დავინახე, მაშინ ვთვლი, რომ ბევრი ჩემნაირი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რომელიც აუცილებლად კარგ საქმეს გააკეთებს თავისი სოფლისთვის. მგონი ეს ძალიან სასარგებლო იქნება ქვეყნისთვისაც და პირველ რიგში, იმ რაიონისთვის, სადაც არიან წარდგენილები. როგორც გითხარით, პირადად ბატონ გახარიას კარგად არ ვიცნობ, ის ინფორმაცია მაქვს მასზე, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი. არც ერთ სხვა პარტიას ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებია, ეს იყო პირველი შემოთავაზება, ამ გუნდმა დაინახა ჩემში მოტივაცია, რომ ჩემი სოფლის განვითარებაში ჩავერთო და დავთანხმდი ამ წინადადებას.

- ვინ არიან თქვენი კონკურენტები?

- ჩემი მოწინააღმდეგეები არიან ძველი ძალა, ასაკით ჩემზე უფროსები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ და თანამდებობებიც ეკავათ. თუმცა, მათ ჩემს კონკურენტებად მაინც ვერ აღვიქვამ; თუნდაც ის ენერგია, რასაც მე საქმეს ვახმარ, არც ერთხელ არ დაუხარჯავთ თავიანთი სოფლის განვითარებისთვის. ისეთი ხალხია, რომლებსაც მოსახლეობა იცნობს როგორც არჩევნებში მუდმივად მონაწილე პირებს...

- არჩევის შემთხვევაში რას შეცვლით თქვენს სოფელში?

- პირველ რიგში იმას, რაც შესაცვლელია სოფელში, სოფლის მეურნეობის საკითხებს მივხედავ. როდესაც მიწაზე მუშაობ და შედეგსაც იღებ, მაგრამ ვერ ახდენ პროდუქციის რეალიზაციას, ეს ყველაზე გულსაკლავია. აქედან გამომდინარე, ჩემი პრიორიტეტი იქნება საჯარო საწარმოს შექმნა, სადაც გაერთიანდებიან როგორც დიდი, ისე პატარა და მცირე ფერმერები. ერთად შევქმნით კოლექტივს, დავამზადებთ პროდუქციას, ერთად გავყიდით და სოფელსაც განვავითარებთ. თავისთავად, სამუშაო ადგილები შეიქმნება და ყველა მოხალისე ოჯახი ამ საჯარო საწარმოში გაერთიანდება და გაწეული შრომის შედეგსაც მიიღებს.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- ჩვეულებრივად შეხვდნენ. დიდად არავის გაჰკვირვებია. მეც და ჩემი ოჯახიც ვთვლით, რომ ეს არ არის პოლიტიკაში წასვლა, ეს სოფლის კეთილდღეობისთვის გადადგმული მცირე ნაბიჯია, მომეცა ამის შანსი და მინდა ისე გამოვიყენო, რომ არავინ დაზარალდეს, პირიქით, ხალხისთვის სასარგებლო იყოს. პარალელურად, ჩემს საქმეს გავაგრძელებ, რადგან ჩემი შემოსავალი და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, უფრო მეტადაც მომიწევს მუშაობა, რადგან ყველაფერ ამას ბევრი ხარჯი მოჰყვება. როგორც ნებისმიერი ახალგაზრდა, საქართველოს მომავალს ჩვენში ვხედავ. სწორედ მე და ჩვენმა თაობამ უნდა შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში: ახალგაზრდები ტოვებენ სამშობლოს. ქვეყნიდან მიდის ის ძალა, რომელიც მუხლჩაუხრელად უნდა მუშაობდეს უკეთესი მომავლისთვის. შეგვიძლია რაღაც ახალი და უკეთესი შევქმნათ ჩვენი ქვეყნისთვის. ლაგოდეხის რაიონი ცნობილია მიწათმოქმედებით, თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ამ საქმიანობითაა დაკავებული. მე იმ სოფელში ვცხოვრობ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიწა იმდენად ბარაქიანი გვაქვს, ერთს ასად აქცევს ხოლმე. ცუდია, დღეს გლეხის შრომა სათანადოდ არაა დაფასებული. ჩვენ თუ არ შევცვალეთ რამე, სხვა ვინ შეცვლის ჩვენს მომავალს?..

