"იმ საქმეს, რომელიც ავირჩიე, ცხოვრება მივუძღვენი" - გზაპრესი

"იმ საქმეს, რომელიც ავირჩიე, ცხოვრება მივუძღვენი"

ლეგენდარული დიქტორი დავით სოკოლოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ის წლების განმავლობაში ებრძოდა ვერაგ დაავადებას - სიმსივნეს. თებერვალში ლეგენდარულ ჟურნალისტს საქართველოს "პირველმა არხმა" მთაწმინდის პარკში ვარსკვლავი გაუხსნა, ამ დღეს ჟურნალისტმა საზოგადოებას ასე მიმართა:

"ჩემო ძვირფასებო, ეს ვარსკვლავი კი არ არის, ეს არის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეს არის სასწაული იმისა, რომ არსებობ ამ ქვეყანაზე და ხარ ამ საზოგადოების წევრი. ღმერთო, მამაზეციერო, ეს შეკრება ყოფილიყოს სიმბოლო იმისა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ..."

იმ დღეებში დავით სოკოლოვს ჩვენმა ჟურნალისტმა, თამუნა კვინიკაძემ ინტერვიუსთვის დაურეკა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ სტატიიდან:

"უღრმესი მადლობა თქვენ, რომ გახსოვართ. პირველად რომ მითხრეს, თქვენი ვარსკვლავი გაიხსნებაო, ძალიან ავღელდი. ვარსკვლავები, ჩემთან ერთად ეკრანზე მყოფ სხვა ადამიანებსაც გაუხსნეს, მაგრამ ამისთვის რატომღაც მზად არ ვიყავი, ცოტათი დავიბენი. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო. ახლა ლია მიქაძე გვყავს ცუდად და მაგას ვდარდობ, განვიცდი, გული მტკივა. ჯულიეტა ვაშაყმაძემ ახლახან დაგვტოვა, ეჰ!.. ჩვენ მიკროფონთან, ეკრანზე, ერთად იმდენი რამ გვაქვს გადატანილი, ჩამოთვლა და ყველაფრის გახსენება ცოტათი ძნელია. თავს მოდუნების უფლებას არასდროს ვაძლევდით, მომართული ვიყავით იმისთვის, რომ მუდამ ფორმაში ვყოფილიყავით, არავის ეთქვა საყვედური. ბევრი სირთულე დავძლიეთ. წარმოიდგინეთ, თბილისში საბჭოთა კავშირში რიგით მესამე ტელევიზია გაიხსნა და ბევრს წარმოდგენა არ ჰქონდა, იქ რა ხდებოდა, საერთოდ რა იყო ტელევიზია. ადვილი არ იყო, თუმცა - არც შეუძლებელი. ვფიქრობ, ჩვენ ყველა გამოწვევა დავძლიეთ...

- ვარსკვლავის გახსნისას გული აგიჩუყდათ. ცხოვრებაში ასეთი სიხარულის ცრემლები ხშირად გქონდათ?

- ყველა ამბავს განსხვავებული ემოცია ახლავს. შეამჩნიეთ, ხომ? ცრემლიანი თვალები რომ არ გამომეჩინა, თვალებზე ხელები ავიფარე..."

"ყველაზე გასახსენებელი და დასამახსოვრებელი ის პერიოდი იყო, როცა ეკრანზე პირველად გამოვჩნდი. ჩემი პირველი გამოსვლა რომ ვნახე, უკაცრავად ნათქვამია და, ლამის "დავუსტვინე" (იცინის). ჩვენ სხვა სტანდარტები გვქონდა. რა სკამი და მაგიდა, რაზეა ლაპარაკი, ეკრანზე ისე ვინ გაგვიშვებდა, ფეხზე არ ვმდგარიყავით, სტუმრები ჩვენ გვერდით არ ყოფილიყვნენ.

"ეს კარგი იყო თუ ცუდი?" - რა თქმა უნდა, კარგი იყო. სულ მზად ვიყავით იმისთვის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და როგორ შევხვედროდით მაყურებელს.

- სინანული რის გამო გაქვთ?

- სინანული?.. არაფრის გამო არ მაქვს. თეატრალური ინსტიტუტი რომ დავასრულე, უკვე მზად ვიყავი იმისთვის, რომ რადიოში მემუშავა. კონკურსი ტარდებოდა, გავედი და რადიოს თანამშრომლად ამიყვანეს. ტელევიზიაზე მაშინ ლაპარაკი არ იყო. ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, იქ მეტყველების პედაგოგები მყავდა. ერთ-ერთი მათგანი ბაბულია ნიკოლაიშვილი გახლდათ. რადიოში რომ დავიწყე მუშაობა, იქაც ქალბატონი ბაბულია დამხვდა. კვირაში ორჯერ მეტყველებაში გვავარჯიშებდა. ჩვენი თავმოყვარეობა არ უნდა შელახულიყო, მაყურებლის წინაშე მოუმზადებელი არასდროს უნდა გავსულიყავით, პასუხისმგებლობას ვგრძნობდით მათ წინაშე და ახალ ცხოვრებას ასე ნელ-ნელა ვეჩვეოდით. იმ საქმეს, რომელიც ავირჩიე, ცხოვრება მივუძღვენი..."

"გონებაში ჩამრჩა ის, რომ ჩემდამი მსმენელი და მაყურებელი ძალიან თბილად იყო განწყობილი. ქუჩაში რომ მხვდებოდნენ, მელაპარაკებოდნენ, იცით, ეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო?! ეს იმის დასტური იყო, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი ჰქონდა; ჩემი პროფესიის არჩევას აზრი ჰქონდა.

- ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს?

- ისევ ბაბულია ნიკოლაიშვილს ვახსენებ. ტელეწამყვანი, რომელიც ქართულად არ მეტყველებს, მისი ფასი "კაპიკია". მაყურებელს შენ უნდა ასწავლო, გააგებინო, რას ნიშნავს ჩვენი მშობლიური ენა. ქართველმა კაცმა უნდა იცოდეს, როგორ დაალაგოს წინადადება, ამაზე აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ..."

"ჟურნალისტიკის ის ფორმა, რომელიც ახლაა დამკვიდრებული, იმდენად ფესვგადგმულია, ხანდახან ვფიქრობ, იქნებ მე ვცდები? იქნებ ასე უნდა ხდებოდეს? მესმის, ხუმრობაც საჭიროა, ზოგჯერ ენის მოჩლექაც, მაგრამ შენს ენას პატივი უნდა სცე, ქართული სიტყვა სხვა ენის სიტყვებში არ უნდა აგერიოს, განა ეს ასე რთულად დასაცავია?! უპირატესობას სხვა ენებს რატომ ანიჭებენ? დღეს ეკრანიდან მოსმენილი ყოველი მესამე სიტყვა უცხოურია, ეს საშინელებაა, ქართული ენა აღარ ისმის..."

"ცხოვრებაში მთავარია ადგილი, რომელსაც შენ, ადამიანი იკავებ. რა გზასაც შენ ადგახარ, უნდა იყო დარწმუნებული, რომ ის მართალი, საჭირო და აუცილებელი გზაა მხოლოდ შენთვის კი არა, გარშემო მყოფთათვისაც. ინგლისური ენის ცოდნა არ არის მთავარი, ამაზე მნიშვნელოვანია, მშობლიურ ენას რამდენად სცემ პატივს, როგორ გამოთქვამ ქართულ სიტყვებს და სხვას სწორად მეტყველებას ასწავლი..."