- დღის რეჟიმი როგორი გაქვთ?

- ჩემი ყოველი დღე განსხვავებულია, რადგან ორი პატარა მყავს და პრიორიტეტების მიხედვით მიწევს საქმეების დალაგება. ჩემი დილა ბავშვებზე ზრუნვით იწყება, შემდეგ საქმეები და საოჯახო საზრუნავი ანაცვლებს ერთმანეთს, საღამო მომხმარებლებთან ურთიერთობით მთავრდება. ყოველი დღის ბოლოს მუდმივად ვეკონტაქტები მომხმარებლებს, რომ ჩემი დატვირთული დღის რეჟიმი არ აისახოს გაყიდვებზე, ამიტომ გვიან მიწევს დაძინება. ხშირად 24 საათი მიწევს მუშაობა, მაგრამ შედეგს როცა ხედავ, ეს დატვირთული რეჟიმიც პრობლემას არ წარმოადგენს.

- რამდენად კმაყოფილი ხართ დღემდე მიღწეული შედეგებით?

- ადამიანს ზრდასთან ერთად, მუდმივად ეცვლება შეხედულებებიც. ამჟამად ჩემი მიზანი სხვების დასაქმებაა. ჩემმა ოჯახმა ამოწურა ყველა რესურსი და ოჯახის ყველა წევრი მაქსიმალურად დაკავებულია. სეზონის მიხედვით, 4 ადამიანსაც ვასაქმებთ, საქმიდან გამომდინარე.

- როგორც ვიცით, მსურველებთან თავად მიგაქვთ ნერგები, არა?

- სანერგეში მოსვლა და შეძენა შესაძლებელია, მაგრამ რადგან ლაგოდეხის რაიონიდანაც ცოტა შორს არის ჩვენი სოფელი და მით უმეტეს, დედაქალაქიდან უჭირთ ჩვენთან ჩამოსვლა, მე და ჩემი მეუღლე ვართ ჩვენი პროდუქციის დისტრიბუტორებიც და გამყიდველებიც. თუ საჭიროა, ხანდახან სახლებშიც ვარიგებთ. ვისაც მოსვლის პრობლემა აქვს, მათთან უფასოდ მიგვაქვს, ტრანსპორტირების თანხას არ ვიღებთ. ისე ვაძლევთ ამ ადამიანს ნერგებს, თითქოს ჩვენი ახლობელია, ვაძლევთ რჩევებსაც.

- თქვენი ვიდეოები პოპულარული იყო. ახლა სოციალურ ქსელში აღარ ჩანხართ, რატომ?

- პატარას დაბადების შემდეგ ძალიან მიჭირს ინტერნეტთან კავშირი და მით უმეტეს, პირდაპირი ეთერით ჩართვა. ვერც დამონტაჟებულ ინტერვიუს ვეღარ ვწერ. უკვე 9 თვის გახდა ჩემი პატარა. მომავალი წლის გაზაფხულიდან უფრო აქტიურად გავაგრძელებ სასწავლებელი ვიდეოების ჩაწერას. ახლა არა ვარ აქტიური საზოგადოებასთან, მაგრამ ბევრი რამე ვისწავლე ამ პერიოდში, არ შემიწყვეტია პროფესიული ზრდა. ძალიან მინდა, ეს გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო ჩემს მაყურებელს. როგორც კი დროს გამოვნახავ, სიახლის ძებნაში ვარ. რაღაცებს ინტერნეტიდანაც ვიგებ, მაგრამ ვერ ვენდობი ინტერნეტიდან სწავლებას: ბევრჯერ მიცდია იქ ნანახის განხორციელება, მაგრამ არ გამოსულა, ამიტომ ამ ინფორმაციას სხვას არასოდეს ვაწვდი; ისეთ რჩევას ვიძლევი, რომელიც თვითონ მაქვს გამოცდილი.

- საინტერესო ფოტოები გიდევთ სოციალურ ქსელში: ჩანს, რომ მუშაობის დროს ორივე შვილი თქვენ გვერდით არის. ბავშვებთან ერთად ამდენს როგორ ახერხებთ?

- როცა უმცროსი სულ პატარა იყო, ცალი ხელით მიწევდა მაშინ მუშაობა. ასე ყოფნას ისე მიეჩვია, ძალიან უყვარდა და არ აპროტესტებდა. მეც ნელა, მაგრამ ხარისხიანად ვაკეთებდი საქმეს. ახლა ბავშვი გაიზარდა, იოლად ეგუება გარემოს, ერთობა და უკვე მეც შემიძლია თავისუფლად ვიმუშაო. უფროსი ბიჭი 4 წლის არის და ვერც გრძნობს, ასეთი დაკავებული რომ ვარ; სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის ჩემ გვერდითაა. მისთვის ეს გართობა, თამაშია, ჩემთვის კი საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს. ადრე ვფიქრობდი, მებაღეობა არ იყო ჩემი სფერო, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ კარგი ადგილი ვიპოვე. დღეს რომ თავიდან ვიწყებდე, ისევ ამ გზას გავივლიდი.

- პროფესიით ვინ ხართ?

- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. დავამთავრე მხოლოდ 2 კურსი, შემდეგ კი აკადემიურის აღება მომიხდა. 2016 წელს დედა გარდაიცვალა. მისმა უეცარმა წასვლამ ჩემი ცხოვრება და მომავალი გეგმები ძირფესვიანად შეცვალა. დავტოვე ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი და ნახევრად ცარიელ სახლში დავბრუნდი, სადაც მხოლოდ მამა იყო. ისე გავხდი მებაღე, რომ არ წარმომედგინა არასოდეს, ასე კარგად თუ გამომივიდოდა მცენარეებთან ურთიერთობა, მაგრამ ყველაფრის სწავლა შეიძლება, თუ ადამიანი მოინდომებს. მამის როლი დიდი იყო, როცა ამ საქმით დავკავდი. მან მომცა სტიმული, რომ მიწაზე მემუშავა. როდესაც დედა გარდაიცვალა, მამას დეპრესია დაემართა. ერთადერთი, რაც უყვარდა, მიწაზე მუშაობა იყო, მაგრამ მაინც, ამასაც თავი დაანება, საკუთარ თავში ჩაიკეტა... ასეთ მდგომარეობაში მამას ვერ დავტოვებდი, ამიტომ დავბრუნდი სოფელში და ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც მისი მოტივირება და ფეხზე წამოყენება დაიწყო. ხელახლა დაიბადა ჩემს ხელში მამა და ძალიან მიხარია, რომ დღეს ბედნიერია ჩვენი შედეგით. მისგან ბევრი რამე ვისწავლე. დიდი გამოცდილება ჰქონდა სოფლის მეურნეობის საქმეების. ახლა 75 წლისაა და 40 წელზე მეტია, მენერგეობასთან აქვს შეხება, ყოველდღე ახალ რაღაცას მასწავლის. ზოგჯერ ვფიქრობ, საიდან მოსდის ამდენი ინფორმაცია ამ ადამიანს?!.

- მამა-შვილი ხშირად ხომ არ კამათობთ სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებით, რადგან თქვენ თანამედროვე ტექნოლოგიებშიც უკვე კარგად ხართ გათვითცნობიერებული?

- მუდმივად მიდის ჭიდილი, რადგან ჩემს ახლებურ მეთოდებს ვთავაზობ, ის კი - თავის გამოცდილს, მაგრამ მე ვიმარჯვებ და ეს ამართლებს. მას შედეგი მოსწონს, კმაყოფილია. სახლში დიასახლისიც მე ვარ, თუმცა მეუღლე და მამა მეხმარებიან. მეუღლეს ძალიან უყვარს კულინარია. ისეთი დატვირთული ვარ, საღამოს ვეღარ ვასწრებ საჭმლის მომზადებას, თუმცა სადილს მე ვაკეთებ.

GzaPress

- მეუღლე უცხოელი გყავთ. ცოტა რამ მის შესახებაც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე ქართულად უშეცდომოდ ლაპარაკობს. უხარია ჩემი წარმატება, ჩემი თითოეული ნაბიჯი. მის გარეშე არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელმაც შეიძლება ჩვენი ოჯახური სიმყარე დაანგრიოს. როცა არჩევნებში მონაწილეობა შემომთავაზეს, ორივემ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩემი მეუღლე რომ გავიცანი, ისიც ფერმერი იყო. ერთმანეთს კარგად ვუგებთ, ცოლქმრულ ურთიერთობასთან ერთად, კარიერულ წინსვლაშიც ერთად ვართ, ერთად ვავითარებთ ჩვენს ბიზნესს და ერთმანეთსაც ვეხმარებით. შვილების მოვლის მხრივაც, ორივე ერთნაირად ვინაწილებთ მოვალეობებს. მამაც გვეხმარება. შემიძლია დამხმარე ავიყვანო, მაგრამ მინდა ჩემი შვილები თვითონ გავზარდო. სულ მგონია, ყველაზე ცუდი დედა ვარ, რადგან ყოველდღე ახალ რამეს ვსწავლობ შვილებისგან. სანამ შვილები მეყოლებოდა, მეგონა, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ისინი გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში. სხვა შემთხვევაში, ვერ ვიქნებოდი ისეთი ბედნიერი ადამიანი, როგორიც ახლა ვარ. გარდა მებაღეობისა, ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და დიზაინი. მე და ჩემი მეუღლე ამითაც ვგავართ ერთმანეთს და თავისუფალ დროს ამ საქმითაც ვართ დაკავებული. ფოტოების გადაღება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესისთვისაც: ამ პანდემიის დროს არსებული რეჟიმიდან გამომდინარე, ყველაფერი ონლაინ ხდება, ამიტომ სწორად გადაღებული ბევრი ვიდეო და ფოტო გვჭირდება, რომ მომხმარებლამდე მივიტანოთ ყველაფერი.

- შემოდგომაზე ნერგების გადარგვა და მიწის დამუშავება ხდება. ამასთან დაკავშირებით რაიმე რჩევას ხომ არ მისცემთ ჩვენს მკითხველს?

- მოდის ისეთი პერიოდი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნიადაგის მომზადებისთვის. ნოემბერში გადარგული ნერგი ახალ სიცოცხლეს იძენს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გადარგოთ ან დარგოთ ხეები. თუ გინდათ კარგი მოსავალი მიიღოთ, მიწა ნოემბერში უნდა გაანოყივროთ. მომავალი წლისთვის დაბარვა, მოხვნა ამ დროს ხდება. ნოემბრის შუა კვირა ყველაზე კარგი პერიოდია ამისთვის. რაც შეეხება ხეების გასხვლას - ფოთლები რომ დასცვივდება, მაშინ უნდა გასხლათ და უხვად მოყვავილე, უხვმოსავლიანი ხეები გექნებათ. დამყნობა სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მიმდინარეობს. ჩემი სანერგე საოჯახო ტიპისაა და დიდ ფართობს არ ვფლობთ, მომავალში დიდ ტერიტორიაზეც გადავალთ. ახლა კი ყველაფერი გვაქვს მცირე რაოდენობით: ყვავილები, დეკორაცია, ხეხილი, ის სახეობები, რაზეც არის მოთხოვნა.

თეა ხურცილავა